სამხილი – ტელეფონი
ქალს ხმა უკანკალებდა, ისტერიკას აღარაფერი უკლდა. შეინი კი ვერ იტანდა ისტერიკულ ცოლებს, სულ რომ ჩივიან, ქმარი მჩაგრავსო და მისგან არსად მიდიან.
– ქალბატონო, დარწმუნებული ბრძანდებით, რომ კერძო დეტექტივი გჭირდებათ? იქნებ პოლიციისთვის მიგემართათ? მით უმეტეს, რომ დღეს საღამოს ძალიან დაკავებული ვარ. მისის ენსონ, გესმით ჩემი?
– დიახ და უარს ვერ მივიღებ. ნებისმიერ თანხას გადაგიხდით. მარტო ვარ და მეშინია, რომ ხვალ უკვე ძალიან გვიან იქნება... ქმარს ჩემი მოკვლა უნდა...
– კარგი. თუ მართლა ასეთი გამოუვალი მდგომარეობაა, – უხალისოდ წარმოთქვა კერძო დეტექტივმა.
– გამოუვალია და ძალიან საშიში, – სწრაფად მიაყარა ქალმა, – სანაპიროზე ვცხოვრობთ. რვა საათისთვის მარტო ვიქნები და მაშინ მოდით. ჩემს ქმარს ამ დროისთვის რაღაც შეხვედრა აქვს.
ამ სიტყვების შემდეგ, ყურმილში უკვე მამაკაცის ხმა გაისმა. რასაც ქალის შეკივლება მოჰყვა.
– რალფ, შენ პარალელური ტელეფონიდან მისმენ?
– როგორც იქნა, გამოგიჭირე. საყვარელს პაემნის დროს უნიშნავ, უსირცხვილო! ახლა რაღას იტყვი? ეი, შენ, ბინძურო ნაძირალავ. ხმა ამოიღე. შენი სახელი არ ვიცი, მაგრამ, შენისთანა ნაძირლებს ვიცნობ. პატიოსან ოჯახებში დაძვრები, როცა ქმრები სახლში არ არიან.
მაიკლ შეინი ვერ იტანდა ისტერიკულ ქალებს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ეჭვიანი და იდიოტი ქმრები სძულდა. ამიტომ, თქვა ის, რასაც ფიქრობდა.
– რვა საათისთვის მელოდეთ, მისის ენსონ, აუცილებლად მოვალ... – და ყურმილი დაკიდა.
მეორე დილას, შვიდ საათზე შეინი კონიაკს წრუპავდა საკუთარ ბინაში, როცა ტელეფონმა დარეკა. მან მაშინვე იცნო გუშინდელი კლიენტის, ლაურა ენსონის ხმა. ქალმა სთხოვა, რომ აღარ მისულიყო მასთან.
– პირიქით, აუცილებლად მოვალ და თუ საჭირო გახდება, თქვენს ქმარსაც დაველაპარაკები.
– ჩემი ქმარი ახლა გავიდა სახლიდან. მე მეორე სართულის საძინებლიდან გელაპარაკებით და ვხედავ, მისი მანქანა როგორ ეშვება გზატკეცილზე. ვშიშობ, მალე უკანვე დაბრუნდება. ჩუმად, თორემ ფაქტზე „დაგვიჭერს“. გუშინ ველაპარაკე, მაგრამ, მგონი, მაინც ვერ დავარწმუნე, რომ მე და თქვენ საყვარლები არ ვართ. მუდმივ შიშში ვცხოვრობ, მისტერ შეინ. მეშინია, თქვენც არ შეგექმნათ პრობლემა.
– მაშინ მე, მით უმეტეს, ვალდებული ვარ, მოვიდე.
ორსართულიანი სახლი მაიამი ბიჩის საუკეთესო ადგილას მდებარეობდა. შეინმა ზარი დარეკა. კარი მაღალმა, ქერა ქალმა გაუღო. კარგი აღნაგობითა და მბზინავი ნაცრისფერი თვალებით.
– მისტერ შეინი... არ უნდა მოსულიყავით. რალფი არანორმალურად ეჭვიანია. მუდმივად ღალატში მადანაშაულებს, მემუქრება, რომ მომკლავს.
– თავად ხომ არ ჰყავს საყვარელი?
– არა მგონია... ამაზე არასოდეს მიფიქრია. თქვენ გგონიათ, ჩემი თავიდან მოშორება ამიტომ უნდა?
– არაფერი არ არის გამორიცხული. რატომ არ გაშორდებით?
– იმიტომ, რომ მიყვარს. თქვენ, ალბათ, ვერ გამიგებთ, მაგრამ იმედი მაქვს, ისევ შევძლებთ, ისე ვიცხოვროთ, როგორც ადრე, თუკი დარწმუნდება, რომ არ ვღალატობ.
სწორედ ამ დროს მოულოდნელად დარეკა ტელეფონმა. ქალმა ყურმილი აიღო და უცებ ისე შეხტა, თითქოს მისთვის დენს დაერტყას.
– არა, რალფ, გეფიცები, ის აქ არის...
დეტექტივმა ორი ნაბიჯი გადადგა და ქალს ხელიდან ყურმილი გამოართვა.
– მე გელაპარაკებით, მაიკლ შეინი. დაბრუნდით სახლში და დავილაპარაკოთ. დაგიმტკიცებთ, რომ ის არ ვარ, ვინც გგონივართ, – ამ სიტყვებით მან ყურმილი დაკიდა.
– არა, არა, ეს არ უნდა გექნათ. ახლა ორივეს მოგვკლავს. წარმოდგენა არ გაქვთ, რალფს რა შეუძლია, მრისხანებისას მოიმოქმედოს.
ქალი დეტექტივს მივარდა და კარისკენ უბიძგა. შეინი იძულებული გახდა, დამორჩილებოდა, რადგან მიხვდა, თუ ახლა არ წავიდოდა, ქალს აუცილებლად დაემართებოდა ისტერიკა.
– კარგი, მისის ენსონ, მე ახლა წავალ, მაგრამ თუ დაგჭირდებით, მაშინვე დამირეკეთ. მე ვიცი თქვენი ქმრისნაირებს როგორ უნდა ველაპარაკო.
დეტექტივი მანქანაში ჯდებოდა, როცა სახლში გასროლის ხმა გაისმა. რამდენიმე წუთი იმისთვის დასჭირდა, რომ რევოლვერი ამოეღო და სახლისკენ გაიქცა. კარის სახელური არ დაემორჩილა. ვიღაცას კარი შიგნიდან ჩაეკეტა. საკეტს ორი ტყვია დაახალა და შიგნით შევარდა.
ლაურა ენსონი გულაღმა იწვა ხალიჩაზე. შუბლზე წითელი ნატყვიარი უჩანდა. ქალი მკვდარი იყო. დეტექტივი სამზარეულოში შევარდა. როგორც ვარაუდობდა, სახლის უკანა კარი ღია აღმოჩნდა. პარმაღიდანვე იწყებოდა პატარა ბილიკი, რომელიც პირდაპირ სანაპიროზე ჩადიოდა. მარჯვნივ სამანქანო გზა იყო და შეინი მიხვდა, რომ მკვლელი სწორედ იქით გაიქცა. ამ დროს მოტორის ხმაც გაიგონა. მკვლელი გაიქცა. შეინი სახლში დაბრუნდა და სასტუმრო ოთახიდან პოლიციაში დარეკა. მერე მეორე სართულზე ავიდა და ოთახები დაათვალიერა. ცოლ-ქმარი ენსონების საძინებელში ორი მოზრდილი საწოლი იდგა. შუაში ტუმბო, ზედ ტელეფონის აპარატით. დანარჩენ სამ საძინებელში იმდენი მტვერი ნახა, დიდი მიხვედრილობა არც იყო საჭირო, რომ იქ დიდი ხანია, ფეხი არავის დაედგა. შეინი პირველ სართულზე ჩამოვიდა. პოლიცია და მისტერ ენსონი თითქმის ერთდროულად მოვიდნენ. მისტერ ენსონი მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი აღმოჩნდა, მკაცრი გამომეტყველებით.
– შეინ? – იყვირა მან, – შე, ნაძირალავ! მოკალი ჩემი ცოლი?! – ენსონმა ხელები მომუშტა და დეტექტივისკენ დაიძრა.
– გეყოფა, ენსონ, – მე არ მომიკლავს. თქვენს ცოლს მაშინ ესროლეს, როცა მე უკვე გასული ვიყავი აქედან.
ენსონი მაინც მიიწევდა მისკენ და შეინი იძულებული გახდა, მისთვის ყბაში რევოლვერიანი ხელი ამოერტყა. ენსონი წაბორძიკდა და დაეცა.
– გირჩევნია, არ ადგე, ენსონ. ცოლის მოკვლა შენ გინდოდა, იმიტომაც დამიქირავა ლაურამ – სულს ხდიდი ქალს ეჭვიანობით.
– მე ვერ მოვკლავდი ლაურას. მე ის მიყვარდა. აი, შენ კი, თავიდან მოიცილე, რადგან გითხრა, რომ მე არ მიმატოვებდა და თქვენი რომანის დამთავრება ჰქონდა გადაწყვეტილი. აქ სწორედ ამიტომ დაგიბარა, რომ ეს ყველაფერი ეთქვა შენთვის. ნაძირალავ! გუშინ ლაურამ ყველაფერი მომიყვა და საშინლად ნანობდა. თავი შეაყვარე. მოღალატედ აქციე, მერე კი, როცა აღარ დაგემორჩილა, მოკალი.
ინსპექტორი პეინტერი, რომელიც აქამდე ხმაამოუღებლად ათვალიერებდა შემთხვევის ადგილს და გვამს, საუბარში ჩაერთო.
– ყოჩაღ, შეინ, უკვე საყვარლების მოკვლაზე გადახვედი? ყოველთვის ვეჭვობდი, რომ შენს საქმიან პარტნიორებთან მხოლოდ საქმე არ გაკავშირებდა, მაგრამ ახლა, მგონი, გაები. თანაც, მაგრად. ენსონი მკვლელი ვერ იქნება. მას ალიბი შენ შეუქმენი, როცა თქვი, რომ მაშინ დარეკა, როცა მისის ენსონს ელაპარაკებოდი. მკვლელობა კი, ათიოდე წუთის მერე მოხდა. ათ წუთში ის სახლში მოსვლას ვერ მოასწრებდა. გამორიცხულია.
– რა სისულელეა, მკვლელობა 32-კალიბრიანი რევოლვერით არის ჩადენილი. აგერ გილზაც. მე 38-კალიბრიანი მაქვს.
– მერე რა, შეგეძლო, აქ ორი რევოლვერით მოსულიყავი. ქალი მოგეკლა, ის იარაღი კი გადაგეგდო.
– გეუბნები, მკვლელი ენსონია. ანაბეჭდები ნახეთ. სად არის შენი თანაშემწე ექსპერტი? მგონი, მან აიღო ანაბეჭდები, დაუძახე.
– ჰევ, შეამოწმე ტელეფონი მეორე სართულზე? – ჰკითხა შეინმა ექსპერტს, – მითხარი, რა ნახე?
– მხოლოდ მისის და მისტერ ენსონების ანაბეჭდები აღმოჩნდა.
– როგორი თანმიმდევრობით, ბოლოს ვინ ისარგებლა ტელეფონით?
– მისტერ ენსონმა. მისმა ანაბეჭდებმა თითქმის მთლიანად წაშალა მისის ენსონის ანაბეჭდები.
– ასეც ვიცოდი, ინსპექტორო, მე უტყუარი საბუთი მაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ ცოლი ამ ნაძირალამ მოკლა. მე კი, ალიბად გამომიყენა. ტყუილად არ ეშინოდა საწყალ ქალს მისი.
– რისი თქმა გინდა, შეინ? – ვერ მიხვდა ინსპექტორი.
– ის სახლში იყო, როცა მე მოვედი და მეორე სართულიდან დარეკა სასტუმრო ოთახში. ლაურამ მართლა დაინახა, როგორ წავიდა ქმარი, მაგრამ ის კი ვეღარ შენიშნა, როგორ მობრუნდა ის უკან. საძინებელში აიპარა და ხელსაყრელ მომენტს დაელოდა. პეინტერ, მოიყვანე აქ ის, ვითომდა დარდით გულმოკლული და აგიხსნი, როგორ მოკლა ცოლი.
ინსპექტორმა ეჭვით გადააქნია თავი.
– პარალელური ტელეფონიდან რანაირად დარეკავდა საკუთარ ნომერზე? ეს შეუძლებელია.
– შეუძლებელი? ეს ფოკუსი დამწყებმა თაღლითმაც კი იცის. ბევრი ადამიანიც იყენებს მას, რომ სართულებზე ზევით-ქვევით არ ირბინოს. სატელეფონო კომპანიები კი ცდილობენ, მეთოდი გაასაიდუმლონ, მაგრამ კატას ტომარაში დიდხანს ვერ დამალავ. ახლა მე ზემოთ ავალ და დავრეკავ.
დეტექტივმა მეორე სართულზე აირბინა და მალე სასტუმრო ოთახში ტელეფონი აწკრიალდა. ის მანამდე რეკავდა, სანამ პეინტერმა ყურმილი არ აიღო. ამ ხნის განმავლობაში მისტერ ენსონი იატაკს იყო ჩაჩერებული და არ ინძრეოდა. არც მაშინ განძრეულა, როცა ინსპექტორმა მაჯებზე ხელბორკილები დაადო...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ