კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადაყრილი ლატარიის ბილეთები, მოგებული „მოსკვიჩი“ და ციხეში გენიოსად შერაცხილი ახალგაზრდა აფერისტი

 

ერთი ოჯახი ცხოვრობდა ჩემს მეზობლად. ძალიან უჭირდათ. დედა, მამა და უმცროსი და-ძმა ისეთი მორიდებულები იყვნენ, მისალმებაზე წითლდებოდნენ, აი, უფროსი ბიჭი კი მათგან აშკარად განსხვავდებოდა: სხარტი იყო, ხალისიანი, მოძრავი, აქტიური, ათასგვარი ეშმაკობის გამოგონება შეეძლო. ჯერ სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული, გაკვეთილების შემდეგ გაზეთების დამტარებლად დაიწყო მუშაობა და პურის ფულს შოულობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ჯერ გაზეთებს ყიდდა, შემდეგ ლატარიის ბილეთების გაყიდვაც ანდეს – ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში პატარა დახლივით მოუწყვეს და ათას ხარახურასთან ერთად 30-კაპიკიანი ლატარიის ბილეთებიც ჩააბარეს (მაშინ მხოლოდ ერთი სახეობის ლატარია არსებობდა). თავისი იუმორითა და ენამოსწრებულობით ისე იზიდავდა მყიდველს, სხვაგან თუ დღეში ათი ბილეთი იყიდებოდა, ლექსო დღეში ასს მაინც ყიდდა. თან, არავის ენანებოდა ამ სიმპათიური და ხალისიანი ბიჭისთვის ხურდა ფულის დატოვება და, აქედან გამომდინარე, ხელფასზე მეტი თანხა ცალკე რჩებოდა. რამდენიმე ხანში ოჯახმა აშკარად ამოისუნთქა: უკეთ ჩაიცვეს, დაიხურეს, მერე სახლში პატარა რემონტიც გააკეთეს. ერთი სიტყვით, ამოყვინთეს გაჭირვებიდან. ერთი-ორი წლის შემდეგ ლექსომ „მოსკვიჩი“ იყიდა. კიდევ ორი-სამი წლის შემდეგ კი პატარა ბინაც შეიძინა და ცოლიც შეირთო. მართალია, მეზობლებს გულით უხაროდათ ოჯახის ფეხზე წამოდგომა, მაგრამ, ყველას უკვირდა – განა რას შოულობს ეს ბიჭი ლატარიის ბილეთების გაყიდვით, რომ ამდენ სულს ასეთ დონეზე ინახავსო. მერე, როგორც ჩანს, გამოჩნდნენ არამკითხე მოამბეები, ანუ ზედმეტად ცნობისმოყვარე ადამიანები, რომლებმაც თავისი ცხოვრების მიზნად დაისახეს ლექსოს გამდიდრების წყაროს აღმოჩენა და რამდენიმეთვიანი თვალთვალის შემდეგ მიაგნეს კიდეც ამ წყაროს: თურმე, ამ ჩვენს ხალისიანსა და გონებამახვილ ლექსოს თავისი დახლის გვერდით, კედელზე, გაზეთიდან ამოჭრილი ლატარიის ბილეთების ცხრილი ჰქონდა გამოკრული, რომელსაც თარიღის მაჩვენებელი მოჭრილი ჰქონდა, ანუ ცხრილი წინა თვის იყო. მის ქვეშ დიდი მუყაოს ყუთი იდგა და მასში მყიდველები იმ ბილეთებს ყრიდნენ, რომლებმაც კედელზე გაკრულ ცხრილში შემოწმების შემდეგ არაფერი მოიგო. ყოველი დღის ბოლოს ლექსო ამოკრეფდა ხოლმე ამ გადაყრილ ბილეთებს, ნამდვილ (შესაბამისი თვის) ცხრილს ადარებდა და მთელი თვის განმავლობაში მანეთის ან ათი მანეთის მოგებით საკმაო თანხა უგროვდებოდა, შედარებით იშვიათად ნივთებსაც იგებდა, ერთხელ კი მანქანაც მოიგო („ჟიგული“), მაგრამ, ჭკუა იხმარა და ბილეთი გაყიდა, რომ ეჭვი არავის აეღო. ასე უმტკივნეულოდ დააგროვა ლექსომ მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ქონება, თუმცა, ბოლოს მაინც „ჩავარდა“ და, თუ სწორად მახსოვს, აფერისტობისთვის სამი წელიც მიუსაჯეს, მაგრამ, თურმე, სამართალდამცველები ღიმილს ვერ იკავებდნენ მისი დაკითხვისას, ციხეში კი ახალგაზრდა „გამომგონებელი“ გენიოსად შერაცხეს და ყველა პატივს სცემდა.

სხვათა შორის, ამბობდნენ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგაც არ შეუცვლია ლექსოს „სტილი“ და სულ ახალ-ახალი აფერებით შოულობდა ფულს, მაგრამ, უფრო ფრთხილად იყო და იმ ერთი შემთხვევის გარდა აღარ ჩავარდნილა.

 

 

скачать dle 11.3