რატომ „დააბნია“ ლოგინში ნანა კიკნაძემ გოშა კუცენკო და როგორ მოხვდა ის „მტრის ბანაკში“
ერთი წელია, რაც ჟურნალისტი ნანა კიკნაძე თბილისში დაბრუნდა და ტელეკომპანია „პიკის” ერთ-ერთ ცნობილ სახედ ითვლება. მის ჟურნალისტურ კარიერაში ბევრი წარმატებული ეპიზოდი იყო, რომელთა უმეტესობა ნიუ-იორკსა და მოსკოვს უკავშირდება. წლების წინ თბილისიდან ოკეანის გაღმა ბედის საძიებლად წასულმა ჟურნალისტმა „ამერიკული ოცნებაც” აისრულა და იმ სფეროშიც მოხვდა, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. თბილისი – ნიუ-იორკი თბილისი – მოსკოვის გავლით, დიდი კინო და წარსულთან დაკავშირებული ყველაზე ძვირფასი ემოციები – ამ ყველაფრის შესახებ ნანა კიკნაძე თავად გიამბობთ.
ნანა კიკნაძე: დავიბადე თბილისში. მამაჩემი – ნუგზარ კიკნაძე მუსიკოსია. იგი საქართველოს პირველი ფლეიტაა, მუშაობდა ლიანა ისაკაძესთან და ჯანსუღ კახიძესთან. მამას მუდმივად გასტროლებზე უწევდა წასვლა. ხშირად ვესწრებოდი ორკესტრის რეპეტიციებს. ხუმრობით სულ იმას ვამბობ, რომ საორკესტრო ორმოში ვარ გაზრდილი (იცინის). მუსიკის სიყვარული მემკვიდრეობით მერგო, დავდიოდი მუსიკალურ ათწლედში, ვვარჯიშობდი ვოკალში, მაგრამ როდესაც პროფესიის არჩევნის დრო დადგა, უპირატესობა ჟურნალისტიკას მივანიჭე და ამით ყველა გავაოცე. მაშინ ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტიკა ძალიან საინტერესო და რომანტიული პროფესიაა, რომელსაც თან ახლავს უამრავი თავგადასავალი, საინტერესო და ჩახლართული ისტორიების ძიება, დანაშაულებების მხილება. ამის გაკეთება მაშინ ძალიან მომინდა. საბუთები ისე შევიტანე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ამის შესახებ ოჯახმა არაფერი იცოდა. მისაღები გამოცდების წინ ორი შემოქმედებითი ტური წარმატებით გავიარე. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი, თუმცა ისიც მშვენივრად ვიცოდი, რომ ხელოვნებაზე უარს ვერასდროს ვიტყოდი. ეს რწმენა ჩემში პირველმა მხატვრულმა ფილმმაც გაამყარა – 16 წლის ვიყავი, როცა დათო ნაცვლიშვილის ფილმში „მეხუთე მოქმედება” მთავარი როლი შევასრულე. ერთი სიტყვით, ჩემი მომავალი მაშინ გადაწყდა, ვარ მსახიობი და ჟურნალისტი (იცინის).
სტუდენტი ვიყავი, როდესაც თბილისში ბილი ჯოელი ჩამოვიდა. ის ცხოვრობდა სასტუმრო „ივერიაში” მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მახსოვს, როგორ მივეჭერი მას სადილის დროს და ინტერვიუ ჩამოვართვი. ეს იყო ჩემი დებიუტი ჟურნალისტიკაში. იმ პერიოდში მაინტერესებდა ყველა სფერო – პოლიტიკა, მეცნიერება, კულტურა, მით უმეტეს, რომ ძალიან დიდი კავშირი მქონდა კულტურის სფეროსთან.
– იდექით პოდიუმზეც და იყავით ერთ-ერთი პირველი თაობის მოდელი. რატომ არ გაჰყევით მაშინ ამ პროფესიას?
– მაშინ ეს მიმართულება საქართველოში მაინცდამაინც პოპულარული არ იყო, თუმცა მოდელის კარიერა, მოგვიანებით, მაინც გავაგრძელე ამერიკაში. ნიუ-იორკში, სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი მოდელად ბევრ ცნობილ ფოტოგრაფთან, მათ შორის იყო ისეთი საოცარი ფოტოხელოვანი, როგორიც კიტ დე ფებერია – ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი. ასეთი ხასიათი მაქვს, სულ სადღაც უნდა ვიმუშაო. თავიდან ყველაფერი ასე დაიწყო – 18 წლის ვიყავი, როცა თბილისში გამართულ სილამაზის პირველ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და „მის თბილისი” გავხდი. არავინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი კარიერა ამ მიმართულებით, ძალიან პატარა ასაკში რომ არ გავთხოვილიყავი.
– რამდენადაც ვიცი, თქვენ საკმაოდ ცნობილი ადამიანის შვილს გაჰყევით ცოლად
– დიახ, ჩემი პირველი მეუღლე იყო გია შადური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვარლამ შადურის შვილი. მალევე გვეყოლა ქალიშვილი ნიკა, ნიკოლი. ექვსი წლის შემდეგ მე და გია ერთმანეთს დავშორდით, ნუ მკითხავთ, რატომ? მარტივად გიპასუხებთ – როცა ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ, ძალიან პატარები ვიყავით, არ ვფიქრობდით იმაზე, მზად ვიყავით ოჯახისთვის თუ არა. ეს უფრო გიაზე შეიძლება ითქვას, მას ოჯახის შექმნის შემდეგაც არ უთქვამს უარი მეგობრებსა და დროსტარებაზე. მე კი კონსერვატორულ ოჯახში ვიყავი გაზრდილი, სადაც პირველ ადგილზე ნდობა და ერთგულებაა. დღეს მე და გიას გვაქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ ხომ ერთმანეთთან ნიკოლი გვაკავშირებს. ის ძალიან კარგი მამაა. მე თავიდან ძალიან რთულად გადავიტანე საყვარელ ადამიანთან განშორება და შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ნიუ-იორკმა გადამარჩინა. ჩვენი ოჯახი უკვე დაშლის პირას იყო, როდესაც მე გაცვლითი პროგრამით ნიუ-იორკში გავემგზავრე. ჩავაბარე ნიუ-იორკის სატელევიზიო აკადემიაში და ასე დაიწყო ჩემი ამერიკული ცხოვრება.
– თქვენი ამერიკული ცხოვრება ჰგავდა იმ „ამერიკულ ოცნებას”, რაც შორიდან ასე მაცდუნებელია და შთამბეჭდავი?
– ამერიკაში გატარებული წლები იყო დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯები ჩემთვის. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი პერიოდი. იქ გავიცანი საოცარი ადამიანები, მათ შორის ჩემი მეორე ქმარიც. როგორც კი დრო გამომიჩნდება ხოლმე, ნიუ-იორკში მივფრინავ. მიყვარს მისი ქუჩები, ჩემთვის საოცრად ნაცნობი და მყუდრო. თითქოს ამ ქალაქში ცხოვრების გიჟური რიტმია, მაგრამ ამის მიუხედავად, არის ადგილები, სადაც არაფერი იცვლება. ძალიან მიყვარს პატარა ბარი, რომელიც პირველი ავენიუსა და პირველი ქუჩის გადაკვეთაზეა. ის ახლაც ისეთია, როგორიც წლების წინ იყო და ასეთი იქნება მუდამ. ნიუ-იორკმა ჩემს ცხოვრებაში წყალგამყოფის როლი ითამაშა, ძალიან იოლად გამოვნახე საერთო ენა ამერიკელებთან. ძალიან გამიმართლა, როცა გავიცანი ლევ ტოლსტოის შვილთაშვილი – ტატიანა ტოლსტოი-პანკრატი. ის საოცარი ადამიანია. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის ის გახდა მეორე დედა. სწორედ მან და მისმა დედამ, ოლგა როძიენკომ, რომელიც მენშევიკური მთავრობის ერთ-ერთი ლიდერის ქალიშვილი იყო, სრულად მაზიარეს რუსულ კულტურას და ეს ქვეყანაც შემაყვარეს. თუმცა, ამერიკაში თავიდან ისეთი მომენტები მქონდა, როცა ვფიქრობდი: ეგებ ჯობია, ახლა ავდგე და წავიდე თბილისში-მეთქი, მაგრამ ბოლო წუთს მაინც ვრჩებოდი. ვიცოდი, რომ იქ ყოფნა ჩემი მომავლისთვის აუცილებელი იყო.
– როგორც ჩანს, მოლოდინმა გაამართლა.
– მართლაც ასეა. ნიუ-იორკის სატელევიზიო აკადემიაში სწავლის დროს გავიცანი ჟურნალისტები, რომლებიც მოსკოვის სატელევიზიო არხ „ტევე 6-ისთვის“ ამზადებდნენ გადაცემებს. მათ ჩემი სიუჟეტების ნახვა შევთავაზე და მართალიც აღმოვჩნდი – მათ შემომთავაზეს სამსახური. იმ დროს გავიცანი ალექსანდრე გორდონი, რომელთან ერთადაც ვაკეთებდი საკულტო გადაცემას „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი”. ეს იყო ძალიან პროვოკაციული გადაცემა. ჩვენ მაყურებელს განსხვავებულ ნიუ-იორკს ვაჩვენებდით.
– რამდენადაც ვიცი, გორდონი მხოლოდ საქმიანი პარტნიორი არ ყოფილა თქვენთვის.
– მასთან შვიდი წელი ვიცხოვრე, ნიუ-იორკიდან მოსკოვში საცხოვრებლად ერთად გადავედით. ის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია – ჭკვიანი, მიზანდასახული და დღემდე რჩება რუსეთის პირველი არხის სახედ. ბევრჯერ მიკითხავს ჩემთვის, ვინ იყო საშა – ქმარი, მეგობარი თუ თანამოაზრე? როცა მოსკოვში ერთად დავიწყეთ ცხოვრება, მე თბილისიდან წავიყვანე ჩემი შვილი. მქონდა ძალიან დატვირთული, მაგრამ სავსე ცხოვრება. ვიღვიძებდი დილის შვიდ საათზე, ნიკოლს სკოლისთვის ვამზადებდი, საშას ვუშვებდი სამსახურში, მერე მივრბოდი გადაღებებზე, ბავშვი მომყავდა სახლში. ახლაც, როცა ვიხსენებ, სულ მიკვირს, როგორ ვასწრებდი ამდენ რამეს ერთად. მე და საშა ერთად ვმუშაობდით „ტევე 6-ზე“, მაგრამ მერე ორივე „ოერტეზე“ გადავედით, ერთად გავაკეთეთ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლი, რომელიც 2 წელი გადიოდა რუსეთის პირველ არხზე. იმ პერიოდში ჩვენ მოვიარეთ მთელი მსოფლიო – ვიღებდით საინტერესო ისტორიებს. ძალიან ხშირად ვჩხუბობდით კიდეც ჩვენი საქმიანობის გამო. კონფლიქტის მიზეზი ყოველთვის ჩვენი პროფესია იყო. ეს ისე დაუსრულებლად გრძელდებოდა, რომ ორივე დავიღალეთ. მახსოვს, ერთხელ, მორიგი კონფლიქტის შემდეგ, მე თბილისში მოვფრინავდი. შენთან ერთად წამოვალო – მითხრა საშამ. სასტიკი უარი ვუთხარი – იქ მაინც დამანებე თავი, თბილისი ჩემი ტერიტორიაა-მეთქი. საშა ამ ფრაზას დღემდე მახსენებს და ხუმრობით მეუბნება: აბა, რას იტყვი, დამპატიჟებ შენს ტერიტორიაზე? (იცინის).
– ამ დღეებში გორდონი მართლაც ჩამოდის თბილისში, რუსული კინოს ფესტივალზე, შეხვდებით ერთმანეთს?
– ალბათ, შევხვდებით. თუმცა, არ ვიცი, მშვიდად ჩაივლის ჩვენი შეხვედრა თუ არა (იცინის). დაშორების შემდეგ მთლად „დავარცხნილი” ურთიერთობები არ გვაქვს. დავშორდით იმიტომ, რომ ერთმანეთისთვის ცხოვრება არ დაგვენგრია. მაშინ მარტო დავრჩი, მაგრამ ამან გამაძლიერა. რატომღაც ისე მოხდა, რომ მთელი ჩვენი სატელევიზიო გუნდი საშას მხარეს აღმოჩნდა. ის ლიდერი იყო, პოპულარული და ალბათ, ამიტომ გააკეთეს ეს არჩევანი. ავდექი და გადავედი „ენტევეზე“, რომელიც პირველი არხის კონკურენტი იყო და ასე აღმოვჩნდი „მტრის ბანაკში”. მე ვმუშაობდი დილის ეთერში, რაც ჩემთვის დიდი ტანჯვა იყო. დილის ხუთ საათზე ტელევიზიაში უნდა ვყოფილიყავი. ასეთ რეჟიმს დიდხანს ვერ გავუძელი. თან, საკუთარ საავტორო პროექტზე ვმუშაობდი, რომელსაც სხვადასხვა არხებს ვთავაზობდი, ისინი თანამშრომლობაზე მთანხმდებოდნენ, მაგრამ უკანასკნელ წუთებში, ირკვეოდა, რომ თანამშრომლობა არ შედგა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემთვის რუსული არხები ჩაიკეტა.
– ამ ყველაფერში გორდონს მიუძღოდა „წვლილი”?
– ბევრი მიმანიშნებდა, რომ ასეც იყო. მაგრამ, ამაზე ფიქრი არ მინდა. თუმცა, ყოველთვის მახსოვდა მისი საყვარელი ფრაზა: „თუ კატას არ სურს ძაღლად იქცეს, ის უნდა მოკლა”.
– ახლა ხვდებით ერთმანეთს?
– ერთმანეთს ბოლოს ოდესის კინოფესტივალზე შევხვდით – მან გახსნა და მანვე დახურა ეს ფესტივალი. მისი ფილმის პრემიერაც ამ ფესტივალზე შედგა, მოკლედ, საშა მოვლენების ცენტრში იყო, მთელი რუსული „კინოტუსოვკა” მის ირგვლივ ტრიალებდა. ასე რომ, შეუძლებელი იყო, არ შევხვედროდი. მისი მხრიდან თემების გარკვევის წინაპირობებიც იყო, მაგრამ თავს ვარიდებდი ამ თემებზე საუბარს. კარგად ვიცოდი, რომ მის ტერიტორიაზე ვიყავი (იცინის).
– ისევ მოსკოვს დავუბრუნდეთ, როგორ მოხვდით კინოში?
– ტელევიზიაში მუშაობის დროს ბევრჯერ შემომთავაზეს კინოში გადაღება, მაგრამ გორდონი ამის წინააღმდეგი იყო. სულ ამბობდა, რომ ჩემი გადაღება თავად უნდოდა ყველა ფილმში, რომელსაც კი იღებდა, ან მომავალში უნდა გადაეღო. მაგრამ, როცა მუშაობა დაიწყო თავის პირველ მხატვრულ ფილმზე, მსახიობი ქალის ძებნას შეუდგა. ყველა ეკითხებოდა: რატომ ეძებ სხვას და რატომ არ იღებ ნანასო. საშა პასუხობდა: ნანა ძალიან ლამაზია ამ როლისთვისო, რაც მე სულ მაკვირვებდა და ვეუბნებოდი კიდეც საშას: რა უნდა გრიმით ჩემს დამახინჯებას, ამაზე თანახმა ვარ-მეთქი. (იცინის). ჩვენი დაშორების შემდეგ, მე უარი ვთქვი ბევრ ფილმზე, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე, როცა გადაღება შემომთავაზეს მთავარ როლში ანა მელიქიანის ფილმში „მარსი”, მე დავთანხმდი. ეს ჩემი საყვარელი როლია. როცა ეს როლი შემომთავაზეს, მეგონა უცხოპლანეტელი უნდა მეთამაშა. ჩემი პარტნიორი იყო ცნობილი რუსი მსახიობი გოშა კუცენკო. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. ამ ფილმთან დაკავშირებით ერთი კურიოზი მოხდა – სცენარის მიხედვით გადაღებები იგეგმებოდა წყალქვეშ, იყო ხანძრის სცენაც. მე პროფესიონალი ვარ, არც სასიყვარულო სცენები და კამერის წინ გაშიშვლებაა ჩემთვის პრობლემა. როცა გოშა კუცენკოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ყველაზე მეტად რომელი სცენის გადაღება იქნებოდა მისთვის რთული, მან უპასუხა: ყველაზე მეტად სასიყვარულო სცენის გადაღების მეშინია, რადგან არ ვიცი, როგორ მოვექცე ნანას, მის მიმართ მოწიწება მაქვსო. ამის გამო ჟურნალისტებმა გამოაცხვეს სტატია სათაურით: „გოშა კუცენკომ არ იცის როგორ მოექცეს ლოგინში ნანა კიკნაძეს” (იცინის). ეს ფილმი წარდგენილი იყო ბერლინის კინოფესტივალზე, რუსეთში კი წლის ყველაზე ლამაზ ფილმად აღიარეს.
– თქვენ შეასრულეთ ალა პუგაჩოვას როლიც. რატომ შეგარჩიეს ამ როლისთვის თქვენ?
– ეს იყო თანამედროვე რუსი მწერლის, დიმიტრი ივანოვის რომანის ეკრანიზაცია, რომელსაც საფუძვლად დაედო ალა პუგაჩოვას რეალური ცხოვრება. ჩვენ შევქმენით პრიმადონას კრებითი სახე. ჩემი გმირის პროტოტიპი, მხოლოდ ალა პუგაჩოვა არ ყოფილა. თუმცა, ამ როლზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ფილმში ბევრი მუსიკალური ნომერია. გადაღებებისას ძალიან გამომადგა ჩემი გამოცდილება ვოკალში.
– რატომ წამოხვედით მოსკოვიდან და როგორ ცხოვრობთ ახლა თბილისში?
– თბილისში გადმოვედი პირველი კავკასიური არხის გახსნის დროს, როდესაც მე შემომთავაზეს, ვყოფილიყავი საინფორმაციო პროგრამის და საავტორო თოქ-შოუს წამყვანი. ამაზე უარი ვერ ვთქვი. გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი იქ და იმ სფეროში, რითაც ყველაფერი დაიწყო (იცინის). პარალელურად, ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე მოსკოვშიც. თბილისში უკვე ძალიან საინტერესოა ცხოვრება. როცა ჩემს ამერიკელ და რუს მეგობრებს ვუყვები, რამდენი კარგი რამ ხდება ჩვენთან, დაჯერება უჭირთ. ბევრ მათგანს უკვე გაუჩნდა სურვილი, თბილისში გადმოვიდეს საცხოვრებლად. აქეთ „გადმოვიბირე” ისინი. პირად ცხოვრებაში ჩიტივით თავისუფალი ვარ. მყავს არაჩვეულებრივი შვილი, ოჯახი, მეგობრები. თბილისი ჩემთვის ის ადგილია, სადაც ენერგიით ვივსები. ეს ქალაქი ჰაერივით მჭირდება. მას სხვა მიზიდულობა აქვს, სადაც არ უნდა წახვიდე, აქ ბრუნდები. მართალია, თბილისი მუდამ იცვლება, მაგრამ ის ჩემია და ამ ცვლილებებს სიამოვნებით ვიღებ.