რატომ იცვლიან სახეს სიზმრის საფუძველზე მარინა აბულაძის ნაქარგები
მარინა (მარი) აბულაძეს ნაქარგების ლამაზი, მრავალჟანროვანი და თემატურად მდიდარი კოლექცია აქვს, რომლის ნახვის შემდეგ, არ შეიძლება, აღტაცებაში არ მოვიდეს დამთვალიერებელი. თუმცა, დამთვალიერებელი არც ისე ბევრი ჰყავს, რისი მიზეზიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესპონდენტის თავმდაბალი ხასიათია. ქალბატონი მარინა თვითნასწავლია. პროფესიით ფიზიკა-მათემატიკოსმა 90-იან წლებში დაიწყო ქარგვა. მითხრა, ის ცივი და ბნელი დღეები ამ ნაქარგების შექმნით გავითბე და გავიფერადეო.
მარინა აბულაძე: ჩემი პირველი ნაქარგი დაახლოებით 12-13 წლის წინ შეიქმნა, მაშინ, როდესაც საქართველოში არეულობა, სიცივე და უშუქობა იყო. საერთოდ, ყოველთვის მიყვარდა და მეხერხებოდა ხელსაქმე – ხან ვქსოვდი, ხან ვკერავდი... მანამდე, ბევრი წლის წინათ, ბავშვობაში, ცოტ-ცოტას ვქარგავდი კიდეც.
– ბავშვობაში ვინ გასწავლიდათ ქარგვას?
– არავინ, ჩემს ინტერესს თვითონ ვიკმაყოფილებდი ხოლმე. ხასიათით ვარ ასეთი, მაინტერესებს ამგვარი საქმიანობა და მიყვარს ჩაძიება. თვითნასწავლი ვარ.
– რომელია ამ კოლექციის პირველი ნიმუში?
– პირველად დავქარგე „მხიარულება ტყეში” – მე ასე ვუწოდე მას.
– მართლაც, ძალიან მხიარული ატმოსფეროა ამ ნაქარგზე.
– როგორც გითხარით, არც ისე ბედნიერ წლებში შეიქმნა ეს ნამუშევარი, მაგრამ, მინდოდა, სწორედ იმ დღეების საწინააღმდეგო განწყობა გადმომეცა.
– ფაქტია, გამოგივიდათ კიდეც და, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველივე მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა. შემდეგი რა იყო?
– ამის შემდეგ უფრო გამიტაცა ქარგვამ, ნელ-ნელა ხელიც გამეწაფა. შემდეგი იყო „ალიონუშკა”. სხვათა შორის, ძალიან რთული სამუშაო იყო. ეს ნახატი ბავშვობიდან მიტაცებდა. გახსოვთ ალბათ, მისი ავტორი ვასნეცოვია, რუსული ხალხური ზღაპრების ცნობილი ილუსტრატორი. ძალიან მომწონს ეს ნაქარგი და, საერთოდ, „ალიონუშკა” ძალიან ახლოსაა ჩემს მაშინდელ განწყობასთან.
შემდეგ შევქმენი „მშვენიერი ლედი”, „ახალგაზრდა ქალი”, მერე ჩიტების ქარგვამ გამიტაცა.
– „ვეფხისტყაოსნის” თემატიკაზე როდის დაიწყეთ მუშაობა?
– „ვეფხისტყაოსნის” თემაზე 2010 წლიდან მოყოლებული ვმუშაობ. სხვათა შორის, ძალიან შრომატევადი საქმეა. ჯერ თვითონ სურათების მოძიება თქვით... მოხდა ისე, რომ ვერც ერთი ფერადი ილუსტრაცია ვერ მოვიძიე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ინტერნეტი გადავაქოთე. ამიტომ, მთლიანად, ჩემი შემოქმედების ნაყოფია, რაც ამ თემაზე შესრულებულ ნაქარგებშია გამოყენებული.
– მსოფლიოში ქარგვის მრავალი სტილია ცნობილი. თქვენ რომელი სტილით ქარგავთ?
– „წყლით“ ქარგვის გარდა, ვიყენებ ჩემეულ მეთოდსაც, რომელიც მე გამოვიგონე და ჩემებურად დავარქვი „როკოკოს” სტილით ქარგვა. ვიცი ჯვრით ქარგვა, ოქრომკედით ქარგვა, თუმცა, ეს ჩემეული მეთოდი არსად შემხვედრია. განსაკუთრებით „წყლით“ და ჩემ მიერ შემუშავებული სტილით ქარგვა მიზიდავს. ეს სტილი, ჩემი აზრით, სივრცის შეგრძნებას იძლევა. ვინც დაათვალიერა, ყველას თვლებით ჰგონია დაქარგულია, არადა, ნემსისა და მულინეს ძაფის გარდა არაფერი გამომიყენებია მის შესაქმნელად.
– ფერთა გადასვლა, შეხამება და, საერთოდ, ეს ყველაფერი, მხატვრის თვალს და, რაც მთავარია, დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. როგორც მხატვარიც თვითნასწავლი ხართ?
– თვითნასწავლი ვარ. მხატვარი არ ვარ, თუმცა, ხატვა ყოველთვის მიტაცებდა – ჩრდილები, ფერების შეხამება... ეს უნარი ქარგვაში გამოვიყენე და, რა გამომივიდა, თქვენ განსაჯეთ...
– ამბობთ, როგორც მხატვარი თვითნასწავლი ვარო. პროფესიით ვინ ხართ?
– ჩემი პროფესია ძალიან შორსაა ამ კოლექციისგან. ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი გახლავართ. სამწუხაროდ, საშუალება არ მომეცა, რომ სკოლაში პედაგოგად დამეწყო მუშაობა, მაგრამ, დღემდე კერძო პრაქტიკით გადავცემ ჩემს ცოდნას მათემატიკით დაინტერესებულ ბავშვებს. ერთი პერიოდი ქარხანაში ვმუშაობდი, შემდეგ სამსახური გამიუქმდა, რასაც ოჯახური პრობლემები, დეპრესია მოჰყვა და, ისევ ამ კოლექციაზე მუშაობამ გამომიყვანა მდგომარეობიდან, თორემ, ძალიან ცუდ დღეში ვიყავი.
– გამოფენის მოწყობა არასდროს გიცდიათ?
– არა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემი ნამუშევრების ნაწილი „ოდნოკლასნიკებსა“ და „ფეისბუქზე“ მიდევს. სხვათა შორის, წელს „ოდნოკლასნიკებში“ რუსების მიერ შემოთავაზებული იყო კონკურსი ხელსაქმეში. გამარჯვებული დამთვალიერებლის კომანტარების მიხედვით ვლინდებოდა. მე ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე. პერსონალური გამოფენის მოწყობაზე კი, არც არასდროს მიფიქრია, სიმართლე გითხრათ.
– სულ რამდენი ნამუშევრის ავტორი ბრძანდებით?
– ორმოცდაათამდე ნაქარგი მაქვს.
ერთი პერიოდი იტალიური ფირმიდანაც მქონდა შემოთავაზება.
– ეს ძალიან საინტერესოა, იქნებ უფრო ვრცლად მიამბოთ ამის შესახებ?
– ბევრი არც არაფერია მოსაყოლი. იტალიური ფირმაა, რომელსაც ერთ-ერთი ფილიალი ქუთაისში ჰქონდა. მისმა წარმომადგენელმა დაათვალიერა ჩემი ნახელავი და შემდეგ მომცეს შეკვეთა.
– რა შედიოდა ამ შეკვეთაში?
– მე მათთვის ვქარგავდი თეთრეულს, სადღესასწაულო გადასაფარებლებს მაგიდისთვის, იქნებოდა ეს სააღდგომო, საშობაო, საახალწლო თუ კიდევ რაღაც სხვა. მე მათთან სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე.
– როგორი რეაქცია აქვთ, როდესაც ოჯახში შემოდიან და ამ ნამუშევრებს აღმოაჩენენ ხოლმე?
– კომპლიმენტებით მავსებენ, უკვირთ, როდის ვასწრებ. საქმე ისაა, რომ ბავშვებს ვამეცადინებ და სულ დაკავებული ვარ. როცა მეკითხებიან, როგორ იქმნება თითოეული ნაქარგი, ვპასუხობ, ნემსი, ძაფი, სიყვარული და დიდი მოთმინება – ამის გარეშე ნაქარგი არ იქმნება-მეთქი. ყოველი ნამუშევარი ჩემი სულის ნაწილია. მთელი ენერგია მასში მაქვს ჩადებული. გასაკვირიც არაფერია, 5-6 თვის განმავლობაში რომ მუშაობ თითოეულ კომპოზიციაზე, იმას სხვანაირი თვალით ვერც შეხედავ. მუშაობას რომ დავამთავრებ და დავკიდებ კედელზე, მერე მიკვირს, ნუთუ ეს მე დავქარგე-მეთქი.
– როგორ იქმნება თქვენი ნაქარგები, ჯერ კონტურები იხატება და შემდეგ იქარგება თუ?...
– მაგალითად, „მხიარულება ტყეში“ რომ დავამთავრე, მაშინვე შემდეგი ნამუშევრის ესკიზი გავაკეთე. შემოქმედებითია, მაგალითად, გვირილები, ვარდები, თუთიყუში – ეს ყველაფერი ჩემი ნახატებითაა შექმნილი და არავის ორიგინალი არაა გამეორებული. თუმცა, მაგალითად, „ალიონუშკა”, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვასნეცოვის ნახატის მიხედვით შევქმენი, ისე, როგორც „თამარ მეფე“ – ღამბაშიძის ნახატის მიხედვით, ასევე, რუბენსის „იზაბელა” მაქვს დაქარგული. ეს სურათი ბავშვობიდან მქონდა შენახული, ძალიან მომწონდა და ამიტომაც მოვქარგე. მაგალითად, წიგნი მაქვს ფრესკების შესახებ და დავით აღმაშენებელი იმის მიხედვით შევქმენი. ახლახან დავამთავრე თინათინი და ავთანდილი. ამის შემდეგ ნესტან-დარეჯანის დაქარგვა მინდა. იდეები მრავლად მაქვს.
ხანდახან ისე ხდება, რომ, რაზეც ვმუშაობ, დამსიზმრებია და, რომ გამიღვიძია, რომელიმე ეპიზოდი ამომიჭრია და სხვანაირად გამიკეთებია იმ სიზმრის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ რამის ამოჭრა ნაქარგზე ძალიან ძნელია.
რაც შეეხება ფერს, თუთიყუში რომ დავქარგე, უსაზღვრო რაოდენობის ფერი გამოვიყენე. მოქარგვისას საერთოდ უამრავი და მკაფიო, ცოცხალი ფერის გამოყენება მიყვარს, არ მომწონს ერთფეროვნება.
– უმრავლეს შემთხვევაში, ამგვარი მშვენიერი კოლექციის შემქმნელებს ძალიან უჭირთ თავიანთი ნამუშევრების გაჩუქება. თქვენს შემთხვევაში როგორაა?
– მეც ძალიან მიჭირს გაჩუქება. ერთადერთი ნამუშევარი ვაჩუქე ჩემს მკურნალ ექიმს.
– რას სიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია ყველაფერს ნიშნავს ჩემს ცხოვრებაში. მე ოჯახი არ მაქვს და ვცდილობ, ამ ნაქარგებში ჩავაქსოვო ჩემი სიყვარული, ჩემი განცდები... ყველაფერი.