დიეტა მათთვის, ვისაც გული აწუხებს
გული უნიკალური ორგანოა. წარმოიდგინეთ: ერთი წუთის განმავლობაში ის სისხლძარღვებში გადაქაჩავს 6 ლიტრ სისხლს, დღის განმავლობაში კი – 10 ტონაზე მეტს. ამ კოლოსალურ დატვირთვას რომ გაუძლოს, საჭიროა, გული კარგად ვკვებოთ.
დამტკიცებულია, რომ დაბალკალორიული და ბალანსირებული დიეტა საგრძნობლად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა მოსალოდნელ პრობლემებს. ზოგადი რჩევა კვების შესახებ ასეთია: ხშირად მიირთვით საქონლისა და ფრინველის ხორცი, თევზი, (სასურველია მოხარშული), ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, ცეხვილი პური, მცენარეული ცხიმი; მაქსიმალურად შეამცირეთ ცხოველური ცხიმები, ტკბილეული და მარილი.
ახლა კი შემოგთავაზებთ იმ პროდუქტების ჩამონათვალსა და ღირსებებს, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა გულისთვის:
ვაშლი საუკეთესო პროდუქტია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ. ის შეიცავს უნიკალურ ნივთიერებას – კვერცეტინს, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ამ ნივთიერებას ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს: ხახვი, მწვანე ჩაი, მაყვალი და შავი მოცხარი.
გული ქიმიური ელემენტებიდან, ყველაზე მეტად საჭიროებს კალიუმს, რომელიც აუმჯობესებს გულის კუნთების მუშაობას და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს. ყველაზე მეტ კალიუმს შეიცავს კარტოფილი, გოგრა, კომბოსტო, გარგარი, შავქლიავი, გარგარის ჩირი („კურაგა”), ლეღვი, ასკილი და ოხრახუში.
ვაშლისა და გარგარის ჩირი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და იცავს გულს მავნე რადიკალების ზემოქმედებისგან. ასევე, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს; „კურაგა” კი იცავს გულს ინფარქტისგან.
ბურღულეული დიდი რაოდენობით შეიცავს გულისთვის აუცილებელ კიდევ ერთ ნივთიერებას – მაგნიუმს (ეს პროდუქტები ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს). მაგნიუმით მდიდარია აგრეთვე: ნიგოზი, ნუში, ბანანი და მუხუდო (ან ბარდა). ექიმები ამტკიცებენ, რომ, თუ ადამიანი დღეში 0,5 გრამ მაგნიუმს მაინც მიიღებს (ამ რაოდენობას შეიცავს, მაგალითად, ერთი ცალი ბანანი), ინფარქტის რისკი მინიმუმამდე მცირდება.
ნიორი აწესრიგებს წნევას, რაც მასში არსებული ნივთიერების – ალიცინის დამსახურებაა. ალიცინი ხელს უწყობს სისხლის თავისუფალ მოძრაობას, რაც გამორიცხავს თრომბების წარმოქმნას. ვინაიდან ალიცინი სწრაფად კარგავს ძალას, სასურველია, მიიღოთ დღეში 2-3 კბილი ნიორი (დაჭრილი, დანაყილი ან შემთბარი).
სისხლისთვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტია წითელი ღვინო, რომელიც 30 პროცენტით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. შავი ყურძნის კანი და წიპწა შეიცავს ანტიოქსიდანტ ფლავონოიდებს, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა, უვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს და ამცირებს თრომბის გაჩენის ალბათობას. გარდა ამისა, იცავს ორგანიზმს სიმსივნეებისგან. ყველაზე სასარგებლოა წითელი მშრალი ღვინო, ოღონდ, დღეში 1-2 ჭიქაზე მეტი არ უნდა დალიოთ.
ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღეში 1-2 ფინჯანი ნალექიანი ყავა აარიდებს გულს სხვადასხვა დაავადებას. ყავაში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.