კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ორგზის დაფნისგვირგვინოსანი გივი ჩუგუაშვილი და როდის გაიხსნება მისი ვარსკვლავი მარჯანიშვილის თეატრის წინ

როდესაც მარჯანიშვილის თეატრის წინ მოტოციკლი დგას, ყველამ იცის, რომ დღეს სპექტაკლში მსახიობი, გივი ჩუგუაშვილი მონაწილეობს. ის, გარდა იმისა, რომ კარგი მსახიობია, ასევე ხელმარჯვე ოსტატი და შეუდარებელი  ბაიკერია. მართალია, სახლში, გარაჟში მანქანა უდგას, მაგრამ ის მაინც მოტოციკლით სიარულს ამჯობინებს. ამბობს, რომ მისთვის ეს გადაადგილების საშუალება ყველაზე მოხერხებული და კომფორტულია. მასთან დაკავშირებით კი ბევრი სასაცილო და კურიოზული თავგადასავალიც აქვს გასახსენებელი. 

 

გივი ჩუგუაშვილი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი კაცი ვარ, რადგან იმ საქმეს ვემსახურები, რაც მიყვარს. აგერ, უკვე 40 წელია, სცენაზე ვდგავარ. დამიჯერეთ, ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა ადამიანი იპოვის იმ საქმეს, რაც მისია და იმ ადგილს, სადაც თავს კომფორტულად და კარგად გრძნობს. ვერ გეტყვით, ეს ბედისწერაა თუ იღბალი, მაგრამ, მე ეს შევძელი და ამისთვის ღმერთის მადლიერი ვარ. ბედის ბრალია, რომ გამიმართლა, თორემ მინახავს ნიჭიერი ადამიანები, შემოქმედებითად წარუმატებლები რომ არიან. სხვათა შორის, ორჯერ მაქვს დაფნის გვირგვინი აღებული. ერთი ინსტიტუტში და მეორე „ჯაყოს ხიზნებში”, რომელიც თავად ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა დამადგა თავზე. ეს თეატრალური ინსტიტუტის შიდა, ჩვენი, ექსპერიმენტული ჯგუფის ტიტული იყო, ასე რომ, თავის დროზე, ორგზის დაფნისგვირგვინოსანი გავხდი. ერთხელ, არ დამავიწყდება, მარჯანიშვილის სცენაზე ისე „გავიჭედე“ შუა როლში, კინაღამ მოვკვდი. „ურიელ აკოსტაში”, მე ცნობილი წყევლის სცენა მაქვს. ვდგავარ სცენაზე და დავიწყე: „მოგესალმებით, საამურის ხმითა, აქ შეკრებილნო... ჩვენ მოვიგონოთ მეგობრებო, ის დღე, როდესაც, ჩვენსა წინაპარს...” და, გავიჭედე. ნატო მურვანიძე გაოგნებული მიყურებს, ნიკა თავაძე გაშტერდა, იქით როლანდ ოქროპირიძე ფხუკუნებს და კვდება სიცილით. მაყურებელი გასუსულია. მე კიდე ვდგავარ სცენაზე, ცუდად ვარ, მირჩევნია, მიწა გამისკდეს და ჩავვარდე. აი, ამ დროს, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კადრებად ჩამიარა. ცოტა დამაკლდა, რომ დამეხურა ქუდი, გამოვსულიყავი და წავსულიყავი სახლში. ეს წამები, ორი საუკუნე იყო ჩემთვის, რომელიც მარჯანიშვილის სცენაზე გავიარე... და, უცებ... არ გამახსენდა ტექსტი?! ამოვისუნთქე.

– ბატონო გივი, გარდა იმისა, რომ წარმატებული მსახიობი ხართ, თქვენს ხელმარჯვე ოსტატობაზეც ლეგენდები დადის. ყველასთვის ცნობილია, რომ კარგად ერკვევით ტექნიკაში. 

– მართალია. ბავშვობიდან მიყვარს ჩხირკედელაობა და პატარა ასაკიდან გამიტაცა ტექნიკამ. რაც ხელში მომხვდებოდა, ყველაფერს ვშლიდი და ხან ვაწყობდი და ხან არა (იცინის). მთავარია, ინტერესს ხომ ვიკმაყოფილებდი. წარმოიდგინეთ, წლების წინ ისეთი სამართავი პულტი გამოვიგონე, მანქანას შორი მანძილიდან ქოქავდა და მართავდა მძღოლის გარეშე. ამის გამო, ბევრი კოლეგა ჩავადგე შოკში. ისიც ყოფილა, გაფუჭებულ ნივთზე, უბრალოდ ხელი დამიდია და თავისით ამოქმედებულა. ეტყობა, რაღაც ძალა მაქვს (იცინის). 

– მართალია, თითქოს, პირველად საქართველოში გაზზე მანქანა მხოლოდ თქვენ გადაიყვანეთ?

– მართალია. კომუნისტების დროს გაზზე მომუშავე მანქანა არ არსებობდა. ეს წარმოუდგენელიც კი იყო ბევრისთვის. ერთ დღესაც გადავწყვიტე, ავდგები ახლა და ჩემს მანქანას ისე მოვაწყობ, ბენზინი არ დასჭირდეს და გაზზე იმუშაოს-მეთქი. შევადგინე სქემა, ავიღე გაზის ბალონი, ჩავდე მანქანის საბარგულში, გადავაერთ-გადმოვაერთე „შნურები“ და დავქოქე. ერთი სიტყვით, დავტენიდი ამ გაზის ბალონს, ჩავდგამდი მანქანაში და ვუბერავდი, სადაც მინდოდა. ისე ეშინოდათ არ აფეთქდეს ეს კაცი თავის მანქანასთან ერთადო, რომ ჩემი ცოლის გარდა, არავინ მენდობოდა. მხოლოდ ის მიჯდებოდა მანქანაში. 

– თქვენი მეგობრები ამბობენ, გივი სტაჟიანი ბაიკერია და მას ახალი თაობის ბაიკერებიც კი ვერ უდებენ ტოლსო. ეს სიმართლეა?

– ის რომ სტაჟიანი ბაიკერი ვარ, სიმართლეა. მაგრამ, ახალი თაობის ბაიკერები რომ მაგრები არიან, ამაში ორი აზრი არ არსებობს. სხვათა შორის, მოტოციკლი მანქანაზე უფრო მეტად მიყვარს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მოტოციკლის გიჟი ვარ (იცინის). გარაჟში ორი მოტოციკლი მიდგას, ორივე იაპონური და ორივე „სუძუკი” – ადამიანებივით სახელები ქვიათ.

– რა სახელები?

– ერთს „ფიფქია”, მეორეს კი – „ლურჯა”. სეზონურად გამომყავს გარაჟიდან. მაგალითად, თუ კარგი ამინდია, „ფიფქიათი” დავქრივარ, თუ ცუდი, მაშინ „ლურჯას” ჯერია. 

– ისე, უფრო ხშირად, „ლურჯათი” გხედავენ ხოლმე თბილისის ქუჩებში. 

– „ლურჯა” უფრო „სვეტსკია” და თბილისის ქუჩებს უხდება (იცინის). წლების წინ, საკუთარი აივნიდან მომპარეს მოტოციკლი და ისე ვინერვიულე, ვერ გეტყვით. მერე მთაწმინდის პოლიციაში ვიპოვე „დაჭერილი”. თურმე, ქურდები დაუჭერიათ და ჩემი მოტოციკლიც მიუყოლებიათ. ისე, ერთადერთი მოტოციკლეტისტი მსახიობი ვიყავი, ახლა კი კონკურენტები გამომიჩნდნენ (იცინის). მე, ნიკა გრიგოლია და კიდევ ბევრი ბაიკერი ბიჭი, ხშირად დავდივართ ხოლმე ქალაქგარეთ ჩვენ-ჩვენი მოტოციკლებით, ვეჯიბრებით ერთმანეთს. სოფელ მუხრანში ვცხოვრობ. ახლა, ველოსიპედიც შევიძინე და ყოველ დილით ვსეირნობ სოფელში. ერთხელ, ერთ-ერთი გადაცემისთვის მარინა ბერიძემ მთხოვა დახმარება. უფრო სწორად, „ბრავოში” იღებდა მონაწილეობას, ლობისტი იყო და ფლაერების დარიგება უნდოდა ორიგინალურად. შესაბამისად, ბაიკერულად, სპორტულად ჩაცმული მოვიდა და რომ შემოჯდა მოტოციკლზე, მივხვდი, მიუხედავად ქალურობისა, საკმაოდ უშიშარიც ყოფილა. 

– მსახიობი ქალები თუ გენდობიან და გიჯდებიან მოტოციკლზე?

– ერთხელ, ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, მსახიობმა ქალმა, რომლის სახელს და გვარს არ დავასახელებ, მითხრა, სახლში მინდა წასვლა და მანქანით არ მომაკითხესო. ვუთხარი, რა პრობლემაა, მე წაგიყვან-მეთქი. გაუხარდა. თან, ისე გადაპრონწკილი ჩაცმული იყო, ნუ იტყვით. მოკლედ, დამელოდა სანამ მე გამოვიცვლიდი თეატრალურ კოსტიუმს და რომ გამოვედით გარეთ და მოტოციკლს შემოვახტი, გადაირია. აქ მე როგორ უნდა შემოვჯდე, ამ მოტოციკლით რომ დამინახოს ხალხმა ქუჩაში, ხომ მომეჭრა თავიო (იცინის). ერთხელ, სოსო გოგიჩაიშვილი მოვიყვანე ტელევიზიიდან თეატრამდე მოტოციკლით და ისე მოვქროდი, კინაღამ ჭკუიდან გადავიყვანე. რომ გადმოვიდა, მითხრა, რახან მშვიდობით დავდგი დედამიწაზე ფეხი, აწი რაღას დავეძებ, სულ კარგად ბრძანდებოდეო (იცინის). თან, იმ დღეს სპექტაკლი ჰქონდა. წვიმიანი ამინდი იყო, ცოტა ციოდა და სანამ ტელევიზიიდან თეატრამდე მივიყვანე, გამიცივდა. არადა, თავად, გორიდან თბილისამდე, ისეთ თოვაში ჩამოვსულვარ, მაგრამ არც გავციებულვარ და ერთიც არ დამიცემინებია. მანქანაში კი რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ გავციებულვარ, თუ გარეთ ცივა და სალონში „ფეჩი” მაქვს ჩართული. რა ვიცი, ეტყობა, მოტოციკლმა გამომბრძმედა და მანქანის კომფორტს გადავეჩვიე (იცინის). 

– თუ გითხოვებიათ ვინმესთვის მოტოციკლი?

– არა, რას ამბობთ. იარაღის, ცოლის, მანქანისა და მოტოციკლის განათხოვრება როგორ შეიძლება (იცინის)?! არც თავად მინათხოვრებია ვინმესგან მოტოციკლი. ერთხელ, დაიდგა სპექტაკლი „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი”. მაშინ, საერთოდ არ ვიყავი ნაჯდომი მოტოციკლეტზე. გადამეკიდა რეჟისორი, გინდა თუ არა, სცენაზე მოტოციკლით უნდა შემოხვიდეო. იყიდეს, რაღაც დანგრეული მოტოციკლეტი და მოიყვანეს თეატრში. დავჯექი თუ არა, ეგრევე ვთქვი, ვა, რა მაგარი ყოფილა ამაზე ჯდომა-მეთქი და იმ დღის შემდეგ, აღარც „ჩამოვმჯდარვარ“. მოტოციკლის სიყვარულით „მოვიწამლე” (იცინის). სხვათა შორის, ის მოტოციკლეტი კიევშიც წავიღეთ. იქ გვქონდა გასტროლები და სასტუმროდან თეატრამდე იმ დანჯღრეული მოტოციკლეტით დავდიოდი. 

– ბატონო გივი, როგორ ფიქრობთ, მარჯანიშვილის თეატრის წინ, თქვენი ვარსკვლავი როდის გაიხსნება?

– ალბათ, ასი წლის შემდეგ (იცინის), მანამდე სცენაზე დგომა  მირჩევნია.

 

 

скачать dle 11.3