კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ექნებათ მხოლოდ უცხოელ დიპლომატებსა და საქართველოს შეძლებულ მოქალაქეებს თბილისის ცენტრში დაუბეგრავი ვაჭრობის მაღაზიით სარგებლობის უფლება

 

ოფიციალური განმარტებით, DUTY FREE –  დაუბეგრავი ვაჭრობის მაღაზია –  ჩვეულებისამებრ, განთავსებულია სახელმწიფოთა გადაკვეთის ადგილებში (მათ შორის, პორტებსა და აეროპორტებში). მსგავს მაღაზიებში წარმოდგენილი საქონელი არ იბეგრება აქციზითა და დამატებითი ღირებულების გადასახადით, ამიტომაც პროდუქციის საცალო ფასი შედარებით დაბალია. ასორტიმენტი ტიპურია: სპირტიანი სასმელები, თამბაქოს ნაწარმი, პარფიუმერია.

მსოფლიოში პირველი ასეთი მაღაზია ბრენდან ორეგანმა გახსნა ირლანდიის შანონის აეროპორტში 1947 წელს. მისი დანიშნულება იყო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მიმომსვლელი მგზავრების მომსახურება, რომელთა თვითმფრინავები ირლანდიის აეროპორტებში ივსებდნენ საწვავს. მაღაზიამ მალევე მიაღწია წარმატებას და ასე მივიღეთ ანალოგიური სავაჭრო ობიექტები მთელ მსოფლიოში.

ზოგადად, დაუბეგრავი ვაჭრობა ჩაისახა მაშინ, როდესაც ორმა ამერიკელმა მეწარმემ –  ჩარლზ ფინმა და რობერტ მილერმა 1960 წლის 7 ნოემბერს შექმნეს ის, რასაც დღეს DUTY FREE-ს სისტემას უწოდებენ. თავდაპირველად, ასეთი მაღაზიები ამოქმედდა ჰონკონგში და მას შემდეგ ობობასავით დახლართული ქსელი შეიქმნა მთელ მსოფლიოში.

ამჟამად თავისუფალი ვაჭრობის მაღაზიები არა მხოლოდ აეროპორტებსა და საზღვაო პორტებშია განთავსებული, არამედ რიგ შემთხვევებში, საჰაერო და საზღვაო ხომალდებზეც. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, ადგილობრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თვით „დუთი ფრის“ მაღაზიებში შეძენილი საქონელი ამა თუ იმ დოზით იბეგრება გადასახადებით.

ბუნებრივია, დაუბეგრავი ვაჭრობის მაღაზია თბილისის აეროპორტშიც მოქმედებს (სამი) და ბათუმშიც. იქ წარმოდგენილი პროდუქციის ჩამონათვალი კი შემდეგნაირია: ალკოჰოლური სასმელები, პარფიუმერია, კოსმეტიკა, შოკოლადი და ტკბილეული, სათამაშოები და აქსესუარები, თამბაქოს ნაწარმი და ქართული წარმოების ღვინო და სუვენირები (თუმცა, სულ ბოლო ინფორმაციით, ღვინოებს შორის ქართული ღვინოები არ იძებნება).

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ შუა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ეგრეთ წოდებული „დუთი ფრის“ მაღაზია გაიხსნა უცხოელი დიპლომატებისა და საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სადმე გაფრენას აპირებენ. ოღონდ, უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირზე დაუბეგრავად შეძენილ საქონელს მაშინვე არ გამოატანენ: თვითმფრინავის გაფრენის მომენტში აეროპორტში მიართმევენ. სავსებით აშკარაა, რომ ეს თბილისური ნოვაცია მართლაც „ნოუ ჰაუა“ „დუთი ფრის“ მსოფლიო სისტემაში. ამიტომაც დემურ გიორხელიძესთან გადავწყვიტეთ იმის გარკვევა, რამდენად ნორმალურია, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს მიდგომა და ხომ არ ზღუდავს ან არღვევს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს.

– რა ეკონომიკური მოსაზრებებით გაჩნდა თავის დროზე „დუთი ფრის“ სისტემა?

– ეს არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები აეროპორტებსა და პორტებში, რომ მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს იქ ვაჭრობა და საკმაოდ გონივრულად მოფიქრებული სისტემაა. ის, გარკვეულწილად, უბიძგებს შეძლებულ თუ საშუალო შეძლების ადამიანს იქითკენ, რომ სადმე გამგზავრებამდე მისთვის სასურველი ნივთი ან პროდუქტი შეიძინოს. ფასები „დუთი ფრიში“, როგორც წესი, მიმზიდველია, რადგან შეღავათების სისტემა მუშაობს. ასე რომ, ადამიანი განწყობილია რამის შესაძენად და ამიტომაც მას გამზადებულს ახვედრებენ თითქმის ყველაფერს პორტებსა თუ აეროპორტებში.

– შეძლებული და საშუალოდ შეძლებული ადამიანები ახსენეთ. გასაგებია, რომ ღარიბი ადამიანი მეტროში ძლივს ჩადის, არათუ თვითმფრინავზე ადის. ესე იგი, „დუთი ფრის“ სისტემა მოგონილია იმისთვის, რომ, ვისაც ფული და კომფორტი აქვს, კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი?

– ასეც არის, იმიტომ რომ, მართალია, მცირე შეძლების ადამიანებიც მოგზაურობენ სამსახურებრივი ან რაღაც პროგრამების ფარგლებში, მაგრამ ისინი „დუთი ფრიში“ ვერ შლიან ფრთებს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ამას თანხა სჭირდება. მაგრამ ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ ეს სისტემა უნდა გასცდეს აეროპორტებსა და პორტებს და სამოქალაქო სტრუქტურების სახით ქალაქებში იქნას გადმოტანილი.

– თუ გსმენიათ, რომელიმე ქვეყანაში ქალაქის ცენტრში გაეხსნათ ასეთი მაღაზია? რა გამოდის, ვისაც გაფრენა არ შეგვიძლია, ნერწყვმომდგარმა უნდა ვუცქიროთ. როგორი კომფორტია ვიტრინებს მიღმა? ახლოდანაც არ შეგვახედებენ?

– მე ვფიქრობ, რომ, თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ღია ეკონომიკაზე, ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, გახსნილობასა და ასე შემდეგ, გაუმართლებლად მიმაჩნია ასეთი რეჟიმის დამკვიდრება ქალაქში, მაშინ, როდესაც მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს არ აქვს საშუალება, შეიძინოს იქ პროდუქცია. ეს მე მაგონებს საბჭოთა პერიოდში ეგრეთ წოდებული „ბერიოზკების“ მაღაზიების სისტემას, რომლებშიც მხოლოდ ეგრეთ წოდებულ სერტიფიკატებზე ვაჭრობდნენ ან უცხოურ ვალუტაზე. ეს სერტიფიკატები კი მხოლოდ იმ საბჭოთა მოქალაქეებს ჰქონდათ, რომლებიც უცხოეთში მუშაობდნენ, ვალუტაზე ხელის ხლება კი მაშინ საშინელი დანაშაული იყო და მკაცრად ისჯებოდა. ამდენად, გამოდის, რომ ეს „დუთი ფრი“, რომელიც დღეს თბილისში, ქალაქის ცენტრშია, ერთი-ერთზე იმეორებს საბჭოთა კავშირის „ბერიოზკას“ სისტემას. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ სერტიფიკატების ნაცვლად, იქ „გამორჩეული“ ადამიანები შეიძენენ მათთვის სასურველ პროდუქციას, მე და თქვენ კი, როგორც მოკვდავებსა და გოიმებს, ანუ არაგანდობილთა წრის შემადგენელ ელემენტებს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ჩავუაროთ ამ მაღაზიას, ნერწყვი გადავყლაპოთ ან არ გადავყლაპოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ჩვენ არ შეგვიშვებენ და იქ არაფერი გვესაქმება. ვერ არის, მაინცდამაინც, კომფორტული გრძნობა. მე ვფიქრობ, რომ ამის არანაირი საჭიროება არ იყო თბილისში. იყოს ჩვეულებრივი მაღაზიები, სადაც, ვისაც უნდა მივა და შეიძენს, რაც უნდა. რა არის ეს გამორჩეულობისა და ელიტის გამოყოფის მცდელობა?! თუმცა ჩვენ ეს არ უნდა გვიკვირდეს, რადგან უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში მკაცრადაა დიფერენცირებული და გამოყოფილი, ვინ არის პრივილეგებულ ადამიანთა ჯგუფში, რომელთათვისაც არის ეს ცხოვრება და ვინაა იმ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა, რომლებმაც უბრალოდ მაყურებლის როლი უნდა შეასრულონ.

– ამის მიზანს ხედავთ იმაში, რომ დამატებითი პრივილეგია შეექმნათ მათ, ვინც ხშირად სარგებლობს აეროპორტების მომსახურებით და ხელი მიუწვდება ხშირ მოგზაურობაზე?

– რა არის, იცით, თუ გამორჩეულობის ვირუსი შეგეპარა, შემდეგ ის ინკუბაციას იწყებს და უკვე გიჩნდება სურვილი, გაიჩინო მომსახურების ისეთი სფეროები და ისეთი ადგილები, როდესაც შეგიძლია, უთხრა საკუთარ თავს: შენ იქ არ დადიხარ, სადაც ყველა მეორეხარისხოვანი ადამიანი დადის, ანუ შენ გამორჩეული და ელიტა ხარ. შენ ხარ ის, ვისთვისაც გაისროლა თავის დროზე „ავრორამ“ და შენ შეგიძლია, დატკბე ამ ცხოვრების სიამეებით.

– დიპლომატებისთვის იქნება რამე განსაკუთრებული შეღავათი ან კომფორტი?

– არა მგონია. ეს არის სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება, რადგან, როდესაც დიპლომატებს რამე სჭირდებოდათ, მიდიოდნენ მაღაზიებში და ყიდულობდნენ ან, ბოლოს და ბოლოს, გამოიწერდნენ. დიპლომატებს ასეთი პრობლემები არ აწუხებთ.

– თუ გსმენიათ, არის სადმე მსგავსი რამ?

– შეიძლება, არის, მაგრამ მე არ მსმენია.

– შეიძლება, განვიხილოთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევად?

– ეს უბრალოდ, ფორმაა. მე ასეთ რაღაცეებს უფრო „პონტს“ ვუწოდებ, ვიდრე რეალურ საჭიროებას. ეს საკუთარი გამორჩეულობის დამადასტურებელი ატრიბუტია, როდესაც შენ შენ ხარ და სხვასთან ერთად არ ხარ. მიდიხარ და ყიდულობ, რაც შენ გჭირდება, იქ, სადაც სხვა ვერ იყიდის.

– რამე ეკონომიკური ეფექტი შეიძლება, მოიტანოს?

– არანაირი. ეკონომიკური თვალსაზრისით, რამე გავლენასა და შედეგზე საუბარი ზედმეტია. მსოფლიოს უდიდეს აეროპორტებში, რომლებშიც ათასობით რეისი სრულდება დღეში და ხალხის უამრავი ნაკადია, შესაძლოა, ჰქონდეს ეკონომიკური ეფექტი „დუთი ფრის“ სისტემას, მაგრამ თბილისის აეროპორტის დატვირთვის გათვალისწინებით, თვითონ „დუთი ფრის“ სისტემას არ აქვს არანაირი ეკონომიკური ეფექტი, არათუ ქალაქის ცენტრში გახსნილ „დუთი ფრის“ ერთ მაღაზიას.

– ქართული აეროპორტების „დუთი ფრიში“ არის გამორჩეული მრავალფეროვნება, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაღაზიებს?

– სიმართლე გითხრათ, არც ერთ „დუთი ფრიში“ არ არის ის, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. მე ძალიან ცნობილი აეროპორტების „დუთი ფრიები“ დამითვალიერებია და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ იქ ფასებიც, მაინცდამაინც, ხელსაყრელია, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად სწორადაა გათვლილი: მიდიხარ და, თუ ბევრი ფული გაქვს, აიღებ, რაც გინდა და იყიდი. მართალია, იქ ძალიან ცნობილი ბრენდებიცაა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, რაც გარეთაა, იგივეა, „დუთი ფრიშიც“.

– „დუთი ფრიც“ თავისუფალი ეკონომიკური ზონაა. თუ იქ არანაირი შეღავათი არ არის, ესე იგი, თავისუფალი ეკონომიკური ზონებისგანაც არ უნდა ველოდოთ ხეირს?

– მე არ მჯერა თავისუფალი ეკონომიკური ზონების, არანაირი შედეგი მას არ ექნება, ამას თქვენ თვითონ ნახავთ.

– რატომ არ გჯერათ?

– იმიტომ, რომ განსაკუთრებული ზონების გამოყოფა ისეთ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენნაირი რეგიონული თავისებურებები აქვს, შედეგს არ მოიტანს. ეს, თავისთავად, გამოიწვევს იმას, რომ უამრავი მეწარმე თავს შეაფარებს ამ ზონას და რეგიონები ძალიან დაზარალდება. მთელი ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი ზონა, ყველგან ერთნაირად მიმზიდველი რეჟიმი უნდა არსებობდეს. რატომ ვაკეთებთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს, თუ ჩვენ ლიბერალურ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ?! აბსოლუტურად შეუსაბამოა ეს ორი რამ: თუ ლიბერალური ეკონომიკაა, თუ საკუთრება დაცულია, თუ გადასახადები ცოტა და მცირეა, თუ ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის სახელმწიფო და ეხმარება ბიზნესს, მაშინ რატომ გინდა ამ თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამოყოფა?! ესე იგი, რაღაც წესრიგში არ გაქვს შენს ქვეყანაში და გინდა, ამით ვიღაცას გაუჩინო რაღაც საყრდენი წერტილები. თავისუფალი ზონა არაკონტროლებადი იქნება, ადრე თუ გვიან. თუკი ის ამუშავდა, იქ აუცილებლად შეიქმნება ბევრი სერიოზული პრობლემა საქონელბრუნვასთან, კრიმინალურ ბრუნვასთან დაკავშირებით. უამრავი თავისუფალი ეკონომიკური ზონაა მსოფლიოში და წარმატებული მხოლოდ თითო-ოროლაა, ისიც იმ ზონებში, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაკეთდა. როდესაც დუბაიმ ნავთობდოლარების დივერსიფიკაცია მოინდომა, გააკეთა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მაგრამ 20-25 წლის შემდეგ, როდესაც ნავთობდოლარები არ ექნებათ, ისინი ახალ ეკონომიკას შექმნიან. თანაც დუბაიმ ჰონკონგი ჩაანაცვლა, ამიტომ ის ფუნქციონალურად დატვირთულია. საქართველოში თავისუფალ ეკონომიკურ ზონას რეგიონული დატვირთვა უნდა ჰქონდეს.

– გზაჯვარედინზე რომ ვართ, ეს არ შესძენს ფუნქციას ამ ზონას?

– რეგიონული ფუნქცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ დუბაი ძალიან ახლოსაა და დუბაისთვის კონკურენციის გაწევა საქართველოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას არ შეეძლება.

– ჩვენ დუბაის კონკურენტები უნდა გავხდეთ?!

– უნდა გვქონდეს გარკვეული ფუნქცია, მაგრამ დუბაი ძალიან ახლოსაა ჩვენთან და მისი უზარმაზარი ფუნქციებიდან რაღაც ფუნქციის წამოღებაც კი ჯერჯერობით არარეალურია.

 

 

скачать dle 11.3