კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აიძულებს ვაშინგტონი საქართველოს სომხეთისთვის ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას და როგორ ააცალა რუსეთმა ევროპას აზერბაიჯანული გაზი და ნავთობი



აქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ერთმანეთთან უბრად ყოფნა ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას ხელს ვერ შეუშლის. მეტიც, ამ საკითხზე მოლაპარაკების პროცესში, გარდა ქართულ-სომხური დელეგაციებისა, რუსეთის წარმომადგენელიც იღებს მონაწილეობას (ოღონდ „გაფუჭებული ტელეფონის“ პრინციპით: გადამცემის როლს სომხური დელეგაცია ასრულებს). ხოლო, რაკი მოარული ხმებით, ვაშინგტონიც აიძულებს საქართველოს ლარსის გახსნას, ჩნდება ეჭვი, რომ, მაინცდამაინც, ქართული ინტერესების სასარგებლოდ ვერ უნდა მიდიოდეს პროცესი (თორემ ზეწოლა რა საჭირო გახდებოდა?!). რატომ უნდა იყოს სომხური ტვირთების რუსეთისკენ შეუფერხებლად გადაადგილება ქართული სახელმწიფოსთვის ბედნიერება, რა საფრთხეებს შეიცავს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ მალავს ხელისუფლება ამ პროცესში მოსკოვის ჩართულობას, ამ საკითხებზე კომენტარი ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ.



– ძალიან არადამაჯერებლად მეჩვენება არგუმენტი, რომ ლარსი სომხეთის ეკონომიკის დასახმარებლად იხსნება. რას ნიშნავს ლარსის გახსნა ჩვენთვის?

– ლარსის გახსნა არ არის მარტივი საკითხი. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ლარსის გახსნაზე ქართულმა მხარემ უნდა ივაჭროს და რაღაც დივიდენდებიც მიიღოს. ლარსის გახსნის ერთი პლუსი ის არის, რომ ყაზბეგის რაიონის მოსახლეობას ისევ შეეძლება რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა და თავიანთ ნათესავებთან კონტაქტის აღდგენა; მეორე პლუსი ის არის, რომ შეიცვლება საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა: როდესაც გზა დატვირთულია, მოსახლეობას შემოსავლის წყარო უჩნდება. მესამე პლუსი ის არის, რომ, თუ ამ გზაზე ივლის სომხური ტვირთები, სომხეთი უფრო მეტად იქნება დამოკიდებული საქართველოზე და ჯავახეთის პრობლემის გამოყენებაც არ დასჭირდება. რაც შეეხება მინუსებს: ჩვენ უნდა გავხსნათ საზღვარი იმ ქვეყანასთან, რომელთანაც საომარ მდგომარეობაში ვართ და თანაც გავატაროთ მესამე ქვეყნის ტვირთები. ესე იგი, ხელს ვუწყობთ სომხეთის ეკონომიკის წელში გამართვას, ჩვენ კი ვრჩებით მშივრები, თუმცა ეს საკითხის მორალური მხარეა, რაც შეეხება ხიფათის შემცველ მხარეს: ჩვენ ვიცით, რატომ სჭირდება რუსეთს ამ გზის გახსნა, გიუმრის ბაზა გადატვირთულია მოძველებული ტექნიკით, რომლებიც მოითხოვს უტილიზაციას და მძიმე ტექნიკის შეცვლას.

– სომხური ტვირთებისთვის ლარსის გახსნა ნიშნავს, რომ ავტომატურად გაიხსნება სამხედრო გზა რუსებისთვისაც?

– ავტომატურად არ ნიშნავს, იმიტომ რომ ეს რეგულირდება სხვა ხელშეკრულებით, მაგრამ რუსულ მხარეს უჩნდება იმედი, რომ შესაბამისი მოლაპარაკების შედეგად შესაძლოა, ეს გზაც აღდგეს. ამიტომ ვიმეორებ, ვართ რთულ მდგომარეობაში: თუ ვუხსნით გზას სომხეთს და რუსეთს ვევაჭრებით, გავატაროთ თუ არა მისი სამხედრო ტვირთები, ჩვენ რა აქედან?!

– რუსული ემბარგოს მოხსნა ქართულ პროდუქციაზე.

– რასაკვირველია, ეს არის ვაჭრობის საგანი. საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დამალოს, რომ ასეთი ირიბი მოლაპარაკება მიდის. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი ახერხებდნენ საბჭოთა დიპლომატები, რომ გერმანიას დალაპარაკებოდნენ.

– თან გრიგოლ ვაშაძე ყოფილი საბჭოთა დიპლომატია?

– დიახ და იცის, როგორ ხდებოდა ეს. მოკლედ, ლარსის გახსნას აქვს პლუსებიც და მინუსებიც, მაგრამ მე ხიფათს სხვა რამეში ვხედავ და ეს უკავშირდება ყაზბეგის რაიონს. გაუთავებლად ვიმეორებ ამას და მინდა, კიდევ ერთხელ მივიქციო საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღება: ვიცით, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ყაზბეგის რაიონში მცხოვრები ოსები ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდნენ, იქიდან კი გადმოვიდნენ ქართველები. ის ოსები თავიდან ძალიან კაცურად იქცეოდნენ. მათ დაუარეს ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ქართველებს, მისცეს „ცხელი ხაზის“ ტელეფონის ნომერი და უთხრეს, დაკავშირებოდნენ, თუ ვინმე პრობლემებს შეუქმნიდა ქართულ-ოსური კონფლიქტიდან გამომდინარე. მართლაც, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ისინი მიეშველნენ იქაურ ქართველებს, მაგრამ შემდეგ დაიწყო რუსეთის „დუმის“ დეპუტატის, არსენ ფაძაევის მიერ ინსპირირებული კამპანია ჩრდილო ოსურ პრესაში, რომ ყაზბეგის რაიონი დიდ ოსურ სახელმწიფოს ეკუთვნის.

– და ამას რით ასაბუთებენ?

– არ სჭირდებათ დასაბუთება. დასაბუთების ერთადერთი ირიბი საფუძველი ის არის, რომ თრუსოსა და კობის ხეობებში ცხოვრობდნენ ოსები. სხვათა შორის, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, თრუსოს ხეობაა ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც არის ოსური კულტურის მატერიალური ძეგლები, მაშინ, როდესაც „სამხრეთ ოსეთში“ არ არის.

– იქ როგორ იქნება?!

– დვალეთსა და სამაჩაბლოში ოსები უფრო დიდი ხანია, ცხოვრობენ, ვიდრე თრუსოს ხეობაში, მაგრამ იქ არ არის მატერიალური კულტურის ძეგლები. როდესაც ეს კამპანია გახურდა, გამოხტა კოკოითი, ყაზბეგის რაიონი ჩვენიაო. კამათიც კი დაიწყო, ჩრდილოეთ ოსეთს ეკუთვნის ყაზბეგის რაიონი თუ „სამხრეთ ოსეთსო“. მეორე მხრივ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვარი, საბჭოთა რუკებით, გადის სოფელ მლეთასთან, რომელიც საქართველოს სამხედრო გზიდან 150 მეტრშია. ასე რომ, რუსებს იოლად შეუძლიათ საქართველოს სამხედრო გზის გადაკეტვა, რომ მასზე მოძრაობა უსაფრთხო არ იყოს.

– ისევე, როგორც ყოველ წუთს შეუძლიათ ცენტრალური, გორის ტრასის გადაკეტვა.

– დაახლოებით. ის ოსები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდნენ ყაზბეგის რაიონიდან, ისე დაამუშავეს ამ თვეების განმავლობაში, რომ ადამიანები შეიცვალნენ. ისინი დაიბარეს და ფული დაურიგეს დანგრეული სახლების აღსადგენად იმ მოტივით, რომ თითქოს მათი სახლები თრუსოს ხეობაში დანგრეული იყო, არადა მაშინ არ იყო დანგრეული. ხალხმა იცოდა, რომ სახლები დანგრეული არ იყო, მაგრამ ფული აიღეს, იმიტომ რომ აძლევდნენ. შემდეგ აქ ვიღაც გენიოსს თავში აზრად მოუვიდა და ოსების სახლები თრუსოს ხეობაში გაძარცვეს და დაანგრიეს. საქმე ის არის, რომ ის ხალხი უკვე ანტიქართულადაა განწყობილი. ისინი გააერთიანა მაირბეკ კასიევმა, შექმნა ორგანიზაცია „დარიალი“, მათ უცებ გამოუყვეს ოფისი და მისცეს დაფინანსება. მათი ამოცანაა, აღდგეს ოსეთის ტერიტორიული მთლიანობა ყაზბეგის რაიონის ხარჯზე. ეს არის პარადოქსულად მძიმე მდგომარეობა: ერთი მხრივ, არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ამ ხალხს ავუკრძალოთ ყაზბეგის რაიონში დაბრუნება, რადგან საქართველოს მოქალაქეები არიან, მეორე მხრივ კი, ეს ძალიან სახიფათო მასაა. მინდა, რომ კომპლექსურად წარმოვიდგინოთ ეს პრობლემა. ასე რომ, ცალსახად ვერავინ იტყვის, კარგია თუ ცუდი გზის გახსნა, ძალიან საფუძვლიანი დაფიქრება სჭირდება ამ ყველაფერს.

– ითქვა, რომ სომხური ტვირთებისთვის გზის გახსნა იმასაც ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციაც შევა რუსულ ბაზარზე, რადგან ქართული და სომხური მწვანილის გარჩევა ძნელი იქნებაო. ეს არგუმენტია?

– არა, ყველა პროდუქტს ექნება წარმოშობის სერტიფიკატი. ასე რომ, ქართული ტვირთების გაპარება გამორიცხულია.

– თუ ლარსი გაიხსნება, ესე იგი, ყაზბეგის მოსახლეობას ექნება რუსეთში გადასვლის შესაძლებლობა?

– ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჰქონდათ მინიჭებული ეს უფლება რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით. ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ უნდა გადადოს ყველა საქმე და მიხედოს ყაზბეგის რაიონს, სადაც მოსახლეობა განახევრებულია. სპეციალურად ყაზბეგის რაიონისთვის უნდა ამუშავდეს ეკონომიკური პროგრამა, რომ ხალხი იქ დამაგრდეს.

– ამერიკის ზეწოლას რით ხსნით? რატომ არის ამერიკა დაინტერესებული ლარსის გამშვები პუნქტის გახსნით?

– თუ ვაშინგტონი ასეთ ნაბიჯს დგამს და ამის მანიშნებელია ის, რომ ქართულ მხარეს დაეხმარა ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გარემონტებაში, ეს ნიშნავს, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, როგორმე აღდგეს დიალოგის რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომ სამშვიდობო პროცესის იმიტაცია შეიქმნას. დღეს შევხვდი ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩს, რომელმაც გულახდილი საუბრისას კიდევ გაუსვა ხაზი, რომ ევროპას აინტერესებს არა საქართველოში დემოკრატიის დამყარება, ადამიანის უფლებების დაცვა და დეოკუპაცია, არამედ რუსეთთან კეთილი ურთიერთობა. ჩვენი შეცდომა იყო ერთვექტორიანი პოლიტიკა და ახლა ჩამოკიდებული ვართ ამ ერთ ვექტორზე. დასავლეთი სერიოზული რეზერვია, მაგრამ, თუ მათ არ აჩვენე შენი პოზიცია, როგორც აზერბაიჯანმა, არაფრად ჩაგაგდებენ.

– მერედა, ჩვენ რა უნდა ვაჩვენოთ, რის თავი გვაქვს?!

– საქართველო არის საერთაშორისო პროექტების უმნიშვნელოვანესი მონაწილე, იმ პროექტებს ვგულისხმობ, რაც უკვე არის. დასავლეთმა ეფემერული მოგების გამო, რომ სომხეთი გამოეყვანა რუსეთის გავლენიდან, აზერბაიჯანი გაწირა. ეს პროექტი, როგორც ბევრი სხვა ამერიკული პროექტი, არის საქმეში ჩაუხედავი რამდენიმე დიპლომატის ნააზრევი და ამიტომაც საბოლოოდ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. წარმოიდგინეთ, რომ სომხეთ-თურქეთის მოლაპარაკების ფონზე გააქტიურებულიყო ყარაბაღის თემა, მაშინ აზერბაიჯანელები აღარ იგრძნობდნენ თავს, მოტყუებულებად. ამას აშშ-ში ცოტა ხანში მიხვდებიან, მაგრამ გვიან იქნება. აზერბაიჯანმა უკვე მოაწერა ხელი რუსეთთან დოკუმენტს, რის მიხედვითაც მათი ენერგომატარებლების ნაწილი რუსეთში მიდის. ამით დატოვა ლუფტი და, თუ პროცესი მაინც ამ მიმართულებით წავიდა, მომდევნო დოკუმენტებსაც მოაწერს ხელს და მთელი აზერბაიჯანული ენერგომატარებლები წავა რუსეთისკენ. საბოლოოდ, აზერბაიჯანს ფული იქიდანაც შემოუვა და არც შენიშვნებს მიიღებს, როგორც აქამდე იღებდა, პოლიტპატიმრებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. შესანიშნავად იქნება და პრობლემა არ შეექმნება. ბუნებრივია, ამას ცოტა უტრირებულად ვამბობ. თეთრი სახლის მესვეურები ბუშის ადმინისტრაციას ლანძღავენ, მაგრამ მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რა განსხვავებაა მათ პოლიტიკაში ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. ძალიან კარგი ნაბიჯია სომხურ-თურქული ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ამის მომდევნო პროცესები აღარ აწუხებთ.

– მეც უტრირებულად ვიტყვი: სომხეთის ევროპისკენ გადაქაჩვის პროცესში შეიძლება, დაკარგონ უკვე გადაქაჩული აზერბაიჯანი და, საბოლოოდ, სომხეთიც რუსეთს დარჩეს და აზერბაიჯანიც, ჩვენ ხომ საერთოდ აღარც ვითვლებით მოთამაშედ.

– ჩემი აზრით, სომხურ-თურქული პროექტი არ არის ბოლომდე გათვლილი და რუსეთიც იმიტომაა გასუსული. ხედავს, რომ ის შედეგი არ იქნება, რაც ამერიკელებს წარმოუდგენიათ. საბოლოოდ, ამ მიმართულებით რომ განვითარდეს მოვლენები, რას მიიღებს დასავლეთი? ზურგშექცეულ აზერბაიჯანს, უპატრონოდ დატოვებულ სომხეთს და უაღრესად გაძლიერებულ თურქეთს, რადგან თურქეთი ამასობაში არა მხოლოდ სომხეთთან აგვარებს ურთიერთობას, არამედ – ირანთანაც და ნელ-ნელა ხდება რეგიონული ზესახელმწიფო, ანუ ისრულებს იმ ოცნებას, რაზეც საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდა. ამიტომაც რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების ფონზე, მღვრიე წყალში სწორედ თურქეთი იჭერს თევზს.

– ჩვენ რა უფრო გვაძლევს ხელს: რუსეთის თუ თურქეთის რეგიონული ზესახელმწიფოობა?

– არც ერთი, ჩვენ ის გვაძლევს ხელს, რომ ამ ფონზე ვიხეიროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს არც ისეთი ხელისუფლება, არც ანალიტიკოსები.

– არც ოპოზიცია.

– არც ოპოზიცია. ასე ვიტყვი, ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ამ სიტუაციიდან მართებულ დასკვნებს გამოიტანდა და ეს არის ჩვენი ტრაგედია. ჩვენ ისტორიულად შეჩვეული ვართ, რომ ხან ისპაჰანში დავრბოდით, ხან – სტამბულში, ხან – მოსკოვში და ხან – ვაშინგტონში. ამდენ სირბილში დავიღალეთ და ერი უკვე ძალაგამოცლილია.

– დაღლილი კაცი უნდა ჩამოჯდეს, ტვინი გაანძრიოს და რაიმე მოიფიქროს!

– ქართველები იმპულსურები ვართ და დაჯდომა არ გვიყვარს.

– რუსეთი ასე მშვიდად შეხვდება თურქეთის გაძლიერებას?

– ერთი მხრივ, რუსეთს ხელს აძლევს, რომ თურქულ-აზერბაიჯანული ურთიერთობა დაირღვეს და „ნაბუქო“ არ შედგეს. განაწყენებულმა აზერბაიჯანმა თურქეთს მოსთხოვა, რომ გაზი ევროპულ ფასად შეისყიდოს. აქამდე თურქეთი სარგებლობდა აზერბაიჯანის კეთილგანწყობით, მისგან იაფად ყიდულობდა გაზს და შემდეგ თვითონ ძვირად ყიდდა. ანუ, იმავეს უკეთებდა აზერბაიჯანს, რასაც რუსეთი – თურქმენეთს. ახლა აზერბაიჯანმა წამოუყენა ულტიმატუმი: შენც ევროპულ ფასად იყიდეო. ამიტომ რუსეთისთვის ძალიანაც ხელსაყრელია, რომ აზერბაიჯანული გაზი რუსეთისკენ წავიდეს და თურქეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მეორე მხრივ, თურქეთი შეიძლება, შეელიოს აზერბაიჯანს იმ იმედით, სად წავა, მაინც აქ უნდა მოვიდეს დიდი თურქული იდეის კონტექსტშიო და აწესრიგებს ურთიერთობას სომხეთთან, ირანთან. თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირანის ენერგომატარებლები თურქეთის გავლით მოხვდეს ევროპაში, რითაც ჩაიშლება რუსეთის ოცნება, რომ მისი გავლით გავიდეს ირანის ენერგომატარებლები ევროპაში. როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში რუსეთი? ან აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობა ჩაშალოს, ან ირან-თურქეთის, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს, ამიტომ რჩება ერთადერთი რამ: ჯიჯგნოს საქართველო.

– ან დაუმეგობრდეს, მაგრამ რუს რესპონდენტებთან საუბრისას მიჩნდება ეჭვი, რომ რუსეთს აღარ სჭირდება საქართველოს დამეგობრება?

– აღარ სჭირდება, რადგან, რაც გასაკეთებელი იყო, უკვე გააკეთა: რუსეთი მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიას. ცხინვალიდან აკონტროლებს საქართველოს ყველა კომუნიკაციას. ორჭოსანი რკინიგზიდან და საავტომობილო ტრასიდან ერთ-ნახევარ კილომეტრშია, როცა მოუნდება, გადაკეტავს. ამას გარდა, ეგრეთ წოდებული „ბერლინის კედლის“ აღმართვა ერთი მხარეა, მეორეა იდეოლოგიური სამუშაო, რომელსაც რუსეთი აქტიურად ეწევა და მიზანსაც მიაღწია: გალის რაიონში უკვე არის სოფლები, რომლის მცხოვრებლებმა აღარ იციან ქართული, ლაპარაკობენ მხოლოდ მეგრულად და ამბობენ, მეგრელები ვართო. სხვა მეთოდით მოქმედებს რუსეთი აღმოსავლეთ საქართველოში: ცხინვალის რეგიონის გარშემო, ონის, საჩხერის, დუშეთის რაიონებში ისე იქცევა, რომ ხალხი დაშინდეს და ტერიტორია დატოვოს, რომ შეიქმნას ბუფერული ზონა. ერთი სიტყვით, ისინი მუშაობენ, ჩვენ კი დროს ვკარგავთ და ვაპელირებთ ევრომონიტორებით.

– თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ომის განახლების საფრთხეზე ლაპარაკი უაზრობაა, რადგან ქვეყანა ყოველგვარი ომის გარეშე გვეშლება?

– ძალიან რეალური საფრთხის წინაშე ვართ. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, რეფორმა, რომელიც 58-ე არმიაში ტარდება, იმის მყარ საფუძველს იძლევა, რომ უახლოეს მომავალში ომი ვერ დაიწყება. მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს, მათ არც სჭირდებათ ომი, ქვეყანას სხვა მეთოდებით შლიან. რუსები დიდ ფულს არ ხარჯავენ თავიანთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, მაგრამ ეფექტს აღწევენ იდეოლოგიური მუშაობით, დაშინებითა და ძალით. ამას გარდა, ჩემი მონაცემებით, საქართველოში სხვა ქვეყნის 500 000-დან 800 000-მდე მოქალაქეა. მათგან ორი მესამედი რუსეთის მოქალაქეა. ისინი, ყველანი, საქართველოში არ ცხოვრობენ, მაგრამ, ადრე თუ გვიან ჩამოვლენ და ეს არის უზარმაზარი მასა, რომელიც არავინ იცის, როგორ მოიქცევა ექსტრემალურ სიტუაციაში. უამრავი ასეთი ადამიანია ჯავახეთში…


скачать dle 11.3