მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ახლა მოდაში შემოვიდა სხეულზე ათასგვარი სვირინგის გაკეთება. როგორ უყურებს მოსვირინგებას ქრისტიანობა?
პასუხი: ქრისტიანობა მოსვირინგებას უარყოფითად უყურებს. ადამიანის სხეული უფლის ქმნილება და სულის ტაძარია და არა სურათების ალბომი. სვირინგები წინათ ველურ ტომებში იყო გავრცელებული და წარმართულ წეს-ჩვეულებებს უკავშირდებოდა.
კითხვა: დიდი ხნის მეგობარს დავშორდი, რადგან ის იეღოველი გახდა და ძალიან გავუცხოვდით. თუმცა ამას ძალიან განვიცდი. როგორ მოვიქცე?
პასუხი: უფალი ადამიანისგან მოყვასის სიყვარულს მოითხოვს და აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ადამიანურ ურთიერთობებს არავისთან გვიკრძალავს. ჩვენ ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანის თანაგრძნობა და დახმარება უნდა შეგვეძლოს. აუცილებლად დაწვრილებით მოუყევით მოძღვარს თქვენი განცდების შესახებ და მის რჩევა-დარიგებას მიჰყევით.
კითხვა: გარდამეცვალა შვილი, ძალიან ცუდად ვარ და ყველანაირი რწმენა დავკარგე, თავის მოკვლაზეც ვფიქრობ. ეკლესიაში კი დავდივარ, მაგრამ ამას მექანიკურად ვაკეთებ. მირჩიეთ რამე, რით ვინუგეშო თავი?
პასუხი: უპირველეს ყოვლისა, წარმოიდგინეთ, თუ რას განიცდიდა ღვთისმშობელი მარიამი, რომელიც უდანაშაულო შვილის ჯვარზე გაკვრას და მის წამებას თავისი თვალით უყურებდა. თქვენ, ურწმუნოებითა და თვითმკვლელობაზე ფიქრით, უფალს გმობთ. ასევე, გმობთ აღდგომას, არადა, მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ მეორედ მოსვლისთვის სამზადისია. მოინანიეთ, ბევრი ილოცეთ თქვენი შვილისთვის და გაეცით მოწყალება მის სახელზე. აკეთეთ ბევრი სიკეთე. ასეთ საქციელს ელოდება თქვენი შვილი თქვენგან. ასე შეეწევით მის სულს და იპოვით სიმშვიდეს.
კითხვა: როდესაც ლოცვის დროს უფალს მივმართავთ, რომელს ვგულისხმობთ – მამას, ძეს და სულიწმიდას?
პასუხი: ყველა ქრისტიანისთვის ცნობილია, რომ მამა, ძე და სულიწმიდა ერთიანი და განუყოფელია. ამიტომ, როდესაც ვლოცულობთ, ერთარსად მოვიაზრებთ.