როგორ დააჯილდოვა ლეგენდარულმა მომღერალმა ჯო კოკერმა თემო საჯაია და როგორ შეცვალა ის ნინი სამადაშვილის სიყვარულმა
თემო საჯაია იმ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, რომელმაც საკმაოდ რთულ და კონკურენტუნარიან გარემოში დაიწყო მუსიკალური ხელოვნების ლაბირინთებში გზის გაკვლევა. მათგან ბევრს ხელი მოეცარა, ბევრმაც გაუძლო დროის გამოწვევას, თემო კი ის იღბლიანი მომღერალია, რომელმაც ადრეულ ასაკში მოიპოვა პოპულარობა, ერთ-ერთ მაღალი დონის ფესტივალზე თვით ლეგენდარული მომღერლის, ჯო კოკერის ხელით, მისი სახელობის სიგელი დაიმსახურა.
– სანამ ძირითად თემაზე გადავალ, მინდა, ცოტა განვლილ პერიოდს შევეხო: როგორ შეაფასებ ერევანში ჩატარებულ კონკურსს, რა გამოცდილება შეიძინე?
– ეს იყო პროექტი „10+10“, სადაც საქართველოდან და სომხეთიდან ათ-ათი წარმომადგენელი ვმონაწილეობდით. გამოცდილების მხრივ მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, მღერი არა ინგლისურად, ან რუსულად, არამედ, სომხურად, თანაც – სხვადასხვა ჟანრში. ეს ყველაფერი კი რთულია და, როცა ამის დაძლევა გიხდება, მეტს მუშაობ საკუთარ თავზე, რაც, უდავოდ, დადებითი მოვლენაა პროფესიული თვალსაზრისით.
– შენ გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება გაქვს ზოგიერთი პროექტის მიმართ, მაგალითად, „ჯეოსტარის“. როგორი უნდა იყოს ის, შენი გემოვნება რომ დააკმაყოფილოს?
– პირადად მე, კონკურსების მოყვარული დიდად არ გახლავარ. მაგრამ, რატომღაც, ჩვენთან, ისეა „დაწესებული“, რომ, თუ რამდენიმე კონკურსში არ მიიღე მონაწილეობა, კარგი მომღერალი არ ხარ, რაც, ჩემი აზრით, მცდარია. რაც შეეხება, პროექტ „ჯეოსტარს“, არ მომწონს მიდგომები, შეფასების სისტემა. ჟიურის არ ვგულისხმობ, უბრალოდ, ის ადამიანები აფასებენ, რომლებიც ნაკლებად ერკვევიან ზოგადად სიმღერაში და ხშირად იჩაგრება მართლაც ნიჭიერი კონკურსანტი. გარდა ამისა, გავალებენ, იმღერო ესა თუ ის, სიმღერა, ამით კი შენი ინდივიდუალიზმი ითრგუნება. მაგალითად, დაგავალებენ, იმღერო ფოლკლორიდან. კი ბატონო, კარგია, როცა კარგად მღერი, მაგრამ, ნამდვილად არ არის მინუსი, თუ ფოლკლორიდან რომელიმე სიმღერას ვერ შეასრულებ სათანადო დონეზე. პირადად მე ასეთ კონკურსში მონაწილეობას არ მივიღებ.
– ალბათ, შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები მაშინ იყო, როცა ლეგენდარულმა მომღერალმა, ჯო კოკერმა თვითონვე გადმოგცა სიგელი ფესტივალზე, რომლის თავმჯდომარეც თავადვე იყო.
– თავისი მნიშვნელობით, დონითა და ხარისხით, „ევროვიზიასა“ და „იურმალაზე“ ნაკლები კონკურსი არ იყო, თუ მეტი არა. სიმართლე გითხრა, ცოტა გული დამწყდა, რომ ასეთი დონის კონკურსზე ისე წავედი და ჩამოვედი, თანაც – სიგელით, არავინ გააშუქა, არავინ დაინტერესებულა, გარდა პრესის ერთი-ორი წარმომადგენლისა. არადა, ვიდეოჩანაწერებიც არსებობს, რომელიც ძალიან კარგი ნამღერია, მეოთხე ადგილზე გავედი. დამეთანხმები, ასეთი დონის კონკურსზე ეს არცთუ ურიგო შედეგია.
– გულდაწყვეტილი ჩანხარ. ხასიათის გამოსწორებას, ალბათ, „ტუსოვკებზე“ და გასართობ ადგილებზე ცდილობ.
– ასეც არაა საქმე, რომ ხასიათის გამოსასწორებლად ბალ-მასკარადებზე ვირბინო. სიმართლე ისაა, რომ დიდი მოყვარული არ გახლავარ ეგრეთ წოდებული „ტუსოვკების“, რადგან, ვფიქრობ, ძალიან დაბალი დონის კლუბები გვაქვს და დროის კარგვა იქნება იქ სიარული. ძალიან იშვიათად მივდივარ იქ, მეგობრების ხათრით, ისიც, მცირე ხნით. მე უფრო ქართული ტრადიციების მოყვარული ვარ, მეგობრებთან „ჩაჯდომასა“ და დროსტარებას რა სჯობს! როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, რადგან, ვხვდები, თუ მაქსიმუმს არ გაიღებ, ისე წარმატება არ მოვა, როგორი ლამაზი თვალებიც არ უნდა გქონდეს.
– ლამაზი სიტყვებით დაამთავრე პასუხი. ალბათ, გარკვეულწილად, გათვლილი გაქვს, იმიჯი შეიქმნა ნინი სამადაშვილის თვალში, რომელიც შენი შეყვარებულია.
– (იცინის) ეგ ნამდვილად არ მქონია მხედველობაში, უბრალოდ, ბუნებით ვარ ასეთი ადამიანი, შესაძლოა, ბევრს არც მოსწონს ჩემი აზრები, მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, რომ ნინის მოსწონს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– კიდევ რით მოაწონე თავი და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– გონიოში ვნახე, მაგრამ, ისეთი სიტუაცია იყო, გაცნობა ვერ მოვახერხე. თბილისში რომ ჩამოვედი დავუკავშირდი, შევხვდით, ვისაუბრეთ და კიდეც მოვიხიბლე მისით. რაც მთავარია, ის არავის ჰგავს, ყველასგან განსხვავებულია, ძალიან მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, აღარაფერს ვამბობ გარეგნობაზე. სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ, ნინი ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ყველაზე კარგია. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენზე კარგი არავინაა ამქვეყნად, ჩვენზე კარგი ბიჭიც და გოგონაც ძალიან ბევრია, მაგრამ, ჩვენ ვართ ზუსტად ისეთები, როგორებიც ვართ და ასეთებს გვიყვარს ერთმანეთი.
– ძალიან შეცვლილხარ – ყოფილი დონჟუანი სპეტაკ სიყვარულზე ლაპარაკობ. ეტყობა, მართლაც გულწრფელად შეგყვარებია.
– (იცინის) არა, რას ამბობ! დონჟუანი არასდროს ვყოფილვარ, ეგ ჟურნალისტების მიერაა გამოგონილი. კარგი გოგონების დამფასებელი კი ნამდვილად ვარ. რაც შეეხება ნინის, ეს სულ სხვა სიყვარულია, სხვა გრძნობაა. შეცვლას კი ვერ უარვყოფ, გარკვეულწილად მართლაც შევიცვალე – უფრო ხალისიანი და უფრო თავდაჯერებული გავხდი.
– როგორც ვიცი, ცოტა ეჭვიანიც ხარ. ამით თუ გექმნებათ დისკომფორტი?
– ზოგადად, ადამიანი ცოტა ეჭვიანიც უნდა იყოს, ეს აუცილებელიცაა. ნინის მიმართ თუ მეკითხები, გულახდილად გეტყვი, რომ ამის მსგავსი არაფერი ყოფილა და არც შეიძლება იყოს, რადგან, ამ მცირე დროის განმავლობაში, ჩვენ ორივემ დავამტკიცეთ, რომ ერთმანეთი გვიყვარს, პატივს ვცემთ ერთმანეთის შეხედულებებსა და აზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გამიბრაზებია კიდეც, პატარა სისულელეებიც ჩამიდენია, რადგან ცოტა ემოციურიც ვარ, შემდეგ მივმხვდარვარ ჩემს დანაშაულს, მიღიარებია და ისევ შევრიგებულვართ, ჩემს გულწრფელობასა და სიყვარულში ეჭვი არასდროს შეუტანია. რა ვქნა, ახალგაზრდა ვარ და მეპატიება.
– შესარიგებლად, გულწრფელი მონანიების გარდა სიურპრიზებსა და საჩუქრებსაც ხომ არ იყენებ?
– (იცინის) რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი „იარაღია“. ასეც რომ არ იყოს, ხანდახან მიყვარს სიურპრიზის გაკეთება. მთავარი ის კი არაა, რას და რამდენლარიანს უყიდი, მთავარია, ადამიანის მიმართ ყურადღება გამოხატო.
– შენს პროფესიას თუ იყენებ, ანუ, სიმღერით თუ გიცდია ნინის შემორიგება?
– როგორ არ ვიყენებ (იცინის), ხან ინსტრუმენტის თანხლებით, ხან – მის გარეშე, ყველაზე ადვილად მისი გულის მოლბობა სიმღერით შემიძლია.
– როგორც ვიცი, ნინი ხელოვანია და, ალბათ, მალე თავის შემოქმედებასაც გააცნობს საზოგადოებას.
– აუცილებლად. ძალიან სერიოზულად ემზადება. პროფესიონალია და ეჭვი არ მეპარება, თავის სიტყვას იტყვის. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, ჯობია, საზოგადოებამ თავად შეაფასოს, როცა ნინი მათ წინაშე წარდგება.
– საუბარში გატყობ, რომ ურთიერთობის საუკეთესო სტადიაში იმყოფებით. თუ გქონიათ საუბარი ქორწილზე?
– ასე სასწრაფოდ არა, მაგრამ, ახლო მომავალში გვაქვს რაღაც მონახაზები. ამჟამად ორივე ძალიან დაკავებული ვართ, რაღაც საკითხები უნდა მოვაწესრიგოთ, ეს კი ისეთ დატვირთვას მოითხოვს, რომ, არ გვინდა, ყურადღება მოვადუნოთ.