რომელმა საფეხბურთო არბიტრმა გამოიგონა წითელი და ყვითელი ბარათები და ვინ გახდა პირველი „სერი“ მსაჯებს შორის
ფეხბურთს მოედანზე 22 ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა მოედანზე 23-ე ადამიანიც არის – საფეხბურთო არბიტრი, რომელსაც წესების დაცვა და დამნაშავე ფეხბურთელების დასჯა ევალება. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას არაერთი გამორჩეული რეფერი ახსოვს, რომელთაც ფეხბურთელებზე არანაკლები ვარსკვლავური სტატუსი ჰქონდათ. „თბილისელების” ამ ნომერში მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გავლენიანი და ცნობილი საფეხბურთო არბიტრებისგან შემდგარ ათეულს გთავაზობთ.
ჯონ (იან) ლანგენუსი
ბელგიელი ლანგენუსი პირველ და მეორე მსოფლიო ომის შორის არსებული პერიოდის ყველაზე ავტორიტეტული ევროპელი არბიტრი იყო. პოლიგლოტი (იცოდა 5 ენა) და ანტვერპენის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ლანგენუსი პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის, 1930 წლის ფინალის არგენტინა-ურუგვაის მთავარი მსაჯი იყო. ლანგენუსი სამშობლოში 1942 წლამდე მსაჯობდა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უხუცესი არბიტრი იყო – ბოლო მატჩზე, რომელშიც მან იმსაჯა, იგი 52 წლის იყო. ლანგენუსი საფეხბურთო მოედანზე გოლფის თამაშისთვის განკუთვნილი შარვლით, პიჯაკითა და ჰალსტუხით გადიოდა. გარდა ამისა, იგი აქტიური მწეველი იყო და ურუგვაის მუნდიალზე სპეციალურად ჰქონდა წაღებული სიგარებით სავსე ერთი ჩემოდანი.
ივან ეკლინდი
30-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ევროპელი არბიტრი და ლანგენუსის მთავარი კონკურენტი. ეკლინდმა 26 წლის ასაკში დაიწყო მსაჯობა. 1934 წელს 29 წლის ასაკში კი, მას მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მსაჯობა ანდეს. ეკლინდმა იტალია-ჩეხოსლოვაკიის ფინალური მატჩის დაწყებამდე პირადად მიიღო „ინსტრუქტაჟი” ბენიტო მუსოლინისგან და „სკუადრა აძურა” იმ მუნდიალზე პირველად გაჩემპიონდა. ეკლინდის მიღწევებიდან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი ერთადერთი მსაჯია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომამდე და ომის შემდგომ მუნდიალებზე იმსაჯა.
სტენლი როუზი
ყოფილი რეფერი, „ფიფას“ პრეზიდენტი (1961-1974 წლებში) და პირველი არბიტრი, რომელსაც „სერის” ტიტული უბოძა დედოფალმა. სტენლი როუზი ერთადერთი საფეხბურთო არბიტრია, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა ინგლისის ფეხბურთის ფედერაციასა და „ფიფაში“. მისი სამსაჯო კარიერა არცთუ ხანგრძლივი იყო. მისი ერთადერთი მიღწევა 1934 წლის ინგლისის თასის მსაჯობაა. თუმცა, სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში 1970 წლის მუნდიალზე არბიტრებმა პირველად გამოიყენეს ყვითელი ბარათი.
კენ ასტონი
„წითელი” და „ყვითელი” ბარათების გამომგონებელი და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბრიტანელი არბიტრი. ბარათების გამოყენების აუცილებლობის იდეა ასტონს 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მოუვიდა ინგლისი-არგენტინის სკანდალური მატჩის დამთავრების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მექსიკის მუნდიალამდე მსაჯები მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებდნენ ან აძევებდნენ ფეხბურთელებს. ენობრივი ბარიერის გამო კი ხშირად სიტუაცია უმართავი ხდებოდა, როგორც ეს ზემონახსენები მატჩის დროსაც მოხდა. მატჩის დასრულების შემდეგ ასტონი ავტომობილით ოფისისკენ მიემართებოდა და შუქნიშანზე გაჩერდა. სწორედ შუქნიშანზე ყვითელი და წითელი ფერის ანთების შემდეგ, მოუვიდა მას აზრად ბარათების შემოღების იდეა, რაც განახორციელა კიდეც სტენლი როუზთან ერთად.
მიშელ ვოტრო
80-იანი წლების საუკეთესო ევროპელი არბიტრი, რომელმაც ფრანგულ ლიგაში არნახულად ბევრი, 334 მატჩი იმსაჯა უმაღლეს დონეზე. ვოტროს კარიერის განმავლობაში 40 საერთაშორისო და 41 ევროთასების მატჩზე უმსაჯია და მის მიმართ არც ერთხელ არ გამოთქმულა სერიოზული პრეტენზია. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი, რომელიც ფეხბურთის ქომაგებს არასდროს დაავიწყდებათ 1988 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალი იყო, რომელზეც ვოტრომ იმსაჯა. ჰოლანდია-საბჭოთა კავშირის დაპირისპირება ლეგენდარული მარკო ვან ბასტენის, ასევე ლეგენდარული გოლით დაამახსოვრდა ფეხბურთის მილიონობით ქომაგს. ამჟამად ვოტრო საფრანგეთის ფეხბურთის ლიგის ცენტრალური საარბიტრაჟო კომისიის თავმჯდომარეა.
კიმ მილტონ ნილსენი
ევროპული არბიტრების სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და ფეხბურთის ქომაგებისთვის ცნობილი პიროვნება. დანიელმა კიმ მილტონ ნილსენმა სახელი გოლიათური აღნაგობითა და უმაღლესი დონის მსაჯობით გაითქვა. სპეციალობით ვაჭრობის ექსპერტი – ნილსენი საფეხბურთო სამყაროს, უპირველეს ყოვლისა, 1998 წლის მუნდიალზე დევიდ ბექჰემის სკანდალური გაძევებით ემახსოვრება. ნილსენის სამსაჯო კარიერა 1988 წელს დაიწყო და თავდაპირველად იგი მხოლოდ დანიის ჩემპიონატის მატჩებზე მსაჯობდა. მოგვიანებით, ამას მოჰყვა ევროთასებისა და სანაკრებო მატჩები. 1994 წელს ნილსენმა „უეფას“ თასის ფინალზე იმსაჯა, ხოლო 2004 წელს, 10 წლის შემდეგ – ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რაც უნიკალური შემთხვევაა თანამედროვე ფეხბურთში. 1996 წლიდან 2004 წლამდე მან ყველა დიდ საფეხბურთო ფორუმზე იმსაჯა და კარიერა 2005 წელს დაასრულა.
მარკუს მერკი
პროფესიით სტომატოლოგი მარკუს მერკი ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის ასოციაციის მიერ ათწლეულის საუკეთესო არბიტრად დასახელდა 2006 წელს. თუმცა, მისი კარიერა სავსე იყო სკანდალური მომენტებით. „უმოწყალო ექიმის” თიკუნით ცნობილი მერკი ხისტი არბიტრების კატეგორიას განეკუთვნებოდა და მის მიმართ მუდამ ისმოდა კრიტიკა ხშირი საკამათო სიტუაციების გამო. მაგალითად, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რომლის ფინალურ მატჩზე მერკმა იმსაჯა, ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებული საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მისი ხშირი კლიენტი იყო კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ მარკუს მერკმა 2007-2008 წლების ბუნდესლიგის სეზონის ბოლო მატჩზე იმსაჯა. ეს, იყო თამაში, რომლის შემდეგაც კარიერა ლეგენდარულმა გოლკიპერმა ოლივერ კანმა დაასრულა.
ორასიო ელიზონდო
არგენტინელი არბიტრი, რომელმაც თავი ზინედინ ზიდანის სკანდალური გაძევებით დაამახსოვრა საზოგადოებას 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. იმ წელს ელიზონდო პლანეტის საუკეთესო არბიტრად დასახელდა. პროფესიით ფიზკულტურის მასწავლებელმა – ელიზონდომ კარიერა 1992 წელს დაიწყო და 2006 წლის დეკემბერში დაასრულა. მას ეკუთვნის უნიკალური მიღწევა, იგი ერთადერთი არბიტრია მსოფლიოში, რომელსაც უმსაჯია როგორც მუნდიალის ფინალური მატჩზე, ასევე გახსნის მატჩზეც.
ანდერს ფრისკი
სადაზღვევო აგენტი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ხისტმა და შეუბრალებელმა არბიტრმა. ანდერს ფრისკმა საფეხბურთო კარიერა „ჩელსი“-„ბარსელონას“ სკანდალური მატჩის შემდეგ დაასრულა. მაშინ მან მოედნიდან დიდიე დროგბა გააძევა და „ჩელსის“ ფანებისგან მუქარის წერილები მიიღო. მისი კარიერის მწვერვალად 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი სახელდება. მაშინ დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრებმა იტალიის გუნდი დაამარცხა. 18-წლიანი კარიერის განმავლობაში ანდერს ფრისკმა 118 საერთაშორისო მატჩზე იმსაჯა და მას „ფიფას“ სპეციალური ჯილდო აქვს მიღებული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
პიერ-ლუიჯი კოლინა
იტალიელ პიერ-ლუიჯი კოლინას ყველა დროის ყველაზე ცნობილ საფეხბურთო არბიტრს უწოდებენ. კოლინას დებიუტი დიდ ფეხბურთში 1991 წელს სერია „ა”-ს მატჩის მსაჯობით დაიწყო და მას შემდეგ, 2005 წლამდე, იგი პლანეტის ყველაზე ელიტურ და ავტორიტეტულ მსაჯად სახელდებოდა. კოლინა ექვსჯერაა დასახელებული პლანეტის საუკეთესო არბიტრად და საფეხბურთო მიღწევებთან ერთად (1996 წლის ოლიმპიადის ფინალი, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალი), იგი თანამედროვე შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახედ იქცა. კოლინას უამრავ თიკუნს შორის ყველაზე პოპულარულია – „უცხოპლანეტელი“, „ფანტომასი“ და „უკვდავი კაშჩეი“. ამჟამად კოლინა „უეფას“ მსაჯთა კომიტეტს თავმჯდომარეობს და პერიოდულად ამხანაგურ მატჩებს მსაჯობს ფეხბურთის ვეტერანებს შორის.