თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-44(566)
მარიკა კიდევ ვერ შეეჩვია იმას, რომ სხვა სახლი ჰქონდა და ამ „სხვა“ სახლის საკეტის გასაღები არცთუ ხალისით ემორჩილებოდა. რამდენიმე წუთი იწვალა, ვიდრე სახელური მისი ხელის ნებას დაჰყვებოდა და კარიც გაიღებოდა. ჰოლში ბნელოდა. სინათლე არ ენთო, მაგრამ სასტუმრო ოთახიდან გამოსული შუქი საორიენტაციოდ სრულიად კმაროდა. მარიკამ ჩანთა დადო. ფეხსაცმელები და ქურთუკი გაიხადა და ოთახში შევიდა. ნიკა ტელევიზორის წინ, სავარძელში იჯდა და ძილს ებრძოდა. მარიკა ფეხაკრეფით მიუახლოვდა და ლოყაზე ფრთხილად შეახო ტუჩები. ბიჭმა თვალები გაახილა:
– რომელი საათია?
– სამი, – იცრუა მარიკამ.
– მატყუარა! – ჩაილაპარაკა ნიკამ და მობილურის განათებული ეკრანი ცხვირწინ მიუტანა ცოლს, – მე შეიძლება, მეძინა, ანუ ჩამეძინა, მაგრამ, ისე ღრმად არა, რომ საათის ცნობა ვეღარ შევძლო.
– ჰო, კარგი. ოთხის ნახევარია. სულ ცოტა „მოვიპარე“. რატომ არ გძინავს?
– უნდა მეძინოს? – კითხვაზე კითხვითვე მიუგო ნიკამ.
– უკვე ძალიან გვიანია...
– მართლა? კარგია, რომ ხვდები.
მარიკას არ მოეწონა ქმრის უკმაყოფილო, ჭირვეული ბავშვის ტონი.
– მოიცა, ეს რას ნიშნავს? გაბრაზებული ხარ ჩემზე, რომ შვიდ საათზე არ დავბრუნდი, წინსაფარი არ ავიფარე და შენთვის ვახშმის მომზადებას არ შევუდექი?
– რა სისულელეა? ვახშამი და წინსაფარი არაფერ შუაშია, უბრალოდ...
– უბრალოდ, ჩემი პირველივე გასვლა სამსახურში ვერ აიტანე.
– ეგ არაფერ შუაშია, – ჩაიბურტყუნა ნიკამ და ცოლს საყვედურით შეხედა, – რატომ არ გესმის ჩემი?
– მე არ მესმის? როგორი უსამართლო ხარ, – მარიკას სერიოზულად ეწყინა, – ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი ერთად ყოფნის მეორე დღესვე ვიჩხუბებდით.
– ფსიქოლოგები ამბობენ, რომ წყვილები ყველაზე ხშირად და დაუნდობლად სწორედ თაფლობის თვეში ჩხუბობენ, – თქვა ნიკამ და საკუთარ თავზე გაბრაზდა, ასეთი სისულელე რამ მომაფიქრაო. მარიკას წელზე მოჰკიდა ხელი და მხარზე ლოყით მიეხუტა.
– მაპატიე, რა!.. რა დამეტაკა არ ვიცი. ყველაზე მეტად შენი კარგად ყოფნა და ბედნიერება მინდა. ისიც მესმის, რომ სამსახური შენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ, უცებ მარტო რომ დამტოვე, ბავშვივით მეწყინა.
– მარტო არ დამიტოვებიხარ, საქმეზე ვიყავი. მეც შენთან მერჩივნა ყოფნა, მაგრამ...
ნიკას თვალები გაუბრწყინდა.
– მართლა?
– ამაში ეჭვი გეპარება? – ამოიოხრა მარიკამ, – ნამდვილი ბავშვი ხარ. ახლა ისე მეძინება...
– თუ ყურადღებას არ მივაქცევთ იმას, რომ მალე გათენდება და მე საშინლად მაინტერესებს, რა გაარკვიეთ, შეგვიძლია, დავიძინოთ. ჰო, კიდევ: რომელ საათამდე ხარ გამოშვებული?
– გამოშვებული? ისევ დაიწყე?
– კარგი, ვიხუმრე. იმის თქმა მინდოდა, ცოტა დრო მაინც ხომ გაქვს, რომ გამოიძინო-მეთქი.
– თორმეტ საათამდე დევი არ დამირეკავს. მერე, ალბათ, მომაკითხავს და წავალ.
– მე თვითონ წაგიყვან. ვარჯიში პირველ საათზე მაქვს. თავისუფლად მოვასწრებ. ხომ აღარ ბრაზობ ჩემზე?
მარიკა ქმარს მიეხუტა და თავი გააქნია:
– არა. ძალიან მიყვარხარ.
– შეუძლებელია, იმიტომ, რომ მე კიდევ უფრო ძალიან მიყვარხარ.
– იცი, მეშინია, ამას რომ ვამბობთ. ცოტა ხნის წინ ისე ვიჩხუბეთ... – მარიკა გაიზმორა და დაამთქნარა.
– მაგაზე აღარ ვილაპარაკოთ. გპირდები, მე ჩხუბს არასდროს აღარ დავიწყებ.
– ასეთ დაპირებებს შენგან არავინ ითხოვს. უბრალოდ, ისეთი უნდა მიმიღო, როგორიც ვარ. მე ხომ არ გთხოვ, რომ შეიცვალო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის უნდობლობის მომენტიც იყო.
ნიკა შეიჭმუხნა:
– ისევ იმ ამბავს იხსენებ... მე კი მეგონა, ეს თემა საერთოდ დავხურეთ და დავივიწყეთ.
– ჰო, მეც მეგონა. მაპატიე, თუ ისევ გამახსენდა, – მარიკამ თმიდან სამაგრი მოიძრო და თმა გაიშალა, – ახლა მივხვდი, თავი რატომ მტკიოდა. ვწვებით? კარგი, რა, ნუ იბღვირები. ისე გავიხსენე... იცი, როგორი დაღლილი ვარ? ნაბიჯის გადადგმაც კი მეძნელება.
– მაშინ, ასე მოვიქცეთ, – ნიკამ ისე აიტაცა გოგო ხელში, მარიკამ მოულოდნელობისგან შეჰყვირა. ბიჭს კისერზე შემოხვია მკლავები და მაგრად ჩაეკრა... მერე თვალები მილულა და სიამოვნების ბურანში წასულმა ჩაიჩურჩულა, – ხვალ ერთ ადგილას უნდა წამომყვე...
– სადაც შენ იტყვი, სიხარულო....
***
თემო მაცივართან მივიდა. მინერალური წყლის ბოთლი გამოიღო და ჭიქის ძებნა არც დაუწყია, ისე მოიყუდა. დაწითლებული, ოდნავ შესიებული თვალები ეწვოდა და სტკიოდა. ცოტა მინერალური წყალი ხელისგულზე დაისხა და სახეზე მოისვა. ამან ვერ უშველა. ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელი იყო. ისიც კი იფიქრა, მდივანს ტკივილგამაყუჩებლის მოტანა ხომ არ ვთხოვოო, მაგრამ, მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდა და გადაიფიქრა.
– დიახ. მთელი ღამე შემთხვევის ადგილზე ვიყავით. რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახლავე, ჯერ არ შეგვიჯამებია. კარგი, ბატონო... – პაპავამ ამოიოხრა და ყურმილი თითქმის დაახეთქა აპარატს, – ახლა ეს გამიბურღავს ტვინს და თავს უარესად ამატკივებს. რამ მოიყვანა დილაუთენია სამსახურში?! დაიწყებს იდიოტური მითითებების მიცემას... – ჩაილაპარაკა გაგულისებულმა, მერე მობილური ჯიბეში ჩაიტენა და ახვლედიანის კაბინეტისკენ აიღო გეზი.
– დევი თუ მოვა, უთხარი, რომ ახვლედიანთან ვარ. კაბინეტში შევიდეს და დამელოდოს, – დაუბარა მდივანს.
ახვლედიანი კართან მიეგება ჩვეულებრივზე თავაზიანი და მეგობრული ღიმილით:
– მოდი, მოდი! ახლავე ვეტყვი, ყავა შემოგვიტანონ. დარწმუნებული ვარ, ჯერ არ გისაუზმია. მეც ვერ მოვასწარი, უთენია წამომახტუნეს. რა გირჩევნია ამოვატანინო, ხაჭაპური თუ ჰამბურგერი?
პაპავას ცუდად ენიშნა უფროსის ასეთი ყურადღება.
– ყავაც საკმარისია, ნუ შეწუხდებით.
– რა შეწუხებაა! ჩვენ ხომ ერთი ოჯახივით ვართ. ხაჭაპური აჯობებს, – ახვლედიანმა დარეკა. მდივანს რამდენიმე დავალება მისცა და ღიმილად დაღვრილი, გამომძიებელს სავარძელზე გვერდით მიუჯდა. სიგარეტის კოლოფი გაუწოდა და საფერფლეც მიუჩოჩა:
– აბა, მოყევი, რა მოხდა.
– ბატონო გიორგი, თავს უხერხულად ვგრძნობ. ასეთი მიღება რით დავიმსახურე, ჩვენი ბოლო შეხვედრისას უხეშად რომ დაგელაპარაკეთ?
– უხეშად დამელაპარაკე? ეგ როდის? შენ რა ბავშვივით გცოდნია გულში ჩადება. სამსახურის საქმეზე ოდნავ წავკინკლავდით, ეგ რა პრობლემაა? მთავარი ის არის, რომ შედეგი მივიღეთ.
პაპავას უნდოდა ეთქვა, რა შედეგი, როცა, კიდევ არ ვარ დარწმუნებული, ციხეში ნამდვილად დამნაშავე ჩავსვით თუ არაო, მაგრამ, წარმოიდგინა, რა მოჰყვებოდა მის ამ სიტყვებს და ხელი ჩაიქნია. თავაზიანი, თუნდაც მოჩვენებითად თავაზიანი ახვლედიანი, გაცილებით ასატანი იყო, ვიდრე ბრაზისგან დუჟმორეული.
– „ცხელი“ ღამე გქონდათ?
– არა უშავდა. თუმცა, უარესებიც გვინახავს.
– არ იფიქრო, რომ ახლა გავიგე ეგ ამბავი, წუხელვე ჩამაყენეს საქმის კურსში. ვუთხარი, ისეთი პროფესიონალები მყავს გაგზავნილი, პრობლემა არ იქნება-მეთქი.
„ეს ან მეტისმეტად ეშმაკია, ან სულელი, თუ ფიქრობს, რომ მის ანკესს წამოვეგები და დავიჯერებ, რომ ჩემი პროფესიონალიზმითაა მოხიბლული“, – გაიფიქრა თემომ, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი დაუქნია.
– რამე ვერსია გაქვთ? – ახვლედიანმა ადროვა, სანამ მდივანი ყავით სავსე ფინჯანსა და ხაჭაპურებს პატარა მაგიდაზე დააწყობდა და გავიდოდა, – გამოიკვეთა ვერსია? ვინ შეიძლება იყოს მკვლელი?
– ჯერ რამის თქმა ძნელია, კონკრეტული და ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს. ვიცით მკვლელობის სავარაუდო დრო, იარაღი და ზოგადი დეტალები. კიდევ ის, რომ მკვლელი ბარის კლიენტებს შორის იყო. თუმცა, ვერც ამაში ვიქნებით დარწმუნებული. ჯერ მხოლოდ ვარაუდები გვაქვს.
– როგორც ყოველთვის... – ჩაილაპარაკა ახვლედიანმა და ყავა მოსვა, – რაღაცას მაინც არ მეუბნები.
თემო უკვე დარწმუნდა საკუთარ ეჭვში. მიხვდა, რამაც „დაატკბო“ დილაუთენია მისი შეფი და გაღიზიანდა:
– პირდაპირ მითხარით, რა გაინტერესებთ და არც ეს საუზმე იყო საჭირო ჩემს „გამოსატეხად“.
– გამოსატეხად? – გაიოცა ახვლედიანმა, – პაპავა, რა უცნაური ადამიანი ხარ. შენთან მეგობრულად საუბარი და სიახლოვე არც გამოდის და არც ამართლებს, მაშინვე თავდაცვაზე გადადიხარ, თითქოს ვინმე გესხმოდეს თავს.
თემომ ამოიოხრა:
– ბატონო გიორგი, დრო არ მაქვს, უნდა ვიმუშაო, რომ თქვენ იქ, „ზემოთ“, რაღაცა გქონდეთ სათქმელი. მალე, ალბათ, დაგირეკავენ და მოგთხოვენ, ანგარიში ჩააბაროთ. ასე რომ, მითხარით, რა ხდება.
– უკვე დამირეკეს. მოკლედ გეტყვი: იქ ბარში ერთი ადამიანი იყო. გავაგრძელო?
თემომ თავი გააქნია:
– საჭირო არ არის, ელჩის ქალიშვილს გულისხმობთ. გულახდილად გეტყვით, უკვე მძულს ეგ ოჯახი.
– არავინ გთხოვს, შეიყვარო, მაგრამ, პრობლემები არ უნდა შეექმნას.
– გააჩნია, პრობლემებში რა იგულისხმება. ბარის კლიენტებს შორის იყო, როცა მკვლელობა მოხდა. ჯერჯერობით ვერანაირ ბრალდებას ვერ წავუყენებთ.
ახვლედიანი გაფითრდა:
– მაგაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, საერთოდ დაივიწყეთ ეგ ადამიანი! გამოძიება გააგრძელეთ, ჩვეულებრივად იმუშავეთ, მაგრამ, იმ ქალს საერთოდ შეეშვით, ვითომ არ ყოფილა.
პაპავა რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა საკუთარ ხელებს ჩაშტერებული. ფიქრობდა, რა უნდა ეთქვა. ახვლედიანმა ამ პაუზით ისარგებლა და განაგრძო:
– პრინციპში, განსაკუთრებული არაფერი მოუთხოვიათ. გოგო უსიამოვნო ინციდენტს შემთხვევით შეესწრო. ამისთვის ხომ არ შევუქმნით დისკომფორტს? ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არც არის.
– ეგ არაფერს ნიშნავს, ბატონო გიორგი და ეს თქვენც კარგად იცით. სიტყვები საჭირო აღარ არის, ყველაფერი ისედაც გასაგებია. წერილობით ხომ ვერ მომცემდით მითითებებს?
ახვლედიანი დაიბნა:
– შენ რა, დამცინი?
– მე დაგცინით? როგორ გეკადრებათ, ბატონო გიორგი, პირიქით, პირიქით, თქვენ დამცინით. მისტიკური ამბავია და აუცილებლად გამიკვირდებოდა, ეს მე რომ არ მეხებოდეს. აღარ შემიძლია ასეთ პირობებში მუშაობა. სხვას დაავალეთ ეს საქმე და პრობლემაც მოიხსნება.
– ძალიან კარგად იცი, რომ სხვას ვერ გადავაბარებ. პრობლემას კი ასეთი ლაპარაკით მიქმნი. თანაც, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ, იმან, შესაძლოა, საერთოდ არაფერი იცოდეს მკვლელობის შესახებ. უბრალო დამთხვევას რატომ გამორიცხავ?
– არაფერს არ გამოვრიცხავ. გზაშიც არც კი ვიყავი დარწმუნებული, რომ ეგ ქალბატონი ნამდვილად იქ იყო, მაგრამ, თქვენ უკვე დამიდასტურეთ და ალბათობა აღარ არსებობს.
ახვლედიანმა თავზე იტაცა ხელები და ამოიოხრა:
– არ ვიცი, შეიძლება, მართალიც ხარ, მაგრამ, ჩემს მდგომარეობაშიც ხომ უნდა შეხვიდე? კარგი, წადი, იმუშავე. ოღონდ, საქმის კურსში უნდა ვიყო, ყველაფრის საქმის კურსში. მე კი არ უნდა გირეკავდე, შენ უნდა მომახსენო თუნდაც უმნიშვნელო წვრილმანი და, კიდევ: დაკითხვაზე არ მოიყვანო და, თუ საშუალება გექნება, საერთოდ თავი აარიდე.
თემომ ერთბაშად სიბრალული იგრძნო ახვლედიანის მიმართ.
– ვეცდები. შემიძლია, წავიდე?
ახვლედიანმა თავი დაუქნია და უჯრიდან სიგარეტი ამოიღო.
***
მარიკამ ზარის ღილაკს თითი დააჭირა და ქმრისკენ შემობრუნდა:
– ყველაფერი გაიგე?
– ჰო, რა თქმა უნდა, თუმცა, რამდენიმე კითხვა მაქვს.
– კითხვები მერე. ახლა შეეცადე, ჩემი მითითებები გაითვალისწინო და ხელი არ შემიშალო.
ნიკამ შუბლი შეიჭმუხნა:
– ეგეთ ტიპებს რომ ვერ ვიტან, არა უშავს?
– დაუმეგობრდიო, არავინ გთხოვს, მხოლოდ ერთი-ორი საათი აიტან როგორმე. ხომ დამპირდი?
– ჰო, აბა, რა... ცოტა წავიწუწუნე. ყურადღებას ნუ მომაქცევ, – გაუღიმა ბიჭმა.
– რაღაც, არავინ აღებს... – მოიღუშა მარიკა და ზარი კიდევ დარეკა. ამჯერად ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებიათ. სათვალთვალოში ჯერ ვიღაცის თვალმა გაიელვა, მერე კარიც შეაღეს სანახევროდ, რასაც შეკივლება მოჰყვა და კარიც ბოლომდე მოაფრიალეს.
– მარიკუნა, ჩემი საყვარელი მარიშკა! რა მაგარია! ნამდვილად არ გელოდი. გაგახსენდი, საყვარელო? ბოლოს როდის გნახე? თუმცა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, შემოდი, შემოდი, ეს რა სიმპათიური ახმახი მოგიყვანია?! ვაიმე, რა მხრები აქვს? მარიშ, სად მოჩხრიკე ეს სილამაზე?
მარიკამ მოასწრო, საქორწინო ბეჭედი შეუმჩნევლად მოიძრო თითიდან და ჯიბეში ჩაიტენა. ოთახში, რომელშიც შევიდნენ, ისეთი ქაოსი იყო, პირველი, რასაც ადამიანი იფიქრებდა, ის იყო, რომ აქ სერიოზული ჩხუბი მომხდარაო. ნივთები, ძირითადად ტანსაცმელი, უწესრიგოდ ეყარა იატაკზე, მაგიდა ჭუჭყიანი ჭურჭლითა და სიგარეტის ნამწვავებით იყო სავსე – ვიღაცას აშკარად არ შეუწუხებია თავი, საფერფლე მოეძებნა, თუმცა, იმაზე კი ეზრუნა, ერთადერთი ფანჯარა მჭიდროდ დაეგმანა სქელი ფარდებით...
ზეამ კეკლუცად დაახამხამა წამწამები და პერანგების გროვას ნაზად გადააბიჯა.
– ჰო. ვიფიქრე, ხომ არ გადადიან-მეთქი, – გაუცინა მარიკამ და ნიკას ანიშნა, შენ ხმა არ ამოიღო, დივანზე დაჯექი და დამელოდეო.
– რა საყვარელი ხარ?! კი, ბინა ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ, ამაზე უკეთესს ჯერ ვერ ვიქირავებ. თორემ, ხომ იცი, ყოველთვის ვოცნებობდი აუზიან სახლზე. არა უშავს, როდისმე აუცილებლად მექნება, – ზეამ მარიკას გაუღიმა და ნიკას ისე გახედა, ბიჭი ბრაზისგან წამოწითლდა.
– მარიშ, რატომ დამივიწყე, სიხარულო? რომ იცოდე, როგორ მინდოდა შენი ნახვა... მე ხომ შტერი ვარ და საშინლად მოუწესრიგებელი – შენი მობილურის ნომერი დავკარგე, სახლისაც აღარ მახსოვდა...
– ზე, ვის ელაპარაკები? – მოისმა გაღიზიანებული, უკმაყოფილო ხმა მეორე ოთახიდან.
– ეს ენცოა, ხომ იცი? ხომ გაგაცანი? – ზეა შესამჩნევად აფორიაქდა, მერე ხმას დაუწია და მარიკას ისე გადაულაპარაკა: – გოგო, ცოტა ცუდ გუნებაზეა. ამ ბოლო დროს, ცოტა არ გვიმართლებს და... მუდმივად რაღაც უსიამოვნებებში ვეხვევით, ეს კიდევ ჩხუბობს, ძალიან ნერვიულია.
– მერე, რატომ ცხოვრობ მასთან? – წამოსცდა ნიკას. ზეამ განცვიფრებით შეხედა ამ შეკითხვის ავტორს და გადაიკისკისა:
– ვაიმე... ცუდად ვარ... მარიკუნა, მითხარი, ვინ არის ეს ტიპი, თორემ, მოვკვდი ინტერესით. გაიგონე, რა მკითხა? მაშინ მასთან რატომ ცხოვრობო... მარიშ, შენ არ უთხარი, სად მოგყავდა?
– როგორ არა... – მარიკამ ქმარს თვალები დაუბრიალა, – ეს ძალიან საჭირო ადამიანია. გახსოვს, რომ მითხარი, ჩემი საქმე მინდა ავაწყოო... არ დამვიწყებია და სულ ვფიქრობდი, როგორ დაგხმარებოდი. ჰოდა, მოვიფიქრე. მოკლედ გეტყვი, ფული არის. თუ შენ ისევ გჭირდება და სხვა კომპანიონი არ მოძებნე, ეს კაცი თანახმაა, ფული ამ საქმეში ჩადოს. აბა, რას იტყვი?
ზეას თვალები გაუფართოვდა. მარიკამ გონზე მოსვლა არ აცადა:
– ხომ მაგარი ვარიანტია? სრული თავისუფლება გექნება. მთავარია, შენი საქმე აკეთო და ფინანსებზე არ იფიქრო. შენი სამკაულები ძალიან კარგია, ნახავ, რამდენი კლიენტი გეყოლება...
– მოიცა, მოიცა, ფულს რისთვის მომცემს?
– ვერ გაიგე? იმისთვის, რომ, რაც გჭირდება, ყველაფერი შეიძინო და პატარა მაღაზიაც გახსნა. მაგარია, არა?
ზეამ ხელები გაასავსავა:
– არ მჯერა. რა მოულოდნელად გამომეცხადე... მაგრამ, რა არის, იცი? – ზეამ ამოიოხრა, – ვაიმე, არც კი ვიცი, რა გითხრა.
– რა უნდა მითხრა? უნდა გაგიხარდეს. ძალიან უნდა გაგიხარდეს... – მარიკამ თვალი ჩაუკრა.
ზეა წამოხტა და ოთახში წინ და უკან სირბილს მოჰყვა, მერე ოთახის მილაგება დაიწყო, თუმცა, ვერც ამას მოაბა თავი. ისევ მიყარა ყველაფერი და ოთახიდან გავარდა. ნიკამ მომენტით ისარგებლა და ცოლს გაოცებით გადაულაპარაკა:
– მე მგონი, ნორმალური არ არის. ვერ ვხვდები, ეს ყველაფერი რაში გჭირდება?
– ნიკუშ, ხომ გითხარი, მერე აგიხსნი ყველაფერს-მეთქი. მუშაობას რატომ არ მაცდი? არც იმას დაგპირებივარ, რომ ნორმალურთან მიმყავდი. მაგრამ, თუ ეს დაგამშვიდებს, გეტყვი, რომ დიდად არც მე მეხალისება აქ ყოფნა.
– ჰო, კარგი, გავიგე, გავიგე... – ნიკა ცოტა ხნით გაჩუმდა, მაგრამ, მაინც ვერ მოითმინა. ვერ მოერია ცნობისმოყვარეობას, – მოიცა და... ისიც, მეორეც ამნაირია? და, საერთოდ, რა პონტში ცხოვრობენ ერთად?
– ნიკა, ნუ გადამრევ...
– მორჩა, ჩუმად ვარ... მაგრამ, არ მომწონს ეს ყველაფერი.
– ნიკა... – წამოენთო მარიკა. ამ დროს ოთახში ენცო შემოვიდა, უკან ზეა მოჰყვებოდა ღიმილით.
– მარიკას ხომ იცნობ? ჩემს მეგობარს...
ენცომ ცივად დაუკრა თავი და ნიკას მიაჩერდა:
– ეს? ესეც შენი მეგობარია? – მიუბრუნდა ზეას.
– ხომ გითხარი? წეღან ხომ გელაპარაკე? – მორიდებით უპასუხა ზეამ.
– მეც ხომ გელაპარაკე? რამდენჯერ გაგაფრთხილე, უცხოები სახლში არ მოიყვანო-მეთქი? მაგრამ შენ შენსას არ იშლი!
– მე უცხო არ ვარ, – დაბნეულ ზეას წამოეშველა მარიკა, – თანაც, კარგი ამბავი მოვუტანეთ.
– ჰო, ვიცი... მაგრამ, მე ისიც ვიცი, რომ ტყუილად არავინ არაფერს არ მოგცემს. დიდი ხანია, გავიზარდე, თანაც, ახლა ცუდ დროს მოხვედით – პრობლემა მაქვს და, რაც მალე წახვალთ, უკეთესია...
– ენცო... კი მაგრამ, მარიკა ჩემი დიდი ხნის მეგობარია...
– ჰოდა, დაელაპარაკე მაგ შენს მეგობარს და წავიდნენ, – ენცო ისევ ოთახში შებრუნდა და კარი მიიჯახუნა.
მარიკამ ზეას შეხედა:
– რა დაემართა? რა დავუშავეთ?
– ხომ გითხარი, რაღაც პრობლემა გვაქვს-მეთქი და ჩემზე ძალიან არის გაბრაზებული.
– მეტყვი, რა მოხდა? იმიტომ კი არა, რომ თქვენს ურთიერთობაში ვაპირებ ჩარევას, უბრალოდ, თუ რამე შემიძლია, დაგეხმარები.
ზეამ თვალები ისე დააცეცა, მარიკა მიხვდა, რომ მომენტი ხელიდან არ უნდა გაეშვა.
– ზე, ხომ მიცნობ? შენ მარტო მითხარი, რა გავაკეთო. თუ მეტყვი, ახლავე ავდგები და წავალ.
ზეა ყოყმანობდა. არც თავისი სტუმრები ეთმობოდა, არც ენცოსთან ჩხუბი შედიოდა მის ინტერესებში. მარიკამ „საკონტროლო გასროლა“ გააკეთა:
– მაშინ, წავალ. ჩემი ტელეფონის ნომერს მოგცემ და, როცა საშუალება გექნება, დამირეკე. ჩვენი შემოთავაზება ძალაშია, ასე რომ...
– მოიცადე. იცი, რა ვქნათ? სამზარეულოში გავიდეთ და იქ ყავა დავლიოთ. პრინციპში, შენი რჩევა მჭირდება... ჭკვიანი გოგო ხარ. სასარგებლოს მეტყვი და სწორ გზაზე დამაყენებ.
მარიკამ გამარჯვებულის იერით გადახედა ნიკას...
***
– ყველაზე ჭკვიანი დამნაშავეც უშვებს შეცდომას და არ არსებობს იდეალური დანაშაული... მოისმა გაღებული კარიდან.
თემომ თავი ასწია და ამ სიტყვების ავტორს შეხედა.
– ვიცოდი, რომ შენ იქნებოდი. ამდენ ხანს სად იყავი? მარიკაც არ ჩანს. რომელ საათზე იწყებთ მუშაობას?
დევი მაგიდას მიუჯდა:
– მარიკა არ ვიცი, მაგრამ, მე პროზექტურასა და ლაბორატორიას შორის დავრბოდი, ანუ, ვმუშაობდი.
თემომ ამოიოხრა:
– ნერვებს ვეღარ ვაკონტროლებ. ჰო, ვიცი, ზოგჯერ ძალიან აუტანელი ვარ.
– არ გინდა ახსნა, უცხო ხომ არ ვარ. ისედაც მესმის – „დაგამუშავა“ ახვლედიანმა?
თემომ ხმადაბლა შეიგინა.
– ასეც ვიცოდი, – მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა დევიმ და მაგიდის ზედაპირზე თითები აათამაშა, – ანუ, ის იყო, ვისზეც ვიფიქრეთ?
– უკვე მოუხსენებიათ ახვლედიანისთვის და ხელშეუხებლობის გარანტიაც მოუთხოვიათ.
– მერე?
– რა, მერე?! შენი აზრით, როგორ გუნებაზე ვიქნები?
დევიმ მხრები აიჩეჩა:
– გააჩნია, ბოლო სიტყვა ვის დარჩა და, საერთოდ, ასე რატომ ნერვიულობ? ამჯერად, მისი საქმრო არ მოუკლავთ, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს.
– დევი, შენ არავინ გიშლის ხელს მუშაობაში, ამიტომ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. მე კი ლამის გულზე გავსკდე.
დევიმ სკამი ააყირავა და უკანა ფეხებზე შეაყენა:
– მდაა... სულელები არიან. საერთოდ არ ამოეღოთ ხმა, ჩვენ ხომ უბრალოდ ვეჭვობდით, რომ ის იყო. ახლა კი მათ ეს ეჭვი დაგვიდასტურეს.
– მაგრამ ახლა, ეს ჩემს მდგომარეობას საერთოდ არ შველის. ახვლედიანიც მიხვდა, მეტისმეტი რომ მოუვიდა და შევეცოდე... სკამი ნორმალურად დადგი, ნერვებზე თამაშობ.
– ჰო, ახვლედიანს რადგან შეეცოდე, ნერვები აშკარად ცუდ დღეში გაქვს.
– ასეა, მოწყალებაც კი გაიღო და მუშაობის უფლება მომცა, ოღონდ, ერთი პირობით, არ უნდა დავკითხო.
– რა, აპირებდი?
– დევი, არ გინდა, რა! ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდე.
– რომელი სიტუაციიდან? ისეთი გვამი გვიდევს წინ, ეს ამბავი მარტივად არ გამოვა. ახლა არ ვხუმრობ. როგორ გინდა, მკვლელი იპოვო?
თემომ თავი ასწია და ექსპერტს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. დევიმ თავი დაუქნია:
– ამჯერად ვერ ვიტყვით, რომ მკვლელი ვინმემ დაიქირავა. ეს სულ სხვა შემთხვევაა და, მე ვიტყოდი... – დევი გაჩუმდა და სიგარეტს მოუკიდა. თემოს მოთმინება არ ეყო:
– მითხარი, რაღას გაჩერდი? ჩემს ნერვებს კიდევ ეს უნდა? ჩქარა, თქვი, რა...
– ჰო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შურისძიებას ჰგავს. ყოველ შემთხვევაში, მსხვერპლი საერთოდ არ ელოდებოდა ასეთ აღსასრულს. მკვლელობის სრული სურათის წარმოდგენა შემიძლია.
თემომაც მოუკიდა სიგარეტს და ექსპერტს თავით ანიშნა:
– მიდი!
– შენ თვითონაც ხომ ხვდები, როგორ იქნებოდა: მსხვერპლი მკვლელთან ერთად გავიდა ტუალეტში და სიამოვნებას მიეცა... – შენც შეგიძლია ეს წარმოიდგინო.
– განაგრძე...
– ჰოდა, რას ვამბობდი? – ა, ჰო! ტუალეტში ერთად გავიდნენ, რადგან, ჯერ მსხვერპლი რომ შესულიყო და მერე მკვლელი შეჰყოლოდა, იქ ჯერ სიტუაციაში გარკვევას დაიწყებდნენ და დრო ტყუილად დაიკარგებოდა. მოგეხსენება, ტუალეტი ის ადგილი არ არის, სადაც დიდხანს გაცდიან განმარტოებას, მით უფრო, რომ ბარში საკმარისზე მეტი ადამიანი იყო, მომსახურე პერსონალის ტუალეტი კი – დაკეტილი...
– მერე რა. ეგ არგუმენტი არ არის. მკვლელს საიდან უნდა სცოდნოდა, დაკეტილი იყო მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ტუალეტი თუ არა? ამაში ვერ დაგეთანხმები. ვერც იმ ვერსიას მივიღებ გადაუმოწმებლად, რომ მკვლელი და მსხვერპლი ერთად შევიდნენ. მკვლელს შეეძლო, იქ დალოდებოდა.
– შეეძლო, მაგრამ, თუ მკვლელი ქალია, ეს მისთვის საკმაოდ უხერხული იქნებოდა, ანუ, თუ იმ ვერსიას მივიღებთ, რომ მკვლელი მსხვერპლს დანაშაულის ადგილას დახვდა, მაშინ უნდა ვეძებოთ კაცი – გადახრებითა და ტანსაცმელზე სპერმის ნაკვალევით.
– ჰმ, ძალიან გამიიოლე საქმე.
– რა გიყო! პენისზე პომადის კვალი რომ აღმომეჩინა, მაშინ უკვე დასაბუთებულად გეტყოდი, მკვლელი ქალია-მეთქი, მაგრამ, მსგავსი არაფერი ყოფილა, ორალური სექსი კი ორივე სქესს კარგად გამოსდის, მონდომებისდა მიხედვით.
– ზოგჯერ ძალიან აუტანელი ხარ...
– რატომ? შენ როგორც გინდა, ისე დაამუშავე ეს ვერსია, რეალობა ერთია.
– მოიცა, როცა შემოხვედი, ამბობდი იდეალური დანაშაული არ არსებობს, ყველაზე ჭკვიანი დამნაშავეც კი ტოვებს სამხილსო.
– ეგ შენც კარგად იცი, მე მხოლოდ შეგახსენე.
– კიდევ რა გაქვს ჩემთვის?
– მსხვერპლი სრულ ნეტარებაში იყო. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ის თავდასხმას არ ელოდა. მისი სახის გამომეტყველება, მოდუნებული კუნთები... – ერთი სიტყვით, დასკვნას თუ წაიკითხავ, იქ ყველაფერი წერია.
– დასკვნა ახვლედიანს დაუდე მაგიდაზე, კიდევ მითხარი, რა ნახე.
– ჯანმრთელი მამაკაცია, საკმაოდ ახალგაზრდა და, ალბათ, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, გენიტალიების შთამბეჭდავი ფორმებისა და აგებულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. სპორტსმენი იყო, სავარაუდოდ.
– ჰო, სპორტსმენი იყო, თუმცა, ყოფილი. ეგ უკვე ვიცით. ადრე ჭიდაობდა, მაგრამ, მსაჯს სცემა და დიდი ხნით მისცეს დისკვალიფიკაცია. მერე საერთოდ შეეშვა ამ საქმეს. ჯერჯერობით არც მისი ოჯახის წევრებს შევხვედრივარ და არც საახლობლო წრეს. ხომ იცი ჩემი ხასიათი – ჯერ ცნობისმოყვარეების ჩარევის გარეშე უნდა გავარკვიო პიროვნების პორტრეტი და, შეძლებისდაგვარად, დანაშაულის სურათიც აღვადგინო.
– მგონი, ის შემთხვევით აღმოჩნდა დანაშაულის ადგილას.
– შემთხვევით არაფერი ხდება... ან, თითქმის არაფერი ხდება. „იმას“ ორი ისეთი ადამიანი ახლდა, განსაკუთრებით რომ უნდა მიიპყროს ჩვენი ყურადღება.
– მაშინ, შენც იმათგან დაიწყე.
– დავიწყე კიდეც და მარიკა გავგზავნე. ახლა კი მინდა, რომ შენც გაიხსენო სერგი ბერაძის მკვლელობასთან დაკავშირებული ერთი დეტალი.
– კი ბატონო... – ხელები გაშალა დევიმ, – მკითხე.
– შენ მაშინ გითხარი, რომ ამ ბერაძეს, შეიძლება, მამაკაცებთანაც ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა და მაშინაც ვიყავით იმ ალბათობის წინაშე, რომ, შეიძლებოდა, მკვლელი მამაკაცი ყოფილიყო, ოღონდ, სექსუალური მოტივით.
დევიმ სიგარეტი საფერფლეს დაასრისა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია:
– ჰო. თუმცა, მოტივი შეიცვალა და შურისძიება დარჩა. მკვლელი კი ციხეშია.
– რომლის ბრალეულობაშიც დღესაც არ ვარ დარწმუნებული, – შეახსენა თემომ.
– სასამართლო სხვა აზრის იყო, – დევის ეს სიტყვები ნიშნისმოგებით არ უთქვამს, მაგრამ, თემო ისე იყო გაღიზიანებული, ერთბაშად ვეღარ მოზომა და ექსპერტს მთელი ხმით უყვირა:
– შენ აქ ჩემს დასახმარებლად ხარ მოსული თუ ნერვების მოსაშლელად? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ახვლედიანის უკეთესად გესმის. თუ ჩემთან მუშაობა არ გინდა, პრობლემა არ არის, დღესვე მოვითხოვ ექსპერტს.
დევის ერთი სიტყვითაც არ გამოუთქვამს თავისი უკმაყოფილება. ადგა, ოთახიდან გავიდა და რამდენიმე წუთის შემდეგ, ორი ფინჯანი ყავით დაბრუნდა.
– გადაგიარა? არა უშავს, არ მწყინს. შენს ადგილას მეც გადავირეოდი. მაგრამ, შენ ხომ გაქვს ხოლმე ინტუიცია. ახლა მეც მაქვს რაღაც მაგდაგვარი და ვგრძნობ, მკვლელს იმაზე მალე დავაკავებთ, ვიდრე წარმოგვიდგენია.
– ზღაპარს მიყვები? ჯერ მოტივიც არ გამოკვეთილა.
– მოტივი? სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა.
– ანუ, საქმე სექსუალურ მანიაკთან გვაქვს?
– ვფიქრობ, რომ არა.
– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მსხვერპლი მკვლელს არ იცნობდა?
– თავისუფლად. ყოველ შემთხვევაში, არანაირად არ ელოდა, რომ ყველაზე სასიამოვნო მომენტში იმქვეყნად გაისტუმრებდნენ. მხოლოდ მას მერე იგრძნო შიში, როცა მკვლელმა პირველი დარტყმა მიაყენა, ისიც, მაშინ, როცა საკუთარი სისხლი დაინახა. ტკივილს ვერ იგრძნობდა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სიამოვნების პიკზე იყო. ესეც წერია დასკვნაში.
– მოეშვი-მეთქი მაგ დასკვნას! – ანერვიულდა თემო, – ეს მარიკა რატომღა აგვიანებს? დაურეკე და ჰკითხე, სად არის.
დევიმ მობილური აიღო, მაგრამ, სანამ ნომერს აკრეფდა, გამომძიებელს მაინც ჰკითხა:
– დარწმუნებული ხარ, რომ დარეკვა აუცილებელია? მარიკა უჭკუო გოგო არ არის. რადგან არ რეკავს, ესე იგი, ჯერ ისევ იქ არის.
– მართალი ხარ. ახვლედიანთან ხომ არ შეხვიდოდი?
– კი ბატონო, არ არის პრობლემა. დასკვნას შევუტან და დაველაპარაკები. მაგრამ, ჯერ საინფორმაციო გამოშვებას ვუყუროთ. ვახო მთელი ღამე იგერიებდა ჟურნალისტებს. არ გაინტერესებს, რას იტყვიან?
– ახალს ვერაფერს. დილის გამოშვებას უკვე ვუყურე. მეც ძლივს მოვიშორე თავიდან ეგენი თავიანთი მიკროფონებით – კომენტარს მთხოვდნენ.
– მაინც ვუყურებ. ახვლედიანი სად გამექცევა? – დევიმ ტელევიზორი ჩართო თუ არა, თითქმის იმავე წუთს, კაბინეტის კარი გაიღო და ოთახში მდივანმა შემოიხედა. დაბნეული, თითქოს დამფრთხალი სახე ჰქონდა:
– ბატონო თემო, ქვემოდან დამირეკეს, თქვენს ნახვას ითხოვენ.
– ვინ?
– კარგად ვერ გავიგე, მგონი, წუხანდელ მკვლელობასთან დაკავშირებით. ვიღაც ახალგაზრდა ქალია, გოგონა...
თემომ დევის შეხედა:
– აი, შენ საინფორმაციო გამოშვება. დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტია. არაფერი მაქვს სათქმელი. ან გამოუშვან, ან ჩადი და შენ დაელაპარაკე.
– მე? ახვლედიანი ჩავიდეს.
– დევი, გეყოფა! ახვლედიანის ჟურნალისტთან მიშვება იქნება? ჯერ ერთი, ეგ რომ ახვლედიანს ვუთხრათ, გადაირევა.
– ბატონო თემო, დავრეკავ და გავარკვევ, ვინ არის, – შესთავაზა მდივანმა, – ვიკითხავ, ჟურნალისტია თუ არა.
– დაცვასთან გაარკვიე და მაშინვე მითხარი.
მდივანმა კარი გაიხურა.
– იქნებ, ჟურნალისტი არ არის და ბარის რომელიმე თანამშრომელია? – თქვა უცებ დევიმ, – მე ჩავალ.
***
თემომ სიგარეტი აიღო და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. დევი მალე არ დაბრუნებულა, ან, პაპავას მოეჩვენა, რომ დრო უსასრულოდ გაიწელა...
გოგონა ძალიან შეშინებული ჩანდა, მაგრამ, ექსპერტს რომ შეხედა, მიხვდა, რომ რაღაც ძალიან სერიოზული მოხდა და ახალი ამბის მოლოდინში, თითები აუთრთოლდა.
***
მარიკამ ქურთუკი შეიკრა და ნიკას მკლავზე ჩამოეკიდა:
– ესეც ასე! ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა. ადამიანს თუ მეგობრულად მიუდგები, ყველაფერს ათქმევინებ.
– ეგ იმას ნიშნავს, რომ უნდა მოატყუო. შენ ახლა ის საცოდავი მოატყუე.
– და, შენ ეს ამბავი ძალიან გაწუხებს? ვერ დავიჯერებ, – გადაიკისკისა მარიკამ.
– მე ის მაწუხებს, რომ მატყუარა ცოლი მყავს, – ყასიდად ამოიოხრა ნიკამ, – ეგეთები კი, ზოგადად, არ მეცოდებიან.
– რატომ? მე კი, პირიქით, ძალიანაც მებრალება. იცი, როგორი კარგი და წესიერი ბიჭი იყო? ცოტათი უცნაურია, მაგრამ, ძალიან კეთილი და მეგობრული.
– იმდენად კეთილი და მეგობრული, რომ... მაგრამ, ჯობია, აღარ გავაგრძელო... ჩაჯექი მანქანაში, ჯერ შენ მიგიყვან და მერე ვარჯიშზე წავალ. საქმეს რომ მორჩები, დამირეკე და მოგაკითხავ.
– ეგ, შეიძლება, ძალიან გვიან მოხდეს და თვითონ მომიყვანონ.
– არა, არა, ჩემი ცოლის მძღოლი მე უნდა ვიყო. საქმე მაინც არაფერი მაქვს.
– დედაშენი როდის ჩამოდის? – დამარცვლით, თითქმის ჩურჩულით იკითხა მარიკამ.
– მგონი, დღეს, ყოველ შემთხვევაში, გუშინ რომ დამირეკა, ასე მითხრა. შენ რა, ხომ არ გეშინია? ნუ ნერვიულობ, საყვარელო... აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება...
მარიკამ ამოიოხრა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში