ვინ ეძებს მამას უკრაინიდან საქართველოში და რისი იმედი აქვს ქალაქ კრივოი როგში მცხოვრებ 37 წლის კაცს
37 წლის ვადიმ ანატოლის ძე ლეკსინი (დედის გვარზეა) ეძებს 72 წლის ანატოლი ავრამის ძე სავიჩს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს – ანატოლი ავრამის ძე სავიჩს (დაბადებული 1939 წლის 10 ივნისს). მამაჩემი დაიბადა კიევის ოლქის პერიასლოვ-ხმელნიცკის რაიონის სოფელ სტროკოვში. ამჟამად ის 72 წლის უნდა იყოს. იმედს ვიტოვებ, რომ მამა ცოცხალია და ჯანმრთელადაა. ბოლოს, მამა რომ ვნახე, 9 წლის ვიყავი. 1988-1989 წლებში მამა წავიდა. იყო საქართველოში, კერძოდ კი სამტრედიაში. როგორც ვიცი, მანდარინის ბიზნესის აწყობა უნდოდა. მას შემდეგ ჩვენ მის შესახებ არაფერი გაგვიგია. ჩემი ბოლო იმედი მამის ფოტოა. იქნებ, ვინმემ იცნოს მამაჩემი და გამომეხმაუროს. თქვენი რუბრიკა ჩემი ბოლო იმედია.
ჟურნალისტის შენიშვნა: ვადიმი უკრაინაში, კრივოი როგში ცხოვრობს. ის უშედეგოდ ეძებდა მამას სამძებრო საიტით. დაკარგული ანატოლი ავრამის ძე სავიჩი, ბოლო ინფორმაციით სამტრედიაში იმყოფებოდა. მისი ამჟამინდელი სამყოფელი უცნობია. თუკი ვინმე ფოტოთი იცნობს დაკარგულს, გთხოვთ, გამოგვეხმაურეთ. დაკარგულ ანატოლის ხელზე აქვს ტატუირება.
– ვადიმ, მოგვიყევით, როგორ დაკარგეთ ერთმანეთი მამა-შვილმა – რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში?
– ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ქალაქ კრივოი როგში გაიცნეს, სადაც 1964 წელს დაქორწინდნენ კიდეც. დედაჩემს ჰქვია ნინა გიორგის ასული ლეკსინა, მამას კი – ანატოლი ავრამის ძე სავიჩი. 1974 წლის 3 ივნისს მე დავიბადე, 1977 წელს კი ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. გაყრის შემდეგ მამაჩემი მაინც გვნახულობდა მეც და დედასაც. ბოლოს ის ჩვენთან 1983 წელს იყო მოსული. მე მაშინ 9 წლის ვიყავი. მას შემდეგ მე მამა აღარ მინახავს. ბოლო ვიზიტის დროს მან უთხრა დედას, რომ ცოლი შეირთო. როდესაც გავიზარდე და შევძელი, მამა დამოუკიდებლად მომეძებნა, აღმოჩნდა, რომ ის უკრაინაში აღარ ცხოვრობდა. მაშინ დავუკავშირდი მის მეორე მეუღლეს, რომელიც ვიპოვე (სერაფიმა ვასილის ასული კრავჩენკო, დაბადებული 1944 წელს). ამჟამად ის ცხოვრობს უკრაინაში, ქალაქ ორჯონიკიძეში. სწორედ მისგან გავიგე, რომ მამაჩემი 1984 წელს საქართველოში წამოსულა და მას, ისევე, როგორც ჩვენ, ის აღარ უნახავს. თქვენი დახმარების დიდი იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ, თუკი მამა საქართველოშია, თქვენ მას იპოვით.
– რა მიზეზით წამოვიდა მამაშენი საქართველოში, ჰყავდა თუ არა მას აქ ნათესავები ან მეგობრები?
– მამას მეორე ცოლისგან გავიგე, რომ, 1984 წლის შემოდგომის ერთ დღეს, როცა სერაფიმა სამსახურში იმყოფებოდა, მამაჩემი მატარებელში ჩაჯდა და უცნობი მიმართულებით გაემგზავრა. ვიცი, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ, მამას ასეთი უცნაური ხასიათი ჰქონდა. თუკი რამეს გადაწყვეტდა, მაშინვე აკეთებდა – მას შემდეგ მამაჩემი არც მის მეორე ცოლს უნახავს. 1988-1989 წლებში კი სერაფიმა გამოიძახეს დნეპროპეტროვსკის მხარის მილიციის რაიონულ განყოფილებაში, სადაც შეატყობინეს, რომ მამაჩემი, ანატოლი ავრამის ძე სავიჩი, დაკავებული იყო მილიციელების მიერ საქართველოში, ქალაქ სამტრედიის რკინიგზის სადგურზე, დოკუმენტების შემოწმების დროს. ეს ინფორმაცია სერაფიმას გააცნეს მის მიერ პიროვნების (ანუ მამაჩემის) ვინაობის დადასტურების მიზნით. მას, ასევე, ამცნეს, რომ მამაჩემი სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ, მისი შემდგომი ბედი ჩვენთვის უცნობია. მამაჩემს აქვს ხელზე იდაყვების ოდნავ ქვემოთ, ამოტვიფრული ასო „ნ“ და სიტყვა „ტოლია“ რუსულ ენაზე. მამა სიმაღლით საშუალოზე ცოტა მაღალია. ვიცი, რომ დიდი ხნის ამბავია ეს ყველაფერი, მაგრამ, იმედს მაინც ვიტოვებ.
– პირადად თქვენ რა გგონიათ, რა მიზეზით წამოვიდა მამათქვენი საქართველოში, ან რატომ ჰქონდა მას მილიციასთან უსიამოვნება?
– ერთადერთი, რაც დარწმუნებით ვიცი, ისაა, რომ 1988-1989 წლებში მამა ნამდვილად საქართველოში, სამტრედიაში იყო. ვფიქრობ, მას მანდარინის პლანტაციებში უნდოდა მუშაობა (რამდენადაც ვიცი, ეს საქმიანობა იმ დროს პოპულარული იყო). მან დაკარგა პასპორტი, იმ წლებში კი დაიშალა საბჭოთა კავშირი და, დაკარგული პასპორტის გამო, ის უკან ვეღარ დაბრუნდა. ვფიქრობ, საბუთების აღსადგენად და გამოსამგზავრებლად მას მატერიალური მხარეც არ უწყობდა ხელს და, არ არის გამორიცხული, ის დღემდე არალეგალურად ცხოვრობდეს საქართველოს რომელიმე სოფელში. ყველას ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ისტორია.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.