ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს სავალდებულო წილი და როგორ ხდება მემკვიდრეებისთვის სავალდებულო წილის განსაზღვრა?
პასუხი: მამკვიდრებლის ანდერძის შინაარსის მიუხედავად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროდან იმ ქონების ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო დანაკისრის ან საერთო-სასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების შესასრულებლად. ამასთან, თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეულნი იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.
კითხვა: მაინტერესებს, რას ნიშნავს საბანკო გარანტია და რა შემთხვევაში ხდება მისი გამოყენება?
პასუხი: საბანკო გარანტიით, ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი), სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით, კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს, ანუ ბენეფიციარს, ფულად თანხას, გადახდის შესახებ ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე. საბანკო გარანტიის მიზანია, უზრუნველყოს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულება, ხოლო საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ საზღაურს.
კითხვა: ქონებრივ დავასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში. ჩემი სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი, რადგან დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 800 ლარს. კანონიერია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით?
პასუხი: ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კანონიერია, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს.
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა განსხვავებული პირობები და თავისებურებებია თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალების მიმართ, სასჯელის მოხდისას?
პასუხი: ქალი მსჯავრდებულები, რომლებსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთა, სასჯელს იხდიან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც ერთ ქალ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართის ნორმა არ უნდა იყოს 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. საჭიროების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისთვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვითა და ადმინისტრაციის თანხმობით, შეიძლება დედისა და 3 წლამდე ბავშვისთვის ერთად ცხოვრების პირობების შექმნა. ამასთან, ადმინისტრაციას, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია, პატიმარ დედას აუკრძალოს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი; ასევე, უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა. ქალ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეთ 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. ქალ მსჯავრდებულებს, ასევე, შეუძლიათ, დამოუკიდებლად გადაადგილდნენ ქალთა დაწესებულების ტერიტორიაზე, დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს, სამოქალაქო სარჩელი დატოვოს განუხილველად?
პასუხი: სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ:
ა) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა, ხოლო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, დაუნიშნოს მას საპროცესო წარმომადგენელი;
ბ) სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არ აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება;
გ) სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული;
დ) არც ერთი მხარე არ გამოცხადდა სასამართლოში;
ე) იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
ვ) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
სასამართლო უფლებამოსილია, ასევე, სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
კითხვა: მაინტერესებს, აქვს თუ არა ბრალდებულს განაჩენის გამოტანამდე პაემნის უფლება და დადებით შემთხვევაში როგორ ხდება ამ უფლების განხორციელება?
პასუხი: „პატიმრობის კოდექსის” შესაბამისად, ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე. ამასთან, გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პატიმრობის დაწესებულების თანამშრომელს, რომელიც ვიზუალურად აკვირდება ბრალდებულის ხანმოკლე პაემანს, შეუძლია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი მსვლელობა.
კითხვა: ზოგადად, ითვლება თუ არა მუქარა დანაშაულად და, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად პირისადმი განხორციელებული მუქარა?
პასუხი: დანაშაულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა ისეთი სახით, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სხვა სახის მუქარა დანაშაულს არ წარმოადგენს და სისხლისსამართლებრივად არ ისჯება.
კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს იძულებად და რა სასჯელია გათვალისწინებული მითითებული დანაშაულისთვის?
პასუხი: იძულებაა – ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლის განხორციელებისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ან, საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მარტივი იძულებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით. მუხლს, ასევე, აქვს მაკვალიფიცირებელი გარემოებები, რომელთა ჩადენისთვისაც, შესაბამისად, სასჯელი მძიმდება.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა, განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია?
პასუხი: საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, კერძოდ, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, გამოსცემს რაიონული ან საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.