რატომ გააგდეს სახლიდან მშობლებმა გელა ჩარკვიანი და მისი ცოლი
1939 წელს ცეკას პირველ მდივანს კანდიდ ჩარკვიანს და მშვენიერ ქალბატონს თამარ ჯაოშვილს, ორი ვაჟიშვილის – მერაბისა და გოგის შემდეგ, მესამე ვაჟი შეეძინათ, რომელსაც გელა დაარქვეს. მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ოჯახის უფროსს შვილებისთვის დრო ნაკლებად რჩებოდა. მხოლოდ კვირადღით რამდენიმე საათით შეეძლო მათი ქალაქგარეთ, ბუნებაში გაყვანა და მათთვის მთელი იმ ცოდნის გაზიარება, რაც ჰქონდა. პატარა გელას ეგონა, რაც მამამისმა იცოდა, სხვა მამიკოებმაც იცოდნენ. როცა წამოიზარდა, დარწმუნდა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული და უნიკალური მამა ჰყავდა. „მამას დიდი თანამდებობა ეკავა, – იხსენებს ბატონი გელა, – სამსახურში დღეში ორჯერ მიდიოდა. პირველად დილის 10 საათისთვის გადიოდა სახლიდან და საღამოს 5-სთვის ბრუნდებოდა. მერე საღამოს 10 საათზე მიდიოდა და დილის 5 საათზე ბრუნდებოდა. ასეთი იყო სტალინური რეჟიმი და მთელი საბჭოთა კავშირის მაღალი თანამდებობის პირები ამ რეჟიმით ცხოვრობდნენ. ასე გრძელდებოდა სტალინის სიკვდილამდე. მამა ჩვენთვის მხოლოდ კვირაობით იცლიდა. ამ დღეს ყოველთვის ბუნებაში ვატარებდით, რაც ზოგჯერ კომბინირებული იყო ნადირობასთან, თევზაობასთან. კარგად ვიცოდი, ცხენზე ჯდომა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ იყო მთავარი და გადამწყვეტი მამაჩემისთვის. ის ცდილობდა, მაქსიმალური ცოდნა მოეცა ჩვენთვის. ზოგჯერ, როცა სოფელში მივდიოდით, ლეჩხუმში ვარსკვლავებიან ცაზე გვიხსნიდა, რომელი იყო მარსი, ვენერა, დიდი დათვის თანავარსკვლავედი, რომელი რა მცენარე იყო. ყოველმხრივ საოცარი, განათლებული კაცი იყო. შესანიშნავად ფლობდა გერმანულ ენას“.
კანდიდ ჩარკვიანი 1994 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ცნობილი იყო დასჯის განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული მეთოდებით, რომელსაც ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორობისას, თანამშრომლების მიმართ იყენებდა. დასჯისთვის მსუბუქ ფორმებს პოულობდა. არ მოსწონდა, როცა ვინმე ოჯახს ანგრევდა, პარტიულ აპარატში ამას არავის აპატიებდა, სამსახურიდან ათავისუფლებდა, რადგან, მისი აზრით, ასეთი პიროვნება არ შეიძლებოდა ვინმესთვის სამაგალითო ყოფილიყო. შვილების სამეგობრო წრის გაკონტროლების დრო არ ჰქონდა, მეტიც, მათ სამეგობროებს არც კი იცნობდა. ამით ქალბატონი თამარი ყოფილა დაკავებული და, ამ მხრივ ბიჭებს არ ზღუდავდა. კანდიდ ჩარკვიანის მეუღლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში თვალის ექიმად მუშაობდა. მას გაცილებით მეტი დრო რჩებოდა შვილებისთვის. სკოლაში ხშირად უხდებოდა მისვლა, ზოგჯერ – შვილების კარგი საქციელისთვის.
მოსკოვური ცხოვრება
გელა ჩარკვიანი: 1953 წლიდან 1957 წლამდე მოსკოვში ვცხოვრობდით, მაგრამ მამა ჩვენთან ერთად არ ცხოვრობდა, მხოლოდ ერთი წლით იყო ჩვენთან. სტალინის სიკვდილის შემდეგ მოსკოვში ჩასვლა აეკრძალა და ტაშკენტში გადავიდა სამუშაოდ. 15-16 წლის ასაკში უკვე დამოუკიდებელი ვიყავი. ბევრი ვერ ხვდებოდა იმას, რომ ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი. ულვაში მქონდა მოშვებული და დიდს ვგავდი. დავდიოდი საერთო საცხოვრებელში დისკოთეკებზე, ვერთობოდი. ყოფილა შემთხვევები, სახლში მისვლას რომ დავაგვიანებდი, დედა შინ არ მიშვებდა. მივიდოდი კართან და მეტყოდა – სადაც იყავი, ისევ იქ წადიო. ასე რამდენჯერმე გარეთ დავრჩი. ჩავჯდებოდი ტროლეიბუსში და ნახევრად მძინარე დავდიოდი. რამდენიმე წრის შემდეგ ისევ სახლში მივდიოდი. მოსკოვი მაშინ საკმაოდ საშიში ქალაქი იყო. ვერ გეტყვით, რომ სწავლით თავს ვიკლავდი, თუმცა არც ისე ცუდად ვსწავლობდი. ყოველ შემთხვევაში, ამ მხრივ პრობლემები არ მქონია, მაგრამ მასწავლებლები მაინც ხშირად საყვედურობდნენ დედას. მაშინ მოსკოვი ძალიან მკაცრი იყო მოდის თვალსაზრისით. მოდის აყოლა ცუდ საქციელად ითვლებოდა. საბჭოთა იდეოლოგია, ფაქტობრივად, მოდას არ აღიარებდა და იმ ადამიანებს, ვინც მას მისდევდა, სტილიაგებს ეძახდნენ. სიტყვა „სტილიაგა“ გაიგივებული იყო იმ ადამიანებთან, რომლებსაც დასავლეთი უყვარდათ, რადგან მოდა სწორედ დასავლეთიდან მოდიოდა. სტილიაგების კარიკატურებს ხატავდნენ ჟურნალ „კროკოდილში“. ვერ ვიტყვი, რომ სტილიაგა ვიყავი, მაგრამ რაღაცნაირად ვრეაგირებდი ამაზე. როდესაც ვიწრო სტილის შარვლები შემოვიდა, ჩავიცვი. თბილისში ვიყავი ჩამოსული ცოტა ხნით და ჩემმა ბიძაშვილმა გოგომ გადამიკეთა, დამივიწროვა. მოსკოვში რომ ჩავედი, ამის გამო მთელი ფათერაკები გადამხდა. სკოლაში აგრესიულად მიყურებდნენ, ქუჩაში მაჩერებდნენ. საერთოდ, ბუნებით თავისუფალი ადამიანი ვიყავი ყოველთვის. როცა გაუგებრობებს ვაწყდებოდი, ბუნებრივია, კონფლიქტში შევდიოდი. დედაჩემს ეს სულ არ აინტერესებდა, პირიქით, თვითონ უყვარდა ლამაზად ჩაცმა და მეუბნებოდა – ისე ჩაიცვი, როგორც შენ გინდა და გიხდებაო, მაგრამ უსიამოვნებები სკოლაში მაინც არ მცდებოდა. ერთხელ, დედაჩემმა ჯინსის უმკლავო ქურთუკი მიყიდა. საკმაოდ კარგი გარეგნობის ინგლისურის მასწავლებელი მყავდა. მეც მომწონდა. ამ მასწავლებელმა მიყურა, მიყურა და მერე მითხრა: ჩარკვიანი, მეტი აღარ ჩაიცვა ეს ქურთუკიო. რატომ-მეთქი. იმიტომ, რომ მეტისმეტად გიხდებაო. ასეთი პრინციპი იყო. თუ კარგად გამოვიყურებოდი, არ ვარგოდა, იმიტომ, რომ სხვებისგან განვსხვავდებოდი. ეს განსხვავება კი არ უნდა ყოფილიყო. ერთი მხრივ, მესიამოვნა, მეორე მხრივ მეწყინა. მერე ამას მიემატა ჩემი მუსიკალურობაც. პატარაობიდანვე ვსწავლობდი ფორტეპიანოზე აკადემიურ მუსიკას, მაგრამ ჯაზის დაკვრა რომ დავიწყე, ეს უკვე აღარ მოსწონდათ ჩემს მასწავლებლებს. თურმე, საღამოებზე თვითონ მთხოვდნენ დაკვრას. მათთვის უარყოფითი პერსონაჟი ვიყავი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში არავის ვუყვარდი. პირიქით, მეგობრებს ძალიანაც ვუყვარდი.
გამორჩეული ოჯახი
დედა ლამაზი ქალი იყო. გარეგნულად მას ვგავარ. მამას დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობები და მისწრაფებები ჰქონდა პოეზიასა და ლიტერატურაში, დედას – მუსიკაში. მამას საბჭოთა სისტემის სჯეროდა, დედას – ნაკლებად. განიცდიდა, რომ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი. თქმა ძნელი იყო, მაგრამ ვგრძნობდი, მამა უგონოდ იყო დედაზე შეყვარებული. ერთი პერიოდი „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი იყო, მანამდე ჟურნალისტობდა და გაზეთში ბეჭდავდა წერილებს. დედაჩემი ამ გაზეთში მბეჭდავად მუშაობდა, სანამ ინსტიტუტში ჩააბარებდა. 18 წლის გოგო იყო, თან, კარგი გარეგნობის. მამამ არშიყობა დაუწყო. სხვათა შორის, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, წიგნი გამოსცა „ჩემი თამარიანი“. მამას უნდოდა არქიტექტორი გავმხდარიყავი.
სტუდენტობა და სიყვარული
ჩამოვედი თბილისში და ჩავაბარე სამშენებლოზე. 1960 წელს ვითხოვე ცოლი. ნანა თოიძე ქუჩაში გავიცანი, 1959 წელს. ზემელზე მივდიოდი ფეხით. ნანა და მისი მეგობარი ნანდა ნიკოლაიშვილი, მოპირდაპირე მხრიდან მოდიოდნენ, ელბაქიძის დაღმართზე.
ნანდას ვიცნობდი. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. საუბრის დროს პროფილში ვხედავდი ნანას სახეს. იმ დღეს კონცერტზე დამპატიჟეს. მერე ერთი-ორჯერ კიდევ ასე, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ისევ კონცერტზე წავედით და ისევ მათ ხარჯზე. ფული არ მქონდა. ერთი თვის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. საღამო ხანი იყო, ნანდა და ნანა სახლში უნდა წასულიყვნენ. როცა ნანა ტროლეიბუსში ჩაჯდა, გავეკიდე და მეც ჩავჯექი, სახლში მივაცილე. ქალები ხომ ეშმაკები არიან. სულ რომ ატომურ ფიზიკაზე ელაპარაკო ქალს, მაინც არ დაიჯერებს ამას. ინსტიტუტში აღარ დავდიოდი, პირდაპირ მასთან ავდიოდი სახლში. დედამისთან ერთად საღამომდე ვიჯექი. ასე თითქმის ორი წელი ვიყავით. პროლეტარული ქორწილი გვქონდა. სხვანაირი ქორწილი ჩვენი ოჯახის წესებში არ შედიოდა. გაკეთდა უბრალო სადილი. მაგიდაზე გვედო სუპი და კატლეტი. „გეპეიში“ მესამე კურსზე ვიყავი. ერთ მშვენიერ დღეს დედაჩემს და მამაჩემს გამოვუცხადე, „გეპეიში“ წასვლა აღარ მინდა. უცხო ენათა ინსტიტუტში ვიყავი, გამსინჯეს და მითხრეს, რომ შეუძლიათ, მესამე კურსზე მიმიღონ-მეთქი. ამაზე ოჯახში დიდი ამბები გვქონდა. იმ დროს ჩვენ კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდით. მე და ჩემს ცოლს გაბრაზებულებმა გვითხრეს, წადით აქედანო. ნანას დედას ოროთახიანი ჰქონდა ვაკეში და წავედით კიდეც. მერე, რა თქმა უნდა, შევრიგდით. წასვლით კი წავედით, მაგრამ რით უნდა გვეცხოვრა, ფული არ გვქონდა. მამაჩემი თვეში 80 მანეთს მაძლევდა. მეც რაღაცას ვცდილობდი და ამას ჩემი მუსიკალური ნიჭის წყალობით ვახერხებდი. იმ დროს მოდაში იყო თვითშემოქმედება ქარხნებში. ვიყავი ორი ორკესტრის ხელმძღვანელი – მაუდკამვოლის კომბინატისა და რადიოქარხნის. ორივე დიდუბეში იყო. ტრამვაით მივდიოდი და მოვდიოდი. ტრამვაიში ვწერდი პარტიტურებს. ამაში ფულს მიხდიდნენ. ბევრს არა, ცოტას, მაგრამ ამით ვცხოვრობდი. ამას დედაჩემისა და მამაჩემის მოცემული ფული ემატებოდა. უცხო ენათა ინსტიტუტი ცნობილი იყო თვითშემოქმედებით. მეც ჩამრთეს. მეტი რა მინდოდა? დავიწყე ლექციების გაცდენა. სამაგიეროდ, ზაფხულობით ვმეცადინეობდი ორმაგად.
ჩარკვიანების ოჯახის
პრივილეგიები
ერთი ძმა ჩემზე ორი წლით უფროსია, მეორე – ხუთით. მერაბი მეცნიერი გახლავთ ფიზიკა-ქიმიის დარგში, გოგი კი ლიტერატურული ჟურნალისტია. ჩემგან ორივე განსხვავდება. მე კომუნიკაბელური ვარ. ისინი კი თავიანთ თავში ჩაკეტილები. ეს განსხვავება თავიდანვე იყო. ამის მიზეზი ალბათ, ცეკას პირველი მდივნის ოჯახისშვილობა იყო. დედა ისე გვზრდიდა, რომ არ უნდა გვქონოდა არავითარი უპირატესობის განცდა. გვეუბნებოდა, უპირატესობები და პრივილეგიები რაც გაქვთ, შემთხვევითობაა. მოხდა ისე, რომ თქვენ გაქვთ, თქვენს მეგობრებს კი – არა. ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ ეს მუდმივიაო. მეც, როცა მეკითხებოდნენ, რამდენი ოთახია თქვენს სახლშიო, ყოველთვის ვიტყუებოდი და ვამბობდი, სამი-მეთქი. მოვისვენე, როცა ეს პრივილეგიები დამთავრდა. ვამაყობ, რომ კანდიდის შვილი ვარ, იმიტომ კი არა, რომ ჩვენს ოჯახს მანქანები, დაცვა და აგარაკები არ აკლდა, იმიტომ რომ დიდი ინტელექტის პატრონი იყო.