როგორ გახდა ნინო წიკლაური რუსეთში „პერეპრავას“ ჟურნალისტი
ნინო წიკლაური იმ ქართველთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საქმიანობას საზღვრებს გარეთ განაგრძობენ. მართალია, ნინო საქართველოშიც და რუსეთშიც შოუ-ბიზნესის ამბებით არის დაკავებული, მაგრამ, ამჯერად, ახალი პროფესიით დაკავდა და პრომოუტერობას ჟურნალისტის პროფესიაც შეუთავსა. რა თემაზე მუშაობს ჩვენი რესპონდენტი და როგორია მისი, როგორც ჟურნალისტის კარიერის დასაწყისი, ამას უკვე თავად ნინოსგან შეიტყობთ.
– როგორც გავიგე, პროფესია შეიცვალე და ჟურნალისტობა დაიწყე.
– პროფესია კი არ შევიცვალე, ჟურნალისტობა შევითავსე. ჯერჯერობით ჟურნალში ვარ, მერე კი იმის პერსპექტივაც არის, რომ მოსკოვის ერთ-ერთ ტელევიზიაში დავიწყო მუშაობა.
– მუსიკალურში?
– ვნახოთ. სადაც უფრო მეტად დავინახავ ჩემს თავს, იქ.
– მოდი, ის მითხარი, ჟურნალში როგორ აღმოჩნდი?
– არბატზე მეთექვსმეტე საუკუნის ეკლესიაა, სადაც დავდიოდი და, ჩემი მოძღვრის კურთხევით დავიწყე ამ ეკლესიაში ერთ-ერთ მამაოსთან აღსარების თქმა და ზიარებაც მივიღე. მართალია, ბავშვობიდან აღსარება არაერთხელ ჩამიბარებია და ზიარებაც მიმიღია, მაგრამ, შემიძლია, ისიც ვთქვა, რომ პირველი აღსარება სწორედ აქ ჩავაბარე, ანუ ბოლომდე გავეხსენი მოძღვარს. მას ძალიან დიდი მრევლი ჰყავს. იგი პარალელურად ღვთისმშობლის ტაძარშიც არის, სადაც 12 ბერი მსახურობს. იქვე არის სასულიერო, მართლმადიდებლური საგანმანათლებლო ჟურნალი. თავის დროზე ეს ჟურნალი აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ალექსი მეორის კურთხევით არის გამოშვებული, რომელსაც დღეს უკვე მოქმედი პატრიარქი კირილი უდგას სათავეში. რედაქცია მონასტრის ტერიტორიაზეა. ჟურნალის დამფუძნებელი, ალექსანდრ ივანოვიჩ ნოტინია, რომელიც 6 ენას ფლობს და ერთ-ერთ ძლიერ ჟურნალისტად ითვლება. მთავარი რედაქტორია სასულიერო პირი, მიხაილ ხადანოვი. ჟურნალის ფინანსურ მხარეს კი ასევე ძალიან ცნობილი ადამიანი, ალექსანდრ იაცკოვი აგვარებს. ის გეგმავს, რომ ანდრია პირველწოდებულზე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაიღონ, რომელის გადაღებაც საქართველოში სურთ, ჩვენი ჟურნალი კი ამის ინიციატორი იქნება. ის მრევლის ერთ-ერთი წევრია, რომელიც სრულიად შემთხვევით გავიცანი და ჟურნალში სწორედ ამ ადამიანის წყალობით მოვხვდი.
– ანუ, ჟურნალისტობა შეითავსე?
– ჟურნალისტი ვარ და აკრედიტაციაც მაქვს, რომლის საშუალებითაც უფლება მაქვს ყველა სასულიერო პირისგან ავიღო ინტერვიუ. მათ ასევე, აქვთ საიტი და „ფეისბუქის“ გვერდიც. მითხრეს, გადახედე და შენი აზრი გვითხარიო. საიტზე რომ შევედი, ვერც ერთი ძველი ტაძრის ფოტო ვერ ვნახე, მხოლოდ რუსული ძველი ტაძრები იყო აღბეჭდილი. მერე ვიკითხე, რატომ არ იყო იქ არც ერთი ქართული ტაძარი. საქართველომ თქვენზე ადრე მიიღო ქრისტიანობა და რატომ მისი არც ერთი ტაძრის ფოტო არ დევს საიტზე-მეთქი. იაცკოვი დაეთანხმა ჩემს შენიშვნას და ქართული ტაძრების ფოტოები, თავისი ისტორიებით, დღეს უკვე შეგიძლიათ, იხილოთ ამ საიტზე. ასევე, შევატანინე სხვა მართლმადიდებლური ქვეყნების შესახებ ინფორმაციებიც. მერე ცოტა დიზაინშიც მივეცი შენიშვნები, მერე საერთოდ მე მომანდეს ეს საკითხი და საიტის კურატორი გავხდი. მინდა ამ ჟურნალისთვის ძალიან ბევრი ინტერვიუ ავიღო როგორც აქაური, ისე ქართველი სასულიერო პირებისგან. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ჟურნალში, პირველ ყოვლისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტერვიუ დაიბეჭდოს.
– შენს ცხოვრებაში თუ შეიცვალა რამე, რაც ახალი პროფესია შეითავსე?
– ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ისე გავაკეთე, რომ ჩემი ორი პროფესია ერთმანეთს დავუკავშირე და „პერეპრავას” სახელით ვატარებთ სოციალურ კონცერტებს, რომლებშიც არაერთი ცნობილი მომღერალი იღებს მონაწილეობას. ამას არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ვაკეთებთ. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, აქაც ბევრი რამ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან მართლმადიდებელი ვარ და ბავშვობიდან ეკლესიურად ვცხოვრობ, ის შეიცვალა, რომ ამ ეტაპზე სასულიერო განათლებას ვიღებ და ვიძლიერებ სულიერ იმუნიტეტს, რის გამოც თავს გაცილებით დაცულად ვგრძნობ. ვიგრძენი, რომ ჩემი პირველი აღსარება უფალმა აქ მიიღო, რაშიც ძალიან დამეხმარა ალექსანდრ იაცკოვი. მან მასწავლა, როგორ უნდა გავხსნილიყავი ბოლომდე და ისე ჩამებარებინა აღსარება; კიდევ ის შეიცვალა, რომ ძალიან გამიძლიერდა საქართველოს სიყვარული. მართალია, ჩემი ქვეყანა სიგიჟემდე მიყვარს და საქართველოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შემიცვლის, მაგრამ, აქედან ის სულ სხვანაირად მიყვარს. ეს მარტო ნოსტალგია კი არ არის, არამედ, ყველაფერი ერთად. საქართველოს ფარგლებს გარეთ ბევრად უფრო ვამაყობ, რომ ქართველი ვარ.
– საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავ?
– დიდი სურვილი მაქვს, რამდენიმე დღით ჩამოვიდე საახალწლოდ.