კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ჩემი პირველი სიყვარული უღირსი ქალი აღმოჩნდა

მერვე კლასიდან მიყვარდა გოგო, რომელიც ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. ზრდასრულობისას ასეთ ასაკობრივ სხვაობას არავინ არაფრად აგდებს, მაგრამ სკოლის ასაკში ეს ძალიან საგრძნობია და ყველა, ვინც კი მაშინ ეს ამბავი გაიგო, პირში თუ ზურგსუკან დამცინოდა და მაშაყირებდა. ვითომ ვმალავდი ჩემს გრძნობას, მაგრამ, ბოლოს მაინც „გავიყიდე“ და ჩემი ტრფობის შესახებ თვითონ თამთამაც გაიგო. თავიდან იმასაც სიცილად არ ეყო, მაგრამ, მერე საშინელი დღე მაყარა, თანაც, სწორედ მაშინ, როცა თანაკლასელ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად ვიდექი სკოლის წინ. გაცოფებული სახით მომვარდა, ხელები სულ ცხვირ-პირთან მიტრიალა და მთელი ძალით მიკივლა: ეგღა მაკლია, შენისთანა ლაწირაკის გამო მთელი სკოლის დასაცინი გავხდე! ვინ მიგდიხარ ან რისი იმედი გაქვს, ლანდივით კუდში რომ დამდევ? ჭკვიანად იყავი, თორემ, ჩემს შეყვარებულს ისე ვაცემინებ შენს თავს, დედაშენმაც ვეღარ გიცნოსო.

მე თამთა წყნარი, მშვიდი, სერიოზული გოგო მეგონა და ძალიან გული დამწყდა, ასეთი ისტერიკიანი რომ აღმოჩნდა, მაგრამ, ყველაზე მეტად იმან მატკინა გული, „ჩემი შეყვარებულიო“, რომ თქვა. მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭებს ახლოს არ იკარებდა და ნამდვილ სიყვარულს ეძებდა. ამიტომ, იმედი მქონდა, რომ ოდესმე მეც შემამჩნევდა, რადგან მე მართლა მთელი გულით მიყვარდა. იმ დღეს რომ ასე დამცოფა, თანაც, რომ გავიგე, შეყვარებული ჰყავდა, ისეთ დეპრესიაში ჩავვარდი, ერთი კვირა სკოლაში აღარ წავსულვარ, მერე კი თავი მოვიკალი, სანამ დედაჩემიც არ დავითანხმე და სხვა სკოლაში გადავედი. შორიდან ვიგებდი თამთას ამბებს და გული მწყდებოდა, რომ ძალიან ხშირად იცვლიდა კავალრებს. ამ ამბით განაწყენებულმა, საერთოდ ამოვირეცხე გულიდან მისი სიყვარული, მაგრამ, ვერც სხვა შევიყვარე – ჩემდაუნებურად, თამთასნაირ გოგოს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი.

მეხუთე კურსზე რომ ვიყავი, ჩემმა ჯგუფელმა ბიჭმა, რომელთანაც თითქმის ვმეგობრობდი, მეჯვარეობა მთხოვა. ცხადია, უარი ვერ ვუთხარი. ვერც კი წარმოიდგენთ, რა დამემართა, როცა ეკლესიაში მისულს იქ თამთა დამხვდა – ის პატარძლის მეჯვარე იყო. ისეთი ამბით შემხვდა, თითქოს ჩემზე ძვირფასი და ახლობელი ცხოვრებაში არავინ ჰყოლია. მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდა, ჩემთან ეცეკვა და ჩემ გვერდით ყოფილიყო. მე ჯერ ვარიდებდი თავს, რადგან ის ზედმეტად თამამად იქცეოდა და, არ მინდოდა, ჩემ გამო რამე უხერხულობა შექმნილიყო, მაგრამ, ცოტა რომ დალია (მეც ნასვამი ვიყავი), პირდაპირ შემომთავაზა თავი. მისმა ამ საქციელმა, შემიძლია ვთქვა, მთლიანად გამომაფხიზლა და კატეგორიული უარი ვუთხარი – აღარ მიყვარხარ-მეთქი. მან კი გაიცინა და მიპასუხა: სიყვარული რა შუაშია, ცოლად შერთვას კი არ გთხოვ, უბრალოდ, მინდა, ეს ღამე შენთან გავატაროო. ეტყობა, გაოცება გამომეხატა სახეზე, რადგან ღიმილით დამამშვიდა: ნუ გეშინია, ქალწული არ ვარ და ჩემზე დაქორწინებასაც არავინ დაგაძალებს. უკვე ორჯერ ვიყავი გათხოვილი, არც ერთხელ არ გამიმართლა და, ახლა იარაღის მუქარითაც ვეღარავინ მაიძულებს, მესამედ დავიდგა გვირგვინი. მე თავისუფალი ქალი ვარ და, როგორც მინდა, ისე უნდა ვიცხოვროო. მოკლედ, იმდენი „მაბა“, რომ ბოლოს მეც დავთანხმდი და ქორწილის დასრულების შემდეგ, უკვე გამთენიისას, თავისთან წამიყვანა – მითხრა, მარტო ვცხოვრობ და ხელს არავინ შეგვიშლისო. რომ მივედით, ოთახის კუთხეში მდგარ საწოლში 5 წლის ბიჭი იჯდა და პატარა მანქანით თამაშობდა. მის დანახვას არ ველოდი და შევკრთი. ეს ჩემი შვილიაო, – მითხრა თამთამ, – ასე ზის და მარტო თამაშობს, სანამ სახლში არ დავბრუნდები. რომელ საათზეც არ უნდა მოვიდე, გაღვიძებული მხვდება, არ იძინებსო.

ბავშვის დანახვამ ისე დამაბნია, აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი ან რა მეთქვა. მან კი, ვითომ არაფერიაო, მკითხა: შენც საღამომდე დარჩები იმ ბიძიასავით, გუშინწინ რომ იყოო? მაშინვე მივხვდი, რა ცხოვრებაც ჰქონდა თამთას და ამ ყველაფერს ბავშვს აყურებინებდა, ან, უკეთეს შემთხვევაში, ძალით აძინებდა. ისე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მაშინვე ავდექი და წამოვედი, თანაც ისე, რომ თამთასთვის საერთოდ არაფერი მითქვამს.

მას მერე მთელი თვე გავიდა, მე კი გონებიდან არ ამომდის ის, რაც თამთასთან მისვლისას გადავიტანე. ჩემდაუნებურად, ახლაც მასზე ვფიქრობ და ძალიან გული მწყდება, რომ, ჩემი პირველი სიყვარული, გოგო, რომელიც მიუწვდომელი ანგელოზი მეგონა, მაპატიოს, მაგრამ, ჩვეულებრივი ძუკნა აღმოჩნდა.

შოთიკო, 22 წლის.

დედა საქმროს მიწუნებს

ძალიან მრცხვენია, ასე საქვეყნოდ რომ ვლაპარაკობ დედაზე, მაგრამ, ისე ვარ გამწარებული მისი უცნაური საქციელითა და ხასიათით, გადავწყვიტე, მომეწერა. იქნებ, წაიკითხოს ეს წერილი, მიხვდეს, რომ მასზეა ეს ისტორია, ჩაფიქრდეს და ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს.

რაც თავი მახსოვს, სულ ისე მექცევა, როგორც თავის საკუთრებას, უფრო სწორად, როგორც ნივთს. მთელი ჩემი ცხოვრება, ჩაცმა-დახურვიდან დაწყებული, მეგობრებისა თუ პროფესიის არჩევით დამთავრებული, მის ნება-სურვილზე ვიყავი დამოკიდებული. არასდროს უკითხავს, მომწონდა თუ არა ის კაბა ან ფეხსაცმელი, რასაც მაცმევდა; ვეგუებოდი თუ არა იმ მეგობრებს, რომლებსაც თვითონ მირჩევდა; მიყვარდა თუ არა ის პროფესია, რომელიც თავად შემირჩია და ასე შემდეგ. სანამ პატარა ვიყავი, პროტესტის გრძნობაც კი არ მიჩნდებოდა, რადგან მეგონა, რომ დედამ ყველაფერი ჩემზე უკეთ იცის; რომ მას ჩემთვის მხოლოდ სიკეთე უნდა და ამიტომ ყველაფერში უნდა დავემორჩილო. სიკეთე რომ უნდა, ამაში ახლაც არ მეპარება ეჭვი, მაგრამ, 27 წლის ქალს აღარ უნდა მქონდეს უფლება, თუნდაც ჩემი გემოვნებით მომეწონოს მამაკაცი?!

21 წლის რომ ვიყავი, თვითონ გამომიძებნა საქმრო და ისე მაიძულა, ცოლად გავყოლოდი, წესიერად გაცნობაც კი არ მაცადა. დედა თვითონ სიღარიბეშია გაზრდილი, არც მამაჩემი ანებივრებდა დიდად და, ამიტომ, ეგონა, ჩემი ბედნიერებისთვის მთავარი იყო, მდიდარ კაცს გავყოლოდი ცოლად. თუმცა, იმასაც ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ სიძე გარეგნობითაც წარმოსადეგი უნდა ჰყოლოდა, სამსახურიც კარგი უნდა ჰქონოდა და ოჯახიც საამაყო. რატომ ეგონა (და დღემდე ასე ჰგონია), რომ ასეთი მონაცემების კაცი მის შვილზე (ანუ ჩემზე) დაფეთდებოდა, ახლაც არ ვიცი. მართალია, არც უშნო ვარ, არც უწიგნური და ასე შემდეგ, მაგრამ, მდიდარი უცოლო კაცები მდიდარ საცოლეებს რომ ეძებენ, ესეც ზუსტად ვიცი.

მოკლედ, გამათხოვა დედაჩემმა თავისი გაგებით „დიმიტრი გელოვანზე“, მაგრამ, მთლად ისეთი ვერ გამოდგა მისი მოწონებული და შერჩეული სიძე – „იგროკი“ აღმოჩნდა. ეს რომ გაიგო, დედაჩემმა აქაც არ მკითხა არაფერი, ჩემს ქმარს სამსახურში მიუვარდა, იქაც ყველას ყველაფერი გააგებინა (რის შედეგადაც რეზომ სამსახური დაკარგა) და ისე გაგვყარა ერთმანეთს, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. სიმართლე გითხრათ, ალბათ, დედაჩემის გარეშეც გავეყრებოდი, რადგან, ვერაფრით შევეგუე მის თავაშვებულობასა და უპასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე. ერთი სიტყვით, რამდენიმე თვის ბავშვთან ერთად ისევ დედასთან დავბრუნდი და იმ დღიდან ჩემი წამება გაათმაგდა: აქაოდა, ქმარგაყრილი ხარ, ხალხმა რაიმე ცუდი არ იფიქროსო და, ფეხს არსად მადგმევინებდა, თუ თვითონაც არ გამომყვებოდა. პურზე რომ ჩავდიოდი მაღაზიაში, აივანზე გადმოდგებოდა და, სანამ მაღაზიამდე მივიდოდი და უკან დავბრუნდებოდი, ცხრაჯერ გადმომძახებდა რაღაცას, რომ ხალხს გაეგონა და დაენახა, როგორ აკონტროლებდა განათხოვარი შვილის ყოველ ნაბიჯს.

ასეთი კუდში დევნის მიუხედავად, თანამშრომელმა გამაცნო კაცი, რომელიც ათი წლითაა ჩემზე უფროსი და, ვერც ბრედ პიტობას დაიკვეხნის, მაგრამ, უაღრესად დახვეწილი ინტელიგენტია, თან, ძალიან მამაკაცური და, რაც მთავარია, ერთად ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. მართალია, დედაჩემის მოთხოვნების კრიტერიუმებს მთლად ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ, აქვს თავისი ოროთახიანი ბინა (ლოჯიით), გარემონტებული და ყველაფრამდე კეთილმოწყობილი; ასევე, სოფელში აქვს პატარა სახლი თავისი ბაღ-ბოსტნითა და ვენახით და ჰყავს მანქანა. მუშაობს საკმაოდ საინტერესო სამსახურში და არის ძალიან ჩხირკედელა. ჩემთვის კი ყველაზე მთავარი ის არის, რომ აქვს არაჩვეულებრივი ხასიათი და საქციელი, სწორედ ისეთი, ქალად რომ გაგრძნობინებს თავს, თანაც, ძალიან ვუყვარვართ მეც და ჩემი შვილიც, რომელზეც, მითხრა, თუ შენი სურვილიც იქნება, ხელს რომ მოვაწერთ, ბავშვი ჩემს გვარზე გადმოვიყვანოთ – მინდა, ყოველთვის მე ვეგონო თავისი ნამდვილი მამაო. ერთი სიტყვით, ასეთ კაცს დედაჩემმა, იცით, რა დაუწუნა? ცხვირის ფორმა (ცოტა კეხიანი ცხვირი აქვს) და თავზე თმის სიმცირე. სულ იმას ჩამჩიჩინებს, ორ-სამ წელიწადში მელოტი და დიდცხვირა კაცი გეყოლება, თან – ბებერი და, მასთან ერთად ხალხში როგორ უნდა გამოჩნდეო. ისე შემშალა ჭკუაზე, ლამის საერთოდ მივატოვო დედაჩემი და ცხოვრებაში აღარ გავიხედო მისკენ. რა უნდა, რატომ მინგრევს მომავალს, რატომ არ მაძლევს საშუალებას, ბედნიერი ვიყო?!

მარიკა, 27 წლის.

 

როგორ ვიპოვე

ჩემი ტყუპისცალი და

ეს ისტორია რამდენიმე წლის წინ გადამხდა თავს და მხოლოდ ახლა გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა.

ვცხოვრობდი თბილისის გარეუბანში მშობლებთან და შვილთან ერთად (ქმარი ადრე გარდამეცვალა, და-ძმა კი არ მყავდა). გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გვიჭირდა, მაგრამ, მერე ისე მოხდა, რომ ყველა უსამსახუროდ დავრჩით, დანაზოგიც არ გვქონდა, რომ რამე საოჯახო ბიზნესი წამოგვეწყო და მეც, ისევე, როგორც ბევრი ჩემი თანამემამულე, იძულებული გავხდი, უცხოეთის ერთ-ერთ ქვეყანაში წავსულიყავი სამუშაოდ. დედაც და მამაც საკმაოდ ახალგაზრდები იყვნენ საიმისოდ, რომ 3 წლის ბავშვისთვის მიეხედათ, თან, ჩემი გაუთხოვარი დეიდაც ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა და ისიც მეხმარებოდა. ამიტომ, გულმშვიდად გავემგზავრე. სხვათა შორის, სამსახური მალე ვიშოვე (მაშინ ჯერ კიდევ ახალი „დაძრული“ იყო ქართველობა იმ ქვეყანაში და სამუშაოს პოვნა ისე ძალიან არ ჭირდა). საკმაოდ კარგ ოჯახში მოვხვდი. ჯერ მოხუცს ვუვლიდი, მერე ოჯახში ტყუპები შეეძინათ და ბავშვების ძიძად გადამიყვანეს, რადგან უკვე მიცნობდნენ და ყველაფერში მენდობოდნენ. იმ ქალაქს ცოტა რომ შევეჩვიე და მოვშინაურდი, ნელ-ნელა იქ ჩასული ქართველებიც გავიცანი. წესად ჰქონდათ, თვეში ან ორ თვეში ერთხელ იკრიბებოდნენ და მეც შევუერთდი. ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს, შევნიშნე, რომ ერთი ქალბატონი დაჟინებით მომჩერებოდა, მერე კი მკითხა, შენ ნინო არ ხარო? არა, ლეილა ვარ-მეთქი. მერე გვარიც მკითხა. ბოლოს კი  მითხრა, რას მიმალავ, ხომ ვიცი, რომ ნინო ხარ, დოდოს შვილი. ამა და ამ ქალაქში (საქართველოს ერთ-ერთი ქალაქი დამისახელა) ჩემ გვერდითა კორპუსში არ ცხოვრობო? ვერაფრით ვერ დავარწმუნე, რომ ნინო არ ვიყავი. ყოველ შეხვედრაზე გაოცებული მომშტერებოდა ხოლმე. ერთ დღეს კი მითხრა, ასეთი საოცარი მსგავსება ორ უცხო ადამიანს შორის არც კი გამიგია. ეტყობა, რაღაცაშია საქმეო. მე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და ჩავეკითხე. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მკითხა, შენ შენი მშობლების ნამდვილი შვილი ხარ თუ აყვანილიო. მე თავი მოვიკალი – ნამდვილი შვილი ვარ, რადგან გაჭრილი ვაშლივით ვგავარ დედაჩემს-მეთქი. ასეთი პასუხის შემდეგ, ამ ქალბატონს აღარაფერი უთქვამს და ამ თემაზე საერთოდ აღარ დამლაპარაკებია.

ერთი წლის შემდეგ ის ქალი საქართველოში დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ზარ-ზეიმით გავაცილეთ. წასვლის წინ ჩემი კოორდინატები ჩაიწერა და თავისიც ჩამაწერინა. ორიოდე თვის შემდეგ კი დამირეკა და მითხრა, აუცილებლად  მინდა შენი ნახვა და იქნებ, როგორმე, ერთი კვირით  გაეთავისუფლო, რომ ჩამოხვიდეო. ჩავეკითხე, ასეთი რა მოხდა-მეთქი. მიპასუხა, იმდენად მნიშვნელოვანი საქმეა, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე, თორემ, შეიძლება, მერე სიცოცხლის ბოლომდე სანანებლად გაგიხდეს საქმეო. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი ხარჯების გაწევა ნამდვილად არ მაწყობდა, მაინც გავეთავისუფლე ჩემს პატრონებს და თბილისში წამოვედი, თან, ბავშვიც ძალიან მენატრებოდა და მშობლებიც.

ჩამოვედი თუ არა, იმ ქალს დავურეკე და ვუთხარი, სახლში ვარ-მეთქი. მან კი ნებართვა მთხოვა – თუ შეიძლება, ნახევარი დღით რომ გესტუმროთ, შენს მშობლებთან მაქვს საქმეო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

ჩამოვიდა თუ არა ქალბატონი რუსიკო, ჩემს მშობლებთან უჩემოდ მოინდომა საუბარი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მისი ეჭვები გამართლდა: აღმოჩნდა, რომ დედაჩემს ტყუპი გოგო გაუჩენია, მაგრამ, ექიმებს უთქვამთ, ერთი გარდაიცვალაო და დედამ სამშობიაროდან მარტო მე წამომიყვანა. ჩემი „გარდაცვლილი“ და კი ვიღაც უშვილო მდიდარი ცოლ-ქმრისთვის მიუყიდიათ.

რუსიკო დეიდამ, ცხადია, ნინოს დედობილ-მამობილის თანხმობით, მოახერხა ჩვენი ოჯახების შეხვედრა. უფრო მეტი გარანტიისთვის მე და ნინოს დნმ-ის ანალიზი ჩაგვიტარეს და მართლაც დადგინდა, რომ დები ვართ. ეს ამბავი ორივე ოჯახისთვის თან ძალიან მძიმედ გადასატანი იყო, თან – ძალიან სასიხარულოც. დედა და მამა დაეხმარნენ ნინოს მშობლებს და ერთი პატარა ბინა ჩვენს მეზობლად აყიდვინეს.

ახლა ვხვდები, რამხელა ბედნიერებაა, როცა დედმამიშვილი გყავს. ნინო რომ გათხოვდა, პირველი შვილი რუსიკო დეიდას მოანათვლინა, რადგან, ის რომ არა, ვერც მე და ვერც ნინო ვერასდროს გავიგებდით ერთმანეთის არსებობის შესახებ.

ლეილა, 31 წლის.

 

რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 595 40-76-78.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com 

ან მოიტანოთ რედაქციაში 

წერილის სახით.

 

скачать dle 11.3