რა ვერ გამოსდის სახალხო დამცველს სამ ქალთან ერთად და ვინ ძალადობდა მასზე ვაკეში
უკვე ორი თვეა, რაც გიორგი ტუღუში სახალხო დამცველია და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა აბარია. მართალია, მისი სახლის აივანზე ქალები დისკრიმინაციას განიცდიან, მაგრამ ყველაზე უკეთ, ალბათ, მაინც ქალთა უფლებებს იცავს. სამსახურში მამაკაცები უმცირესობაში ჰყავს და გენდერულ ბალანსს მშვენიერი სქესის სასარგებლოდ იცავს. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ მარტოხელა მამაკაცის ცხოვრებით ცხოვრობს და მისი თანამდევი სიამოვნებებით ტკბება. ერთი შეხედვით, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით: იყო დრო, ვაკეში ძალიან ბევრს ონავრობდა და ერთი ძველი გატაცების გამო, არც მსუბუქ კრიმინალურ ქმედებებზე ამბობდა უარს...
გიორგი ტუღუში: ჩემი ბავშვობის წლები იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომის შემდეგ ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. კარგად მახსოვს ის გაჭირვება, რაც მაშინ მთელ ქალაქში იყო, მეც კი გამითენებია ღამე პურის რიგში. იმ პერიოდში ჩვენი ოჯახი კრიმინალების მსხვერპლიც გახდა – ჩვენი კუთვნილი მანქანა მოიპარეს. დიდხანს ვეძებდით, ვცდილობდით მის დაბრუნებას, ხან სად ვიარეთ, ხან – სად, მაგრამ, უშედეგოდ. უბნის ძველი ბიჭებიც ჩაერივნენ საქმეში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. 55-ე სკოლაში ვსწავლობდი და ასეთები ჩემ გვერდით საკმაოდ ბევრნი იყვნენ, მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. არც მე ვყოფილვარ „დედიკოს ბიჭი“, პირიქით, ძალიან ონავარი, ცელქი და მავნე ვიყავი. როცა უბანში რამე ფუჭდებოდა, ორი-სამი ეზოს იქით მცხოვრებნიც კი მამაჩემს აკითხავდნენ. მშობლებს ჩოგბურთზე დავყავდი, მათ, მე მგონი, მართლა უნდოდათ, რომ ჩოგბურთელი გამოვსულიყავი. მე მწვრთნელს არ ვემორჩილებოდი, ჩოგბურთს არ ვთამაშობდი და ჩემთვის კუთხეში ვიდექი ხოლმე. სამაგიეროდ, ეზოში ვთამაშობდი ჩოგბურთს და მეზობლის სახლის ფანჯრებსაც ხშირად ვამტვრევდი. ერთხელ მამამ მისაყვედურა, ამდენი ხანია, ჩოგბურთზე დადიხარ, იქ არაფერს აკეთებ და აქ მოგინდა თამაშიო?! თუმცა, სხვა რა გზა ჰქონდა, მოიყვანა ხელოსანი და ჩასვა შუშები. ერთხელ მეზობელს მანქანის საწვავის ავზი ქვიშით ამოვუვსე, ერთმა მეზობელმა კი კარი თეთრად შეღება და პულვერიზატორით შავად გავუფერადე. ამის გამო ჩემს მშობლებს მომჩივანები არ აკლდათ, და, დასჯის მიზნით, მკაცრ სანქციებს მიწესებდნენ: თუ რაიმეს ყიდვა მინდოდა, აღარ ყიდულობდნენ. ჩემი მფარველი იყო ჩემი გამზრდელი ბებია, რომელსაც გამორჩეულად ვუყვარდი და ჩემს პედაგოგებთანაც კი დადიოდა ხოლმე, თუმცა ამას არავინ ავალებდა. ბებია სულ მიცავდა, მით უმეტეს, როცა დასჯის მიზნით ჩემთვის ველოსიპედს არ ყიდულობდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ბევრი სატრანსპორტო საშუალება მქონდა (იცინის).
– თქვენ ისეთი აქტიური ბავშვი ყოფილხართ, ალბათ, ქუჩაში ბევრ დროს ატარებდით, უბნის ბირჟაზეც ხომ არ მდგარხართ?
– „ბირჟავიკი“ არასდროს ვყოფილვარ, მე მქონდა ჩემი ძალიან ბევრი გასართობი და ბირჟაზე დგომა არ მიწევდა. იქ მოდიოდნენ ვიღაც-ვიღაცეები, ვინც საქმეებს არჩევდნენ, ერთი-ორჯერ საქმის გარჩევაშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ მთავარი მოქმედი პირი. როცა მინი-მოპედი მიყიდეს, ლამის ნახევარი უბანი გადავიმტერე, ყველას „კატაობა“ უნდოდა. იყო რამდენიმე ბიჭი, ვისაც ვანდობდი ჩემს მოპედს, იყვნენ ისეთებიც, ვინც ძალადობდნენ და რამდენჯერმე ჩემი მოპედი გამტაცეს კიდეც. მაშინ მოპედი ძალიან მოდაში იყო და ვაკის ქუჩებში ხშირად დავქროდით. წყნეთში სახლებიდან ტრუსების ამარა გამოსული კაცებიც ხშირად გვაგინებდნენ იმის გამო, რომ დილის 7 საათზე ვიწყებდით „კატაობას“ და ყველას ვაღვიძებდით. რამდენჯერმე ვიქურდე კიდეც. მაშინ საწვავის დეფიციტი იყო და, თუ ვინმე ერთ ლიტრ ბენზინს გვაჩუქებდა, ხომ კარგი, თუ არა და, მანქანებიდან ვიპარავდით. თუ ამოსაქაჩი საშუალება არ გვქონდა და შლანგით ვიპარავდით, ბენზინის დალევაც მიწევდა ხოლმე, მეზობლებმა კი იცოდნენ, ვინ იპარავდა მათი მანქანებიდან ბენზინს, მაგრამ არაფერს ამბობდნენ, ხელი ჩაიქნიეს ჩვენზე...
– ამ კრიმინალური ქმედებების გამო პოლიციაშიც ხომ არ მოხვედრილხართ?
– კარგი მეზობლები მყავდა. აბა, პოლიციაში ხომ არ ჩაგვიშვებდნენ?! (იცინის) ერთხელ, მაინც მოვხვდით პოლიციაშიც მე და ჩემი მეგობარი იმის გამო, რომ მართვის მოწმობის გარეშე დამყავდა მანქანა. მერე მამაჩემი მოვიდა და წამოგვიყვანა იქიდან. სამჯერ მაინც მოვყევი ხელჩართულ ჩხუბში, რის შედეგადაც ცხვირი გამიტყდა. მივდიოდი ხოლმე ჩემი მეგობრის მამასთან, რომელიც მეცხრე საავადმყოფოში მუშაობდა და გატეხილ ცხვირს თავის ადგილზე მისვამდა. დღემდე რომ მიჭირს სუნთქვა, ეს იმ ტრავმების ბრალია.
– გოგონებში თუ იყავით პოპულარული?
– გოგონებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, დღემდე ასე ვარ. გოგონებთან ურთიერთობა ძალიან მომწონს. სამსახურშიც ასე ვარ. თანამშრომლებს შორის სულ რამდენიმე მამაკაცია, ისინიც რომ წავიდნენ, სულ ქალებში დავრჩები. სახალხო დამცველის ოფისი იმის კარგი მაგალითია, რომ გენდერული ბალანსი არ ირღვევა, პირიქით, მამაკაცები უმცირესობაში ვართ. როცა „ეუთოში“ ვმუშაობდი, იქ ორი მამაკაცი ვიყავით ოც ქალს შორის, მოკლედ, დაბედებული მაქვს სამსახურები, სადაც ქალთა საზოგადოებაა. სხვათა შორის, ქალებთან საქმიან დამოკიდებულებას უფრო მეტი ხიბლი აქვს, ქალები უფრო პედანტები არიან და პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს, ვიდრე მამაკაცები. ბოლო წლებში ქალებმა აჯობეს ქართველ კაცებს.
– ამ განაცხადის გამო სახალხო დამცველი მამაკაცების საყვედურს ხომ არ დაიმსახურებს? აგიჯანყდებიან მამაკაცები.
– რაც უნდა მტკივნეული იყოს ეს ქართველი მამაკაცებისთვის, მე ნამდვილად ასე ვფიქრობ და ასეთი მაღალი წარმოდგენა მაქვს ქალებზე (იცინის). ქალებთან ყველა გაგებით კარგი ურთიერთობა მქონდა.
– როგორ ქალს შეუძლია თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა?
– ქალი ჭკვიანი უნდა იყოს, ჭკვიან ქალთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. მე ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ქალი ცოტა მოსულელო და „მსუბუქი“ უნდა იყოს, სულელი ქალი ძალიან საშიშია... ჰო, კიდევ, ქალი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს. ჩემი მეგობარი ქალბატონი ეწეოდა სიგარეტს და ვთხოვე: თუ შეგიძლია, ან აივანზე გადი და იქ მოწიე, ან საერთოდ ნუ მოწევ-მეთქი, მანაც ნელ-ნელა დაანება თავი სიგარეტს...
– ეულად იმიტომ დადიხართ, რომ ქალებს აივნებზე „აგდებთ“?..
– არ ვაგდებ, მაგრამ, თუ უნდა ჩემ გვერდით ყოფნა, რაღაც მანაც ხომ უნდა დათმოს?! (იცინის). რატომ გგონიათ, რომ ეულად დავდივარ? არ ვარ მარტო, მყავს მეგობარი ქალი...
– ერთი, ორი თუ სამი?
– არა, სადაა ეგრე?! ამდენი ერთად... ერთისთვის ვერ მიმიხედავს და სამისთვის მოვიცლი?! არა, ეგ ადრე იყო (იცინის). ჩემი აზრით, სულ არაა აუცილებელი, რომ 32 წლის მამაკაცი აუცილებლად დაოჯახებული იყოს. ძალიან ბევრი ოჯახი ირღვევა იმის გამო, რომ ადრეულ ასაკში იქმნება. როცა ჯერ ორი აგური არ დაგიდევს ერთმანეთზე და პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაქვს, ოჯახი არ უნდა შექმნა. ჩემთვის ბევრი ასეთი ქართული „სტანდარტია“ მიუღებელი, მაგალითად, ქართული სუფრა, რომელსაც ხელმძღვანელობს თამადა, რომელიც ყველას უფლებას არღვევს. მაგიდასთან ჯდომა და ერთსაათიანი სადღეგრძელოების მოსმენა არ მიყვარს, მირჩევნია, ჩემს მეგობრებთან ერთად გავერთო, ვიდრე ვუსმინო ადამიანს, რომელიც გმოძღვრავს, თუმცა, შეიძლება, ძალიან საინტერესო აზრებსაც გამოხატავდეს. ჩემი აზრით, სუფრასთან დემოკრატია და ლიბერალური ღირებულებები ძალიან ირღვევა, მით უმეტეს, თუ თან დალევას გაძალებენ. მე საკმაოდ ცუდი მსმელი ვარ, თუ ბევრი დავლიე, მეორე დღეს მგონია, რომ ვერ გადავრჩები.
– რა არის თქვენი „სუსტი წერტილი“?
– თოვლი, თხილამურები; ფინელი არ ვარ, მაგრამ საუნაა ჩემი სისუსტე. როცა უცხოეთში ვარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ სასტუმროს საუნაში ჩავიდე, რადგან თბილისში ამ სიამოვნებისთვის აღარ მცალია. ძალიან მიყვარს კარგად ჩაცმა. გამომწვევად ნამდვილად არ ვიცვამ, მაგრამ მიყვარს სპორტული სტილის კარგი ტანსაცმელი – ჯინსები, კედები. „ჰუგო ბოსის“ სტილის ერთ-ერთი ხაზი ჩემზეა ზედგამოჭრილი, თუმცა ტანსაცმელს ყოველთვის უცხოეთში ვყიდულობ. იქ ყველაფერი უფრო იაფია, ვიდრე თბილისში. მაქვს „ბარბერის“ პალტო, რომელიც ჩამოფასებული იყო, როდესაც ვიყიდე. ყველაზე ძვირად ღირებულია ჩემი საათი, რომელიც ვიყიდე საფრანგეთში და ღირდა 2 300 ევრო, თუმცა გამყიდველმა ორასი ევრო დამიკლო. „ეუთოში“ კარგი ხელფასი მქონდა და სამი თვე ვაგროვებდი ფულს საათისთვის. როდესაც ოჯახი არ გაქვს, საკუთარ თავს უფრო მეტ სიურპრიზს უკეთებ, ცოლი და შვილები რომ მყავდეს, ჩემი პრიორიტეტებიც შეიცვლებოდა. ახლობლები ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ამ ჩვრებში როგორ ხარჯავ ამდენ ფულს, სჯობდა, ბინა გეყიდაო, მაგრამ მე მაქვს მშობლებისეული ბინა და ტანსაცმელში ფულის ხარჯვა არ მენანება. ეს ფული ჩემი შრომით მაქვს მოპოვებული, ცხოვრებაში კაპიკი არ მიშოვია არაკანონიერი გზით. ფულის ხარჯვა მიყვარს, არასდროს არ მაქვს გადადებული ფული „შავი დღისთვის“, ბოლო კაპიკამდე შეიძლება დავხარჯო, „ოვერდრაფტითაც“ ვსარგებლობ ხოლმე.
– სახალხო დამცველის სამსახურმა თქვენი ცხოვრება, ალბათ, ძალიან შეცვალა.
– არა, მე არ მიყვარს კაბინეტი და სკამი, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები, თანამშრომლები უფრო იშვიათად შემოდიან ჩემთან, ვიდრე მე – მათთან. იმდენს დავდივარ ოფისში, ვიღაცას, შეიძლება, გულიც კი შეუწუხდეს. კარჩაკეტილი ცხოვრება არასდროს მყვარებია, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, მყავს ძალიან ბევრი მეგობარი. თუ ვერ ვხვდებით ერთმანეთს, „სკაიპით“ მაინც ველაპარაკები. ვიღაცეები ფიქრობენ, რომ თანამდებობის პირი გავხდი, თუმცა ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლილა კინოშიც დავდივარ მეგობარ გოგონასთან ერთად, კალათბურთსაც ვთამაშობ და, თუ დრო მაქვს, ბარსა და რესტორანშიც შეიძლება მნახოთ. თუმცა, ვერ ვიტან ისეთ ადგილებს, სადაც ხმამაღლა უკრავს მუსიკა. იყო დრო, მელომანიც ვიყავი და როკსა და მძიმე მეტალსაც ვუსმენდი, მაგრამ ახლა ამას ჩემი თავი ვეღარ უძლებს (იცინის).
– ახლაც ისე ხშირად არღვევთ კანონს, როგორც წლების წინ არღვევდით ვაკეში?
– არა, ახლა ძალიან კანონმორჩილი ვარ. პედანტურად ვიხდი ყველა გადასახადს, ჯარიმას, დილის 5 საათიც რომ იყოს, წითელ შუქნიშანზე აუცილებლად ვჩერდები. ახლა აღარც ბენზინს ვიპარავ, მგონი, არც ის მეთვლება კანონდარღვევად, რომ ჯერ ცოლი არ მომყავს... (იცინის).