რისგან იღებს სიამოვნებას თამთა ჭელიძე და მამაკაცებთან ურთიერთობის რა მზა რეცეპტი არ აქვს მას
თამთა ჭელიძის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა, უპირველეს ყოვლისა, მისი შვილი, მშვენიერი ლიზა, სკოლაში მივიდა, რამაც თამთას ცხოვრების რეჟიმი თავიდან ბოლომდე შეცვალა. სულ მალე კი დაიწყება ახალი სერიალის გადაღება, რომელშიც თამთა ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს და ის თავის საყვარელ პროფესიას – მსახიობობას დაუბრუნდება.
თამთა ჭელიძე: ზაფხულში მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი იწყებოდა, ისევე, როგორც ჩემი შვილის ცხოვრებაში. ამიტომ, ორივე ერთად ვემზადებოდით. ცოტა ვნერვიულობდი, თითქოს მე მივდიოდი პირველად სკოლაში. თავად პირველ სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც ძალიან კარგი სკოლა იყო. გამიმართლა სკოლით, კლასითაც და თანაკლასელებითაც, დღემდე შემომრჩა სკოლის მეგობრები. ბევრი ბჭობისა და ფიქრის შემდეგ, შევარჩიეთ ლიზასთვის სკოლა. რაც მთავარია, ეს სკოლა გაძლიერებულ სწავლაზეა ორიენტირებული და ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება.
– ჯერ პატარაა, მაგრამ, ალბათ, უკვე მეგობრობთ?
– ცოტა მკაცრი ვარ და სანამ კიდევ არ წამოიზრდება, ალბათ, ვერ ვიქნები მისთვის ისეთი მეგობარი, რომელიც ყველა კაპრიზს შეუსრულებს. ძალიან მომთხოვნია და ბევრი სურვილი აქვს, რასაც მაქსიმალურად ვუკმაყოფილებთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც. ძალიან გათამამებულია, ეს ცოტა არ მომწონს. მე არასდროს მითქვამს – ეს მიყიდეთ, ეს მინდა, ეს უნდა ვჭამო-მეთქი. თუმცა, გათამამებული და ეგოისტი ყოველთვის ვიყავი, რადგან დედისერთა ვარ და ეს თვისება დღემდე შემომრჩა – მე, მე, მე. ჩემი ავადმყოფური თვისებაა – სულ ვითხოვ დიდ ყურადღებას, თან ყველასგან. ასეთია ლიზაც.
– შენი ხასიათის კიდევ რომელი თვისება არ მოგწონს?
– ზარმაცი ვარ საშინლად და ამის გამო ცხოვრებაში ბევრი რამ დავკარგე. ახლა ჩემს შეცდომებს ვერ გამოვასწორებ. ზარმაცი რომ არ ვყოფილიყავი, ჩემი აზრით, ასიათასჯერ მეტს მივაღწევდი. რა თქმა უნდა, მიშრომია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როცა არ დავიზარე და დავიხარჯე, მივიღე ის, რის გაკეთებაც მინდოდა. მაგრამ, ეს ხშირად არ ხდება. ძალიან იშვიათად შეიძლება, მოვინდომო რაღაც. თუმცა, შედეგით არასდროს ვკმაყოფილდები, უბრალოდ, ბრძოლისუნარი არ გამაჩნია არც ერთ ასპექტში – არც ადამიანებთან, არც მამაკაცებთან. პატარა წინააღმდეგობაზე უკან ვიხევ. ამიტომ, ჩემს შვილში ამის საწინააღმდეგოს ვაღვივებ. რადგან მიმაჩნია, მე ასეთი რომ ვარ, ეს აღზრდის ბრალია. ჩემმა მშობლებმა დაუშვეს შეცდომა. მათ ისე გამზარდეს, 20 წლამდე ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი ყველაფერს და აზრზე არ ვიყავი, რა იყო ცხოვრება. 20-22 წლის რომ გავხდი, მერე მივხვდი, რა იყო ცხოვრება. ძალიან გამიჭირდა, რადგან სახეში შემომარტყა და მივხვდი, რა რთული ყოფილა ცხოვრება. თურმე, მგელი უნდა იყო. მგელი კი არა, ცხვარი ვიყავი და ცხვრად დავრჩი.
– ზოგადად ძნელია, ადამიანმა საკუთარი თვისებები შეცვალო, თუმცა ამ კუთხით შედეგის მიღწევა მაინც შესაძლებელია.
– ჩემი პროფესიის ადამიანს სულ სჭირდება ბრძოლა, მაგრამ ვერ „ვქაჩავ“ ასეთ რაღაცეებს. თუ ადამიანმა პირში არ ჩამიდო ლუკმა, არ მომაკითხა სახლში და არ წამიყვანა, ვერაფერს ვაკეთებ. მე რომ ასეთი ვარ – ეს არის ჩემი დიდი სატანჯველი.
– შენ თქვი, ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი ყველაფერს დიდი ხნის განმავლობაშიო. რა მოხდა მაშინ, როდესაც რეალობას პირისპირ, სათვალის გარეშე შეეჯახე?
– ძალიან შევიცვალე, დავინახე, რომ თურმე ასეთი ადამიანიც არსებობს და – ისეთიც, ვაიმე, რას აკეთებს, რატომ მიკეთებს, მე ხომ მისთვის არაფერი დამიშავებია, – ვფიქრობდი. ბავშვობიდან, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იყვნენ ირგვლივ ასეთი ადამიანებიც, მაგრამ დედაჩემი ყველაფერს მარიდებდა. მეგონა, ყველა კარგი იყო. მულტფილმებში რომ ვუყურებდი ბოროტ ხალხს, არ მჯეროდა ასეთების არსებობა. როცა რეალობას შევეჯახე, დეპრესიაში ვვარდებოდი, ახლა უკვე შევეჩვიე, შევეგუე. ვიცი, ბევრნაირი ადამიანი არსებობს და უნდა სცადო მათთვის თავის არიდება. თუმცა, ამას ყოველთვის ვერ მოახერხებ. მაქსიმალურად ვცდილობ, იმ ადამიანებთან ერთად ვიყო, ვისაც ჩემზე გული შესტკივა, რაც მთავარია, ვისწავლე, რომ როდესაც ადამიანი ცუდად იქცევა, ამის გამო დეპრესიაში აღარ ჩავვარდე. ეს ჩემი დიდი წინსვლაა.
– როგორია დეპრესიაში მყოფი თამთა? ზოგი ამ დროს ყველანაირ კონტაქტს ერიდება, იკეტება საკუთარ თავში, ზოგი კი – პირიქით, ცდილობს, მარტო არ დარჩეს.
– არაკონტაქტური ვხდები, მარტო ყოფნა მინდა. ცუდად ვარ და თუ დაწოლა მომინდა და საწოლში დავწექი – ეს არის ჩემი დეპრესიის ზე-პიკი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეს გაგრძელებულა 10 დღე, ორი კვირა. ამ დროს საერთოდ არ ვდგები საწოლიდან, არც ჭამა მინდა და არც არაფერი. ასეთი სერიოზული დეპრესიული შეტევა ბოლოს სამი წლის წინ მქონდა, რა თქმა უნდა, სერიოზული მიზეზით. ამ მხრივ ძალიან გავძლიერდი და ვიცი, რომ ასეთი მომენტი აღარ მექნება. ზაფხულში რაღაც პრობლემა მქონდა და ძალიან სხვანაირად შევხედე ამ ყველაფერს. მშვიდად მივიღე, არადა, ეს ერთი წლის წინ რომ მომსვლოდა, საწოლიდან ვერ ავდგებოდი. კი გამიჭირდა დროთა განმავლობაში ამ ყველაფრის გადახარშვა, მაგრამ მივხვდი, უნდა იფიქრო – რომ ყველაფერი მოგვარდება, კარგად იქნება და არაფრის გამო არ უნდა ჩავარდე დეპრესიაში. ამით მხოლოდ შენს თავს ვნებ და სხვას არავის. წლევანდელი ზაფხული ბევრი რამის გადაფასებისთვის, ფიქრისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე. სხვა რეჟიმით დავიწყე ცხოვრება, რადგან ძველებურად ვეღარც შევძლებ – ლიზა სკოლაში წავიდა. ჩემს მეგობრებს, ვინც მიცნობს, შეიძლება გაეცინოთ, ამას რომ წაიკითხავენ – მე უკვე ორი თვეა, დილის 8 საათზე ვდგები. 5 წელია, ასეთი რამ არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. ახლაც მიყვარს აქტიური ცხოვრება, კლუბები, მაგრამ დოზირებულად ვაკეთებ ამ ყველაფერს, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ყოველდღე – არა. დღეს არიან ადამიანები, ახლა რომ დაიწყეს ვითომ „ქლაბერობა“. მე 11 წლიდან ასე ვცხოვრობ: ღამე გასვლა, გვიან მოსვლა სახლში – ეს არის ჩემი ცხოვრება. 14 წლიდან კლუბებში ვმღეროდი, ყველა კლუბში ღამე იწყებოდა მუშაობა. ამიტომ, სკოლაში პირველ გაკვეთილებზე სულ მეძინა.
– ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანი უფრო თავდაჯერებული ხდება. გამოცდილება უგროვდება და უფრო საინტერესოა მისი ცხოვრება.
– უფრო თავდაჯერებული ხდები, გამოცდილება გეხმარება, მიხვდე, რა დროს როგორ მოიქცე. უფრო საინტერესო ხდება ცხოვრება, ტვინი მეტად გეხსნება, ხვდები ბევრ რამეს და ამაზე კაიფობ, სიამოვნებას იღებ სიტუაციებიდან.
– შენ თქვი, მამაკაცთან ურთიერთობაშიც არ ვარ ბრძოლისუნარიანიო.
– არასდროს მიბრძოლია მამაკაცისთვის. არანაირ ურთიერთობაში არ ვარ ინიციატორი. მხოლოდ მეგობრებთან რაღაც საკითხებში შეიძლება გავხდე ასეთი, რადგან მათთან ძალიან კარგად, თავისუფლად ვგრძნობ თავს. ყველანაირ სიტუაციაში, ურთიერთობაში პასიური ადამიანი ვარ.
– მამაკაცი რომ იჩენს ინიციატივას, მაშინაც პასიური ხარ?
– ზედმეტ აქტიურობას ვერავისგან ვიტან, ეს ჩემთვის გამაღიზიანებელია. ზომიერების ფარგლებში კი, თუ ის პასს მომცემს, მეც ვუპასუხებ. მე რომ დავიწყო რამე, გამორიცხულია. რაღაც ფლუიდები ხომ არსებობს ადამიანებს შორის, უთქმელად რომ გადასცემენ ერთმანეთს ენერგეტიკას – ის ხვდება, რომ შენც მოგწონს. მე არასდროს არაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოვხატო მოწონება, ან რამე ვუთხრა. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. საქმით ვამტკიცებ ყველაფერს და იმ ადამიანმაც უნდა დაინახოს, მე რაღაცას ისეთს რომ ვაკეთებ, ესე იგი მიყვარს, პატივს ვცემ. რომ დავჯდე, ფეხი-ფეხზე გადავიდო და მხოლოდ ვილაპარაკო – ეს ჩემთვის სიყვარული არ არის. ანალოგიურს ვითხოვ სხვისგანაც. მირჩევნია, ყოველ წუთს არ მითხრას – მიყვარხარო და რაღაც ისეთი გააკეთოს, რითაც ამას თავად მივხვდები.
– ახლა შენს ცხოვრებაში არავინ არსებობს?
– არა და მარტო კარგად ვგრძნობ თავს. დიდი ხანია, წლებია უკვე, ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა და მარტო ვარ. ყოველთვის ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მყავს, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზულად ვერავინ მომაწონა თავი. გასართობად კი არავისთან ვიჭერ საქმეს. თუ ვინმე მართლა მომეწონება, სერიოზულად გადავწყვეტ მასთან ყოფნას, გართობის დონეზე – არა.
– ახალ ურთიერთობაში, ალბათ, რაღაცეებს უკვე გაითვალისწინებ?
– კი. თუმცა, არის რაღაცეები, რასაც ვერ შეცვლი, ის თვისებები, შენთან ერთად იზრდება და რჩება. არ ვიცი, რას გავითვალისწინებ, რადგან არავისთან ურთიერთობის მზა რეცეპტი არ მაქვს. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ვგრძნობ, ვფიქრობ, ეს არის ჩემი დამღუპველი. თუმცა ბედნიერი ვარ, რომ არ ვიტყუები და მართალი ვარ. რომ ვუყურებ, ქალები როგორ იქცევიან, ვხვდები – მე ურთიერთობა არ ვიცი. როგორ მინდა, ვინმე 18-19 წლის გოგონას დავუმეგობრდე, რომელიც მასწავლის, როგორ მოვიქცე ცხოვრებაში. ისე არიან აზრზე მოსულები, განსაკუთრებით ბიჭებთან ურთიერთობაში – ისეთ რამეს იტყვიან, რომ მე აზრადაც არ მომივა.
– რა ხდება კარიერაში?
– სიმღერის მხრივ ჯერ გაურკვევლობაა. სიახლე კი ის არის, რომ თვე-ნახევრის წინ სერიალში თამაშზე მქონდა შემოთავაზება. თუმცა, ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ერთ-ერთი სერიოზული როლი მაქვს, ყველაფერი გადაწყვეტილია და გადაღებისთვის ვემზადები. ცოტა უარყოფითი როლია, ასეთი ჯერ არ მითამაშია და ძალიან მიხარია, მაინტერესებს – სერიალში მაინც ვიყო უარყოფითი.