მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-44(566)
გზა გავაგრძელე და, როდესაც კომპასმა მიჩვენა, რომ საიდუმლო ლაბორატორიის ქვეშ ვიმყოფებოდი, შევჩერდი. შემდეგ ზევით ასაძრომი ხვრელების ძებნას შევუდექი, რომლებზეც პროფესორმა მითხრა. შვიდივე ვიპოვე. თითოეული მათგანი შევამოწმე და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთს ჰქონდა ლაბორატორიის ტერიტორიაზე ასაძრომი, დანარჩენებზე კი ბეტონის სქელი ფენა იყო დასხმული. ის ერთი ხვრელიც ლაბორატორიის ტერიტორიაზე დატოვებულ ხშირ ფიჭვნარში ადიოდა, რომელიც დასასვენებელ პარკად იყო მოწყობილი თანამშრომლებისთვის და ისე ბუნებრივად შენიღბული, რომ მისი აღმოჩენა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ზურგჩანთა გავხსენი, ობიექტების სალიკვიდაციო საშუალებები გავმართე, სხეულზე მოვირგე და დაღამებას დაველოდე. როდესაც დაბნელდა, ზევით ავძვერი და „სანადიროდ“ გავემართე. საიდუმლო ლაბორატორიის ტერიტორია იმდენად საიმედოდ იყო დაცული გარედან, შიგნით შეღწევა შეუძლებელი იყო, მაგრამ, შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება შეუზღუდავად შეიძლებოდა, რადგან იქ შეიარაღებული მცველების ჭაჭანებაც კი არ იყო. მე საკმაოდ ადვილად მივაგენი სალიკვიდაციო ობიექტების საცხოვრებელ კოტეჯს, რომელიც განცალკევებით მდებარეობდა. ადგილობრივი დროით ღამის პირველი საათი სრულდებოდა, როდესაც წყვილის საძინებელში შევედი და საკმაოდ პიკანტურ სიტუაციაში დავადექი თავზე. გაქცეულმა კონსტრუქტორმა მაყუჩიანი პისტოლეტით შეიარაღებული რომ დამინახა, ყველაფერს მიხვდა და რუსულად მითხრა:
– ასეც ვიცოდი, რომ შურისძიებას ვერსად დავემალებოდი და, აი, თქვენც მოხვედით. რას იზამ, ბედისწერას მაინც ვერსად დაემალები.
– ლაყბობა შეწყვიტე და განაჩენი მოისმინე! – კბილებში გამოვცარი მე.
იყო შემთხვევები, როდესაც სალიკვიდაციო ობიექტს სამხედრო ტრიბუნალის მიერ დაუსწრებლად ჰქონდა სიკვდილის განაჩენი გამოტანილი და ასეთ დროს ჩვენ, შემსრულებლებს გვავალებდნენ, რომ, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათთვის განაჩენი წაგვეკითხა, ანუ, იმ დროს მე პროკურორის, მოსამართლისა და ჯალათის ფუნქციებს ერთდროულად ვითავსებდი. ამიტომ, საწოლზე წამომჯდარ მოღალატე დედიშობილა კონსტრუქტორს ვუთხარი:
– საბჭოთა სამშობლოს ღალატისთვის მოგესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილი! – შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტიდან ერთი ტყვია შუბლში მოვარტყი და სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოვიყვანე.
ობიექტი ქალი, ასევე დედიშობილა, გაუნძრევლად იწვა უზარმაზარ საწოლზე, პარტნიორის სიკვდილის გამო წარბიც არ შეუხრია და როდესაც მას პისტოლეტი მივუშვირე, მითხრა: მე რაღას მერჩი. მე ხომ მხოლოდ მისი საყვარელი ვარ?!
– შენ ხარ თუ ხარ ყველაფერში დამნაშავე, შე ძუკნა! – მშვიდად მივუგე ქალს და პისტოლეტი შუბლში დავუმიზნე. მან კი ბალიშის ქვეშ შეაცურა ხელი და პისტოლეტით სცადა ჩემი შეჩერება, მაგრამ, შუბლში ტყვია მიიღო, თუმცა, სასხლეტზე მაინც გამოეკრა თითი, პისტოლეტმა გაისროლა და საიდუმლო ლაბორატორიის კარგად გაწვრთნილი, კბილებამდე შეიარაღებული და მრავალრიცხოვანი დაცვა ფეხზე წამოყარა... კოტეჯიდან სწრაფად გამოვედი და ფიჭვნარისკენ გავემართე, რომ ხვრელში ჩავმძვრალიყავი და გავუჩინარებულიყავი, პარალელურად კი მაყუჩიანი ავტომატი შევაყენე, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეიარაღებული დაცვისთვის წინააღმდეგობა გამეწია. ჩემდა საბედნიეროდ, ფიჭვნარს მშვიდობიანად მივაღწიე და ისევე შეუმჩნევლად წავედი, როგორც მოვედი, მოსკოვშიც უპრობლემოდ ჩავფრინდი და არც დროშიანი კაფსულის წაღება დამვიწყებია, რომელიც მიწისქვეშ, ნიშაში, ორმოცდაათი წელი ინახებოდა.
– ჰმ, რა ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, როდესაც ეს დროშა იქ შევინახე! – თქვა მოხუცმა პროფესორმა, როდესაც მისი ავტოგრაფიანი დროშა შჩუკინის კაბინეტში გავუშალე. შემდეგ კი გენერალმა მას ეს დროშა საზეიმოდ დაუბრუნა უკან, რაზეც მოხუცმა მას მხედრულად მიუგო:
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს!..
საბჭოთა კავშირის სამსახური „კაგებეს“ უმთავრესი პრინციპი იყო. როგორც საბჭოთა კავშირი იდგა „კაგებეზე“, ასევე „კაგებე“ იდგა ამ პრინციპზე და, როდესაც ეს პრინციპი დაინგრა, დაინგრა „კაგებეც“ და საბჭოთა კავშირიც... როგორც რუსეთის პოლიტიკური ელიტის მესვეურები აცხადებდნენ, საბჭოთა კავშირის დანგრევა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო და ეს აზრი ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ მთელი თავისი ბოროტების მიუხედავად, საბჭოთა იმპერია მსოფლიოში მასტაბილიზებელ, ამერიკის საპირწონე ფუნქციას ასრულებდა და, მის გაქრობასთან ერთად, მსოფლიოს სტაბილურობასაც მოეღო ბოლო. რუსეთი კი ამ ფუნქციას ვერ ახორციელებს და, ძალიან საეჭვოა, ოდესმე ეს დაკარგული პოზიცია აღიდგინოს. ძველი გავლენის აღდგენის მცდელობა იყო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ხუთდღიანი ომი, მაგრამ, ეს არ მოხერხდა და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს გარკვეული ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, მათი მთავარი მიზანი არ შესრულდა და ამერიკამ მას მორიგი პოლიტიკური დარტყმა მიაყენა, რასაც მომავალში დაუხვედრებს წინ.
ამას წინათ, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქში ვიმყოფებოდი და ძალიან ცნობილ პოლიტოლოგ-პუბლიცისტს ვესაუბრე. ჩვენ მის ვილაზე შევხვდით ერთმანეთს, სადაც მე მისი ბიოგრაფის სტატუსით ვიმყოფებოდი და საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ის ადამიანი ჯერ კიდევ გაგანია „ზასტოის“ დროს გაიქცა საბჭოთა კავშირიდან და რამდენიმე ანტისაბჭოთა, მამხილებელი წიგნი დაწერა, რამაც ავტორიტეტული ექსპერტ-პოლიტოლოგების აზრით, მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საბჭოთა იმპერიის დანგრევას. იმ ადამიანზე თავის დროზე ტოტალური ნადირობა გამოაცხადა „კაგებემ“, მაგრამ მისი მოხელთება ვერა და ვერ მოხერხდა. შემდეგ კი საბჭოთა კავშირიც დაიშალა, იმ ადამიანს საფრთხის გრძნობა გაუქრა, იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას ღიად შეუდგა. ის ცნობილი კინოვარსკვლავივით პოზირებდა კინო და ფოტოკამერების წინ, სიამოვნებით იძლეოდა ინტერვიუებს და დიდი ხალისით დამეთანხმა შეხვედრაზე, როდესაც მისი ბიოგრაფიის წიგნად გამოცემა შევთავაზე.
– მობრძანდით, ჩემო მეგობარო, მობრძანდით, – შემიპატიჟა „კაგებეს“ ყოფილმა თანამშრომელმა საკუთარ ვილაში და, სავარძლებში რომ მოვკალათდით, დაამატა: – სიმართლე გითხრათ, ოდნავ დაგვიანებულადაც კი მიმაჩნია ჩემი ბიოგრაფიის გამოცემა ჩემს სამშობლოში, მაგრამ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თქვენ, რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევაში მნიშვნელოვანი ღვაწლი მიმიძღვის, რითაც ჩემს სამშობლოს უდიდესი სამსახური გავუწიე.
ჩემი მასპინძლის ლაყბობა მაინცდამაინც გულზე არ მეხატებოდა, რადგან ის უპატიოსნო, მლიქვნელ და მოღალატე ადამიანად მიმაჩნდა, მაგრამ, იძულებული ვიყავი, მისთვის მომესმინა. მისი უპატიოსნობა კი, უპირველესად, იმაში გამოიხატებოდა, რომ, რისთვისაც ის საბჭოთა კავშირს აკრიტიკებდა და მის დანგრევას ეშურებოდა, იმაზე უარესში უჭერდა შემდგომ მხარს ამერიკას და არასდროს გაუკრიტიკებია ეს ქვეყანა, თუმცა, საამისოდ მრავალი მიზეზი ჰქონდა.
– იცით, ჩემო მეგობარო, რომ ამერიკა მსოფლიოს სტაბილურობის ერთადერთი მყარი გარანტია, პლანეტაზე სიკეთეს თესავს და რჩეულ ადამიანებს კბილებით იცავს? – მითხრა ჩემმა მასპინძელმა, რომელიც „რჩეულებში“ უპირველესად, საკუთარ თავს გულისხმობდა, – ამერიკამ მიხსნა „კაგებეს“ კლანჭებისგან. ამდენი წელი მმალავდა და, სხვათა შორის, ოდნავ მოგვიანებით ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს წიგნში.
– რა ისტორიას? – ვკითხე მასპინძელს.
– რას და, როგორ დავუსხლტი ხელიდან „კაგებეს“ მიერ მოგზავნილ მკვლელებს, მაგრამ, ამაზე, მოგვიანებით, – გაეღიმა მასპინძელს, ვისკი მოსვა და თქვა:
– კავშირიდან რომ გავიქეცი, ერთხანს სტამბულში ვცხოვრობდი ერთ სასტუმროში ინკოგნიტოდ და ამერიკელებს ველოდებოდი, რომ შტატებში გავმგზავრებულიყავი. ერთ საღამოს ჩემმა მეკავშირემ დამირეკა, რომელიც ამერიკის საელჩოს თანამშრომელი იყო და მითხრა:
– ახლა თქვენთან კაცი მოვა, რომელსაც ვიქტორი ჰქვია და, რასაც ის გეტყვით, ზუსტად ისე მოიქეცით.
ვიქტორი ათიოდე წუთში მეწვია, ტყავის ჩანთა წინ დამიდო და მითხრა:
– აქ მომლოცველი ქალის სამოსია, გადაიცვით, ჩადრი ჩამოიფარეთ და ნელა, ყოველგვარი აღელვების გარეშე გამოდით სასტუმროდან. სამასიოდე მეტრის მოშორებით წითელი ტაქსი დაგხვდებათ კუთხეში, მასში ჩაჯექით და ის გაგიყვანთ სამშვიდობოზე.
– რატომ, რაშია საქმე? – ვკითხე ვიქტორს.
– საქმე ისაა, რომ „კაგებემ“ თქვენი ადგილსამყოფელი შეიტყო, მკვლელები მოგიგზავნათ და თავს უნდა უშველოთ.
– თქვენ ვინ ხართ? – ვკითხე ვიქტორს.
– მე ერთ-ერთი მოგზავნილი მკვლელთაგანი ვარ, მაგრამ, ნუ გეშინიათ. მე ამერიკელებისა და თქვენი მეგობარი ვარ და აქ თქვენს დასახმარებლად მოვედი. გახსოვდეთ, რომ ყოველგვარი აღელვების გარეშე გადით სასტუმროდან, რადგან ჩემი მეწყვილე მკვლელი, რომელიც მოხუცი მოლას სამოსშია გამოწყობილი, ქვევით გელოდებათ და, თუ შეიტყო, რომ ქალის სამოსით ხართ, ჯერ თქვენ მოგკლავთ, მერე კი – მე.
ვიქტორს მოოქრული სანთებელა „ზიპო“ ვაჩუქე, რომელზეც ცეცხლის მფრქვეველი დრაკონი იყო ამოტვიფრული და სასტუმროს ნომრიდან გავისტუმრე. შემდეგ ქალის სამოსში გამოვეწყვე, ჩადრი ჩამოვიფარე, ნომრიდან გავედი და „მოხუც მოლას“ ისე ჩავუარე გვერდით, ვერც კი მივხდა, ვინ ვიყავი. შემდეგ ამერიკაში გადამიყვანეს და საიმედოდ გადამმალეს. იატაკქვეშეთში რამდენიმე წიგნი დავწერე, რომლებშიც ბოროტების იმპერიას ვამხელდი და ეს იმპერიაც დაიშალა. მას მერე სულ მაინტერესებდა, რა ბედი ეწია ვიქტორს, მაგრამ, რას გაიგებ.
ჩემმა მასპინძელმა სიგარეტი ამოაცურა კოლოფიდან და ასანთისკენ წაიწია, მაგრამ მე სანთებელა ავუნთე.
– რა ნაცნობი „ზიპოა“! – თქვა მასპინძელმა.
– ვიქტორისაა, თქვენ რომ აჩუქეთ, – მივუგე მასპინძელს, რომელიც ცარცივით გაფითრდა ჩემს პასუხზე და აკანკალებული ხელიდან სიგარეტი გაუვარდა.
– ნუ ღელავთ, ვისკი მოსვით, – ვუთხარი ჩემს მასპინძელს, რომელსაც ვისკით სავსე ჭიქაც გაუვარდა ხელიდან. მისი ტანჯვა-წამებისთვის ბოლო რომ მომეღო, ერთი ტყვია შუბლში დავაჭედე მაყუჩიანი პისტოლეტიდან, შემდეგ „ზიპოს“ ჩემი თითების ანაბეჭდები მოვაშორე, მაგიდაზე დავდე და მასპინძლის ვილა ჩუმად დავტოვე.
ჩემი მასპინძელი ერთადერთი ობიექტი იყო ჩემს „კაგებეშნიკურ“ კარიერაში, რომელიც ვიქტორის წყალობით, ხელიდან დამისხლტა და მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მოვახერხე მისი მოხელთება...
ჩვენს საქმეში ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს – ეს ხომ წვრილმანი ქურდობა არ არის, რომ წლების შემდეგ მის ჩამდენს აპატიო?! მართალია, მე რომ ობიექტის ლიკვიდაცია განვახორციელე, უკვე არც საბჭოთა კავშირი არსებობდა და არც „კაგებე“, მაგრამ, პროფესიული ღირსების გრძნობა ხომ დამრჩა და, სწორედ ეს ფაქტორი მამოძრავებდა. ღირსების გარეშე ცხოვრება კი, პროფესიული იქნება ეს ღირსება თუ არაპროფესიული, უაზრობაა... მე კი, მთელი ჩემი არსებობის განმავლობაში, აზრიანად ვცხოვრობ და არასდროს მავიწყდება მამაჩემის შეგონება, რომელიც მეუბნებოდა, ცხოვრებაში ღირსებას და სიცოცხლეს გაუფრთხილდიო... მამას არასდროს დაუკონკრეტებია, სიცოცხლე უფრო ძვირფასია თუ ღირსება, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ის ცხონებული უღირსეულესი, მებრძოლი ადამიანი იყო და საკუთარი და სხვისი ღირსების შესანარჩუნებლად სიცოცხლესაც უყოყმანოდ დათმობდა.
ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და, რომ შევხვდით, მითხრა:
– ცოტა არ იყოს, უჩვეულო წინადადება მაქვს შენთან. შეიძლება ასი ათასი დოლარი ისე იშოვო, საქმის გაკეთება არც კი დაგჭირდეს.
– ეგ როგორ? – ვკითხე რომანს.
– როგორ და, უბრალოდ: ერთ დონს უნდა შეხვდე და შეკვეთა პირადად მისგან მიიღო. თუ ჭკუაში არ დაგიჯდა, უპრობლემოდ ეტყვი უარს და ის ასი ათასს გადაგიხდის შეწუხებისთვის.
– ხომ იცი, „ძია“, რომ მე თავს არანაირი ფულის სანაცვლოდ არ გავშიფრავ და არც იმ დონს შევხვდები, – მივუგე „ძიას“.
– არ გაიშიფრები. დონი უსინათლოა, პირისპირ შეგხვდება შენ მიერ დათქმულ ადგილას და შენს სახეს ვერავინ ნახავს.
– კი მაგრამ, ისეთი რა შეკვეთა აქვს, რომ მაინცდამაინც პირადად უნდა შეკვეთის მოცემა, ან, სხვა შემსრულებელი როგორ ვერ იპოვა, ამქვეყნად ქილერების მეტი რა არის?
– დავალების შინაარსი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, მას ქილერი კი არა, ნაღდი შემსრულებელი უნდა, ასეთი კი მსოფლიოში რამდენიმეა და შენ მათ შორის საუკეთესო ხარ.
– მაინც ვინაა ეს დონი?
– აი, ეს, – „ძიამ“ დონის სურათი მიჩვენა. რომ დავხედე, უმალვე თვალწინ დამიდგა მთელი მისი ისტორია, რომელზეც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ბევრს წერდა მსოფლიო პრესა და მე არც ერთი პუბლიკაცია არ გამომიტოვებია წაუკითხავი. დონი „ეფბეერის“ მიერ ძებნილ საშიშ დამნაშავეთა პირველ ოცდაათეულში იყო, მრავალი წლის განმავლობაში იატაკქვეშეთში ცხოვრობდა და დაახლოებით მივხვდი, თუ რა ტიპის შეკვეთის მიცემა უნდოდა. ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, რომანს ვუთხარი:
– თანახმა ვარ შეხვედრაზე და ადგილიც მან დათქვას.
– არ ჯობია, რომ შენს მოედანზე შეხვდე? – მითხრა „ძიამ“. მე გამეცინა და მივუგე:
– ამ შემთხვევაში ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. დონი ძებნაშია და პატივი ვცეთ მის წლებსა და ჯანმრთელობას. ასე გადაეცი მას და შეხვედრის ადგილის კოორდინატები გამომიგზავნოს.
– დარწმუნებული ხარ, რომ სწორ ნაბიჯს დგამ?
– აბსოლუტურად.
– მაშინ, შეხვედრის ადგილს ახლავე გეტყვი, – მითხრა რომანმა, – ნიუ-იორკის საზღვაო ტერმინალის ¹120 ნავსაყუდელზე ლურჯი სწრაფმავალი კატერი იდგება, რომელსაც „ლინდა“ ჰქვია. ამ კატერით ორ კილომეტრს რომ გაცურავ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, შუა ზღვაში ფეშენებელური იახტა, სახელწოდებით „რეინბოუ“ შეგხვდება და იმ იახტაზე ახვალ. იქ მარტო დონი დაგხვდება და დაგელაპარაკება. შეხვედრა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ადგილობრივი დროით, ზუსტად შუაღამეზეა დაგეგმილი და ნიუ-იორკის ნავსაყუდელიდან თხუთმეტი წუთით ადრე უნდა შეცურო წყალში.
რომანის სიტყვებმა საკმაოდ გამაკვირვა, რადგან „ეფბეერის“ მიერ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უშედეგოდ ძებნილი დონი, ფაქტობრივად, დაუცველი უნდა შემხვედროდა იახტაზე და, ამ ინფორმაციას რომ გაეჟონა, მას შეიპყრობდნენ, გაასამართლებდნენ და სიცოცხლის ბოლომდე ციხეში გამოამწყვდევდნენ. ამიტომ „ძიას“ ვუთხარი:
– როგორ დავიჯერო, რომ ასეთმა გამოცდილმა დონმა სიფრთხილე დაკარგა და ერთი კვირით ადრე, ასე ღიად დანიშნა შეხვედრა?
– დაუჯერებელი აქ არაფერია, ჩემო კოკი. უბრალოდ, ჩვენი კანტორაა იმდენად კარგად ორგანიზებული და ავტორიტეტული, რომ უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობს და მას ზემოხსენებული დონიც კი ენდობა. ჩვენ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ამ პროფილის ერთადერთი უწყება ვართ, სადაც სპეცსამსახურის აგენტმა ვერ შემოაღწია, ანუ, ასე ვთქვათ, სუფთები ვართ, – მომიგო რომანმა და, სანამ ტრადიციულად, უკანმოუხედავად წავიდოდა, მითხრა: – აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ!
ნიუ-იორკში შეხვედრამდე სამი დღით ადრე ჩავედი. რა თქმა უნდა, სრულ კონსპირაციას ვიცავდი და შეხვედრაზეც გარეგნობაშეცვლილი, თუმცა, შეუიარაღებელი გავემართე. კატერი „ლინდა“ იახტა „რეინბოუს“ მივაბი, გემბანზე ავედი და გაჩახჩახებულ სალონში რომ შევედი, ტყავის რბილ სავარძელში ჩაფლული მოხუცი დონი დავინახე, რომელიც კლასიკური სტილის ძვირფას სამოსში იყო გამოწყობილი და უფრო პენსიაში მყოფ პრეზიდენტს ჰგავდა, ვიდრე „ეფბეერის“ მიერ ძებნილ, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მაფიოზს.
– მოხვედით, ჩემო მეგობარო? – ერთ დროს ძლევამოსილმა დონმა ხელი გამომიწოდა და, რომ ჩამოვართვი, დაამატა, – ჩემ პირდაპირ დაბრძანდით, სასმელი მიირთვით, სიგარა, თუ გნებავთ და, საერთოდ, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში.
– გმადლობთ, დონ! მე თქვენ ყურადღებით გისმენთ, – ვუთხარი მასპინძელს, რომელმაც მითხრა:
– თქვენზე მითხრეს, რომ ამ საქმეში საუკეთესო სპეციალისტი ხართ.
– გმადლობთ, დონ.
– ალბათ, გაოცებული ხართ ჩემი ასეთი გაუფრთხილებლობით.
– სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როდესაც შეხვედრის ზუსტი ადგილი ერთი კვირით ადრე მაცნობეთ. ჩვენს საქმეში მე უფრო მეტ სიფრთხილეს ვარ ჩვეული.
– პრინციპში, მართალი ხართ, მაგრამ მე მათ ცოცხალი არასოდეს ჩავბარდები და სიცოცხლის ბოლომდე მაიმუნივით გალიაში არ გამოვამწყვდევინებ თავს, – მითხრა დონმა, მოოქრული „ბრაუნინგი“ ამოაცურა, დამანახვა, შემდეგ კვლავ შეინახა და დაამატა: – ამ იარაღში ყოველთვის ერთადერთი ტყვია დევს და ის ჩემთვისაა განკუთვნილი.
– იმედია, საქმე მაქამდე არ მივა, დონ!
– რა თქმა უნდა, ჩემო მეგობარო, რა თქმა უნდა. მე, მართალია, ასაკში ვარ, მაგრამ სულაც არ მომბეზრებია სიცოცხლე და ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ჩემსას არ შევასრულებ.
– იმედია, დიდხანს იცოცხლებთ, დონ, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ.
ჯანმრთელობის ხსენებაზე მოღიმარმა დონმა პირქუში სახე მიიღო და ჩახლეჩილი ხმით, ზუსტად ისე, მარლონ ბრანდოს გმირი რომ ლაპარაკობს კინოფილმ „ნათლიაში“, მითხრა:
– მათ მე ჯანმრთელობაც შემირყიეს, თავისუფლებაც შემიზღუდეს და ძალაუფლებაც წამართვეს, მაგრამ, აი, ღირსებას ვერ მოერივნენ, თუმცა მას ტალახი ესროლეს. ახლა კი დადგა დრო, ეს ტალახი ჩამოვირეცხო და აქ იმიტომ მოგიწვიეთ, ამაში დამეხმაროთ, – დონმა უსინათლო თვალები მომაპყრო და მცირეოდენი პაუზის შემდეგ მკითხა: – დამეხმარებით, ჩემო მეგობარო?
– მე აქ სწორედ ამისთვის ვარ, ძვირფასო დონ!
– ახლა კი უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ, – დონმა სამი ასაკოვანი ადამიანის ფოტო მაჩვენა და მითხრა, – ეს გარეწრები ჩემზე ოც-ოცი წლით უმცროსები არიან. ერთ დროს ჩემი ყურმოჭრილი მონები იყვნენ და რასაც ვეტყოდი, ყველაფერს ყოყმანის გარეშე ასრულებდნენ. ამის გამო მე ისინი დავაწინაურე, დიდ სიმაღლეებზე ავიყვანე, მათ კი, მადლიერების ნაცვლად, მიღალატეს და ჩემი განადგურება მოინდომეს. თუმცა, მხოლოდ დამტკეპნეს და ჩემი ღირსება ტალახში ამოსვარეს, მაგრამ, ვერ წამართვეს. მრავალი წელი ვიმუშავე მათ გამოსააშკარავებლად, ყველაფერი გავარკვიე და ახლა შურისძიების დრო დადგა. მე მინდა, ჩემო მეგობარო, რომ სამივე უვნებლად მომგვარო, მერე კი მე ვიცი. შენ კი, თითოეულ მათგანში მილიონ დოლარს მიიღებ ხელზე, გინდა, ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში, სამ მილიონს უდრის და, მგონი, პატარა ფული არ უნდა იყოს. თუმცა, ფულს იმ შემთხვევაშიც მიიღებ, თუკი უარს იტყვი ამ საქმეზე, ოღონდ, ასეთ შემთხვევაში, თანხა ასი ათასი დოლარი იქნება. საქმე იოლი არაა და ამდენ ფულს სწორედ ამიტომ ვიხდი. რას იტყვი, თანახმა ხარ მის შესრულებაზე?
– დიახ, დონ, თანახმა ვარ.
– ძალიან კარგი. მოხარული ვარ, რომ თანხმობა მომეცი და შეკვეთა მიიღე. იმედია, ღირსეულად შეასრულებ და ყველაფერი კარგად იქნება.
– დიახ, დონ, ყველაფერი კარგად იქნება.
– მაშინ, ჩემო მეგობარო, მე გეტყვით ადგილს, სადაც ის გარეწრები უნდა მოიყვანოთ, – მითხრა დონმა, მაგრამ მე მას სიტყვის დასრულება არ ვაცადე და ვუთხარი:
– მოდი, ასე მოვილაპარაკოთ, დონ, სამივეს მე ერთ ადგილას მივიყვან. ყველაფერი რომ მოგვარდება, დაგირეკავთ, ადგილმდებარეობას გეტყვით და ისინი თქვენმა ხალხმა იქიდან წაიყვანოს, პარალელურად კი, თანხა ჩემს ანგარიშზე გადმორიცხეთ.
– კეთილი, ჩემო მეგობარო, ძალიან კარგი წინადადებაა, – მითხრა დონმა და ქაღალდზე დაბეჭდილი ჩემი საბანკო ანგარიშის ნომერი გამომართვა. შემდეგ ტელეფონის ნომერი მიკარნახა, რომელზეც მე უნდა დამერეკა საქმის შესრულების შემდეგ და რომელიც მე ტვინში ჩავიბეჭდე. ბოლოს კი დონს გამოვემშვიდობე, სწრაფმავალ კატერში ჩავჯექი და ნიუ-იორკის საზღვაო ტერმინალში დავბრუნდი.
სამივე მაფიოზი წარმატებით გავიტაცე და ნიუ-იორკის ერთ-ერთი სახლის სარდაფში გამოვამწყვდიე, რომელიც წინასწარ ორი თვით დავიქირავე. ხანში შესული მაფიოზების გატაცების გეგმა საგულდაგულოდ მქონდა შემუშავებული და სამივე მაშინ გავიტაცე ერთ-ერთი მათგანის „ლიმუზინით“, როდესაც ისინი დიდბიუჯეტიანი ჰოლივუდური ფილმის პრემიერაზე მიემგზავრებოდნენ, რომლის დამფინანსებლებიც თავად იყვნენ. მე ჯერ „ლიმუზინის“ მძღოლი გავთიშე და მისი ადგილი დავიკავე. შემდეგ კი მაფიოზები აეროზოლით მივაძინე და მხოლოდ მაშინ გაახილეს თვალები, როდესაც სარდაფში „შევზიდე“...
– ცხადში ვარ თუ მესიზმრება? – დასჭექა ერთ-ერთმა მაფიოზმა, როდესაც მიხვდა, რომ იქ არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო. მერე თავის კოლეგებს ჩემზე ზიზღით მიანიშნა და ჰკითხა:
– ეს კაცი, ეტყობა, თვითმკვლელია, რადგან აქ მოვუყვანივართ. როგორც ჩანს, სიცოცხლე მობეზრებია.
– თვითმკვლელი კი არა, მგონი, დაქირავებული მკვლელი უნდა იყოს, – მიუგო კოლეგამ და ამოიხვნეშა, მე კი მათ ცინიკურად გამოვუცხადე:
– რა თქმა უნდა, დაქირავებული მკვლელი ვარ, მაგრამ, თქვენი მოკვლა ჩემთვის არ დაუვალებიათ, მე მხოლოდ პატრონს უნდა ჩაგაბაროთ, იმან კი თვითონ იცის თავისი საქმის.
– ჩემო მეგობარო, – შემევედრა აქამდე ჩუმად მყოფი მესამე მაფიოზი, – ჩვენ ძალიან მდიდარი ადამიანები ვართ და იმაზე ასჯერ მეტს გადაგიხდით, ვიდრე თქვენ ჩვენს გატაცებაში გიხდიან. დაასახელეთ თანხა და მას თქვენ ზუსტად ორ საათში მოგართმევენ.
– თითოეული თქვენგანის გატაცებაში ერთი მილიონი დოლარი გადამიხადეს, სულ სამი მილიონი, – ვთქვი მე.
– მერედა, რა პრობლემაა? – თქვა მესამე მაფიოზმა, – სიკვდილს ფულის გადახდა არ ჯობია? სამასი მილიონი დოლარი პატარა ფული არ არის, თუმცა, ჩვენი სიცოცხლე უფრო მეტი ღირს. ამიტომ, ამ ფულს დაუყოვნებლივ მიიღებთ, მაგრამ, სიტყვა მოგვეცით, რომ გაგვიშვებთ. ჩემი სიტყვები რომ ტყუილი არ გეგონოთ, მე ერთი კაცის ტელეფონის ნომერს მოგვცემთ, რომელსაც დაურეკავთ, პაროლს ეტყვით და ის თქვენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ბანკში გადაგირიცხავთ ფულს, ან ნებისმიერ ადგილზე ხელზე გადმოგცემთ.
აშკარა იყო, რომ მაფიოზის სიტყვებს წყალი არ გაუვიდოდა და სამას მილიონ დოლარს უპრობლემოდ მივიღებდი, მაგრამ, მეც ღირსების კაცი ვარ და გატაცებულ მაფიოზებს მტკიცედ მივუგე:
– არა!
– კი მაგრამ, რატომ, ჩემო მეგობარო? – მკითხა ჯერ კიდევ მშვიდად მყოფმა მესამე მაფიოზმა, – თქვენი და თქვენი მოდგმის ცხოვრება ყოველმხრივ უზრუნველყოფილი იქნება. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, ისე გაუჩინარდეთ, თვით ეშმაკიც ვერ მოგაგნებთ და, ფაქტობრივად, არაფერს რისკავთ.
მაფიოზი მართალს ამბობდა, მაგრამ, სამასი მილიონი დოლარის დაუფლების პერსპექტივამ წამითაც ვერ მაცდუნა და გავიმეორე:
– და მაინც, არანაირად არა!
– კი მაგრამ, რატომ, ეშმაკმა დალახვროს! – იღრიალა მოთმინებიდან გამოსულმა მესამე მაფიოზმა, წამოწითლდა და აცახცახებული ყბით დაამატა, – მილიარდ დოლარს მოგცემთ, ოღონდ გაგვიშვი!
მილიარდი დოლარი მართლაც რომ სუპერფანტასტიკური თანხაა, მაგრამ, მე ვერც ამან მაცდუნა და ვთქვი:
– არა! ღირსება ნებისმიერ თანხაზე მაღლა დგას, ის შეუფასებელია!
გატაცებული მაფიოზები ჩემმა სიტყვებმა ისტერიკაში ჩაყარა და, გულები რომ არ დახეთქოდათ და ნაადრევად არ დახოცილიყვნენ, კვლავ დავაძინე. შემდეგ შემკვეთის მიერ მოცემულ ნომერზე დავრეკე და წინასწარ შეთანხმებული ტექსტით ვამცნე, რომ საქმე შესრულებული იყო, თან სარდაფის მისამართიც ვუთხარი:
– ისინი იქიდან მაქსიმუმ ერთ საათში უნდა წაიყვანოთ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ მათ მიაგნონ და ხელიდან გამოგაცალონ. ახლა სამივეს სძინავს, თვითონვე გაიღვიძებენ და მხოლოდ ამის მერე შეგიძლიათ, მათთან დიალოგი აწარმოოთ.
– გმადლობთ. „საქონელს“ ახლავე წავიღებთ. ფული კი ერთ საათში თქვენს ანგარიშზე იჯდება, – მომიგო მამაკაცის ხმამ, გამომემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.
გატაცებული მაფიოზების დაძინება იმითაც იყო სასარგებლო დონისთვის, რომ ფხიზელი მაფიოზები მის ხალხსაც, ისევე როგორც მე, მილიარდ დოლარს უეჭველად შესთავაზებდნენ და, თავს ვერ დავდებდი იმაზე, რომ უსინათლო მაფიოზის „ბიჭები“ ასეთ შემოთავაზებაზე ჩემსავით უარს იტყოდნენ...
მე არ ვიცი, როგორ გაუსწორდა ჩემი შემკვეთი მაფიოზი თავის ყოფილ, მოღალატე ხელქვეითებს, მაგრამ თბილისში სიამაყის გრძნობით და საგრძნობლად გაზრდილი საბანკო ანგარიშით დავბრუნდი. იმავე საღამოს „ძიამ“ დამირეკა, მეორე დღისთვის შეხვედრა დამინიშნა და, რომ მივედი, მითხრა:
– აღფრთოვანებასა და გაოცებას ვერ ვმალავ, ჩემო კარგო: მესამედ წილში ერთი მილიონი დოლარი მერგო. ასეთი რა გააკეთე, ნახევარი ნიუ-იორკი გაწყვიტე?
– ერთი კაციც არ მომიკლავს, – მივუგე რომანს.
– რაო, რა თქვი? – ყურებს არ უჯერებდა „ძია“.
– ერთი კაციც არ მომიკლავს, – მშვიდად გავიმეორე მე.
– აბა, ამდენი ფული რაში გადაგიხადეს?
– ეგ რა არის, მოწინააღმდეგე მხარე მილიარდ დოლარს მიხდიდა საქმის არშესრულებაში.
– რამდენს?
– მილიარდ დოლარს, – გავუმეორე „ძიას“, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ასე დავაბოლოვე: – ბოლოს სამივე დავაძინე, რომ შიშისგან გულები არ გახეთქოდათ ან უსინათლოს ხალხი არ ეცდუნებინათ.
– საღოლ, ძმაო, ფოლადის ნებისყოფა გქონია! მე ასეთ ცდუნებას ნამდვილად ვერ გავუძლებდი და მილიარდი დოლარის აღებაზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი უარს. ახლა კი მართლა მივხვდი, რატომ ხარ ამ საქმეში ყველაზე ძლიერი და ასე დიდხანს რატომ შემორჩი ცოცხალი ჩვენს ბიზნესს.
ცდუნება რომ კაცის კვლასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვაა, კარგად ვიცი და, თუკი კაცის კვლა ჩემი პროფესიაა და ამ ცოდვის ჩადენას ვერ ავცდები, ცდუნების გაძლება ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან შევისისხლხორცე და არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მე მას ავყოლოდი.
– ცდუნებას ნურასოდეს აჰყვები, სულს ფულზე ნურასდროს გაცვლი, – მეტყოდა ხოლმე დედაჩემი და იქვე დაამატებდა: – სული მარადიულია, ფული კი წარმავალი, დროებითი, ცეცხლი ეკიდება და იწვის. სულს თუ ცეცხლი წაეკიდა და წვა დაიწყო, ის ჯოჯოხეთში ჩავარდება, იქიდან ამოსვლა კი შეუძლებელია. გამოუვალ მდგომარეობაში ნურასოდეს ჩაიგდებ თავს.
მართალია, ცდუნებას არასოდეს ავყოლივარ, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავვარდნილვარ, თუმცა, ყოველთვის გამოვსულვარ იქიდან და ამაში, ცოდნა და გამოცდილება მეხმარება.
როგორც გამოცდილების გარეშე არაფერია ცოდნა, ასევე მხოლოდ ცოდნით – შეუძლებელია ფონს გასვლა გამოცდილების, განგების მიერ ბოძებული იღბლის გარეშე, მით უმეტეს, ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის. იღბლის ხელს კი მე ყოველთვის მტკიცედ ვგრძნობ....
გაგრძელება შემდეგ ნომერში