კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიაგნო ირმა შარიქაძემ გადარჩენის გზას და რაში არ ჰყოფნის მას პარტნიორები


ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის ცხოვრების სტილი, ერთი შეხედვით, თითქოს არ განსხვავდება თბილისური ბომონდის ყოველდღიურობისგან, თუმცა, ირმა ბევრ ისეთ რამეზე ამბობს უარს, რაზეც სხვანი იოლად თანხმდებიან. იყო დრო, როცა ბევრ ცდუნებას გაუძლო, რომ საზოგადოებაში საკუთარი ადგილი ეპოვა, ახლა ძველ ეპატაჟზე უკვე უარს ამბობს, მოდურ „ტუსოვკებს“ აღარ სწყალობს და საღამოებს ტანგოს ცეკვაში ატარებს. ცხოვრების ჯანსაღი წესი: სასტიკი უარი ალკოჰოლსა და თამბაქოს, ჩაცმის განსხვავებული სტილი და ქცევის არაორდინარული მანერები – ეს ირმა შარიქაძის ცხოვრების სტილია, რომელიც მან საკუთარი ნებით აირჩია.


ირმა შარიქაძე: ჩემი ცხოვრების სტილი სტანდარტული ნამდვილად არ არის, ეს განსაზღვრა იმ გარემომ, რომელშიც ჩემი ჩამოყალიბება მოხდა. ჩემი მშობლები მთამსვლელები იყვნენ, მათგან გამომყვა მთების სიყვარული. ზამთარში მიყვარს თხილამურები და ციგურები, ზაფხულობით კი მთაში დავდივარ ხოლმე, მაგრამ ხანგრძლივ ლაშქრობებს ვერ უძლებ, ორი დღე მაქსიმუმია (იცინის). ჩემი მშობლები ჩემს დაბადებამდე დაშორდნენ, მე დედასთან ვიზრდებოდი და ამან განაპირობა ის, რომ თავისუფალ პიროვნებად ჩამოვყალიბდი. ალბათ, ზუსტად ამ გარემოებამ განაპირობა ჩემი ძლიერი ხასიათი – ვისწავლე დაბრკოლების გადალახვა, რადგან ზურგს უკან არ მედგნენ მამა, ძმა, რომლებიც ქართულ ოჯახებში აბსოლუტურად აკონტროლებენ გოგონას. ძალიან კარგია, როცა შენზე ზრუნავენ, მაგრამ ადამიანი, ალბათ, მარტო საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. დედა ცდილობდა ჩემს გაკონტროლებას, თუმცა დედას უფრო იოლად დაუძვრები ხელიდან, ვიდრე მამას (იცინის). ადრეული ასაკიდან ვიბრძოდი იმისთვის, რომ ჩემი ადგილი მეპოვა საზოგადოებაში, ავირჩიე პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს და, ვფიქრობ, ეს არ მომხდარა შემთხვევით, ეს ჩემი ბედისწერა იყო. იმ პერიოდში, როცა პიროვნებად ვყალიბდებოდი, მეც ბევრჯერ წავიბორძიკე და ბევრი შეცდომაც დავუშვი, მაგრამ ამ შეცდომებმა ბევრი რამ მასწავლა. ეს იყო ჩემი თვითგანვითარების და გადარჩენის გზა. ვცდილობდი, ყველაფერი მომესინჯა დამოუკიდებლად, ადრეულ ასაკში უამრავი ცდუნება და, შესაბამისად, საფრთხე ელოდება ყველა მოზარდს, მეც მქონდა ასეთი ცდუნებები. ზოგიერთს გავუსინჯე გემო, მაგრამ არასდროს გავკარებივარ ნარკოტიკს, არ ვეწევი სიგარეტს, არ ვსვამ, გამონაკლისია ღვინო, განსაკუთრებით – წითელი ნატურალური. შემოქმედებითი პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ვცდილობ, ყოველი ფოტოპროექტი ორიგინალური და მხატვრული ღირებულების იყოს. რა თქმა უნდა, მინდა, წარმატებული ვიყო და არა მარტო საქართველოში, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც ფიქრობს, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას“. დიდ წარმატებას ბევრი შრომა და მოთმინება სჭირდება.

– იმან, რომ ოჯახში მამის გარეშე გაიზარდე, ხომ არ განსაზღვრა შენი დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ? ერთი შეხედვით, ფემინისტი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ. არ გესმის მამაკაცების ენა?

– ფემინისტი არა, უბრალოდ, ჩემი აზრით, ქალის სილამაზე სამყაროს შემოქმედების მწვერვალია, ამიტომაც ჩემს ობიექტივში ხშირად სწორედ ისინი ხვდებიან. არ ვფიქრობ, რომ ქალები კაცებზე უკეთესები არიან, მაგრამ, ფაქტია, ორივე მხარეს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი თვისებები. როდესაც გაიზრდები ოჯახში მამაკაცის გარეშე, მათი ენაც არ გესმის. ამიტომ, დღემდე ვსწავლობ მამაკაცების ენას. (იცინის). მე ჩემი პრინციპები და ცხოვრების სტილი მაქვს, ვერასდროს ვერ შევცვლი ჩემს ყველაფერს მამაკაცის გამო. მამაკაცი მაინტერესებს მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი პრინციპების, ხასიათისა და ინტერესების თანხვედრაა. რა თქმა უნდა, ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრება და კარგია, როდესაც გვერდით გყავს მამაკაცი, რომელიც შენზე ზრუნავს, მაგრამ ჩემთვის მთავარია, მე ვიყო ჰარმონიულად ჩემს თავთან. ჩემი შვილი, ჩემი შემოქმედება და მუშაობა საკუთარ თავზე ეს არის ის, რაც ალამაზებს ჩემს ყოფას. მე მქონდა საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება, მქონდა ნამდვილი სიყვარულიც და თავბრუსხვევაც და, აქედან გამომდინარე, უკვე ზუსტად ვიცი, რით განსხვავდება ერთი მეორისგან (იცინის). მე საკმაოდ დაკვირვებული ვარ მამაკაცებთან, ეს მომიტანა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ და ასაკმა. ზედაპირული შთაბეჭდილებები ჩემზე აღარ მოქმედებს, ვერც ერთი მამაკაცი ვეღარ მომატყუებს. თუ ადამიანს რაიმე ტკივილი არ აქვს გადატანილი, ძნელია პიროვნებად ჩამოყალიბება. ტკივილი გაგაძლიერებთ, მთავარია, ოცნებების ახდენის გჯეროდეთ და საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ.

– სიყვარული არ გცვლით? არ არის ეს გრძნობა თქვენთვის შთაგონების წყარო?

– სიყვარული ყველას ცვლის და, რა თქმა უნდა, როცა მიყვარს, მეც ვიცვლები... როდესაც ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რომანი, საქმიანობის თვალსაზრისით, მაშინ ყველაზე ნაკლებად პროდუქტიული ვიყავი.

– ახლა იმდენად ბევრ რამეს აკეთებთ, როგორც ჩანს, ირმა შარიქაძე მარტოა...

– თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ სერიოზული არაფერი ხდება, იმდენად ვარ დაკავებული ჩემი პროექტებით, რომ ძალიან ცოტა დრო მრჩება. მე ძლიერი ქალი ვარ, მაგრამ ყველა ძლიერი ქალის უკან იმალება მისი სისუსტე და მგრძნობიარობა (იცინის).

– თბილისი არის ქალაქი, სადაც ადამიანები, ცხოვრების მოდურ სტილს რომ არ ჩამორჩნენ, ისეთ გატაცებებს მისდევენ, რაც მათ იმიჯის მოსაპოვებლად სჭირდებათ. დადიხართ იქ, სადაც თქვენი ადგილი არაა?

– მე მაინცდამაინც არ მიყვარს, „ტუსოვკები“, ღამის კლუბების ხშირი სტუმარი არ ვარ, მხოლოდ იქ დავდივარ, სადაც სავალდებულოა ჩემი ყოფნა. მე არ უარვყოფ, რომ უფრო ეპატაჟური ვიყავი წლების წინ, რაზეც ახლა მეღიმება... ჩვენს პატარა ქალაქში მოდური ცხოვრების სტილი სალონებში, სოლარიუმებში და კაფე-რესტორნებში სიარულით შემოიფარგლება. სულ სხვაა, როცა ცხოვრობ დიდ ქალაქში, იქ თითქოს იკარგები, ამიტომაც მეტი შემართებით იბრძვი, რომ არ ჩაგყლაპოს ამ რიტმმა. თბილისში სხვაგვარად დუნდები, ამიტომ არის საჭირო, რომ ხშირად მოხვდე დიდ ქალაქში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელოვნებასთან ხარ დაკავშირებული. 15 წლის ასაკიდან სულ ვცდილობ, რომ დიდ ქალაქში გავიქცე საცხოვრებლად, მაგრამ სულ უკან ვბრუნდები. თბილისს აქვს თავისი მაგია, რომლის ტყვეობაში ვარ მეც, ისევე, როგორც ყველა თბილისელი.

ერთი წელია, რაც ტანგოთი ვარ გატაცებული. მოსკოვში ჩემი ყოფნის პერიოდი ტანგოს ფესტივალს დაემთხვა და ერთი საღამოც კი არ გამომიტოვებია, დილამდე ვცეკვავდი. როგორც არგენტინაში ამბობენ, ტანგო მარტო ცეკვა არ არის, ტანგო ცხოვრების სტილია და მინდა, რომ ეს თბილისშიც ისეთივე მოდური გახდეს, როგორც მთელ მსოფლიოშია. კვირაში ორჯერ ვიკრიბებით „ტანგოს საზოგადოების“ წევრები და იმართება საღამოები, ვცეკვავთ. ეს ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ტანგო ძალიან შთამაგონებს, ეს ცეკვა ძალზე ახლოსაა ჩემს შინაგან ნატურასთან. უნდა ნახოთ, რა საოცარი სილამაზეა, როცა დიდ დარბაზში სამასი ადამიანი ცეკვავს ტანგოს. ასე რომ, მივმართავ მამაკაცებს: ვისაც უყვარს ცეკვა, მობრძანდნენ ჩვენთან, „ტანგოს საზოგადოებაში“.

– როგორც ჩანს მამაკაცების დეფიციტი გაქვთ?

– სულ რამდენიმე მამაკაცი გვყავს. როგორც ცხოვრებაში, ჩვენს კლუბშიც ერთ მამაკაცზე რამდენიმე ქალი „მოდის“, ამიტომაც ყველა ცდილობს, რომ პარტნიორის მოსახიბლავად კარგად გამოიყურებოდეს. გარწმუნებთ, მამაკაცი, რომელიც ტანგოს კარგად ცეკვავს, ნებისმიერი ქალის გულს მოიგებს (იცინის).

– გარკვეული მიზეზების გამო შენი შვილი მოსკოვში ცხოვრობს. მარტოობა არ გიჭირს?

– ძალიან მიჭირს ილიკოს გარეშე, მაგრამ მისი მომავლისთვის ახლა ასეა საჭირო. საბედნიეროდ, მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც მარტოობა უყვარს. მაქვს ბევრი სამუშაო და არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი. დილის 9 საათზე არ მივდივარ სამსახურში და საღამოს 6 საათამდე არ ვრჩები იქ – ასეთ სამსახურში, ალბათ, ვერც გავძლებდი (იცინის). თუმცა, ხანდახან რამდენიმე დღის განმავლობაში, დილის რვიდან საღამოს თორმეტამდე, გადაღებებია... გადაღებების მერე, ბოლოს და ბოლოს, ძილი მიყვარს ძალიან (იცინის). მყავს ახლო მეგობრები, რომლებიც ჩემსავით არასტანდარტული ადამიანები არიან, მსიამოვნებს ამ ადამიანებთან ერთად ყოფნა, საუბარი.... ჩემი საახლობლო წრე მრავალრიცხოვანი ნამდვილად არაა, ჩემს სამყაროში ყველას ვერ შევუშვებ, ან, რატომ უნდა გავაკეთო ეს?

– ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობთ?

– ალბათ, გავთხოვდები, თუმცა ჯერ არ ვჩქარობ, სულ ვამბობ, რომ ერთი კარგი ქორწილი ნამდვილად დავიმსახურე-მეთქი (იცინის). ამისთვის, მინიმუმ, ულამაზესი თეთრი კაბა და ღირსეული რაინდია საჭირო. ეს ყველა გოგონას ოცნებაა და რომელიც, ჯერჯერობით, ჩემიც, თაროზე დევს... მაგრამ ბედისწერის და ოცნებების ასრულების მჯერა.


скачать dle 11.3