როგორ გარიგდნენ მუნიციპალიტეტები სამშენებლო კომპანიებთან და ვინ მოითბო ხელი დევნილთათვის გამოყოფილ დახმარებაზე
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჯერ კიდევ გასულ წელს დაჰპირდა საზოგადოებას, რომ ხელს მოჰკიდებდა საქართველოში შემოსული უცხოური დახმარებების ხარჯვის მონიტორინგს, ოღონდ ეს ომამდე იყო. ომის შემდეგ ეს საკითხი, ბუნებრივია, განსაკუთრებით აქტუალური გახდა (ოღონდ ოდნავ განსხვავებული კუთხით): დევნილთა დახმარების მიზნით თანხები გამოჰყვეს არა მხოლოდ უცხოურმა ორგანიზაციებმა, არამედ საქართველოს ბიუჯეტმაც (თანხა, საბოლო ჯამში, 190 მილიონ ლარსა და 60 მილიონ ევროს შეადგენს). კერძოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 269 ობიექტზე გამოაცხადა ტენდერი (შესრულებული სამუშაოები 84 441 020 ლარი დაჯდა), 1 263 ობიექტზე კი დაიდო 16 ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით (რაც 36 694 800 ლარი დაჯდა); 16-მა ადგილობრივმა თვითმმართველობამ 147 810 950 ლარი აითვისა (კერძოდ, თეთრი წყარომ – 5 406 000, მარნეულმა – 3 660 750, გარდაბანმა – 1 683 000, ბოლნისმა – 325 000, ხაშურმა – 2 602 700, ქარელმა – 5 859 400, ონმა – 1 541 000, გორმა – 22 881 000, მცხეთამ – 96 775 000, დუშეთმა – 1 752 500, სენაკმა – 750 000, კასპმა – 100 000, საგარეჯომ – 362 000, თელავმა – 489 400, ლაგოდეხმა – 623 200, ქუთაისმა – 3 მილიონი ლარი), საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კი, სულ რაღაც, 2 მილიონი ლარი. მეორე მხრივ, პრეზიდენტის მიერ დევნილთა დასახლებების გახსნა ომის შემდგომი საქართველოს ლამის სავიზიტო ბარათად იქცა, მაგრამ, როგორც ირკვევა, დევნილთა დახმარებაზე ვიღაც-ვიღაცეებმა ხელიც მოითბეს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უკვე გამოაქვეყნა წინასწარი ანგარიში დევნილთათვის სახლების მშენებლობასა და სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობისა და კანონიერების შესახებ. ამ თემაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია გვესაუბრება.
– რა პერიოდს მოიცავს თქვენ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ანგარიში?
– ჩვენ მთლიანად გვინდა, შევისწავლოთ დევნილთათვის სახლების მშენებლობისა და სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის გაწეული თანხების ხარჯვის კანონიერება. კერძოდ, ჩვენ ვსწავლობთ იმ თანხების ხარჯვას, რომლებიც ბიუჯეტის გავლით იხარჯება. ეს საკმაოდ დიდი მოცულობის მასალაა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ პირველადი ანგარიშის გამოქვეყნება, იმიტომ რომ უკვე გამოვლინდა სერიოზული დარღვევები, რაზეც აუცილებელია რეაგირება. ჩვენ შევისწავლით იმ თანხების ხარჯვის კანონიერებას, რომლებიც ბიუჯეტის გავლით იხარჯება. საქართველოს მთავრობის 2008 წლის სექტემბრის განკარგულებით, 170 მილიონზე მეტი გამოიყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის და მუნიციპალური განვითარების ფონდისა დევნილთათვის სახლების მშენებლობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. თუმცა ეს არ არის სრული თანხა, არის სხვა განკარგულებებიც და მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით 190 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი თანხა გამოიყო. ეს თანხები გადანაწილდა 16 მუნიციპალიტეტსა და მუნიციპალური განვითარების ფონდში. როდესაც საქართველოს მთავრობამ გამოყო თანხა სახლების ასაშენებლად, მან მიუთითა შესყიდვის ფორმაც, ანუ ეს უზარმაზარი თანხა უნდა გახარჯულიყო ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში ტარდება ტენდერები, რაც უფრო გამჭვირვალე და საჯარო პროცესია და დარღვევების გამოვლენაც შედარებით უფრო ადვილია. არ ვიტყვით, რომ ყველგან ცუდადაა საქმე, მაგრამ რიგ შემთხვევებში ისეთი ტიპის დარღვევებია, რომლებზე რეაგირება აუცილებელია. ჩვენს პირველად ანგარიშში მოცემულია 20 ტენდერის მონაცემი, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ 20 ტენდერი შევისწავლეთ. სანამ უშუალოდ ტენდერებზე ვისაუბრებ, ხაზი უნდა გავუსვა, რომ მუნიციპალიტეტებიდან ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთული იყო. სრულიად დახურული აღმოჩნდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო: საერთოდ არ იძლევა არანაირ ინფორმაციას. ამიტომაც ამ უწყებასთან ვაწარმოებთ ერთ სახელმწიფო დავასა და ერთ ადმინისტრაციულ საჩივარს. ჩვენ მიერ შესწავლილ ტენდერებში გამოიკვეთა ასეთი ტენდენცია: ტენდერში გამარჯვების ძირითადი პირობაა მინიმალური თანხის წარმოდგენა და ხშირ შემთხვევაში, მართლაც, იმარჯვებს მინიმალური თანხის წარმომდგენი, მაგრამ შემდეგ ხელშეკრულებაში შედის ცვლილება და ფასი 50 პროცენტით იწევს, ანუ, ფაქტობრივად, უტოლდება ახალ შესყიდვას, მაშინ, როდესაც შეიძლება, ტენდერში მონაწილეობას იღებდა უფრო დაბალი ფასის წარმომდგენი. არის შემთხვევები, რომ ხელშეკრულების ფასი იზრდება, სამუშაოები კი იკლებს.
– თუ შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითების დასახელება?
– მაგალითად, მცხეთაში წარმოდგენილია დაუგეგმაობის კლასიკური მაგალითი: ჩატარდა ტენდერი, გამოვლინდა გამარჯვებული და იმავე თუ მეორე დღეს მცხეთის მუნიციპალიტეტში მიდის წერილი, რომ სამუშაოები უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ის კონკრეტული შენობა, რომელზეც ტენდერი ჩატარდა, კერძო საკუთრებაა, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით გადაეცა ამა და ამ პირს საკუთრებაში. ტენდერში გამარჯვების ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ უნდა წარმოედგინათ სამი წლის განმავლობაში 9-მილიონის შესრულებული სამუშაოები. მაგალითად, ერთი წარმომდგენი დისკვალიფიცირდა იმის გამო, რომ არ ჰქონდა 9-მილიონიანი ბრუნვა, მაგრამ საბუთებიდან ჩანს, რომ არათუ 9, 21-მილიონიანი ბრუნვა აქვს. გვაქვს ამის საპირისპირო შემთხვევაც, როდესაც კონკრეტული შპს არ აკმაყოფილებს ამ 9-მილიონიანი ბრუნვის მოთხოვნას, მაგრამ მაინც იმარჯვებს ტენდერში. ამ ტიპის დარღვევებმა ცალსახად აჩვენა, რომ პირველადი ანგარიშის გამოქვეყნება აუცილებელი იყო, რადგან ჩვენი მიზანია, გამოსწორდეს ვითარება და ის ვერ გამოსწორდება, თუ არ დადგა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. რაც შეეხება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელებულ სამუშაოებს.
– განვუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს ერთ პირთან მოლაპარაკება?
– როდესაც სახელმწიფო ორგანიზაციას შეუძლია, საკუთარი სურვილისამებრ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გააფორმოს კონტრაქტი, თუმცა ხელშეკრულება გარკვეულ ჩარჩოებში მაინც უნდა თავსდებოდეს. ჩვენ მიერ შესწავლილმა მასალებმა აჩვენა, რომ საჯარო დაწესებულებებს, ნაცვლად იმისა, რომ ნაკლები თანხა გადაეხადა, როდესაც ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა და ცვლილებები შესულიყო პირველად გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ახალი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ეს არ არის კანონის დარღვევა, მაგრამ ამდენი თანხის დახარჯვა არაგონივრულია საჯარო დაწესებულებების მხრიდან. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებაში არ წერია ფასი.
– ანუ ისე აფორმებენ ხელშეკრულებას, რომ არ იციან, რა დაჯდება ესა თუ ის სამუშაო?
– ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია ხარჯთაღრიცხვა, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ხარჯთაღრიცხვას არ აქვს თარიღი, არ ვიცით, როდის შესრულდა ესა თუ ის სამუშაო. ამდენად, შემოწმების ერთადერთი საშუალებაა, მივიდეთ და ვნახოთ, არის თუ არა ეს სამუშაოები შესრულებული. როდესაც ამ ეტაპს მივადექით, აღმოჩნდა, რომ გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები და ყველა კმაყოფილია. გადავწყვიტეთ, დაგვეთვალიერებინა ამ მუნიციპალიტეტების მიერ შესრულებული სამუშაოები. სოფელ შაუმიანში, მარნეულის რაიონში, რეაბილიტირებულ იქნა 7 საცხოვრებელი კორპუსი და ამ შენობების დათვალიერებისას ცალსახად ჩანს, რომ სამუშაოები ისე არ არის შესრულებული, როგორც ეს ხელშეკრულებაში ჩანს. მაგალითად, ნომერ პირველ შენობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საკანალიზაციო სისტემის გაყვანა, არადა კანალიზაცია ყველა სართულზე ჟონავს, კედლებში სოკოა გაჩენილი. ფაქტობრივად, დაუმონტაჟებელია პირსაბანი ნიჟარები. კედლები არ არის შელესილი, პირდაპირაა შეღებილი, შეკიდული ჭერი ჩამოცვენილია და ეს ხდება სამუშაოების შესრულებიდან ერთი წლის თავზე. გვაქვს დამადასტურებელი ფოტომასალაც. ასევე, ვიყავით ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურში, სადაც გზა, ფაქტობრივად, არ არის. ფოლადაურში გარემონტდა 9 კოტეჯი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 45 000 ლარის სამუშაოების ჩატარება, მაგრამ მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 49 000 ლარი. იმ კოტეჯებში არავინ ცხოვრობს. უბრალოდ გარედანაა შეღებილი. ერთ შენობაში უკვე წყალი ჩამოვიდა და ჭერი ჩამოინგრა. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სახელმწიფომ არაეფექტური და არამიზნობრივი ხარჯი გასწია. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა გორში, კომბინატის დასახლებაში, სადაც, საბუთებით, ასევე, ყველა სამუშაოა შესრულებული, მაგრამ, რეალურად, ოთხ სართულზე წყალი ჟონავს და საშინელი ანტისანიტარიაა. აქვთ საერთო საპირფარეშოები და სამზარეულოები. სამზარეულოს ვერ იყენებენ, საპირფარეშოებში კი იძულებით შედიან, თორემ იქ წყალი დგას. საერთოდ, ყველა სართულზე წყალი დგას, იმიტომ რომ კანალიზაცია ჟონავს. რაც შეეხება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახლების მშენებლობას ხურვალეთში, შავშვებსა და ბერბუქში: ხელშეკრულება ითვალისწინებდა ყველა სახლთან საქონლის სადგომების მშენებლობას, მაგრამ სადგომი არც ერთ სახლს არ აქვს.
– საბუთებით საქონლის სადგომები არის?
– საბუთებში არის და თანხაც სრულადაა გადარიცხული. როდესაც დავსვით შეკითხვა, გვიპასუხეს, იქ სხვა ხარჯები გაიწიაო, მაგრამ ვერ ადასტურებენ, რომ ეს ხარჯი აუცილებელი იყო, იმიტომ რომ ხელშეკრულებაში ეს ცვლილება არ შესულა.
– წეროვანის დასახლების აშენება რა დაჯდა?
– ეს თანხა დაიხარჯა მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ, მათ არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, მაგრამ დავა გვაქვს და ველოდებით.
– რომელი სამშენებლო კომპანიები იღებენ ამ პროცესში მონაწილეობას და, როგორც თქვენი წინასწარი ანგარიშიდან ჩანს, საკმაოდ გულგრილად მოეკიდნენ დევნილების პრობლემას?
– ძალიან ბევრია: „ნიუ ენერჯი“, „ბლოკ ჯორჯია“, „ოპიზარი“, „პასატი“, „არქსტუდია“, „პერისტილი“, „ნოლა“, „ნოვა“... საბოლოოდ, როდესაც ყველა ხელშეკრულებას შევისწავლით, ჩვენ გავაკეთებთ სიას, თუმცა ამთავითვე შეიძლება, ითქვას, რომ „ნიუ ენერჯი“ ყველაზე დიდი შემსრულებელია.
– ამბობთ, რომ ტენდენცია უკვე გამოიკვეთაო. როგორია ეს ტენდენცია, რა სქემით მოითბეს ხელი დევნილებზე სახელმწიფო მოხელეებმა და სამშენებლო კომპანიებმა?
– სამუშაოები ძალიან სწრაფად შესრულდა, რაც არაგონივრული იყო, რაც მთავარია, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხდებოდა კორუფციული გარიგებები.
– „ატკატები“?
– ასე შეიძლება, ითქვას: ძალიან ბევრი ფული გაიფლანგა ისე, რომ შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ იმაზე, თუ სად წავიდა ეს ფული.
– პასუხი ვინ უნდა აგოს?
– ყველა სუბიექტმა, რომლებსაც ამ მიზნით ფული გამოუყვეს. ძირითადი დამფინანსებელია მუნიციპალური განვითარების ფონდი; ასევე, 16 მუნიციპალიტეტი, რომლებმაც ფული მიიღეს და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
– როგორ გამოეხმაურნენ დევნილთა თანხების გაფლანგვაში შემჩნეულები თქვენს წინასწარ ანგარიშს?
– მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოითხოვა ჩვენი ანგარიში და გვითხრა, რომ პასუხს საჯაროდ გაგვცემდა. მასალები მივაწოდეთ, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ გაუციათ.
– პრეზენტაციას ესწრებოდნენ უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. წყალი არ გაუვა, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ, ვინ გამდიდრდა ქვეყნის უბედურებაზე, მაგრამ, როდესაც უცხოელებიც გაიგებენ, რომ საკუთარ თავს ვქურდავთ, ეს ხომ არ ნიშნავს იმასაც, რომ დახმარებას შეგვიჩერებენ?
– თუ თანხები არამიზნობრივად იხარჯება, აღარ დაგვეხმარებიან. მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ უცხოურმა ორგანიზაციებმა ხელი შეგვიწყონ და მოახდინონ პოზიტიური ზეწოლა, რომ სამუშაოები მიზნობრივად შესრულდეს.
– ნორმალურ ქვეყანაში, კანონით, როდესაც ამ სახის მასალები ქვეყნდება, რა სამართლებრივი გაგრძელება უნდა მოჰყვეს ამას ძალოვანების მხრიდან?
– ოთხი მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ერთ შემთხვევაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. პროკურატურას შეუძლია, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ძიება დაიწყოს. ჩვენ, როდესაც დავამთავრებთ ჩვენს მონიტორინგს, თუ აღმოვაჩენთ დანაშაულის ნიშნებს, მივმართავთ პროკურატურას და მოვითხოვთ გამოძიებას.