მამათა შეგონებანი
ბასილი დიდი: ვაი იმას, ვინც იტყვის, რომ გათავისუფლდა ცოდვებისგან.
მარკოზ განშორებული: სიღარიბისგან თავის დაღწევა ორი საშუალებითაა შესაძლებელი: ერთია, გაზარდო შენი ქონება; მეორე – მიაჩვიო თავი მცირედით დაკმაყოფილებას. სიმდიდრის ზრდას ყოველთვის ვერ შეძლებ და ეს თითქმის მუდამ უპატიოსნობაა. საკუთარი ახირების შეზღუდვა კი ყოველთვის შენს ხელთაა და მუდამ სასიკეთოა სულისთვის.
პაისი მთაწმინდელი: ნუ ცდილობ, ბნელ კუთხეში გადამალო შენი ცოდვების სამარცხვინო მოგონებანი. პირიქით, ეცადე, მუდამ თვალწინ გედგეს ისინი, რათა მოყვასის განკითხვისას საკუთარი გახსოვდეს.
იოსებ ათონელი: ადამიანი მხოლოდ მაშინ აღასრულებს თავის საქმეს კარგად, როცა ჩასწვდება თავისი დანიშნულების არსს. მხოლოდ მაშინ აღიქვამს ქრისტეს მოძღვრებას, როცა ნათლად გააცნობიერებს, რომ სიცოცხლე თავად მას კი არ ეკუთვნის, არამედ იმას, ვინც ის უბოძა, და მხოლოდ მის ნებაზეა დამოკიდებული ცხოვრების მიზანიც. ამიტომაც, შეუძლია ხელი შეუშალოს ღვთის გამოვლინებას საკუთარ თავში, მაგრამ თავად ვერაფერს მიაღწევს.
იოსებ ისიხტასი: ყველანი ღვთის იარაღი ვართ. ვიცით, რა ვაკეთოთ, მაგრამ რატომ? – ჩვენთვის მიუწვდომელია. ვისაც ეს გაცნობიერებული აქვს, შეუძლებელია, არ იყოს მორჩილი და თავმდაბალი.
ბერი იერონიმე: ნუ ეძებ ხილულ საზღაურს ჩადენილი სიკეთისთვის. ის შენ უკვე მოგეზღო საქციელთან ერთად. ნუ ფიქრობ, რომ თუ ჩადენილი ბოროტებისთვის სამაგიეროს ვერ ხედავ, ის არ გეწევა. ის უკვე შენს სულშია. სცდები, როდესაც სულის ტკივილს სხვა მიზეზებს მიაწერ.
ნიკოდიმოს ათონელი: ქრისტეს ცხოვრება საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელია საკუთარი შრომის შედეგის დანახვა, და მით უფრო ნაკლებად, რაც უფრო მნიშვნელოვანია საქმე. მოსეს შეეძლო თავისი ხალხით შესულიყო აღთქმულ მიწაზე, მაგრამ ქრისტე, ამ დრომდეც რომ ეცოცხლა, ვერაფრით ნახავდა თავისი მოძღვრების შედეგს. ჩვენ კი გვსურს ვაკეთოთ ღვთის საქმე და საზღაურს დაუყოვნებლივ ველით.
გაბრიელ ეპისკოპოსი: რელიგიური მოძღვრება – აღზრდის საფუძველია. არდა, ჩვენს ქრისტიანულ სამყაროში იმას ასწავლიან, რისიც არავის სწამს. ბავშვები გამჭრიახნი არიან, ამას ხედავენ და არ სჯერათ არა მხოლოდ ის, რასაც ასწავლიან, არამედ იმათიც, ვინც ასწავლის.
იოანე ოქროპირი: ჭეშმარიტ რწმენასა და ცრურწმენას შორის განსხვავება ისაა, რომ ცრუ – ლოცვისა და შესაწირის საზღაურს ღვთისგან ელის, ჭეშმარიტი კი – მხოლოდ ერთ სურვილს ბადებს ადამიანში – ისწავლოს, როგორ ემსახუროს ღმერთს.
ტიხონ ზადონელი: ცუდია, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ის უცოდველია და არ სჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა. ასევე, ცოდოა, როცა ფიქრობს, რომ იგი ცოდვილიანი დაიბადა და ცოდვებში უნდა მოკვდეს. ამიტომ აზრი არ აქვს საკუთარ თავზე მუშაობას. ორივე შეცდომა ერთნაირად დამღუპველია.
ისააკ ასური: ვინც ღვთის ნების აღსასრულებლად ცოცხლობს, არ უნდა ფიქრობდეს ადამიანთა შეხედულებაზე.
ეპისკოპოსი ეგნატე: კაცობრიობისა და ცალკეული ადამიანების ყველა უბედურება სასარგებლოა, რადგან კაცობრიობაც და ადამიანებიც, მართალია, შემოვლითი გზით, მაგრამ მაინც იმ მიზნისკენ მიჰყავს, რომელიც მათთვისაა დასახული – შეიგრძნოს ღმერთი