რატომ უსრულდებათ ადამიანებს მისნების, მკითხავების ნათქვამი და ახდენს თუ არა ეს მათ ცხოვრებაზე გავლენას
თანამედროვე ადამიანს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს დაცემულ სულთა და საერთოდ სულთა სამყაროს შესახებ. თუმცა, წმიდა წერილზე დაყრდნობით, ბოროტი ძალების არსებობაში არავის ეპარება ეჭვი. ჩვენ ჩვენი სხეულებრივი მდგომარეობის გამო არ გვაქვს უნარი დავინახოთ ბოროტი სულები. დღეს თუ ადამიანების დიდი ნაწილი ღმერთს, უფალს ემსახურება, მათი ასევე საკმაოდ დიდი ნაწილი, ეშმაკის მონობაში იმყოფება და სხვადასხვა მაგიური საქმიანობით არის დაკავებული. ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, ბოლო წლებში თანამედროვე საზოგადოება, არსებული სულიერი და ფიზიკური სიდუხჭირისგან თავის დასაღწევად, რა საშუალებებს აღარ მიმართავს. ისინი მკითხავებს, „წინასწარმეტყველებს,” „მისნებს” უსვამენ კითხვებს: როდის გაგვეხსნება ბედი, ვიშოვით თუ არა სამსახურს. რას გვეტყვით ამის შესახებ?
– ეკლესიის დიდი, წმიდა მამა იოანე ოქროპირი ასე გვარიგებს: „ნუ დავუჯერებთ სისულელეებს, მისნები რომ გვიწინასწარმეტყველებენ ხოლმე. მეტყვით, მაშ რატომაა, რომ რასაც გვეუბნებიან, ყველაფერი გვიხდებაო? იმიტომ გიხდებათ, რომ გჯერათ, თუმცა ისიც საკითხავია, მართლა გიხდებათ თუ არა. მისანი გიმონებს, მთელი ცხოვრების ბატონ-პატრონად იქცევა და როგორც უნდა ისე გათამაშებს. მითხარი, ავაზაკთა წინამძღოლმა რომ უფლისწული ჩაიგდოს ხელში, რომელიც მასთან მივიდა და შეიყვარა ტყე და იქაური ცხოვრება, შეუძლია თუ არა უწინასწარმეტყველოს (ავაზაკმა უფლისწულს) მოკვდება თუ იცოცხლებს? რა თქმა უნდა, შეუძლია, რატომ? იმიტომ კი არა, რომ მომავალს ჭვრეტს, არამედ იმიტომ, რომ მის ხელთაა დაღუპვაც და ხსნაც ამ უფლისწულისა.” თუ ვინმე გაკადნიერდება და ყოველივე მონათხრობის მერეც დაიჟინებს მისანთან წასვლას და მიზეზად თავის უკიდურეს უძლურებას დაასახელებს, ასეთებს შევახსენებთ საღვთო წერილიდან: „გაიხსენეთ, განგიცდიათ კი ისეთი სნეულებანი, ნეტარმა იობმა რომ გადაიტანა? ის უმძაფრესი სნეულებით მოწყლული იწვა შვიდი წლის განმავლობაში, მაგრამ არ უცდია მოგვებისა და ჯადოქარ-გრძნეულთა დახმარებით განკურნებულიყო; ასევე გავიხსენოთ ის განრღვეულიც (პარალიზებული) 38 წელიწადი უძლურებით ვნებული რომ იწვა ცხოვართა საბანელთან და მადლიერებით ითმენდა ყოველივეს. არც მას მიუმართავს გრძნეულთათვის, არამედ მხოლოდ ღმერთისგან მოელოდა შეწევნას და მიიღო კიდეც. ასეთ გაჭირვებას და სნეულებას ითმენდნენ ჭეშმარიტი მორწმუნეები, ჩვენ კი სულ ოდნავ, რომ მოვუძლურდებით, მაშინვე ეგრეთ წოდებული მკურნალნი მოგვყავს სახლში ან თავადვე ვეახლებით „ოფისებში.”
– რა მეთოდით და საშუალებებით ხდება ადამიანების ოკულტიზმით დაინტერესება?
– იმ ცრუ სწავლებებს, რომლებიც სიკეთის ნიღაბს ამოფარებულნი საიდუმლო სიბრძნისა და სულიერი ძალების დაუფლებას ჰპირდებიან თავიანთ მიმდევრებს, ზოგადად, ოკულტიზმს უწოდებენ. მისი დახმარებით მაცდური სული ცდილობს, ბოროტება სიკეთედ წარმოადგინოს, წარმართული და მწვალებლური ზღაპრები – საიდუმლო სიბრძნედ, დემონებთან დაახლოების გზები – სულიერ ცხოვრებად. ოკულტიზმის არსის წარმოსაჩინებლად საცდურის მქადაგებლის, კარლ ბრანდელ ბრახტის სიტყვებს გთავაზობთ: „სწავლების ბოლოს ის (ოკულტისტი) უკვე ისეთი ძალების მფლობელი ხდება, რომ სწორი გამოყენების შედეგად, დაცული იქნება ყოველგვარი უბედურებისგან, ავადმყოფობისა და ტანჯვისგან. მოწაფე დარწმუნდება, რომ ადამიანი არცთუ ისე უსუსურია, არამედ უხვადაა დაჯილდოებული იმ ძალებით, რომელთა საშუალებითაც ყოველგვარი საშიშროებისგან თავს იცავს. დაინახავს, რომ ვერანაირი მიწიერი უსიამოვნებანი მას ვეღარ ავნებს.” ამგვარი სულისკვეთების მომხიბლავი ცრუ მოძღვრებები კაცის გონებას აბრუებს, კლავს სულში ღვთის შიშსა და სინანულს, აღვივებს ამპარტავნებას და ღმერთად გახდომის მსურველს ეშმაკთა მსახურად აქცევს (რასაც ის შეიძლება, სიკვდილამდე ვერ მიხვდეს). სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ თვალწინ ხდება შენიღბული წარმართობის აყვავება და ჭეშმარიტი ქრისტიანობის გაყალბება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაცემული ანგელოზები, დემონები, ეშმაკები განეკუთვნებიან ანგელოზთა მოდგმას და ატარებენ მათი ბუნებისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას. წმიდა ათანასე დიდის განსაზღვრებით: „ანგელოზები ცოცხალი, გონიერი, უხორცო, გალობისუნარიანი და უკვდავი არსებანი არიან. ანგელოზთა შექმნის დრო წმიდა წერილში ზუსტად არ არის მითითებული, მაგრამ ეკლესიის მიერ მიღებული სწავლების თანახმად, მათი შექმნა წინ უსწრებდა, ღმერთის მიერ მატერიალური სამყაროსა და ადამიანის შექმნას. დაცემული ანგელოზების შესახებ სწავლება კი შემდეგნაირია: იმ დრომდე, სანამ ეშმაკი ნათლის ანგელოზი იყო, ის ზეცაში მკვიდრობდა. წმიდა გამოცხადების მიხედვით, ცოდვა სათავეს სწორედ ეშმაკისგან იღებს. ბერძნულ ენაში ეშმაკი იწოდება „დიაბელოდ,” რაც ნიშნავს ცილისმწამებელს, ხოლო „სატანა” სემიტური სიტყვაა და აღნიშნავს მხდომს, მოწინააღმდეგეს. სატანა მხდომია უფლის წინაშე. მამათა ერთსულოვანი აზრით, მისი დაცემის მიზეზი თავდაჯერებულობა იყო. საკუთარი მდგომარეობით მოხიბვლის შემდეგ, მან მადლიერება დაკარგა, თავის აღმატებული მყოფადობა საკუთარ დამსახურებას მიაწერა და დაეცა.
– როგორი გარეგნობა აქვთ დაცემულ სულებს და როგორ მოქმედებენ ისინი ადამიანებზე?
– წმიდა მაკარი დიდი ამბობს, რომ ისევე, როგორც ნებისმიერ სულს, ანგელოზებს აქვთ თავიაანთი იერსახე. ეს გარეგნობა მსგავსია ხორცში მყოფი ადამიანის გარეგნული იერსახისა. იგივე წმიდანი აღნიშნავს, რომ ანგელოზებსა და სულებს ძალიან ფაქიზი, მაგრამ სხეულებრივი სახე გააჩნიათ – ფეხები, თმა. ერთი სიტყვით, ისინი ემსგავსებიან ადამიანის ხილულ სხეულს. სათნოება, სილამაზე და ღვთის მადლი ასხივოსნებს წმიდა ანგელოზების სახეებს, ხოლო, რადგან დაცემული ანგელოზისთვის უკიდურესი ბოროტებაა დამახასიათებელი, ამიტომ მისი სახე ავაზაკთა და ბოროტმოქმედთა სახეს ჰგავს. დემონებმა საკუთარ არსებაში სიკეთის მოსპობით, ბოროტების აღმოცენებითა და განვითარებით დაიმახინჯეს თავი. ეს მათ გარეგნობაზეც აისახება. ამიტომ, წმიდა წერილში მათ მხეცებს უწოდებს, ხოლო ეშმაკის მთავარს – გველს. მათი გარეგნობა საზარელი და არასასიამოვნო სანახავია. დემონებმა მთელი თავისი ღვარძლი და სიძულვილი ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებზე გადმოანთხიეს. მათი ძალისხმევა იმისკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი დაღუპონ. ამისთვის კი არაფერს იშურებენ. ბოროტი სული ორნაირ სახეს იღებს, ხან უძირო წყვდიადია, ხან კი ნათლის ანგელოზად გარდაისახება. ამიტომაც, ადამიანმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ სინათლის ნაცვლად სიკვდილს არ შეეყაროს.
– რა ემართება ადამიანს, როდესაც მასში ეშმაკი შედის?
– ადამიანში შესვლის შემდეგ ეშმაკები სულის საშინელ დაბინდვას იწვევენ. ეს თავს იჩენს ისეთი ქმედების სახით, როგორსაც ადამიანი თრობის, ციებ-ცხელების ან ზედმეტი შეციებისას გამოავლენს. მაგრამ, დემონს არ შეუძლია, ადამიანის სული საკუთარ სამკვიდრებლად აქციოს. ადამიანში ბოროტი სულის დამკვიდრება ღვთის განსაკუთრებული დაშვებით ხდება. ეშმაკების გარეგნობა საზარელი და არასასიამოვნო სანახავია, ისინი ყველანაირი საშუალებით მოქმედებენ ადამიანებზე და ცდილობენ, ცოდვის მორევში ჩაითრიონ. მართლმადიდებელ ქრისტიანებს საეკლესიო საიდუმლოებებთან, ყველაზე მეტად კი ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება ათავისუფლებს ეშმაკის ბატონობისგან. მაგრამ ეს მხოლოდ სრულყოფილი რწმენის შემთხვევაში ხორციელდება, რადგან სრულყოფილებას ყველა ვერ აღწევს. ამიტომ, ამქვეყნად ეშმაკის ბატონობა გრძელდება. მისი ტყვეობისგან გათავისუფლება მხოლოდ ჭეშმარიტ მორწმუნეებს შეუძლიათ. ეს კი არის შედეგი მაცხოვრის ჯვარცმის უდიდესი მადლისა. ეკლესიის გამოცდილებიდან კარგად არის ცნობილი, თუ როგორ მოქმედებს ბოროტ ძალებზე საკმეველი, წმიდანთა სამოსი, ხატების სასწაულმოქმედება. იობის წიგნში დაცემული ანგელოზი წარმოგვიდგება ცისქვეშეთში მოხეტიალე არსებად, რომელიც კაცთა მოდგმის მიმართ დაუძლეველი ბოროტებით განაწამები მთელ ქვეყნიერებაზე დაწანწალებს და ცდილობს, ის რამენაირად დაღუპოს. თანამედროვე ქრისტიანების პირველი დაუდევრობა ქრისტიანული სწავლების ჯეროვანი არცოდნაა. ამას კარგად იყენებს ბოროტი ძალა და მას ადამიანები ისე ვერ ებრძვიან, რწმენით, ლოცვით, ეკლესიაში სიარულით, ზიარებით, როგორც ეს საჭიროა. დემონები ცდილობენ, უფრო მეტად გააძლიერონ ადამიანებზე საკუთარი გავლენა, ქმედება, გავლენის ქვეშ მოაქციონ ისინი და არ მისცენ ქრისტესთან, ეკლესიასთან მიახლოების საშუალება. ეს კი თანამედროვე ქრისტიანებისგან ითხოვს განსაკუთრებულ სულიერ სიფხიზლეს, ყურადღებას, საეკლესიო კანონთა და წმიდა მამათა დადგენილებების შესრულებას, სიფრთხილის გამოჩენას.