გახდება თუ არა ხუთი ძმა რევაზაშვილის ისტორია მსოფლიო კალათბურთის სენსაცია
ქართულ კალათბურთს ახალი თაობის სახით ძმები რევაზაშვილები ემატებიან. გორის რაიონის სოფელ ზერტში გაზრდილმა ძმებმა კალათბურთის თამაში ბავშვობაში დაიწყეს. უფროსი ძმები, 20 წლის გიორგი, 19 წლის ლევანი და 14 წლის მაიზერი, სპორტული კლუბის – „მაკაბის” წევრები არიან, უმცროსი ძმები – ნიკა და ჯაბა კი თავიანთ სპორტულ მონაცემებს ჯერ სოფელ ზერტში, ძმების მიერ მოწყობილ ფართან ცდიან. თუმცა, როგორც კალათბურთის სპეციალისტები აცხადებენ, ძმები მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში უპრეცედენტო რეკორდს დაამყარებენ – რამდენიმე წელიწადში კალათბურთის მოედანზე ერთად დადგება ხუთი ძმა, რომლებიც, გინესის საორგანიზაციო კომიტეტის მონაცემებით, საშუალო სიმაღლის სტანდარტებით, გინესის რეკორდსმენებს შორის შეიძლება მოხვდნენ.
– ბიჭებო, მოგვიყევით თქვენზე, როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება კალათბურთს?
გიორგი: ჩვენ გორის რაიონის სოფელ ზერტში გავიზარდეთ. გვარში კალათბურთელი არავინ გვყოლია, მამაჩემიც მაღალი კაცია, მაგრამ კალათბურთის არაფერი გაეგებოდა. ჩვეულებრივი, სოფლის ცხოვრება ჰქონდა. ოჯახში ბევრნი ვართ – ხუთი ძმა და ერთი და. ისე ვცხოვრობდით სოფელში, როგორც ყველა ჩვენი ტოლი ბიჭი: თან მამას ვეხმარებოდით საქმეებში, თან ვსწავლობდით. როცა პატარა ვიყავი, ფეხბურთელობა მინდოდა და ვთამაშობდი კიდეც ფეხბურთს, მაგრამ, მერე, ჩემი სიმაღლის გამო, კალთბურთის თამაში მირჩიეს. მაშინ მე კალთბურთის მიმართ ისეთი სიყვარული არ მქონდა, როგორიც ახლა მაქვს. თავიდან ვარჯიში დავიწყე გორში, მაგრამ მერე თბილისში გადმომიყვანეს. აგვისტოს ომის დროს ჩვენი სოფელი თითქმის ოკუპირებული იყო რუსების მიერ და მე ჩემს ნათესავებთან ერთად მცხეთაში ვიყავი. ერთ დღეს იქ მე, ლევანი და მაიზერი ერთად ვთამაშობდით კალათბურთს. ძმებმა შერმადინებმა დაგვინახეს და ჯამლეტ ხუხაშვილისთვის უთქვამთ, მაღალი ბიჭები ვნახეთ, ძმები არიანო. ბატონ ჯამლეტს უთქვამს, სასწრაფოდ მოიყვანეთ და ვნახოთო, ასე მოვხვდი „მაკაბში”.
ლევანი: კალათბურთში ყველა გიორგიმ ჩაგვითრია. მახსოვს, ერთ დღეს, ეზოში გააკეთა მავთულის ფარი, მოაბა ბადე და იქ ვთამაშობდით კალათბურთს, ოღონდ, ის ფარი ვერ გვიძლებდა, ჩამოკიდების შანსი არ იყო. ახლა ჩვენი „მოედანი” უმცროს ძმებს დავუტოვეთ, მაგრამ, მათ, ჩვენგან განსხვავებით, უკვე უკეთესი ფარი აქვთ (იცინის).
– ოჯახი როგორ შეელია სამი ბიჭის ერთად გადმოსვლას თბილისში?
– იმ პერიოდში მე უკვე თბილისში ვიყავი და აკადემიის სკოლაში დავდიოდი, მაგრამ, მერე მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ, ეტყობა, ჯობია ძმებმა ერთად ვივარჯიშოთ (იცინის). მერე მაიზერი ჩამოვიყვანეთ სოფლიდან და ახლა სამივე ერთად ვართ. ნიკუშა და ჯაბა კი ჯერ სოფელში თამაშობენ კალათბურთს, თუმცა, კლუბში ისინიც ჰყავდათ ჩამოყვანილი.
მაიზერი: მე დიდად არ მინდოდა თბილისში გადმოსვლა, პატარა ვიყავი და აქ ცხოვრებასთან შეჩვევა გამიჭირდა. სულ მენატრებოდა ჩემი სოფელი, მეგობრები, მათთან ერთად თამაში.
– როცა გუნდში მოხვდით, პროფესიული კალათბურთის გაგეგებოდათ რამე?
ლევანი: მე ცაცია ვარ. როცა აქ ჩამოვედი, ბურთს წესიერად ვერ ვაგდებდი. მაშინ მარტო ერთი ხელი მქონდა, ახლა უკვე „ორხელა“ ვარ (იცინის).
– თქვენს სიმაღლეზე ქართული კალათბურთის სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ. ოჯახში ყველანი ასე მაღლები ხართ?
გიორგი: დიახ, მამას სიმაღლე ორი მეტრია. ჩვენს ოჯახში ორ მეტრზე დაბლები მხოლოდ ქალები არიან და მათ დავუთმეთ საოჯახო ასპარეზი.. მე 2 მეტრი და 9 სანტიმეტრი ვარ, ლევანი 2 მეტრი და 10 სანტიმეტრია, მაიზერი ჯერ 14 წლისაა და მისი სიმაღლე უკვე 2 მეტრი და 4 სანტიმეტრია. ისეთი რეკორდული სიჩქარით იზრდება, მგონი, ყველას გვაჯობებს. ნიკუშა ჯერ 9 წლისაა და უკვე ორი თავით მაღალია თავის თანაკლასელებზე. ჯაბაც მაღალი ბავშვია. ექიმების პროგნოზით, ჩვენი საშუალო სიმაღლე 210 სანტიმეტრი უნდა იყოს, მაგრამ, მაიზერზე მაინც განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ – როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი სიმაღლე 220 სანტიმეტრს მიაღწევს. ევროპაში თავისი ასაკის კალათბურთელებს შორის, ის უკვე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კალათბურთელი (იცინის).
– და ამ სტანდარტებით მოხვდებით გინესის წიგნში?
ლევანი: მგონი, იმითაც, რომ, როგორც ამბობენ, მსოფლიოს კალათბურთის ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ საკალათბურთო მოედანზე ერთად ხუთი ძმა იდგეს. ორი ძმა რომ თამაშობდეს ერთად კალათბურთს, ასეთი პრეცედენტები არსებობს, ხუთი ძმის – ნამდვილად არა. მართალია, ჯერ მხოლოდ მე, გიორგი და მაიზერი ვთამაშობთ კალათბურთს, მაგრამ, რამდენიმე წელიწადში ნიკა და ჯაბაც წამოგვეწევიან.
გიორგი: გინესის რეკორდების წარმომადგენლობამ საქართველოში, რომელსაც გვანჯი მანია ხელმძღვანელობს, უკვე დაიწყო საბუთების შეგროვება, რომელიც გადაეცემა მთავარ საორგანიზაციო საბჭოს. მათ თქვეს, რომ, ხუთი ძმა, 210 სანტიმეტრი საშუალო სიმაღლით, მსოფლიო სენსაციააო. ჩვენებმა დარეკეს ჰიუსტონში, სადაც თამაშობს მსოფლიოს ყველაზე მაღალი კალათბურთელი, ჩინელი იაომინი – მისი სიმაღლე 2 მეტრი და 28 სანტიმეტრია. როგორც ჰიუსტონიდან შევიტყვეთ, მათი საშუალო სიმაღლის მაქსიმალური რეკორდი 205 სანტიმეტრია, ჩვენი საშუალო სიმაღლე მათ რეკორდს გადააჭარბებს.
– პროფესიული წარმატებები უკვე დაიწყო?
ლევანი: ძალიან ხშირად ვაკრიტიკებთ და მაგარ ოპოზიციაში ვუდგავართ ერთმანეთს, მაგრამ, სხვები ამბობენ, რომ არც ასე საკრიტიკოდაა საქმე. გიორგიზე ამბობენ სპეციალისტები, რასაც ის ახლა აკეთებს, ბევრი მაღალი დონის კალათბურთელი ვერ აკეთებსო. ზოგი სამქულიანს ვერ აგდებს, მაგრამ, კარგად „ტენის”, ზოგი – პირიქით, კარგად „ტენის” ბურთს კალათში და სამქულიანშია სუსტი, გიორგი კი ორივე კომპონენტში მაგარია, ის გასული წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ძმის ქება უხერხულია, მაგრამ, 36 ქულა და 14 მოხსნა საუკეთესო შედეგია კალათბურთელისთვის, რომელიც მაინც ახალბედაა საკალათბურთო მოედანზე.
გიორგი: ბოსნიაში, ევროპის ჩემპიონატზე „ბ“ დივიზიონში, პირველი ადგილი ავიღეთ 26 გუნდს შორის. ეს ჩემი დებიუტი იყო ნაკრებში, თუმცა, ჩემი შესაძლებლობები ისე ვერ წარმოვაჩინე, როგორც მინდოდა.
მაიზერი: გიორგი ყველაზე კარგად ისვრის მიზანში, ჩვენი მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, თქვენ რომ ტირში ითამაშოთ, ყველა პრიზს მოიგებთ და იმ ტირის მეპატრონეს გააკოტრებთო. ჯაბაზეც ხუმრობენ, ბურთს ხელს რომ უშვებს, კალათში ვარდებაო (იცინის). ნიკუშა ორი ბურთით ისე ჟონგლიორობს, მგონი, მეც მჯობნის. 9 წლამდე ბავშვთა ნაკრები რომ იყოს, ნიკაც იქნებოდა ამ ნაკრებში.
ლევანი: ზოგს მეხი ეცემა, ზოგს – ბომბი, ჩვენ კალათბურთის ნიჭი დაგვეცა (იცინის).
– ახლა როგორია თქვენი თბილისური ცხოვრება?
გიორგი: ჩვენ სახლი დაგვიქირავეს სპორტის სასახლესთან ახლოს, რომ არ მოვცდეთ და მეტი დრო გავატაროთ სავარჯიშო დარბაზში. მეც და ლევანიც უფრო ვარჯიშს ვართ გადაყოლილი, მაიზერი კი სკოლაში სწავლობს და სკოლის მერე მოდის სავარჯიშოდ დარბაზში. სოფელში ხშირად ვეღარ ვახერხებთ ჩასვლას – თუ ბევრი არ ივარჯიშე, ისე კარგი შედეგი არ მოდის. ასეთ რთულ გზას გადის ყველა კალათბურთელი. ზოგს რომ ჰგონია, კალათბურთელობა იოლია, ასე არ არის. აქ რომ ჩამოვედი, იმდენს ვვარჯიშობდი, თვეები საკალათბურთო დარბაზში ვიყავი გამოკეტილი.
– პაემნებზეც არ დადიოდი გოგონებთან?
– პაემნებზე ლევანია მარჯვე. მას ყოველთვის რჩება დრო ამისთვის (იცინის).
– ფინანსურად თავად უზრუნველყოფთ საკუთარ თავს?
– ბინა კლუბმა დაგვიქირავა, მე ხელფასი მაქვს, ლევანსაც, მაიზერი კი უხელფასოდ „მუშაობს” (იცინის). ის ჯერ პატარაა და ჩვენ ვზრუნავთ მასზე. ყველაფერში ხელს ვუწყობთ, ვზოგავთ.
– მაიზერ, კალათბურთის თამაშის დროსაც ისე გზოგავენ უფროსი ძმები, როგორც სახლში?
ლევანი: კალათბურთის მოედანზე მაიზერს დაზოგვა არ სჭირდება, მაგრამ, როცა შენ გვერდით შენი ძმაა, მაინც სხვანაირად უფრთხილდები.
– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება წლების შემდეგ, რომელ გუნდში თამაშზე ოცნებობთ?
მაიზერი: ჩემი კერპია კობი ბრაიანი, ძალიან მომწონს მისი თამაშის სტილი. არ ვიცი, მომავალში სად მოვხვდები. ევროპული კალათბურთი მომწონს, მაგრამ, ყველა კალათბურთელის ოცნება მაინც NBA-ში მოხვედრაა. ასე რომ მოხდეს, მართლა მაგარი იქნება, თუმცა, მე არც ევროპულ კალათბურთზე ვიტყვი უარს.
გიორგი: მეც ძალიან მინდა, რომ გავიდე ჯერ ევროპულ, შემდეგ კი მსოფლიო არენაზე. რამდენიმე ევროპულმა გუნდმა შემომთავაზა, რომ გადავსულიყავი მათთან, მათ შორის იყო ისრაელის ერთ-ერთი გუნდი. მათი სურვილი იყო, მეთამაშა უმაღლეს ლიგაში, თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, თან, ტრავმა მქონდა მოსარჩენი. ახლა უკვე ფორმაში ვარ, მაგრამ, ჯერჯერობით საქართველოდან წასვლას არ ვაპირებ.