კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნდა აუხილო თუ არა თვალები ქალს, რომელიც ქმრის ღალატს ვერ ხედავს

სიმართლე ისეთი რამეა, მტრებს თუ არ მოგიმრავლებს, მეგობარს მაინც დაგაკარგვინებს. ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ გაცილებით უკეთესია, იყო ჩუმად და ვიღაცას ტყუილში ცხოვრება აცადო, მით უმეტეს, თუკი ის ამ ტყუილით ბედნიერად გრძნობს თავს. მართალია, ხშირად ვამბობთ, რომ ყველაზე მწარე სიმართლეც კი უკეთესია ტკბილ ტყუილზეო, მაგრამ, რეალურად საქმე სხვაგვარად არის. ადამიანები სირაქლემას პოზაში ყოფნას ამჯობინებენ და ამას არც იმჩნევენ. მოჩვენებითი ბედნიერება – რა არის ეს და რატომ იტყუებენ ქალები თავს შეგნებულად? რატომ არ უყვართ სიმართლის მთქმელები და რატომ შეიძლება, შეიძულო უახლოესი დაქალი? ცხოვრებისეული რეალობა იმის ნათელი მაგალითია, რომ მეგობრობა ყოველთვის არ გულისხმობს გულახდილობას.

 

თეონა (29 წლის): ისე გამოვიდა, რომ მე ვყოფილვარ ყველაფერში დამნაშავე. ძალიან მაწყენინეს და მატკინეს გული. შეურაცხყოფილი რომ დავრჩი, ამაზე აღარაფერს ვამბობ. არც სულელი ვარ, არც უჭკუო და ეს არანაირად არ უნდა დამმართნოდა. მით უმეტეს, რომ ამ წუთშიც ძალიან მიყვარს ის ადამიანი, რომელმაც ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტა. ისეთი მოულოდნელი იყო ყველაფერი, რაც თავს დამატყდა, რომ, სულ ვფიქრობ – ნუთუ გულწრფელობა დანაშაულია? ახლა უკვე მიჭირს, დავამტკიცო, რომ არანაირი ცუდი განზრახვა არ მამოძრავებდა და მხოლოდ კარგი მინდოდა ჩემი მეგობრისთვის. სამწუხაროდ, ბავშვობიდანვე დამაჩვიეს სიმართლის თქმას. დედაჩემი სულ იმას ჩამჩიჩინებდა, არასოდეს თქვა ტყუილი, ის საბოლოოდ მაინც გამოაშკარავდება და შენ დარჩები შერცხვენილიო. ასე გავიზარდე და დღემდე მჯერა, რომ ტყუილს სიმართლე სჯობს.

– სიმართლის ართქმა ყოველთვის არ ნიშნავს ტყუილის თქმას.

– გეთანხმებით, მაგრამ, ჩემი სიტუაცია სხვანაირია. რანაირად უნდა დამემალა სიმართლე, როცა ადამიანის ბედნიერებას ეხებოდა საქმე? მე არ შემეძლო, მერე ამ ტვირთით მეცხოვრა. თქვენ აიღებდით ასეთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე? ისიც ხომ უნდა ითქვას, რომ ამ სიმართლემ ფორსმაჟორში მომისწრო – ისეთი რაღაცის მოწმე გავხდი, რასაც ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი. ამიტომ, შეიძლება, ცოტა დავიბენი კიდეც. მაგრამ, ახლა რომ ვფიქრობ, მაინც მგონია, რომ სწორად მოვიქეცი.

– მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის მეგობარი დაკარგეთ?

– მე არ ვფიქრობ, რომ ის დაკარგულია. ალბათ, გავა დრო, დაფიქრდება და მიხვდება, რომ მისთვის ცუდი არ მინდოდა. ძალიან მიყვარს, წარმოუდგენელია, მისთვის ცუდი მომენდომებინა. თანაც ყოველთვის სამაგალითო ადამიანად, სანიმუშო ცოლად მიმაჩნდა. მე უფრო დიდი სტრესი მივიღე, ვიდრე თავად მან. არ მომეცა საშუალება, პირისპირ დავლაპარაკებოდი, მაგრამ ახლა ვყვები, რომ გაიგოს, რა გადავიტანე. ჯერ ერთი, როგორია ღალატის მოწმე რომ გახდები...

– ზოგჯერ, ალბათ, უმჯობესია, გაჩუმდე.

– სამწუხაროდ, ეგ სიბრძნე მე ძალიან გვიან შევიცანი და გულწრფელად ვწუხვარ. სიჩუმე, ალბათ, ყოველთვის არ ნიშნავს ტყუილს.

– გეთანხმებით, ნამდვილად არ ნიშნავს.

– თუმცა, ვაღიაროთ, რომ ხშირად სიჩუმე დანაშაულის გამეორებასაც უწყობს ხელს და დამნაშავის დაუსჯელობის განცდასაც – იმის შეგრძნებას, რომ შენ ყველაფერი გეპატიება. მე და ჩემი დაქალი თითქმის ერთდროულად გავთხოვდით და ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მას უფრო გაუმართლა.

– რატომ, საკუთარი ქმარი არ მოგწონდათ?

– როგორ არ მომწონდა. ამაზე არ არის საუბარი. უბრალოდ, მათი ურთიერთობა მიმაჩნდა იდეალურად. სულ ხუმრობდნენ, სულ ეფერებოდნენ ერთმანეთს, სულ უღიმოდნენ და მუდმივად შეყვარებული წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ეს ძალიან მომწონდა და გული მწყდებოდა, ჩემს ქმართან რომ არ მქონდა ასეთივე ურთიერთობა. ისე კი არ გაიგოთ, რომ ქმართან პრობლემები მაქვს, მაგრამ, ჩვენ შორის რომანტიკა არ არის. ისეთი ტიპია, ვერ იტანს ასეთ ლირიკულ გადახვევებს, ამბობს, რა საჭიროაო. ბოლო დრომდე ძალიან მაღიზიანებდა მისი ასეთი „სიცივე“, მაგრამ, ახლა ვფიქრობ, რომ ეს უკეთესია, ვიდრე მოჩვენებითი სიყვარული.

– რატომ მოჩვენებითი სიყვარული?

– იმიტომ, რომ იქ, სადაც ღალატი ერთხელ მაინც გამოერევა, სიყვარულზე ზედმეტია ლაპარაკი.

– ეს, ალბათ, სადავო საკითხია. შეიძლება, ადამიანი ძალიან გიყვარდეს, მაგრამ, რაღაც ისეთი მოხდეს... განსაკუთრებით – მამაკაცების შემთხვევაში. უმრავლესობა იმ კაცებისა, რომელთაც ცოლებისთვის უღალატიათ, დაგიმტკიცებენ, რომ უყვართ ისინი.

 – ვიცი, მაგრამ, მე არ მჯერა ასეთი სიყვარულის. თუ გიყვარს ცოლი, მაშინ სხვა ქალთან რაღა გინდა?! ძალიან ალოგიკურია ეს ყველაფერი. მე მიმაჩნია, რომ ამ ტიპის მამაკაცებს არ უნდათ ხოლმე ოჯახის დანგრევა, რადგან აწყობთ ის სიტუაცია, რომელიც აქვთ და თავის დასაძვრენად ეფიცებიან ცოლებს სიყვარულს. მე მინდოდა, ეს ყველაფერი ამეხსნა ჩემი დაქალისთვის, მაგრამ, არ მომისმინა. ის დარწმუნებულია, რომ მე მისი ოჯახური ბედნიერების დანგრევა მინდა, თანაც, ნებისმიერი საშუალებით. უკვე ორი თვეა ეს ამბავი გრძელდება. ჩემგან მტრის ხატი შექმნა, მოღალატე ქმრის „სიმართლე“ კი მაშინვე დაიჯერა. იცით, როგორ მწყინს და მიკვირს? ნუთუ ამდენი წლის განმავლობაში მისი ნდობა საერთოდ ვერ დავიმსახურე?! როგორ იფიქრა, რომ მე მისი ოჯახის დანგრევა მინდა, რატომ უნდა მინდოდეს? – შოკში ვარ.

– იქნებ, მას ოჯახის დანგრევა არ უნდა?

– გასაგებია. მე მესმის ეს და, თუ მეტყოდა, მოვუსმენდი, გავიზიარებდი მის წუხილს. ერთად მოვიფიქრებდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. მე ვერ ვხედავ ამაში ვერანაირ ტრაგედიას. პირდაპირ ეთქვა: თეკო, მე მჯერა შენი, მაგრამ, ჩემი ქმარი მიყვარს, მიღირს ეს ურთიერთობა იმად, რომ ღალატი ვაპატიო და გთხოვ, ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთო; ან, პირიქით – ვილაპარაკოთ და მოვიფიქროთ, რისი გაკეთება შეიძლება, რომ მოღალატეს ჩემი გასულელებისა და შეურაცხყოფის საშუალება აღარ მივცეთო.

– შეიძლება, თქვენსა და თქვენს მეგობარს შორის მართლა არ არის ნდობა?

– მეც მაგაზე ვფიქრობ. ძალიან გულსატკენია, რადგან მე ის ჩემს ნამდვილ მეგობრად მიმაჩნდა მთელი ამ წლების განმავლობაში და არაფერს ვუმალავდი. ჩემს ქმართან ურთიერთობის დეტალებსაც კი ვუმხელდი. გამოდის, სულელი ვყოფილვარ. შეიძლება, მაკას მართლაც მივაჩნივარ სულელად – უკვე ამასაც ვფიქრობ. საერთოდ, გულახდილი ადამიანი ვარ და არ მჩვევია ჩემი ემოციების დამალვა. ჩემი დაქალით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი და ამას არც ვმალავდი. ვეუბნებოდი, ჩემთვის იდეალური ქალი ხარ; როგორ ასწრებ ამდენს, რანაირად ახერხებ, რომ ყოველთვის ყველგან იყო და თან ყველაფერი წესრიგში გქონდეს: ოჯახსაც უვლიდე, მუშაობდე კიდეც, და მუდამ ფორმაში იყო-მეთქი. მე ისეთი კაცი მყავს გვერდით, მისი სიყვარული მაკეთებინებს ამდენსო, – მპასუხობდა და მეც მჯეროდა.

– რატომ გგონიათ, რომ გატყუებდათ?

– იმიტომ, რომ თვითონ ვნახე, როგორი „ერთგული“ და „საყვარელი“ მეუღლეც ჰყავს. შეიძლება, თვითონ სჯერა, რომ უნიკალური ქმარი ჰყავს და ყველას უნდა შეშურდეს მისი, მაგრამ მე კიდევ უფრო მეცოდება, ასე მოტყუებული რომ არის.

– არ შეიძლება, რომ სჯეროდეს? უყვარს თავისი ქმარი და რატომ არის მოტყუებული?

– ვაიმე, არ ვიცი. შეიძლება, მართალიც ხართ. მაგრამ, მე არ ვისურვებდი, თუნდაც ყველაზე ლამაზ ტყუილში ცხოვრებას. ახლა ასე ვფიქრობ, მაგრამ, ღმერთმა არ ქნას და თუ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდები, მერე არ ვიცი, რას ვიზამ. ჩემი დაქალი ყოველთვის გაბრწყინებული სახით ყვებოდა თავის ქმარზე და მეც ვეთანხმებოდი. „სრული პაკეტი“ შეხვდა-მეთქი: სიმპათიურიც, წარმატებულიც, ფულიანიც, ხელგაშლილიც, კარგი იუმორის გრძნობით და თან – მზრუნველი. ეხმარებოდა კიდეც ცოლს ყველაფერში. გარედან, ვიზუალურად, ყველაფერი იდეალურად ჩანდა. მაგრამ, ეტყობა, სწორედ ზედმეტი იდეალურობაა ყოველთვის საეჭვო. როგორ შეიძლება, ადამიანი, მით უმეტეს – ურთიერთობა, უნაკლო იყოს? ასეთი რაღაც ხომ წარმოუდგენელია! თუმცა, ერთი რაღაც აუცილებლად უნდა ვთქვა ჩემი დაქალის ქმრის სასარგებლოდ: ყოჩაღ მაგას. რანაირად ახერხებდა, რომ სულ ოჯახის გვერდითაც ყოფილიყო და ღალატიც მოესწრო?

– „ჭეშმარიტი“ ქართველი რაინდი-მამაკაცი ყოფილა.

– თქვენ ხუმრობთ, მაგრამ, მამაკაცების უმრავლესობას სწორედ ეს მიაჩნია ვაჟკაცობად. სხვათა შორის, ცოლების დამსახურებაც არის ამაში.

– ცოლების რატომ?

– იმიტომ, რომ ბევრჯერ გამიგონია, ქალს უთქვამს, თუ მე არაფერს მომაკლებს, დიდი ტრაგედია არ იქნება, სადღაც ვიღაცა „გაჟიმოსო“. მაპატიეთ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, რეალობა ასეთია. კაცები კი სულელები არ არიან, კარგად გრძნობენ ქალების ასეთ განწყობას და სარგებლობენ. ჩემი დაქალი რატომ გადამემტერა? – იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი განწყობა აქვს და, მე რომ სხვა რეალობა დავანახვე, აღარ მოეწონა. არჩია, ისევ ჩემთვის შეექცია ზურგი და თავის მატყუარა ქმართან დარჩენილიყო.

– ეს მისი არჩევანია.

– ვხვდები, რისი თქმაც გინდათ, მაგრამ, მე რა შუაში ვარ? რატომ უნდა დამერქვას ოჯახის დამანგრევლისა და ბოროტი დაქალის სახელი? მე  თვითონაც მყავს ქმარი, მაქვს ოჯახი... პირიქით, იცით, როგორ განვიცადე და ვინერვიულე, როცა იმ ვაჟბატონს, სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად, ფაქტზე წავასწარი?! მუხლები ამიკანკალდა, იმ „ნაშასთან“ ერთად კაფეში რომ დავინახე. საერთოდ, იმ კაფეში არ დავდივარ. ძვირად ღირებული და არაჩვეულებრივად გემრიელი ყავა აქვთ, მაგრამ, იმ დღეს თანამშრომელი გადამეკიდა – ფული მაქვს, წავიდეთ, წესიერი ყავა დავლიოთო და გავყევი. ცოტა ხალხი იყო და მაშინვე შევამჩნიე. არ ვარ არანორმალური და თავიდან ცუდი არაფერი მიეჭვია. ვიფიქრე, ალბათ, საქმიანი შეხვედრაა, ან, ვინმე ახლობელს ხვდება-მეთქი, მაგრამ... ძალიან სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდეს, როგორი ურთიერთობა აქვთ მის წინ მჯდომ ქალს და მამაკაცს. არავითარი დისტანცია ან მორიდება მათ შორის არ იგრძნობოდა. ისე ვიჯექი, რომ მათ მაგიდას ხელისგულივით ვხედავდი. იმას არც შევუმჩნევივარ. სად ეცალა ჩემთვის, ხან მუხლზე უსვამდა ხელს და ხან დეკოლტეში უყოფდა ცხვირს. ჩემი თანამშრომლისთვის არაფერი მითქვამს. ქვეყანას ხომ არ შევუყრიდი, მაგრამ ის მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც მჭირდა. მითხრა კიდეც, რა მოგივიდა, სახეზე ფერი აღარ გადევსო. ჯერ მინდოდა, მივსულიყავი იმ უსინდისოს მაგიდასთან და იმ მოღიმარ, გაბრწყინებულ სიფათში ყავა შემესხა. მერე ვიფიქრე, ეს ისეთი ნაძირალა ყოფილა, ჩემს ქმარს ეტყვის და ის კი ერთ ამბავს ამიტეხავს-მეთქი. ამიტომ, თავი შევიკავე. მთელი საღამო საკუთარ თავს არ ვგავდი. კიდევ კარგი, რომ ჩემი ქმარი უყურადღებოა, თორემ, აუცილებლად შემამჩნევდა ცვლილებას. ვფიქრობდი, მეთქვა თუ არ მეთქვა ჩემი დაქალისთვის ის, რაც ვნახე.

– ანუ, იცოდით, რომ შეიძლებოდა, ცუდად ჩარეულიყავით ცოლ-ქმრის ურთიერთობაში.

– ჩავრეულიყავი რა, მე მინდოდა, იმ ვაჟბატონის ღალატზე გამოჭერა? გამახსენდა, კაფედან როგორ დაურეკა ცოლს და მოატყუა, უამრავი საქმე მაქვს და ცოტა თუ შემაგვიანდება, არ ინერვიულო. მაინც ვეცდები, რომ ძალიან გვიან არ მოვიდე. არ გამიბრაზდე, საყვარელო, ხომ იცი, როგორ მიყვარხარო.

– ეს კაფეში, იმ ქალის თანდასწრებით გააკეთა?

– დიახ. სიტყვა-სიტყვით გავიგონე ყველაფერი, კი არ ვიგონებ. მაგას ხომ ჯობია, საერთოდ არ დარეკოს დღის განმავლობაში, მაგრამ, არ მღალატობდეს და არ მატყუებდეს? მაგალითად, ჩემს ქმარს არ გაახსენდება, რომ დარეკოს და მითხრას, სად არის და როდის მოვა. იქით ვურეკავ ხოლმე საყვედურებით – ერთხელ როგორ არ გაგახსენდები-მეთქი და მაგალითად კი ჩემი დაქალის ქმარი მომყავდა, არადა თურმე, სულ ტყუილად.

– როგორ უთხარით მეგობარს იმის შესახებ, რაც ნახეთ?

– ძალიან გამიჭირდა. დავურეკე და ისე ვუთხარი. პირისპირ რომ შევხვედროდი, შეიძლება, ვერც გამერისკა. შენს ქმარს საყვარელი ჰყავს, გუშინ ერთად ვნახე კაფეში. ისე იქცეოდნენ, მათ ურთიერთობაში ეჭვი არ შემპარვია-მეთქი. საერთოდ არაფერი მიპასუხა, ხმა არ ამოუღია, ისე დამიკიდა ყურმილი და ნახევარ საათში სახლში მომადგა. მე მოვემზადე, რომ დამემშვიდებინა, მაგრამ, თავს დამესხა და საშინელი სკანდალი მომიწყო: მიყვარდი, ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნდი, დად მიგიღე, შენ კი გველივით შემომიძვერი და ბოღმა ჩაიდე გულში. გინდა, რომ ოჯახი დამენგრეს და გავმწარდე. ასეთი ტყუილი რამ მოგაფიქრა? ჩემს ქმარს ერთი ღამეც არ გაუთევია ჩემ გარეშე. არც კი შევეკითხები და მაგ სისულელეზე ნერვებს არ ავუშლი. აი, შენ კი ფეხს ვეღარასოდეს შემოდგამ ჩემს სახლშიო. გაოგნებული ვიდექი და ყურებს არ ვუჯერებდი. მე მისთვის თვალების ახელა მინდოდა, რომ მოტყუებულსა და შეურაცხყოფილს არ ევლო, მან კი უკანასკნელი ნაძირალა გამომიყვანა. ვერაფრით მივხვდი, რა დავაშავე.

– არ დაიჯერა თუ ვერ დაიჯერა?

– არ დაიჯერა. ფაქტია, რომ, არც კი შეეცადა, გადაემოწმებინა ჩემი ნათქვამი. ნეტავი, საერთოდ გავჩუმებულიყავი. მაგრამ, იმასაც ვფიქრობ, ამ საქციელით ჩემმა დაქალმა თავისი ნამდვილი სახე ხომ არ მაჩვენა? შეიძლება, გულწრფელი ურთიერთობა არც არასდროს ჰქონია ჩემთან, თორემ, ასე რანაირად გამიმეტებდა?

– ალბათ, იმას მიაჩნია, რომ თქვენ გაიმეტეთ.

– რანაირად? მის მოჩვენებით ბედნიერებაზე თვალის ახელა რომ მოვინდომე? დარწმუნებული ვარ, შეგნებულად მოიქცა ასე. შეუძლებელია, ქმრის ერთგულებაში ასე იყო დარწმუნებული. სულ ცოტა ეჭვი მაინც როგორ არ გაუჩნდა? მაგრამ, არ უნდა, რომ დალაგებული ცხოვრება არიოს და უფრო მარტივად გადაწყვიტა საკითხი – მე მომიშორა თავიდან, ქმარი კი სულ მცირე ეჭვისქვეშაც არ დაუყენებია.

– თქვენ გინდათ, რომ დაქალთან ურთიერთობა აღიდგინოთ?

– მე მინდა, მან სიმართლე იცოდეს. სიმართლე კი ის არის, რომ ტყუილი არ მითქვამს და არც მისი ოჯახის დანგრევა მქონია განზრახული. ცუდად მომექცა, ძალიან ცუდად. გული ისე მაქვს ნატკენი, მეტირება. მტერი იმიტომ ვარ, რომ ქმარზე სიმართლე ვუთხარი?! თვითონაც ხომ იცის, რომ მე მტერი არ ვარ. კი ბატონო, ჰყავდეს თავისი ქმარი და იჯდეს ჭურში, რადგან ასე სურს, მაგრამ მე ნუ გამსვრის სიბინძურეში, ეს არ დამიმსახურებია.

– თქვენ რას იზამდით, ვინმეს თქვენთვის ასეთი სიმართლე რომ ეთქვა?

– „ასეთი“ რას ნიშნავს? სიმართლე – სიმართლეა, შეთითხნილი ჭორი ხომ არ არის? მე ისეთი ტიპი ვარ, სხვის ნათქვამს არ ვეტყოდი, ჭორის გავრცელებას ხელს არ შევუწყობდი. პირიქით, ჭორის წყაროს გამოვქექავდი, მაგრამ, ეს აბსოლუტურად სხვა შემთხვევა იყო და ეს უნდა გაიგოს.

 

 

скачать dle 11.3