დევიდ-დათუნა – ქართველი ხელოვანი, რომლის ნამუშევარიც ორასი ათას ევროდ გაიყიდა
მას დღეს ამერიკელ მხატვრად მოიხსენიებენ. 1974 წელს თბილისში დაბადებული დევიდ-დათუნა მხოლოდ ამერიკაში წასვლის შემდეგ იწყებს შემოქმედებით საქმიანობას. სულ ახლახანს კიევში, საერთაშორისო სამხატვრო ბაზრობის, „არტ-კიევ კონტემპორარის” ფარგლებში, არტცენტრ „მისტეცკი არსენალში” გაიხსნა სწორედ ზემოხსენებული მხატვრის, დევიდ-დათუნას ინსტალაცია. შემოქმედის მიერ შესრულებული ინსტალაცია „პუტინი – მონა ლიზა” ორასი ათას ევროდ გაიყიდა სულ ცოტა ხნის წინ. მყიდველი ინკოგნიტო მოსკოველი იყო. დევიდ-დათუნამ უკრაინაში ძალიან საინტერესო ინსტალაცია, უკრაინის დროშა წარმოადგინა, რომელიც იქცა კიდეც ბაზრობის ცენტრალურ არტ-ობიექტად. ინსტალაციაში ავტორმა გააერთიანა უკრაინის უახლესი ისტორია. ქვეყნის ბოლო ოცწლეული ძალიან შთამბეჭდავად იქნა გადმოტანილი ინსტალაციაში. დევიდ-დათუნას ინსტალაციას საფუძვლად დაედო ოპტიკური ლინზები და მედიაკოლაჟი. ლინზების ქვეშ, გაზეთებიდან ამოჭრილი ფურცლები, ადამიანებით, მოვლენებითა და ემოციებით ცხადად გვიხატავდა მთელ ისტორიას. ოპტიკური ეფექტების საშუალებით, ავტორი მნახველებს არწმუნებს, რომ ნებისმიერ ისტორიულ ფაქტს სულ სხვადასხვა დამოკიდებულებითა და შეხედულებით შეიძლება შევხედოთ. იმედს ვიტოვებთ, რომ წარმოშობით ქართველი ხელოვანის შესახებ უფრო მეტის გაგებას შევძლებთ და ჩვენს მკითხველსაც გავაგებინებთ.