კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოჰკრა ხელი ქსნის ერისთავის სიძემ ნახიჩევანის ხანობას და რა დამსახურებისთვის მიანიჭეს გენერალ გიორგი ერისთავს სენატორის წოდება

პლატონ იოსელიანი გამოჩენილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწეა. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია – „ცხოვრება მეფისა გიორგი მეცამეტისა”. ამ შრომაზე დაყრდნობით, ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე გვიანფეოდალური ხანის მიწურულის დღეგრძელებზე ისაუბრებს.

 

– საყოველთაოდ მიღებული აზრით, 45 წლამდე ასაკის ადამიანები ახალგაზრდებად ითვლებიან; 45-დან 60 წლისამდე – შუა ხნისად; 60-დან 75 წლისამდე – შუა ხანს გადაცილებულად; 75-დან 90 წლისამდე – ხანდაზმულად, მოხუცად; 90-ს ზემოთ – დღეგრძელად.

როდესაც ისტორიკოსი გიორგი მეცამეტის თავგადასავალს მოგვითხრობს (რომელიც ყველა ჩვენგანისთვის გიორგი მეთორმეტეა), ხაზს უსვამს ზოგიერთი, ცალკეული პიროვნების ასაკსაც, რასაც მისი წინამორბედი მემატიანენი, როგორც წესი, არ მიმართავდნენ. 

– ბატონო გელა, რომელ მემატიანეს გულისხმობთ – ომან ხერხეულიძეს, პაპუნა ორბელიანს, სეხნია ჩხეიძეს, ვახუშტის...

– სწორედ მათ... აქ კი, აკაკი გაწერელიას რედაქტორობით გამოცემულ ნაშრომში – ერთადერთში, რომელიც ქართულ ენაზე დაიწერა, თვალშისაცემია პლატონის მისწრაფება თუ დაინტერესება – აჩვენოს ცალკეულ პერსონათა ასაკი. საყურადღებოა, რომ არცთუ ცოტანი არიან ისეთები, რომელთაც 90 წელს გადააჭარბეს... მართალია, ბევრი მათგანის ვინაობა მარტო თქვენს მკითხველს კი არა, სპეციალისტებსაც არაფერს ეუბნება, მაგრამ... ამიტომ, რომელნიც შედარებით ცნობილნი არიან, უფრო მათი ბიოგრაფიული ცნობების დართვით შეგაწყენთ თავს.

ამთავითვე ვიტყვი, სიტყვა „დღეგრძელი” სულხან-საბასთვის ცნობილია, თუმცა მან მაინც არ ჩათვალა საჭიროდ მისი ლექსიკონში შეტანა ამ ფორმით.

– აბა, რომელია ის სიტყვა, რითაც საბა დღეგრძელებს მოიხსენიებდა, რა სიტყვით აქვს ჩანაცვლებული ეს არცთუ ურიგო სიტყვა – „დღეგრძელი”, რომელიც სულაც არ ჩანს, რომ გუშინ წარმოიქმნა.

– რასაკვირველია, „დღეგრძელი” ნამდვილად არაა არც ცუდი ჟღერადობის და არც უარყოფითი შეფერილობის, მაგრამ ფაქტია – საბას ლექსიკონში ამ სიტყვის შინაარსის ექვივალენტურ, სინონიმ სიტყვად, ჩემი აზრით, უფრო ოპტიმალური ვარიანტია მოწოდებული – „მზეგრძელი”.

აუცილებელია, აქვე გავიხსენოთ ის სიტყვებიც, მზეგრძელობის წინარე პერიოდს რომ შეესაბამება. სულხან-საბას მიხედვით ესენია: „ბერი” – ხანმრავალი კაცი; „მოხუცებული” – სიბერე მოწევნული; „ხუცესი” – მოხუცებული. 

– კი, მაგრამ... ბერსა და ხუცესს სხვა მნიშვნელობაც ხომ აქვს?

– რასაკვირველია, აქვს. მაგრამ, სულხან-საბა თვითონ ბერი იყო (ხან საერო ცხოვრებას უბრუნდებოდა), ჩვენ გავუსწოროთ „ბერისა” და „ხუცესის” განმარტება? თქმა არ უნდა, მან შესანიშნავად იცის, რომ „ბერი” – „საეკლესიო ძმობის წევრია, რომელსაც მონასტერში ასკეტური ცხოვრების აღთქმა აქვს დადებული”. ანდა „ხუცესი” – „იგივეა, რაც მღვდელი”... მაგრამ, ფაქტია, საბა ზემოთ მოტანილ განმარტებას სჯერდება.

– მაშინ, დავიწყოთ იმ პიროვნებათა ჩამოთვლა, რომელნიც პლატონის მიხედვით, მზეგრძელნი იყვნენ.

– ვეთანხმები თქვენს ფორმულირებას – „პლატონის მიხედვით”. შეიძლება მათი წლოვანება ზუსტი არც იყოს, მაგრამ პირადად ჩვენ, პასუხისმგებლობა მოხსნილი გვაქვს – შეიძლება, პლატონი ცდებოდეს, შეიძლება მას სხვები (ინფორმატორები) ატყუებდნენ... თუმცა, სანამ პლატონთან მოხსენიებული პირების ჩამოთვლაზე გადავიდოდეთ, არ შემიძლია არ გავიხსენო, ერთი ძალზე ცნობილი პიროვნება, რომელიც უფრო ადრე ცხოვრობდა და ამ წიგნში არ ფიგურირებს...

– გრიგოლ ხანძთელი ხომ არა, რომელმაც მერვე-მეცხრე საუკუნეებში იცხოვრა და 102 წელს მიატანა?

– არა, არა... როსტომ მეფის ხსენება მინდა, რომელიც 93 წლამდე მოიყარა და ბაგრატიონთა გვარში ამ მხრივ ვერავინ შეეცილება.

კირილე ციციშვილი – გარდაცვლილია 90 წლის 1774 წელს. ის ყოფილა გიორგი მეთორმეტის სიმამრის – სარდალ გიორგი ციციშვილის ბიძა. როდესაც ოსმალებმა დომენტი კათალიკოსი დაატყვევეს, კირილე მისი მონაცვლე იყო, თუმცა დომენტის ტყვეობიდან დაბრუნებისთანავე, მას კათალიკოსობა გადააბარა და თვითონ რიგითი ბერის ცხოვრებით განვლო დარჩენილი სიცოცხლე.

ზაალ ყაფლანიშვილი – აღესრულა 1808 წელს 92 წლისა. გამოდის, დაბადებულა 1716 წელს. ძალიან ცნობილი ისტორიული პიროვნებაა. მასზე ზღვა მასალაა შემორჩენილი. თუმცა, არ დავეთანხმები პლატონს იმ საკითხში, რომ ის ერეკლე მეფის თანაშეზრდილი იყო.

– რატომ უგულვებელყოფთ ამ თვალსაზრისს? ერეკლე მეფე ხომ 1720 წელს დაიბადა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 4 წელია? 

– ასაკში სხვაობა არ მქონდა მხედველობაში. გეოგრაფიული ფაქტორი მაფიქრებს. ერეკლე მეფე კახეთში იზრდებოდა, ზაალი – ქართლში. ერთად როგორ შეიზრდებოდნენ?

– ეგ ის ზაალი ხომ არ არის, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა რომ ედება ბრალად?

– სწორედ ის გახლავთ. იესე ქსნის ერისთავის სიძე, ცნობილი ბამან-ხანის ქვისლი.

– ბამან-ხანი ვინღა იყო?

– გამაჰმადიანებული ქართველი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის 30-იანი წლებიდან მოხვდა ჯერ სპარსეთში, შემდეგ კი ნახიჩევანის ხანობასაც გამოჰკრა ხელი. პაპუნა ორბელიანის მატიანეში მასზე ვრცლად არის მოთხრობილი.

ზაალი ოთხი ვაჟის და ერთი ქალიშვილის მამაა. მისი ოთხივე ვაჟი, თუმცა ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ყაფლანის გარდა, ყველა უშვილოდ გადაეგო. ყაფლანი მაიორია, სიღნაღის კომენდანტი, ერთი ქალიშვილის პატრონი – სოფიოსი, რომელიც გრიგოლ ორბელიანზე იყო დაწინდული და სხვაზე კი (ჩინოვნიკ ბეზაკზე) გათხოვდა.

104 წლამდე მოიყარნენ დიდი ილიას მეუღლის, ოლღა გურამიშვილის ბებია ნინო ანდრონიკაშვილი და ცნობილი გიორგი ერისთავი – ინფანტერიის გენერალი, სენატორი, გიორგი მეთორმეტის სიძე. მისი მეუღლე გაიანე ბატონიშვილი მასზე 20 წლით გახლდათ უმცროსი. თავრიზის აღების გმირი, რომელსაც სწორედ ამ დამსახურებისთვის მიანიჭეს სენატორის წოდება. იგი 1760 წელს დაიბადა და 1864 წელს გარდაიცვალა. 1808 წელს, 48 წლისამ ცოლი შეირთო და 1820 წლისთვის უკვე დაქვრივებაც მოასწრო. მას შემდეგ ოჯახი აღარც შეუქმნია, დაქვრივებულმა 104 წლიდან 92 წელი კენტად გაატარა.

– ისე თქვით, 20 წლით იყო უმცროსი გაიანე თავის ქმარზეო – გეგონათ, გამიკვირდებოდა?! განა, როსტომ მეფე მარიამ დედოფალზე ორჯერ ოცი წლით არ იყო უფროსი? ანდა, მას ხომ მანამდე გორჯასპი აბაშისშვილის ქალიშვილი ქეთევანი ჰყავდა ცოლად. შეიძლება ასაკობრივი სხვაობა ცოლ-ქმარს შორის უფრო თვალშისაცემიც ყოფილიყო.

– გინდათ გითხრათ, ამ მხრივ რეკორდსმენი ვინ არის? – ქაიხოსრო ამირეჯიბი, იესე მეფის დედის ბიძა. 90 წლის ასაკში მან 12 წლის მარიამ ყაფლანიშვილზე იქორწინა, მდივანბეგ ერასტი ყაფლანიშვილის ასულზე.

ბერო პავლიაშვილი 107 წლისა აღესრულა 1845 წლის 15 აგვისტოს. ყოფილა ქეთევან ანდრონიკაშვილის ოჯახიდან მისი გათხოვებისას მზითევში გამოყოლილი აზნაური. ქეთევანი გიორგი მეთორმეტის პირველი მეუღლე გახლდათ.

112 წელი დაჰყო ამ ქვეყანაზე გოშპარ კობიაშვილმა, არაგვის ერისთავთა აზნაურმა. იგი 1864 წელს გარდაცვლილა. 

შემდეგ პლატონი ასახელებს სამ სასულიერო პირს, რომელნიც – სამივენი, 120 წლისანი გარდაცვლილან. ესენია – წარმოშობით იმერელი, 28 წლის ასაკში საერო ცხოვრებას გამორიდებული (და მხოლოდ ამის მერე უსწავლია წერა-კითხვა), უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტერში თეიმურაზ მეფის დროს წინამძღვრად დადგენილი, 1762 წელს აღსრულებული, სერაპიონი.

მისი მოწაფე ყოფილა გაბრიელ ბერი, რომელიც თავიდან დოდოს მონასტერში შემდგარა. 1802 წელს ლეკებს მოუკლავთ... რომ არ მოეკლათ, ვინ იცის, სადამდე მიატანდა.

იმავე 1802 წელს გარდაცვლილა, ასევე 120 წლის ასაკში, თომა გარსევანიშვილი, დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი.

მათზე 9 წლით მეტი იცოცხლა და 129 წლისა წარდგა უფლის წინაშე, თეიმურაზ მეორის რიგით მეორე მეუღლის, ანა-ხანუმ დედოფლის ღვიძლი და – მახია. იგი წარმოშობით ბარათაშვილი გახლდათ. ცხოვრების ბოლო მონაკვეთი რუსეთში გალია და ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღების შემდეგ გარდაცვლილა.

– თვითონ ანა-ხანუმი, თუ იყო დღეგრძელი?

– მან გაცილებით მცირე ხანს იცოცხლა, 1788 წელს, კათალიკოს ანტონ პირველის გარდაცვალებიდან მერვე დღეს მიებარა უფალს... უკანასკნელი წლები ამ დედოფალმა მონაზვნობაში გალია.

დაბოლოს, ყველაზე მეტი ხანი დაჰყო ამ ქვეყანაზე გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის ბერმა – გენადიმ, გვარად თულაშვილმა. 60 წელი ერში არ გასულიყო, არც არავის ენახვებოდა თურმე, მონასტერში მოსულ სტუმართაგანს – მხოლოდ ეპისკოპოსებს, ან მეფეს... ერობაში ყოფილა ქსნის ერისთავთა აზნაური, მათი სახლთუხუცესი. გარდაცვლილა 1721 წელს, დაბადებული უნდა იყოს 1581 წელს!

– თქვენ, როგორც ფსიქოლოგს, რა მიგაჩნიათ ზემოხსენებულ პიროვნებათა დღეგრძელობის საიდუმლოდ?

– ახალს არაფერს ვიტყვი. მეც ვუერთდები იმ ცნობილ შეხედულებას, რომ საყოველთაოდ მიღებული აზრით, სასულიერო პირები უფრო დღეგრძელნი არიან, ვიდრე – საერონი.

გარდა ამისა, თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ პლატონის მიერ დასახელებული დღეგრძელთაგან, უმრავლესობამ გვიან იქორწინა და თანაც გაცილებით თავისზე უმცროსზე.

– ცოტა არ იყოს შევშინდი, ამ დასკვნამ ერის დემოგრაფიული ვითარების გაუარესება და ქორწინებათა მასობრივი გადავადება არ გამოიწვიოს...

– მე თუ მკითხავთ, ღირსეული მამულიშვილისთვის დღეგრძელობაზე გაცილებით ფასეული ღირებულებანიც არსებობს. მოვიშველიებ გრიგოლ ორბელიანის სიტყვებს: 

„სოფელი იმად არა ღირს, 

კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა,

თუ ფუჭი მისი სიცოცხლე, 

ვერა რას არგებს მამულსა”.

 

 

скачать dle 11.3