კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ამოიღო თავისი ცხოვრებიდან გიორგი მეგრელიშვილმა და რას არ სთავაზობს ის ქალებს

მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი ძალიან თბილი, უშუალო, მეგობრული და კარგი მოსაუბრეა. მისი სამსახიობო თუ პირადი ცხოვრება (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის), ყოველთვის საინტერესოა. ეს ინტერვიუც მასთან მხიარულად დავიწყეთ და ასევე დავამთავრეთ. როგორია გიორგის ცხოვრების წესი და რატომ ტირიან მის გამო ქუჩასა თუ სადარბაზოში გოგონები, ამას თვითონ გეტყვით.

 

– ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს, შენი რით განსხვავდება?

– ყოველი დილა იწყება იმით, რომ შვილი სკოლაში მიმყავს და შემდეგ ჩემს საყვარელ დარბაზში მივდივარ, სადაც ძალიან, ძალიან ბევრს ვვარჯიშობ.

– კუნთებს იყენებ?

– მხოლოდ ამიტომ არ ვვარჯიშობ, თავს ვუვლი, მინდა, კარგ ფორმაში ვიყო. ამასთან, თუ გადაღება არ მაქვს, დღეში ერთი საათით კუს ტბაზე დავრბივარ, თუ არადა, საღამოს ავდივარ. არ მოვიტყუები, ისედაც ენერგიული ვარ საქმესთან დაკავშირებით. აბა, მთელი ცხოვრება ჰამაკში რომ ხარ წამოწოლილი, ენერგიული ვერ იქნები. როცა ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევ, უფრო ბევრ რამეს იტან, რკინასავით გამძლე ხარ. მგელივით უნდა იყო, თუმცა ეს აგრესიულობას და მგელივით ყმუილს არ ნიშნავს. შეიძლება ითქვას, თეთრი მგელი ვარ. პარალელს რომ ვავლებ, ათი წლის წინ როგორ ვცხოვრობდი ამ კუთხით და ახლა როგორ ვცხოვრობ, საკმაო განსხვავებაა. თუმცა, ცოტა ადრე რომ დამეწყო ვარჯიში, უფრო კარგი იქნებოდა. პროფესიაშიც გამომადგება.

– კინოში კასკადიორობა გინდა?

– თუ საჭირო გახდა და ვინმე მასწავლის, ეგეც შემიძლია გავაკეთო, ოღონდ დაზღვეული უნდა ვიყო. ისე რომ, მეათე სართულიდან გადავხტე და დაბლა არაფერი დამხვდეს, ეს კასკადიორობა კი არა, თვითმკვლელობა იქნება.

– ყოველთვის მაინტერესებდა ქართველი კაცისთვის რამდენად არაკომფორტულია, როცა ოჯახში რაღაც არის გასაკეთებელი და მას ავალებენ, რაღაც მისატანია, გადასახადია, იქ ბავშვებია, ცოლია, ახლობლები, ყველას ყურადღება უნდა...

– მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ვალდებულება მაკისრია, ჩემს შვილსაც დავუჯდე ხანდახან და გაკვეთილების მომზადებაში დავეხმარო. დღეში ერთი-ორი საათი გვერდით უნდა ვეჯდე. დამცინის და მეკითხება ხოლმე, რატომ კარგად არ იცი მათემატიკაო. ეტყობა, შენხელა რომ ვიყავი, სხვა რაღაცეებით ვიყავი გატაცებული-მეთქი. მინდა, რომ ჩემი შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩავერთო, ჩემი წვლილი შევიტანო მის აღზრდაში. მართალია, ზოგჯერ არ მაძლევს ამის უფლებას, მაგრამ მერე თვითონაც ეცინება ამ პოზიციაში რომ მხედავს – ვზივარ და ბავშვს ვასწავლი. ორივეს გვიხარია ერთად მეცადინეობა, ეს პროცესი უფრო მოსწონს, ვიდრე დედამისთან ერთად რომ ზის, რომელმაც შეიძლება დატუქსოს.

– ამ დროს, ალბათ, ერთი სული გაქვს, შენს შვილთან ერთად გარეთ გაიქცე?!

– გაქცევა არა, მაგრამ თუ რაღაც საქმეა, როლზე ვმუშაობ ან გადაცემა მაქვს და იმაზე ვფიქრობ, მერე კი განტვირთვა მჭირდება, ძალიან მიყვარს კითხვა, „ფეისბუქზეც“ ვსაუბრობ და ამ დროს, ცოტა დისკომფორტია კიდევ საქმე, მაგრამ მინდა, ბავშვთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო.

– ათი წლის წინ სხვანაირი ცხოვრების წესი მქონდაო – წეღან მითხარი. როგორი სხვანაირი?

– აი, ისეთი, ცხოვრების დინებას რომ მიჰყვები, ტოტს რომ ჩააგდებ მდინარეში და თავისთვის მიდის – ყველაფერი ფეხებზე რომ გკიდია. როცა ოჯახი გაქვს, მამაკაცს ვალდებულებაც გეკისრება. ალბათ, ასაკმა შემცვალა, არ ვიცი, ასაკიც ხომ თავისას შვრება.

– ისე ჯობდა, თუ – ასე?

– არც ერთი არ არის ცუდი. ახლა რომ ისე ვცხოვრობდე, როგორც მაშინ, ალბათ, მაინც მექნებოდა დანაკლისის გრძნობა. ადამიანი, ხომ იცი როგორია? ხან ის უნდა, ხან  ეს უნდა. სულ ძიებაშია.

– მეზობლებთან თუ კონტაქტობ?

– კი. ერთი მეზობელი მყავს – ჟუჟუნა. იმ დღეს მირეკავს და მეკითხება, შენთან ტელევიზორი თუ მუშაობსო. კი-მეთქი. ჩემთან არ აჩვენებს და შემოდი ერთი, ნახეო. შევედი. ვხედავ, ჩამრთველში არ შეუერთებია. 

– ჟუჟუნა ვინ არის?

– შენ სულ ნუ გიტრიალებს თავში რაღაცეები, ჟუჟუნა ოთხმოცი წლის ქალია. შენ გინდა, რომ ოცი წლის იყოს და არ არის. მე ხომ ვიცი, რაც გაინტერესებს?

– ჰო, ახლა, ოცი წლის გოგონებსაც რომ არ გამოეკიდები, ვიცი.

– (იცინის) გინდა მაგარი რაღაც გითხრა? იმ დღეს სახლიდან გამოვდივარ და სადარბაზოში, მესამე სართულზე, სადაც მე ვცხოვრობ, კიბეზე ზის ვიღაც პატარა გოგო, თვალები ცრემლებით ამღვრევია. ყოფილა ისე რომ, სახლთან დამხვედრიან თაყვანისმცემლები, მაგრამ ისეთი შემთხვევა ნამდვილად არ მქონია, რაც იმ დღეს მოხდა. ჩავუარე გვერდით, უცბად მეუბნება – არ წახვიდეო. ბატონო, ცუდად ხომ არ ხართ, რით შემიძლია, დაგეხმაროთ-მეთქი. არა, უბრალოდ მინდა, აქ იყოთ და არსად წახვიდეთო. მე მაინც ვიფიქრე, ცუდადაა-მეთქი, ისეთი ფერმკრთალი იყო. ვუთხარი, უკაცრავად, მაგრამ მეჩქარება-მეთქი. არა, თქვენ თუ წახვალთ, ძალიან ცუდად გავხდებიო. კი ბატონო, მაგრამ რამდენ ხანს შემიძლია აქ ვიდგე-მეთქი. რაც შეიძლება, დიდხანსო. ამასობაში ჩემი ცოლიც გამოვიდა. რა ხდებაო, – იკითხა. უცბად ამ გოგომ დაიწყო ტირილი, გეხვეწებით, არ წახვიდეთო. ჩემი ცოლი დაიბნა და ქვემოთ ჩავიდა. მითხარით, სად ცხოვრობთ, შემიძლია, სახლში მიგიყვანოთ-მეთქი. არ წახვიდეო. რაღაც მომენტში, მესიამოვნა. ასი ქალი რომ ყოფილიყო სადარბაზოში, ის უფრო მესიამოვნებოდა, მაგრამ ერთიც საკმარისი იყო. მოკლედ, ჩავედი დაბლა, მანქანაში რომ ჩავჯექი, ვიფიქრე, მივტრიალდები-მეთქი. რომ მოვტრიალდი და შევედი სადარბაზოში, უკვე პირველ სართულზე დამხვდა ჩანთით ხელში. ვერ ვიტყვი, რომ ლამაზი გოგო იყო. რამდენი წლის ხარ-მეთქი. ცხრამეტისო. როგორც გინდა, ისე გაიგე, მაგრამ მე შენთვის მოხუცი ვარ-მეთქი. ველაპარაკები, მინდა, როგორმე გამოვიყვანო სადარბაზოდან, რადგან მგონია, რომ  თვითმკვლელობის ზღვარზეა. გამოვედი სადარბაზოდან, მანქანა დავძარი, ვითომ წავედი და ჩუმად უკანვე დავბრუნდი. კარგა ხანს იდგა სადარბაზოში.

– მეზობლებთან, ნათესავებთან თუ დადიხარ, როცა გეპატიჟებიან ან არ გეპატიჟებიან?

– თუ ვინმე მეძახის, ვცდილობ, მანქანით არ მივიდე, რომ ცოტა დავლიო, თუმცა დალევა არ მიყვარს. ხუთი, ათი წუთით შერბენა, მგონია,  რომ უზრდელობაა. ქართველთან სუფრასთან დაჯდე და იმან ათ წუთში გამოგიშვას, ეგეთი ჯერ არ მინახავს.

– ღვინო, ქალები, მოწევა – კიდევ რა ამოიღე შენი ცხოვრების წესიდან?

– მოწევა თვითონ ამოვიღე, ქალები და ღვინო გამომირიცხეს, დუდუკი დამიტოვეს. ისე, ქალები უფრო მეტს ეწევიან, მგონი. ჩემი მეუღლე ვერ გადავაჩვიე. არ ვიცი, როგორ გადავაჩვიო. გვერდით რომ მიზის და ეწევა, არ არის ლამაზი. არ შეიძლება, ამდენი ყავა და სიგარეტი. სხვათა შორის, ყავას არ ვსვამ.

– უიმე, აბა, რას სვამ – ჩაის და რძეს?

– სხვათა შორის, რძით დათრობა ყოფილა არაჩვეულებრივი. ორ ლიტრს დალევ და ეგრევე თვრები.

– მამაკაცები რომ აძალებთ ხოლმე ქალებს დალევას, მაგას რაღა ჰქვია?

– მერე უფრო ადვილია თქვენთან ურთიერთობა და იმიტომ. პირადად მე, არასდროს შემითავაზებია ქალისთვის არაყი. როგორი სანახავია გახეული მთვრალი ქალი – ერთი წინდა აცვია, ცალი საყურე ყურზე აქვს და მეორე – ტუჩზე, თვალი ეპაჭუნება და ცოტას აბოყინებს? არა, როგორ უნდა დავათრო ქალი, რა სისულელეა? არა, სურვილი მქონია, როგორ არა, მაგრამ მერე რა მომხდარა, ვერ მოგიყვები. ვახტანგურად შეიძლება დალიო, მაგიტომაც ღირს ქალთან ერთად დალევა. კიდევ კარგი. მაგ დროს კაცები ტუჩებში არ ვკოცნით ერთმანეთს. თუ ქალი წამოვიდა ტუჩისკენ, ხომ კარგია.

– წამოსულა?

– კი, წამოსულა. აჰა, გაიხარე.

– დაჭმუჭნილი ტანსაცმელი მოდაშია თუ ესეც შენი ცხოვრების სტილია?

– ორივე. მინდა, რომ ჩემს კარადაში ყველაფერი დაკუჭული იდოს. თუ როლს სჭირდება ან სადმე საქმეზე მივდივარ, მაშინ გამოწკეპილი ვარ, მაგრამ ცხოვრებაში თავისუფალი სტილი მირჩევნია – ტილოს ტანსაცმელი. როცა ყველაფერი დაუთოებულია, სპეციალურად მივდივარ და ვჭმუჭნი. ამის გამო სახლში პრობლემა მაქვს. სულ ვეუბნები ნინოს, არ მინდა დაუთოება, დაკიდე და თვითონ გასწორდება-მეთქი.

– რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში სიამოვნებით?

– „მერსედესზე“ გადავჯდებოდი, საკუთარ ბინას „დავითრევდი“, ბუხარს გავაკეთებდი, რომ ხშირად შემეწვა მწვადები და რომელიმე ამერიკულ ფილმში ვითამაშებდი. მშობლების ბინაც მაქვს, მაგრამ მინდა, ჩემი შრომით შევიძინო. კიდევ მინდა, სამი შვილი მყავდეს. ყოველთვის ვოცნებობდი სამი ან ოთხი შვილი მყოლოდა, მაგრამ ჯერ ერთი მყავს.

– აქედან რეალურთან ახლოს, ალბათ, ბოლო სურვილი დგას.  მამაკაცებისთვის ეგ რა პრობლემაა?

– ჰო, რა ვიცი. რომ გითხრა, რომ ვმუშაობთ, არა. უფრო ვმსჯელობთ.

 

 

скачать dle 11.3