როგორ გახსნა მუშამ დამქირავებლის მკვლელობა
ოთხკაციანმა შეიარაღებულმა ბანდამ დაახლოებით ერთ საათში 115 ათას ლარამდე თანხა და 9 ტომარა ქონება გაიტაცა. თავდამსხმელების წყაროს ინფორმაციით, გასაქურდავი სახლი ცარიელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მოულოდნელად, ინციდენტი სისხლიანი ტრაგედიით დასრულდა – ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა, მეორე კი გარდაიცვალა. საბრალდებო სკამზე ოთხიდან მხოლოდ ორი დამნაშავე აღმოჩნდა და ჩადენილს ისინიც კატეგორიულად უარყოფდნენ. შესაბამისად, დაზარალებულ ოჯახს ნაქურდალიდან თეთრიც არ მიუღია, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმას ოჯახის უფროსი ემსხვერპლა, ხოლო მისი მეუღლე ძლივს გადაურჩა სიკვდილს, მატერიალურ ზარალზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს.
დაკავებული ორი ახალგაზრდა მკვლელობა-ყაჩაღობას „შეთითხნილ საქმეს“ უწოდებს. მაგრამ, მათი საუბრის ტონითა და შემზარავი გარეგნობით გამოწვეული შიშით, თავიდან დაზარალებულსაც კი გაუჭირდა მათთვის ხელის დადება. საუბარია გარდაცვლილის მეუღლეზე, რომელიც ინციდენტისას ასევე მძიმედ დაიჭრა, მაგრამ, პირველ ეტაპზე აცხადებდა, რომ არ იყო დარწმუნებული, განსასჯელთა სკამზე ნამდვილი დამნაშავეები ისხდნენ თუ არა. თუმცა, ქალბატონი სახლის რემონტისთვის დაქირავებულმა კეთილსინდისიერმა მუშამ იხსნა, რომელიც ფაქტის თვითმხილველი პირადად გახდა. სწორედ მუშა აღმოჩნდა საქმის ერთადერთი და უტყუარი მოწმე, რომელმაც ყველაფერს მოჰფინა ნათელი, და დაკავებულთა უდანაშაულობაზე ეჭვი მთლიანად გააქარწყლა.
მხილების მიუხედავად, დაკავებულები ირწმუნებოდნენ, რომ უკანონო პატიმრები იყვნენ და თავისუფლებას ადრე თუ გვიან მაინც მოიპოვებდნენ, მაგრამ 29 წლის გელა თ-ს და 27 წლის ხარიტონ ჩ-ს დანაშაული დაუმტკიცდათ. უსუსური აღმოჩნდა მათი ადვოკატების მტკიცებაც, რომ ასეთი დანაშაულის ტვირთი სრულიად უდანაშაულო ადამიანებს „აჰკიდეს”, და უმიზეზოდ ციხეში 27-27 წლით გამოამწყვდიეს...
ორმოც წუთში დაგეგმილი ძარცვის ისტორია
გარემოება, რის გამოც განსასჯელების მიერ ჩადენილი დანაშაული რეალობას არ ჰგავდა, მართლაც დამაფიქრებელი იყო და, აი რატომ: ოთხმა კაცმა თავდასხმა და მთლიანად დანაშაული, სულ რაღაც ერთი საათში დაასრულა, რაც მართლაც დაუჯერებელია. მათ უამრავი დეტალის უშეცდომოდ დაგეგმვა და განხორციელება შეძლეს, რასაც მხოლოდ პროფესიონალები ახერხებენ...
გამოძიებით, ორი დაკავებულის გარდა, თავდასხმაში სხვა ორი პიროვნებაც მონაწილეობდა, მაგრამ, ვინ არიან ისინი, რა ფუნქცია ჰქონდათ და ასე შემდეგ, არაფერი იყო ცნობილი. მათი ვინაობაც კი ვერ დაადგინეს. თუმცა, ამ გარემოებას ახსნა ნამდვილად აქვს – დანარჩენი ორი დამნაშავეც მომხდარიდან ორი წლის შემდეგ დააკავეს...
საბრალდებო დასკვნის თანახმად, გელა თ-მ, ხარიტონ ჩ-მ და ორმა დაუდგენელმა პირმა, შეიძინეს ავტომატი სამი მჭიდით და უცხოეთიდან ახლად დაბრუნებული გოდერძი მ-ს ბინის დაყაჩაღება გადაწყვიტეს. დაყაჩაღებამდე კი მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: 5 იანვარს, დაახლოებით დილის 9 საათზე, გელა თ-მ „მერსედერსის” მარკის ტაქსი გააჩერა და მძღოლს ერთ-ერთ მისამართზე წაყვანა სთხოვა. ადგილზე მისვლისას, მანქანის უკანა სავარძელში ხარიტონ ჩ. ჩაჯდა, შემდეგ ტაქსისტი მათ ტყეში წაიყვანეს და იარაღის მუქარით აიძულეს, არ გაქცეულიყო. შემდეგ ის მანქანიდან გადაიყვანეს, „სკოჩით” პირი აუკრეს, კაშნეთი თვალები აუხვიეს, ხეზე მიაბეს და იქაურობა მისი მანქანით დატოვეს.
დაახლოებით 10 საათზე თბილისის გასასვლელთან, ერთ-ერთ ჯიხურთან, მათ მანქანაში კიდევ ორი თანამზრახველი ჩაისვეს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გოდერძი მ-ს ბინა ცარიელი იყო, ხოლო თანხა, რომელიც უნდა წამოეღოთ, ავტოფარეხში ინახებოდა ხელოსნის იარაღების ჩანთის მაგვარ ერთ-ერთ ჩანთაში, თანხის რაოდენობა კი 114 ათას 185 ლარი იყო. წინასწარი შეთანხმებით, ფეშენებელური ბინიდან თანხასთან ერთად ძვირფასი ტექნიკაც უნდა წამოეღოთ; გარდა ამისა, მძარცველებმა უტყუარად იცოდნენ, რომ პატრონს სახლი უმაღლეს დონეზე და უძვირფასესი ნივთებით ჰქონდა გაწყობილი.
როგორც ირკვევა, ეს ინფორმაცია მათ ერთ-ერთი თავდამსხმელის ახლო ნათესავისგან ჰქონდათ მიღებული, რომელსაც, თავის მხრივ, გოდერძი მ-სთვის უცხოეთში სამშენებლო მასალების ბიზნესი უნდა აეწყო. ერთ-ერთი ვერსიით, საქმეში ისიც იყო გარეული და წილიც უნდა მიეღო, მაგრამ, რატომღაც, ეს ვერსია არ დადასტურდა. აქედან გამომდინარე კი უპასუხოდ რჩება კითხვა: ვინ მიაწოდა ბანდის წევრებს ინფორმაცია? ციხე რომ შიგნიდან გატყდა, ეს უდავოა, მაგრამ, რატომღაც, „ნაკოლის” მიმცემის ვინაობის დადგენაც გაჭირდა...
ასეა თუ ისე, ფაქტია „საქმეზე“ – ოთხივე თავდამსხმელი გატაცებული ავტომანქანით წავიდა და მისვლისთანავე გაინაწილეს როლები – ორი ბინაში „იმუშავებდა”, ორიც – „გარაჟში”. თავდაპირველად, შენობაში ბინაში „მომუშავეები“ შევიდნენ, რომლებსაც ორ წუთში დანარჩენებიც მიჰყვნენ, მაგრამ, გეგმა ჩაიშალა – თავდამსხმელებს სახლში დახვდათ ოჯახის უფროსი გოდერძი მ. და მისი მეუღლე – მარინა მ., რის გამოც ბანდიტებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ... შედეგად, მარინა მ. დაიჭრა, ხოლო მისი მეუღლე, თავში მოხვედრილი ერთი ტყვიით, გარდაიცვალა... ამის მიუხედავად, თავდამსხმელებმა ბინა მთლიანად გაძარცვეს, იპოვეს ფულიც და ძვირფასი ნივთებიც, რომლებიც ბინიდან ტომრებით გაიტანეს. (ტელევიზორიც კი წამოიღეს), ნაძარცვი გატაცებულ ტაქსიში ჩატენეს და მიიმალნენ...
თავდაპირველად, არ არსებობდა მოწმე, რომელმაც დამნაშავეები შენიშნა, ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონა ყველას, მაგრამ, უზარმაზარი შიშის მიუხედავად, ისინი დაზარალებულის სახლში მყოფმა მუშამ ამხილა, რომელიც თავიდან საქმეში საერთოდ არ ჩანდა. არადა, სწორედ მან გამოიძახა სასწრაფოც და პოლიციაც, დეტალური ჩვენება კი მოგვიანებით მისცა...
რა მოხდა რეალურად?
გოდერძი მ. უცხოეთში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ხანში რომ შევიდა, მეუღლესთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. მანამდე კი მან ბინას თანამედროვე რემონტი გაუკეთა, რადგან სამშობლოში დაბრუნებას მისი შვილებიც აპირებდნენ. რემონტის საბოლოო დასრულებამდე გოდერძი მ. და მისი მეუღლე მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდნენ, ანუ, თავდამსხმელებს მართლაც უტყუარი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სახლში არავინ არ უნდა დახვედროდათ...
როგორც ირკვევა, ცოლ-ქმრის ბინაში მისვლა განაპირობა იმან, რომ მათ ახლად გარემონტებული აბაზანა-ტუალეტი უნდა დაეთვალიერებინათ. მართალია, ბინაში ყველაფერი გაკეთებული იყო, მაგრამ, სახლში მეორე აბაზანის გაკეთებაც გადაწყვიტეს, რის გამოც, მუშა, ვინმე შოთა ქ. დაიქირავეს. ხელოსანმა ცოლ-ქმარს თარიღი დაუთქვა, რომ სამუშაოს 5 იანვარს დაასრულებდა, მაგრამ, ახალ წელთან დაკავშირებული წვეულებების გამო, საქმეს ვერ მორჩა, რაც, მისი თქმით, ძალიან ეუხერხულებოდა.
შოთა ქ-ს ჩვენებიდან: „გოდერძი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მართლია, ახლოს არ მიცნობდა, მაგრამ, ბინის გასაღები მანდო. რომ მცოდნოდა, ბინაში ამხელა თანხა ინახებოდა, გასაღებს არც ერთ შემთხვევაში არ დავიტოვებდი. 5 იანვარს ცოლ-ქმარი შესაძლოა, არც მოსულიყო სანახავად, მაგრამ, სიტყვა სიტყვა იყო და ამიტომ მუშაობა დილაადრიან დავიწყე. ყველაფერს მოვრჩი, დავიბანე, ჩემი ნივთები პარკში ჩავალაგე და, ის იყო, გასვლას ვაპირებდი, რომ ხმაური შემომესმა. აბაზანის „ფორთოჩკიდან“ გავიხედე და გავოგნდი – ეზოში „მასკიანი” ბიჭები დავინახე, რომლებიც „გარაჟში” შედიოდნენ. შემეშინდა, ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. ვიფიქრე, პოლიცია იყო და გარეთ გამოსვლა დავაპირე. კარიც გავაღე და, ის იყო, უნდა დამეძახა, რომ ქალის კივილი მომესმა – ყველაფერი გაატანე, არაფერი გვინდაო, – ეტყობა დიასახლისი ქმარს ეხვეწებოდა. ალბათ, თავდამსხმელებს, რომლებსაც ნიღაბი აღარ ეკეთათ, გოდერძი წინააღმდეგობას უწევდა... გავიფიქრე, რომ სახლის პატრონს დავხმარებოდი, მაგრამ, უცებ სროლის ხმა შემომესმა და დავინახე, დიასახლისი ფეხში როგორ დაჭრეს. გოდერძი იგინებოდა და სწორედ ამ დროს მოხვდა თავში ტყვია... იმ წუთში დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოცხალი ვერც მე გადავრჩებოდი... ნელი ნაბიჯებით უკან, აბაზანაში დავბრუნდი და აბაზანის კაბინის უკან დავდექი... არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიდექი, სიკვდილს ყოველ წუთს ველოდი... რაღაც პერიოდის შემდეგ შიში დავრთგუნე და „ფორტოჩკაში” გავიხედე, რომელიც ეზოში გადიოდა. იქ ოთხი პიროვნება დავინახე: ერთი ეზოს კარებს აღებდა, მეორე „მერსედესში” ტომარას დებდა. როგორც ჩანს, მას ხელი გაეჭრა, ერთჯერადი ცხვირსახოცით გაიწმინდა და იქვე მიაგდო... ყველაფერი რომ მიწყნარდა, გარეთ გამოვედი. ოთახში იატაკზე იწვა დაჭრილი ცოლ-ქმარი. მაშინვე სასწრაფოს გამოვუძახე და მათი მოსვლისთანავე დავტოვე ბინა. ახლაც არ შემიძლია, ავხსნა, რატომ მოვიქეცი ასე: ბინის დატოვებამდე, ძირს დაგდებული ცხვირსახორცი ავიღე და თან წამოვიღე, რომელიც ჩემი სახლის შესასვლელში დაყრილი მილებიდან ერთ-ერთში შევაცურე”.
როგორც დადგინდა, ამ ამბის შემდეგ შოთა ქ. ფსიქოლოგიურად იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, სახლიდანაც კი ვერ გამოდიოდა, ანუ, ვიდრე არ გამოჯანმრთელდა, არავინ იცოდა, რომ ის ინციდენტის ერთადერთი თვითმხილველი იყო.
აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, გადარჩენილი მარინა მ-ს რეაქცია, რადგან არ იცოდა, რომ სახლში მათ გარდა მუშაც იყო, რომელმაც ოთხივე განსასჯელი უნიღბოდ ნახა და გამოძიებას მათი გარეგნობა დეტალურად აღუწერა. სისხლიანი ნივთმტკიცება კი განაჩენის გამოტანისას უტყუარი სამხილი აღმოჩნდა...
აღსანიშნავია ისიც, რომ, მძღოლმა, რომელსაც მანქანა გასტაცეს, პოლიციას მიმართა. თავის მხრივ, პოლიციამ მანქანა იმავე დღეს იპოვა, რადგან თავდამსხმელებმა ის ერთ-ერთი ქუჩის ჩიხში დატოვეს. ვინაიდან ავტომანქანის გატაცება და ყაჩაღობა ერთ დღეს მოხდა, ძალოვანებმა ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირეს და, არცთუ უსაფუძვლოდ: ავტომანქანაში, სადაც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სისხლის კვალი დატოვა, სისხლის ჯგუფი ცხვირსახოცზე აღმოჩენილი სისხლისა იდენტური აღმოჩნდა.
თავდამსხმელებს საბოლოოდ 27-27 წელი მიესაჯათ, მაგრამ, მაინც უპასუხოდ დარჩა კითხვები: რატომ არ ჰყავდათ თავდამსხმელებს წინასწარ გამზადებული ავტომანქანა მაშინ, როდესაც მანქანის გატაცებასა და ყაჩაღობა-მკვლელობას შორის შუალედი რაღაც ორმოცდახუთი წუთი იყო? რა გარანტია ჰქონდათ, რომ მანქანის გატაცებას შეძლებდნენ? დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გზაში მანქანა არ გაუფუჭდებოდათ? ტაქსისტიც ხომ არ იყო გარეული საქმეში?