კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეწირებოდა მაფიის იატაკქვეშა დაპირისპირებებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე

 

დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწყო, ოთხმოციანებში გაგრძელდა და ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მისი ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათთან ვინმეს მსგავსება შემთხვევითია...

„ქეთინო“ და მისი რაზმი

– აბა, „ქეთო“, შენ იცი და შენმა „გოგოებმა“. იმ ნაბიჭვარს უკანალი ისე უნდა გაურღვიოთ, რომ აღარასოდეს შეუხორცდეს. მაგრამ ფრთხილად, იცოდე, არ გადააჭარბოთ და არ შემოგაკვდეთ, თორემ, ყველას ცოცხლად დაგმარხავთ მიწაში! – უთხრა ზორბა ტანის დიდთავა ყმაწვილს არასრულწლოვანთა კოლონიის რეჟიმის უფროსმა, რომელსაც „ქეთი“ კაბინეტში ჰყავდა დაბარებული.

– ნუ გეშინია, ამხანაგო ბესო, პირველად ხომ არ ვშვრებით ასეთ რამეს! – მიუგო რეჟიმის უფროსს „ქეთომ“, მაგრამ ბესომ მას შეუღრინა:

– ვინაა შენი ამხანაგი, შე ქათამო?! აბა, ჩქარა აახვიე აქედან! როგორც გითხარი, ყველაფერი ისე გააკეთე და, გიმეორებ, იაღლიში არ მოგივიდეს, თორემ, ყველას ცოცხლად დაგმარხავთ!

ეგრეთ წოდებული „ქეთო“, კოლონიის „წითელ აქტივისტთა“ რაზმის მეთაური მალხაზ ტორშელაშვილი იყო, „გოგოები“ კი – მისი რაზმის წევრები. „ქეთინო და მისი რაზმი“ მცირეწლოვანთა კოლონიის ადმინისტრაციასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ და მათ ყველაზე ბინძურ დავალებებს ასრულებდნენ. ისინი ცალკე ბარაკში, ეგრეთ წოდებულ „საქათმეში“ ცხოვრობდნენ, რომელიც თუნდაც ერთხელ გაუპატიურებული პატიმრებისთვის იყო განკუთვნილი.

კოლონიის რეჟიმის უფროსი, მაიორი ბესარიონ ხვრელელი იყო. ის და კოლონიის უფროსი, პოდპოლკოვნიკი კარლო ხელაია, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ პატიმრების მიმართ და მათი მხრიდან მცირე პროტესტის შემთხვევაშიც კი, მათ უსასტიკესად უსწორდებოდნენ. კარლო ხელაია ბესო ხვრელელის საშუალებით მართავდა კოლონიას, ეს უკანასკნელი კი „წითელი აქტივისტების“ ხელით ამყარებდა კოლონიაში „წესრიგს“, რაც, სინამდვილეში, ელემენტარული ადამიანის უფლების ყოვლად ზღვარგადასულ დარღვევაში გამოიხატებოდა...

ქეთო „საქათმეში“ დაბრუნდა, თავისი ოცეული შეკრიბა, ხვრელელის დავალება გადასცა და შემდეგ ყველა ერთად გაემართა ამის შესასრულებლად.

„წითელ აქტივისტებს“ 17 წლის ნოდარ ჯაფარიძე უნდა „მოერჯულებინათ“. ჯაფარიძე კოლონიაში ერთი თვის შესული იყო. ის თავისი ასაკისთვის უჩვეულო ნებისყოფით გამოირჩეოდა, ამიტომ კოლონიის ხელმძღვანელობას თავიდანვე არ მოუვიდა თვალში. ჯაფარიძე მუშაობაზეც უარს აცხადებდა, არც წითელ სამკლაურს იკეთებდა ხელზე და, რაც მთავარია, ქურდული წეს-ჩვეულებების დამკვიდრებას ცდილობდა პატიმრებში, ეს კი „მალალეტკებში“ მიუღებელი იყო და ადმინისტრაციამ მისი გაუპატიურება გადაწყვიტა, რაც „ქეთინოსა“ და მის რაზმს უნდა განეხორციელებინა.

ჯაფარიძე ტუალეტში მიდიოდა, როდესაც მას „გოგოებმა“ ალყა შემოარტყეს, „ქეთინომ“ კი უთხრა:

– აბა, უკანალი უნდა გაგირღვიოთ და გაემზადე, რომ პრობლემები არ შეგვიქმნა. რაც უფრო მალე გახდები ჩვენიანი, მით უკეთესი იქნება შენთვის!

ჯაფარიძემ მოულოდნელად სამართებელი „დააძრო“ სახელოდან და „ქეთინოს“ ყელში გამოუსვა, მან სისხლი გაასხა, დაიკივლა და მიწაზე დაეცა. დაცემული მეთაური რომ დაინახეს, „ქათმებმა“ მოკურცხლეს, მაგრამ ჯაფარიძე მათ დაედევნა და კიდევ ორ მათგანს მთელი კოლონიის თვალწინ გამოსჭრა ყელი, შემდეგ შუა პლაცზე დადგა, ჯერ მარცხენა ხელზე გადაიჭრა ვენა, ბოლოს მაიმუნივით აძვრა „ფლაგშტოკზე“ და საბჭოთა კავშირის წითელი დროშა მოგლიჯა, შუაზე გადაფხრიწა, ისკუპა, მიწაზე დაენარცხა და გაითიშა... სისხლის გუბეებში იწვნენ „ქეთინო“ და მისი რაზმის ორი წევრი, რომლებსაც ჯაფარიძემ სამართებელი დაუსვა. ამ შემთხვევიდან თხუთმეტი წუთი იყო გასული, როდესაც „აქტივისტები“ და ნოდარ ჯაფარიძე სასწრაფო დახმარების მანქანებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს...

„მაუგლი“

მიუხედავად იმისა, რომ ნოდარმა „ქათმებს“ საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიაყენა და მათ ბევრი სისხლი დაკარგეს, ექიმებმა სამივეს გადარჩენა მოახერხეს. სიკვდილს გადაურჩა ნოდარ ჯაფარიძეც. მართალია, ის თითქმის ათმეტრიანი სიმაღლიდან დაენარცხა მიწაზე, მაგრამ, მხოლოდ ტვინის შერყევა მიიღო და სხეული დაეჟეჟა, გადაჭრილი ვენა კი ექიმებმა დროულად გაუკერეს.

– ეს ბიჭი ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილა დაბადებული, – თქვა ნოდარის მკურნალმა ექიმმა, როდესაც შეიტყო, რომ ბიჭი ათი მეტრი სიმაღლიდან იყო ჩამოვარდნილი, – ჩემი მეზობელი ჯორკოდან ჩამოვარდა და ორივე ხელ-ფეხი მოიტეხა.

– თქვენი მეზობელი მე არ მაინტერესებს, – შეუღრინა ექიმს ბესო ხვრელელმა, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა, – როდის შევძლებ ამ ნაძირლის ისევ კოლონიაში დაბრუნებას?

– როცა გამოჯანმრთელდება, მაშინ. ახლა კი აქედან მიბრძანდით და ავადმყოფის მკურნალობაში ხელს ნუ გვიშლით, – ცივად მიუგო ხვრელელს ექიმმა, კარი ცხვირწინ მიუხურა და ნოდარის გასინჯვა გააგრძელა.

17 წლის ნოდარ ჯაფარიძე, ცნობილი ქართველი მეცნიერის, გოგი ჯაფარიძის ძმისშვილი იყო და ციხეში ქურდობისთვის მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ნოდარი ფრიადოსანი მოსწავლე და საუკეთესო სპორტსმენი გახლდათ (მას ტანვარჯიშში სპორტის ოსტატობის კანდიდატის ნორმა ჰქონდა შესრულებული), ის 15 წლიდან ქურდული მენტალიტეტის ხალხს დაუკავშირდა. ერთი წლის განმავლობაში ნოდარი ისე ოსტატურად ინიღბებოდა, რომ ოჯახში მისი მეორე ცხოვრების შესახებ ვერაფერს ხვდებოდნენ, რადგან ბიჭს თანაბარი წარმატებები ჰქონდა როგორც სწავლასა და ტანვარჯიშში, ასევე ქურდულ სფეროშიც. სკოლაში ის სრული ფრიადოსანი იყო, საქართველოს ჭაბუკ ტანმოვარჯიშეთა ნაკრებში პირველ ნომრად ითვლებოდა, ქურდებმა კი მას მეტსახელად „მაუგლი“ შეარქვეს, რადგან ისე ოსტატურად ძვრებოდა მრავალსართულიანი სახლების კედლებზე და ისე პირწმინდად ასუფთავებდა ეგრეთ წოდებული „ფაშისტების“ ბინებს, რომ ყველანი აღტაცებულები იყვნენ.

ნოდარი ერთ-ერთი მორიგი ქურდობის შემდეგ ჩავარდა: მან და ორმა, ნოდართან შედარებით ასაკოვანმა ქურდმა, ივანე კოკაიას ბინა პირწმინდად გაასუფთავეს და აურაცხელი ქონება წაიღეს, რომელიც მას უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული. კოკაია მოსამართლე იყო და იმით გაითქვა სახელი, რომ უმძიმესი დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანებისგან დიდძალ ფულს იღებდა და, ან სულაც ათავისუფლებდა მათ, ან კი, ისე ცოტას უსჯიდა, რომ ისინი მალე გამოდიოდნენ ციხიდან. კოკაიას საქმეზე, ნაქურდალის გასაღების მომენტში დააპატიმრეს 29 წლის ვიქტორ მოსიაშვილი და სწორედ მან დაასახელა დანარჩენების ვინაობაც, რომელთა შორის იყო ნოდარი. 30 წლის ირაკლი სიორიძე პირველივე დაკითხვაზე გატყდა და ყველაფერი აღიარა, ნოდარი კი ბოლომდე მტკიცედ დადგა თავის პოზიციაზე და, მისი საქმე ისე გადაეცა სასამართლოს, რომ საქმეში ნოდარის აღიარებითი ჩვენება არ ფიგურირებდა. არანაკლებ საინტერესო ფაქტი იყო ის, რომ ქურდებს თავად დაზარალებული, მოსამართლე ივანე კოკაია ასამართლებდა, რაც ყველა სამართლებრივი ნორმის დარღვევა იყო. მოსიაშვილსა და სიორიძეს მან 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, არასრულწლოვან ნოდარ ჯაფარიძეს კი – 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თანაც, არასრულწლოვანთა კოლონიის უფროსს კონფიდენციალურად შეხვდა და, 5 ათასი მანეთის სანაცვლოდ, 17 წლის ყმაწვილის „გაქათმება“ დაავალა... თუმცა, ნოდარმა თავისი ღირსების დაცვა მოახერხა, საავადმყოფოში მოხვდა და, როდესაც ის სრულიად გამოჯანმრთელდა, უკვე 18 წლის, ანუ სრულწლოვანი იყო და სასჯელის მოსახდელად „კრიტში“ გაამწესეს. „კრიტში“ კი უკვე ყველამ კარგად იცოდა ნოდარ ჯაფარიძის საქციელის შესახებ და, როდესაც მან ციხის ტერიტორიაზე შედგა ფეხი, პატიმრები საკნებიდან ყიჟინით შეეგებნენ და ერთხმად გაჰყვიროდნენ: „მა-უგ-ლი! მა-უგ-ლი!..“

ხელახალი გამოძიება

„მაუგლის“ „კრიტში“ გადაყვანა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც კომუნისტურ საქართველოში ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდა და ძველი მაფიის ახლით ჩანაცვლება ხორციელდებოდა. ქვეყანაში მძაფრი იატაკქვეშა ომი იყო გაჩაღებული და დაპირისპირებულმა მხარეებმა ნოდარის ამბის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს. კორუმპირებული მოსამართლე ივანე კოკაია ძველი მაფიის წევრი იყო, თუმცა, ის „ახლების“ ბანაკში გადაბარგდა, რამდენიმე მაღალჩინოსანი პირწმინდად „ჩაუშვა“ და თავისი პოსტი არამცთუ შეინარჩუნა, არამედ, დააწინაურეს კიდეც და მოგვიანებით, რამდენიმე გახმაურებული პროცესის მთავარი გმირიც კი გახდა, სადაც საქართველოს ახალი მმართველობის უშუალო დავალებით რამდენიმე ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ისინი დახვრიტეს...

ახალ ბანაკში გადაბარგებულმა კოკაიამ, რომელსაც „მაუგლის“ მზარდი პოპულარობა სიკვდილივით აშინებდა, ნოდარ ჯაფარიძის საქმის ხელახალ გამოძიებას მისცა მსვლელობა, 7 წელი 15 წლამდე გაუზარდეს, სამი ადამიანის მოკვლის მცდელობაში დაადანაშაულეს და, სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, 18 წლის ქართველი ყმაწვილი ეტაპით გაგზავნეს რუსეთში და მორდოვეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ¹14 ბანაკში გამოამწყვდიეს, სადაც 900 რეციდივისტი იხდიდა სასჯელს. მიუხედავად იმისა, რომ ნოდარის სახელოვანი ბიძა კარგად იცნობდა რესპუბლიკის ახალ ხელმძღვანელს და მის მხურვალე მხარდამჭერადაც კი ითვლებოდა, ედუარდ შევარდნაძეს იმ მომენტში ივანე კოკაია უფრო სჭირდებოდა, გოგი ჯაფარიძე მაინც მიიღო და მოუსმინა, მაგრამ, უთხრა:

– ამხანაგო გოგი, თქვენ თქვენი ძმისშვილისთვის შეღავათებს მთხოვთ, მაგრამ, სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციაში მე ვერ ჩავერევი, თანაც, რამდენადაც ვიცი, თქვენი ნათესავი პირწავარდნილი დამნაშავეა და სამი კაცის მკვლელობის მცდელობისთვისაა გასამართლებული.

– ბატონო ედუარდ! – ჯაფარიძემ სიტყვა გააწყვეტინა შევარდნაძეს, – მე არ ვამბობ, რომ ნოდარი ანგელოზია, მაგრამ, ხელახალი გამოძიება არაობიექტურად წარიმართა, თანაც, ის რუსეთში, რეციდივისტების ბანაკშია გამწესებული, სადაც, კი არ გამოსწორდება, პირიქით, უფრო საშიში გახდება. ამიტომ, გთხოვთ, ჩაერიოთ, ობიექტური გამოძიება დანიშნოთ და მთელი ჩვენი ნათესაობა ბოლომდე თქვენი მადლიერი იქნება.

შევარდნაძე თავის ჩვეულ სტილში დაჰპირდა პროფესორს ობიექტურ გამოძიებას და გოგი ჯაფარიძე გაისტუმრა. სინამდვილეში კი არანაირი ობიექტური გამოძიება არ დაუნიშნავს. კოკაია კი „სასიკვდილო პროცესებისთვის“ ემზადებოდა.

ოჯახური ტრაგედია და სასტიკი შურისძიება

ეგრეთ წოდებულ „მექრთამეთა და კომბინატორთა“ პროცესებზე, რომლებიც ახალმოსულმა ხელისუფლებამ წარმართა, რამდენიმე ცნობილი ადამიანი იქნა გამტყუნებული და დახვრეტილი, ივანე კოკაია კი ისე აღზევდა და გამდიდრდა, რომ ვაკეში ხუთოთახიანი ბინა აიშენა, წყნეთში კი – ორი აგარაკი, რასაც გულრიფშში, ზღვის პირას მდებარე ფეშენებელური აგარაკიც დაემატა... ყოველივე ამის პარალელურად, რეციდივისტებში მოხვედრილმა „მაუგლიმ“ ¹14 კოლონიაში უმძიმესი 5 წელი გაატარა და, ერთ მშვენიერ დღეს ფანტასტიკური გაქცევა მოახერხა. ნოდარმა, რომელიც სიგარეტსაც კი არ ეწეოდა და მუდმივად ვარჯიშობდა, კოლონიაში შექმნილი ბუნტით ისარგებლა, ერთ-ერთი დაშავებული ჯარისკაცის ფორმა გადაიცვა, კოლონიის გარეთ გააღწია და „ბეტეერი“ გაიტაცა, რომლის მძღოლსაც ყელზე ალესილი „შტირი“ მიადო. ნოდარზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. ზუსტად ერთი თვის შემდეგ კი, თბილისის ერთ-ერთ რაიონში, სადაც ნოდარის ოჯახი ცხოვრობდა, საშინელი ტრაგედია დატრიალდა: მილიციის სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა, რომ „მაუგლი“ სახლში იმყოფებოდა, იერიში განახორციელა და სახლში შევარდა, თუმცა, ნოდარი იქ ვერ აღმოაჩინეს. სამაგიეროდ, მილიციელების ტყვიებს ემსხვერპლნენ სრულიად უდანაშაულო ნოდარის დედ-მამა და 83 წლის ბებია. ბედის ირონიით, ამ ოპერაციას ივანე კოკაიას უმცროსი ძმა, მილიციის მაიორი ზაქრო კოკაია ხელმძღვანელობდა...

24 წლის ნოდარ ჯაფარიძეს მთელი საბჭოთა მილიცია გამალებით ეძებდა, მაგრამ სად, გაქრა „მაუგლი“, არავინ უწყოდა. ის კი ექიმ, მიხეილ კოტრიკაძის სახლში იმალებოდა. ეს სწორედ ის ექიმი იყო, ვინც 17 წლის ნოდარს „ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული“ უწოდა და ყმაწვილი მანამდე არ გაწერა საავადმყოფოდან, სანამ მას 18 წელი არ შეუსრულდა... მოგვიანებით ნოდარის ბიძამ, გოგიმ, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გადამდგარი მილიციელისგან შეიტყო, რომ ნოდარის ლიკვიდაცია ძმები კოკაიების შეთქმულება იყო და მათ გამიზნულად გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, თუმცა, ნოდარი სახლში არ იყო და საშინელებას ყოვლად უდანაშაულო სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა... პროფესორი გოგი ჯაფარიძე  ედუარდ შევარდნაძეს მოსკოვშიც შეხვდა და უკვე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მას უთხრა:

– რას იზამ, ჩემო გოგი, მაშინ ყველანაირად ვეცადე, შენი ძმისშვილი დამეხსნა, მაგრამ, იმხელა წინააღმდეგობა შემხვდა, რომ თავი დავანებე, რომ საქმე უფრო არ გამეფუჭებინა...

გოგი ჯაფარიძემ არაფერი უპასუხა შევარდნაძეს, ხელიც კი არ ჩამოართვა და უხმოდ დატოვა დარბაზი, სადაც ახალგამომცხვარი სახელმწიფო მეთაური მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს ხვდებოდა...

მიხეილ კოტრიკაძესთან შეფარებული „მაუგლი“ თბილისში ორი წელი იმალებოდა. შემდეგ მან გარეგნობა შეიცვალა, რუსეთში გაემგზავრა, ძველი კრიმინალური კავშირები აღადგინა, კარგად ორგანიზებული მძარცველთა ბანდა შექმნა და ხუთი წლის განმავლობაში 70 მსხვილი საქმე განახორციელა. „პერესტროიკის“ დროს კი მოუხელთებელმა „მაუგლიმ“ ბანდის წევრებს თანაბრად გაუნაწილა ქონება, გამოემშვიდობა მათ და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა...

1990 წლის ივნისში, ქალაქ კრასნოდარში, საკუთარ სახლში, ივანე კოკაიას დაცხრილული სხეული აღმოაჩინეს. იქვე ეგდო დაცხრილული ზაქრო კოკაიაც, რომელიც ძმასთან სტუმრად იმყოფებოდა. როგორც კრასნოდარის მილიციის სამმართველოს არქივში ეწერა, კოკაიების მკვლელობა სწორედ ნოდარ ჯაფარიძემ ჩაიდინა შურისძიების მიზნით. იმავე წელს, ივლისის მიწურულს, თბილისში ჯერ ბესო ხვრელელის დასახიჩრებული ცხედარი აღმოაჩინეს, შემდეგ კი – კარლო ხელაიას გვამი. ანუ, სწორედ ისინი იყვნენ, ვინც კოლონიაში „მაუგლის“ გაუპატიურება მოუნდომა...

P. S. „მაუგლი“ დღესაც ცოცხალია და ცოლ-შვილთან ერთად უცხოეთში, ერთ-ერთ შორეულ ქვეყანაში ცხოვრობს. ცოლად კი ნოდარ ჯაფარიძემ ექიმ კოტრიკაძის ქალიშვილი – ეკა მოიყვანა...

 

 

скачать dle 11.3