ალტერნატივის გარეშე
ორი ადამიანის, მით უმეტეს, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ყოველთვის ინდივიდუალურია და ორიგინალური, მაგრამ, არის ისტორიები, არის ურთიერთობა, რომელიც, აჯობებს, რომ აღარ გაგრძელდეს. როგორი თვალისმომჭრელიც უნდა ყოფილიყო დასაწყისი, თქვენი სიყვარული კი – ყოვლის მომცველი, შეუმცდარი არავინ არის. ალბათ, თქვენც შეცდით არჩევანში და ამ რეალობას, უმჯობესია, შეეგუოთ.
შეიძლება, მამაკაცმა პატიება გთხოვოთ. შეიძლება, აქვითინდეს და დაიფიცოს, რომ თქვენზე ძვირფასი არავინ ჰყავს, მაგრამ, ადამიანები არ იცვლებიან, ან, იცვლებიან ძალიან ძნელად. თუმცა, არამთლიანად და არცთუ რადიკალურად. ამიტომ, თუ თქვენი თავისთვის სიკეთე გინდათ, სანამ შეურიგდებოდეთ და ყველაფერს აპატიებდეთ, გაიხსენეთ, რა ხდებოდა თქვენ შორის:
სისტემატურად გამცირებდათ და გტკენდათ გულს; არ აწუხებდა თქვენი ცრემლები; გაურბოდა საუბარს და მიდიოდა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდათ მისი გვერდით ყოფნა;
გაყენებდათ სიტყვიერ შეურაცხყოფას; გამცირებდათ და შეგნებულად ხუჭავდა თვალს თქვენს ღირსებებზე; ჰქონდა თქვენი „გამოსწორების” აქტიური მცდელობები, ყველაზე უხეში ფორმით...
გცემდათ – ეს საკმაოდ მძიმე შემთხვევაა და, თუნდაც ერთხელ თუ მოხდა, იცოდეთ, რომ განმეორდება. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ძალადობის ერთ ფაქტს აუცილებლად მოჰყვება მეორეც, თანაც, გაცილებით უფრო მტკივნეული. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოინანიებს თავის საქციელს მოძალადე – რომც იტიროს, სანდო მაინც არ არის.
თუ ამ პუნქტებიდან ერთი მაინც იყო თქვენს ურთიერთობაში, მის აღდგენაზე ნუღარ იფიქრებთ. თქვენ გყავთ ადამიანი, რომლის კეთილდღეობაზეც უნდა იზრუნოთ და ეს თავად თქვენ ხართ.