თეთრი შური
ანუ პინგვინის ბედი
მართალია, პინგვინების თემა თვით ქართულ პოლიტიკაშიც კი შემოიჭრა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ არსებების ბედი მთლად უღრუბლოც არ ყოფილა.
იმ მარტივი მიზეზით, რომ ცივილიზებული მსოფლიო გადაშენების პირას მყოფი ნებისმიერი ორფეხა თუ ოთხფეხა არსებების დაცვითაა დაკავებული, გავრცელებული ინფორმაციით, წელს კანადაში აშშ-ის ოჰაიოს შტატიდან გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინების გადარჩენის პროგრამის ეგიდით ორი პინგვინი ჩაიყვანეს (21 წლის ბადი და 10 წლის პედრო). ორივე მამალია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ საპირისპირო სქესის პინგვინები არ იზიდავთ და ერთმანეთი მოსწონთ. ითქვა, რომ ბადი და პედრო მთელ დროს ერთად ატარებენ და, თურმე, სასიყვარულო ქცევის ნიშნებსაც ავლენენ.
ამის მიუხედავადაც, ტორონტოს ზოოპარკის ხელმძღვანელობა აპირებს, რომ გეი-წყვილი ერთმანეთს დააშოროს და თითოეულს მდედრობითი სქესის მეწყვილე შეურჩიოს (ტორონტოს ზოოპარკის მესვეურთა ვნებანი სავსებით გასაგებია, ვინაიდან აფრიკული პინგვინები ისედაც გადაშენების პირას არიან და, თუ არ გამრავლდნენ, კიდევ უფრო გადაშენდებიან).
მეორე მხრივ, თუმცა 250 000 აფრიკული პინგვინიდან დღეს მხოლოდ 60 000-ღაა დარჩენილი, ცხოველების უფლებების დამცველ კანადელებს მიაჩნიათ, რომ პედროსა და ბადის დაშორება მათი უფლებების დარღვევაა (რაკი ერთად თავს კარგად გრძნობენო).
მე ვერ გეტყვით, გაითვალისწინებს თუ არა ტორონტოს ზოოპარკის ხელმძღვანელობა ცხოველების კანადელი უფლებადამცველების რეკომენდაციებს, მაგრამ, აშკარაა, რომ ზოგჯერ პინგვინის ბედიც სანატრელია.