როგორი ამარილისი უნდა შევიძინოთ მაღაზიებში და რომელ თვეშია მისი გადარგვა სასურველი
„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად დღეს ამარილისის მოვლა-გახარებას განვიხილავთ. ის იმდენად ლამაზი მცენარეა, რომ ყველას გირჩევთ, ბინაში გაახაროთ.
– როგორი მცენარეა ამარილისი?
– ამარილისს უსახური და ერთფეროვანი ფოთლები აქვს, ყვავილები კი, პირიქით – კაშკაშა ფერისაა და თვალშისაცემი. ის ფორმირდება ყოველთვე, თითო-თითო ფოთლით. მის ყოველ საყვავილე ღეროზე ხუთი ყვავილი იზრდება.
– წელიწადში რამდენჯერ ყვავის ამარილისი?
– მართალია, წელიწადში მას სამი საყვავილე ღერო უჩნდება, მაგრამ შემდეგ ერთხელ ყვავის. ეს დამოკიდებულია მისი ბოლქვის ზომაზე, ანუ საკვების რამდენი მარაგი აქვს და რა ხანგრძლივობისაა მისი დასვენების პერიოდი. შეიძლება, მცენარემ საყვავილე ღერო გამოიღოს, მაგრამ ყვავილი არ გაიშალოს. ამისთვის საჭიროა, ისე შევუწყოთ მცენარეს ხელი, რომ ბოლქვი კი არ დაპატარავდეს, პირიქით, გაიზარდოს და მცენარეს საკვები მიაწოდოს. ბოლქვის განუვითარებლობას იწვევს სინათლის სიმცირე და საკვების უკმარისობა. საჭიროა, მას უხვად მივაწოდოთ მინერალური სასუქი. მისთვის, ასევე, კარგია წელიწადში ორჯერ ნიადაგის შეცვლა.
– როგორი ნიადაგი მივაწოდოთ მცენარეს?
– აყვავილებული მცენარისთვის საჭიროა შეურიოთ: ნაკელიანი მიწა, გადამწვარი მიწა, ტორფი, მსხვილად დაღერღილი სილა და რომელიმე სასუქი (სუპერფოსფატი ან ძვლის ფქვილი). ყვავის ოთახის ტემპერატურაზე, აყვავებული კი სიგრილეში უნდა გადაიტანოთ, რათა მისი ყვავილობა მეტხანს გაგრძელდეს.
– რომელ თვეში გადავრგათ მცენარე?
– მცენარის გადარგვა სასურველია აგვისტოში, ან ზამთარში. ბოლქვი ფრთხილად ამოიღეთ ქოთნიდან ფესვებთან ერთად, ნიადაგი გამოცვალეთ და შიგ ისე ჩარგეთ, რომ ზემოდან ერთი მესამედი დარჩეს. გაითვალისწინეთ, ქოთნის დიამეტრი დიდი უნდა იყოს და ბოლქვს 2-3 სანტიმეტრით უნდა აღემატებოდეს. თუ თქვენი ამარილისი არ ყვავის, შეგიძლიათ, აიძულოთ: მეურნეობაში ბოლქვს ამუშავებენ 45 გრადუს ტემპერატურაზე სამი საათის განმავლობაში და მცენარის ბევრი ნაწილი 25 დღეში აყვავილდება. მაღაზიებში სწორედ ასე დამუშავებული ბოლქვები იყიდება. თუ თქვენ ამ ბოლქვს შეიძენთ, მცენარეს იოლად ააყვავილებთ. ჩარგვის მერე უხვად გაანოყიერეთ, რომ უკეთესად იყვავილოს. შეიძლება ამარილისმა ერთი წელი გამოტოვოს და არ აყვავდეს, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნაყოფოა – მეორე წელს ის აუცილებლად უხვად იყვავილებს. ამიტომ, ამ ფაქტმა არ შეგაშინოთ და იცოდეთ, რომ ამარილისს სჩვევია ასეთი ცვალებადობაც.
– როგორ მოვრწყათ ამარილისი?
– მორწყვის დროს ეცადეთ, წყალი ბოლქვს არ მოხვდეს. ოთახის პირობებში, აგვისტოში, მცენარეს მორწყვა უნდა შეუწყვიტოთ. ამის მერე მას ფოთლები ჩამოუხმება, მაგრამ, არ შეშინდეთ და ქოთანი მშრალ და ბნელ ადგილას მოათავსეთ. ეს პროცესი საჭიროა მცენარის შემდგომ კარგად განვითარებისთვის. მშრალი ბოლქვები ქოთანში გამოაზამთრეთ. მორწყვა დაიწყეთ იანვრის შუა რიცხვებში, როცა ფესვების განვითარება დაიწყება და ერთ თვეში ყვავილობას დაელოდეთ. მცენარის ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზაფხულის მიწურულს მორწყვა შეწყვიტეთ, შემოდგომაზე კი კვლავ განაახლეთ, რომ მცენარემ ზრდა დაიწყოს. აყვავების შემდეგ, როცა ფოთლები გამოჩნდება, რეგულარულად მორწყეთ და კაშკაშა სინათლეზე დადგით. აგვისტოში კი, მცირე ხნით დაასვენეთ.
– რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ ამარილისი?
– მცენარეს სჭირდება კაშკაშა სინათლე. ცოტა ხნით მზეზე ყოფნასაც აიტანს. თუ სინათლე მოაკლდება, არ აყვავდება. მისთვის საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. მცენარე სიმაღლეში დაახლოებით 75 სანტიმეტრი იზრდება და ყველაზე შესაფერისი ადგილი მინიმალისტური ინტერიერია.
– რით მრავლდება ამარილისი?
– ბოტანიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ მცენარის გამრავლება თესლით უფრო უპრიანია, თუმცა, როგორც ვეგეტაციური, ასევე, თესლით გამრავლების დროსაც, მცენარე ყვავილობას იწყებს სამი-ოთხი წლის შემდეგ. ზოგიერთი სახეობის ბოლქვები საერთოდ არ ამოიყრის „შვილებს“, რადგან, კარგი მცენარის მისაღებად ძლიერი ბოლქვია საჭირო.
– რით შეიძლება დაავადდეს ამარილისი?
– მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა ბოლქვის წითელი სიდამპლე, მაგრამ, ამის შველა შეიძლება. როგორც კი ამ დაავადებას შეამჩნევთ, ბოლქვი მაშინვე ამოიღეთ ქოთნიდან და გაუწმინდეთ დაზიანებული ადგილები. თუ მცენარე ზრდის პროცესშია, ფოთლებიც შეაჭერით, ერთი კვირის განმავლობაში დაამუშავეთ ფუნდაზოლში, მხოლოდ ამის მერე ჩარგეთ ახალ სუბსტრატში და მორწყეთ ზომიერად. გახსოვდეთ, თუ მცენარეს ვერ უშველით, ავადმყოფი ამარილისი აუცილებლად მოაშორეთ სხვა მცენარეს, რომ ისინიც არ დააავადოს.
– იოლია თუ არა ბინაში ამარილისისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ მან კარგად გაიხაროს?
– თუ ზემოთ აღნიშნულ პირობებს გაითვალისწინებთ, ეს მცენარე ზედმეტ ჭირვეულობას არ დაიწყებს. მთავარია, ყურადღებით იყოთ და გახსოვდეთ, რა უყვარს მას და რა დროს არის ცუდად.