რაში უხდის ფულს ყოველთვიურად „სილქ როუდ ბანკი“ ზურაბ პოლოლიკაშვილს
ისინი, ორივენი, თითქმის ერთდროულად დაინიშნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში (ოღონდ, ერთი, ზურაბ პოლოლიკაშვილი – მინისტრად, მეორე, გიორგი კარბელაშვილი – მინისტრის მოადგილედ), თუმცა მხოლოდ ეს არ აერთიანებს ამ ორ ჩინოვნიკს, მათი შრომითი ბიოგრაფიის შუქ-ჩრდილებიც ერთმანეთს დამთხვეულია.
ზურაბ პოლოლიკაშვილი
ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი 1977 წელსაა დაბადებული და, ბუნებრივია, უმაღლესდამთავრებულიცაა: ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე ეუფლებოდა საბანკო საქმეს (უმაღლესი სასწავლებელი 1998 წელს დაამთავრა). 2009 წელს კი მადრიდში INSTITUTO DE EMPRESA-ს გლობალური მართვის პროგრამაც დაასრულა. მისი შრომითი ბიოგრაფია 1997 წელს დაიწყო (განათლების შესაბამისად) „თი ბი სი ბანკში“ (საერთაშორისო ოპერაციების მენეჯერად, საკორესპონდენტო ანგარიშების მართვის მენეჯერად, დოკუმენტური აკრედიტების მენეჯერად, საკრედიტო მენეჯერად). 2001 წლიდან კი უკვე „თი ბი სი ბანკის“ მთაწმინდის ფილიალის დირექტორიც გახდა. 2005 წელს მისი პროფესიული კარიერა კიდევ უფრო გაიფურჩქნა და ბ-ნი პოლოლიკაშვილი „თი ბი სი ბანკის“ ცენტრალური ფილიალის დირექტორადაც დაინიშნა, თუმცა, იმავე 2005 წელს, რატომღაც, საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა, არც მეტი, არც ნაკლები, მინისტრის მოადგილედ. 2006 წელს კი ესპანეთშიც დაინიშნა, რა თქმა უნდა, საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩად. 2009 წლის აგვისტოს ბოლოს ბ-ნი პოლოლიკაშვილის კარიერული ჩარხი კვლავ უცნაური მიმართულებით დატრიალდა და ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად მოგვევლინა.
რაკი სამოხელეო ასპარეზზე 2005 წლიდანაა, ბ-ნ პოლოლიკაშვილს საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციებიც უხვად აქვს შევსებული. იმ მარტივი წინაღობის გამო, რომ შესაბამისმა სამსახურმა რიგი ტექნიკური მიზეზების გამო ბ-ნი პოლოლიკაშვილის მიერ 2008 წელს შევსებული დეკლარაცია ვერ მოგვაწოდა, სტარტისთვის 2007 წლის დეკლარაცია გამოვიყენეთ. ის ბ-ნმა პოლოლიკაშვილმა, ცხადია, ელჩის ამპლუაში შეავსო და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა მადრიდი, რიგოლეტოს ქუჩა. ოჯახის წევრებად კი, მეუღლე – თამარ ბაქრაძე და ორი შვილი: გიორგი და ნიკოლოზი.
იმ პერიოდში ზურაბ პოლოლიკაშვილის საკუთრება იყო: ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 280 000 ლარად ღირებული და 10 000 ლარად ღირებული ავტოფარეხი; მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონში (15 000 ლარი); აგარაკი დაბა წავკისში (160 000 ლარი); ავტომანქანა „ფოლკსვაგენ პასატი“ (25 000 ლარი) და კიდევ ერთი ავტომანქანა „პეჟო“ (46 000 ლარი). მის მეუღლეს კი ჰქონდა: მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში, 30 000 ლარად ღირებული. თამარ ბაქრაძეს ავტომანქანა „აუდიც“ ჰქონია, რომელიც 36 172 ლარად გაუყიდია.
დეკლარაციის შევსების დროს, ზურაბ პოლოლიკაშვილს „თი ბი სი ბანკის“ მიმდინარე სახელფასო ანგარიშზე 784 ამერიკული დოლარი და 700 ლარი ერიცხებოდა, „ვიზა გოლდზე“ – 19 942 ამერიკული დოლარი, დეპოზიტზე – 44 000 ამერიკული დოლარი, „ბაზისბანკის“ მიმდინარე სახელფასო ანგარიშზე – 8 928 ლარი, ვიზა გოლდზე – 9 886 ამერიკული დოლარი, „საქართველოს ბანკის“ ვიზა ბარათზე – 640 ევრო და 32 978 ამერიკული დოლარი, მეორე ბარათზე კი – 8 083 ლარი და 9 393 ამერიკული დოლარი. 2006 წელს ზურაბ პოლოლიკაშვილს „თი ბი სი ბანკიდან“ 40 000 ამერიკული დოლარის ოდენობის სესხიც აუღია, რომლის დაფარვასაც ათი წლის განმავლობაში აპირებს.
დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, ზურაბ პოლოლიკაშვილს ჰქონდა 52 000 ამერიკული დოლარი, მის მეუღლეს – 12 500 ამერიკული დოლარი, მათ 2002 წელს დაბადებულ ვაჟს, გიორგის, კი – 12 000 ამერიკული დოლარი.
მაშინ, როდესაც ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო ესპანეთში, მისი მეუღლე „თი ბი სი ბანკის“ ოპერატორად მუშაობდა. 2006 წლის განმავლობაში ბ-ნი პოლოლიკაშვილის წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 29 000 ლარი შეადგინა, მისი მეუღლის შემოსავალმა კი – 6 229 ლარი. ბ-ნი პოლოლიკაშვილის ელჩობა ბიუჯეტს დამატებით 12 800 ევროც დაუჯდა.
ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა პოლოლიკაშვილმა 2009 წელს შეავსო (კვლავაც ელჩის ამპლუაში). მისი ოჯახის ქონებრივი გრაფა ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოჩამოთვლილ ქონებას არაფერი მიჰმატებია. დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა: ზურაბ პოლოლიკაშვილს – 60 000 აშშ დოლარი, თამარ ბაქრაძეს – 14 000 აშშ დოლარი, გიორგი პოლოლიკაშვილს – 16 000 აშშ დოლარი, ნიკოლოზ პოლოლიკაშვილს კი – 2 000 ევრო და 2 000 აშშ დოლარი.
ოჯახში მხოლოდ ზურაბ პოლოლიკაშვილია დასაქმებული და მისი წლიური საელჩო ანაზღაურება 38 700 ევროს შეადგენდა.
ბ-ნ პოლოლიკაშვილს ბანკებიდან სამი სესხი აქვს აღებული: ზემოხსენებული 40 000 აშშ დოლარი (2006 წელს), 40 000 აშშ დოლარი (2007 წელს) და 20 000 აშშ დოლარი (2009 წელს). ამის პარალელურად, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბინა მიქირავებული აქვს „სილქ როუდ ბანკისთვის“, თვეში 1 590 აშშ დოლარად.
გიორგი კარბელაშვილი
ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, 1962 წელს დაბადებული გიორგი კარბელაშვილი, კარგა ხანია, სახელმწიფო სამსახურშია. შესაბამისად, საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციებიც უხვად აქვს შევსებული. გიორგი კარბელაშვილს პოლიტექნიკური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული (ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერია). მისი შრომითი ბიოგრაფია 1979 წელს იწყება ტელერადიოკომიტეტში, სადაც 1980 წლამდე იმუშავა ელექტრომექანიკოსად. 1980 წელს თბილისის სატელეფონო კვანძში გადავიდა, სადაც 1983 წლამდე იმუშავა ელექტრომექანიკოსად. 1983 წლიდან რადიოფიკაციის რესპუბლიკურ კვანძში დაიწყო მუშაობა, ასევე, ელექტრომექანიკოსად, თუმცა, საბოლოოდ, უფროსი ინჟინრის თანამდებობასაც მიაღწია. 1990-1992 წლებში საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროში გადავიდა ელექტროკავშირგაბმულობის ინსპექციის უფროსად. მუშაობა 1996 წელს განაახლა და ორი წლის განმავლობაში „ტელენეტის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტიც ეკავა. 1998 წელს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილეც გახდა (ამ თანამდებობაზეც ორ წელს იმუშავა); 2002 წელს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე იყო; 2002-2004 წლებში – თბილისის პრემიერის მოადგილე. 2004 წლის თებერვლიდან „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 2008 წლის ივლისიდან დეკემბრამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2009 წლის მარტიდან სექტემბრამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეც გახდა; 2009 წლის სექტემბრიდან კი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეა. ცნობისთვის: ბ-ნ კარბელაშვილს 2007 წელს ღირსებიც ორდენიც ერგო.
გიორგი კარბელაშვილმა 2008 წლის ივლისში დეკლარაცია შეავსო, როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ (როდესაც პირველ წრეზე იყო) და ოჯახის წევრებად მიუთითა: მამა – ანდრე კარბელაშვილი, დედა – იავნანა ბერიძე, მეუღლე – ეკატერინე პაპავა და ორი შვილი: 1997 წელს დაბადებული იავნანა და 2001 წელს დაბადებული ანდრია.
გიორგი კარბელაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, 120 000 ლარად ღირებული, ავტომანქანა „პობედა“, 25 000 ლარად ღირებული; ეკატერინე პაპავას საკუთრებაა მიწის ნაკვეთი ქვიშხეთში, 50 000 ლარად ღირებული და ფერწერული ტილოები, 55 000 ლარად ღირებული.
კარბელაშვილების ოჯახის წევრებს 2008 წელს ბანკებში მეტ-ნაკლებად მოკრძალებული თანხები ერიცხებოდათ: გიორგი კარბელაშვილს – ორ უცხოურ ბანკში 500-500 ევრო, ეკატერინე პაპავას კი – „სახალხო ბანკში“ 88 000 აშშ დოლარი.
დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ გიორგი კარბელაშვილს ჰქონდა – 30 000 აშშ დოლარი.
გიორგი კარბელაშვილმა 2009 წელს დეკლარაცია მარტში შეავსო, როდესაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო. მის ქონებაში, ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციის მიხედვით, არანაირი სიახლე არ არის არც საბანკო ანგარიშებში: გიორგი კარბელაშვილს ორ უცხოურ ბანკში კვლავაც 500-500 ევრო ერიცხება, მის მეუღლეს კი, „სახალხო ბანკში“ გახსნილ ანაბარზე – 88 000 აშშ დოლარი.
დეკლარაციის შევსების დროს გიორგი კარბელაშვილს ამჯერადაც ზემოხსენებული 30 000 აშშ დოლარი ჰქონდა ნაღდ ფულად.
2009 წლის დეკლარაციაში მითითებულია გიორგი კარბელაშვილის წლიური ხელფასი, როდესაც ის „საქაერონავიგაციაში“ მუშაობდა 30 878 ლარი. დეკლარაციაში, ასევე, მითითებულია, თუ რა ხელფასი აიღო ბ-ნმა კარბელაშვილმა, როდესაც ის ოთხი თვის განმავლობაში (2008 წელს) ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზე იყო: 10 880 ლარი.