კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძახიან ქართველ ბოდიბილდერ ვიქტორ გეგეშიძეს შვედეთში „ენიმალსა“ და „სტრონგმენს“ და როგორ გახდა ის „მისტერ ფიტნესი“ და „მისტერ სპორტული საქართველო“

ქართველი ბოდიბილდერი ვიქტორ გეგეშიძე, რომელიც „საქართველოს ბანკის“ საკონკურსო ვიდეოდან კარგად არის ცნობილი, წელიწად-ნახევარია, შვედეთში ცხოვრობს, ვარჯიშობს და შვედეთის ჩემპიონატზე გამოსასვლელად ემზადება. ამბობს, წესიერი პირობები რომ ყოფილიყო ბოდიბილდინგისთვის, საქართვლოდან არ წავიდოდიო. ვიქტორი 2008 წელს „მისტერ სპორტული საქართველოც“ გახდა. ჩვენ მას შვედეთში დავუკავშირდით.

 

– ამ სპორტით ბავშვობიდან ვარ გატაცებული – ფილმებს ვუყურებდი ხოლმე. შვარცენეგერი იყო ძალიან ცნობილი ბოდიბილდერი, ჰოდა, იქიდან მომეწონა და დავინტერესდი. 15 წლის ასაკში დავიწყე ბოდიბილდინგში ვარჯიში, თავიდან, რა თქმა უნდა, მოყვარულის დონეზე, შემდეგ პროფესიულად დავინტერესდი და გადავწყვიტე, შეჯიბრებებზეც გამოვსულიყავი. მშობლები და ექიმი სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ, რადგან, ბავშვობაში ორი სერიოზული ოპერაცია მაქვს გადატანილი: ჯერ ნაწლავების გადახლართვა მქონდა და მიზეზი ვერ გაიგეს, ერთი წლის მერე კი ნაწლავის შეხორცება დაემატა. მოკლედ, ბეწვზე ვარ გადარჩენილი (იცინის). 

მანამდე საერთოდ არ მივლია სპორტზე. წარმოშობით გორიდან ვარ და მთელ გორში ჩემზე სუსტი და გამჩხაკული ბავშვი არ დადიოდა. წარმოიდგინე, მუსიკითა და სიმღერით ვიყავი გატაცებული და კონსერვატორიაც მაქვს დამთავრებული გიტარის განხრით. ადრე ვუკრავდი ხოლმე, ახლა ჩემთვის ვუკრავ, სერენადები არავისთვის მიმღერია (იცინის). 6 წლიდან ვუკრავდი გიტარაზე, მაგრამ, ისე გამიტაცა ბოდიბილდინგმა, მუსიკას თავისთავად ჩამოვშორდი.

ვარჯიში რომ დავიწყე, სულ რაღაც 48 კილოგრამი ვიყავი, სუსტი, გამხდარი და პატარა. ყველა ამბობდა, ამისგან რა უნდა გამოვიდეს, შეხედე, რას ჰგავსო (იცინის), დამცინოდნენ ხოლმე.

– მერე, არ გთრგუნავდა დაცინვა?

– არა, პირიქით, სტიმულს მაძლევდა. მე ეგრე ადვილად არ ვნებდები ხოლმე. მინდოდა, მთელ გორში ყველაზე ძლიერი და მაგარი ვყოფილიყავი – იმ წუთში უფრო გორზე მქონდა აქცენტი და მოვახერხე კიდეც. მორცხვი ბავშვი ნამდვილად არ ვყოფილვარ. მე, საერთოდ, გიჟი ვარ, არანორმალური, სირცხვილის გრძნობა რა არის, არ ვიცი (იცინის). ერთი შეხედვით კი ვჩანვარ სერიოზული, მაგრამ, მხიარული და ხუმარა ვარ, ძალიან ბევრს ვიცინი და მიყვარს იუმორი.

– მშობლები რატომ იყვნენ წინააღმდეგები?

– წეღან ხომ გითხარი, ოპერაციები მქონდა გადატანილი. დედამ და მამამ მაშინვე ქირურგთან წამიყვანეს რჩევის საკითხავად. იმან კი მითხრა, თავს თუ არ დაანებებ, პატარა წონებით მაინც ივარჯიშეო – სიმძიმეების აწევა არაფრით არ შეიძლებოდა ჩემს მდგომარეობაში. თუ რამე ტკივილს ვიგრძნობდი მუცლის ღრუში, მაშინვე უნდა შემეწყვიტა ვარჯიში. ნელ-ნელა დავიწყე, მცირე წონებით და ახლა 300 კილოგრამამდე ვწევ ერთ ვარჯიშზე. წონითი კატეგორიები მარტო შეჯიბრის დროს არის, ისე კი ყველა ინდივიდუალური წონებით ვარჯიშობს – ეს ფიზიკურ ძალაზეა დამოკიდებული. 

– შეჯიბრებაზე პირველად როდის გამოხვედი?

– 2004 წელს, 19 წლის ასაკში, მაშინ კარგად ვიყავი მომზადებული და ამიტომ არ გამჭირვებია. საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე და ამიერკავკასიის ტურნირზე – მესამე. 2007 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, ნახევარფინალში გავედი. სამწუხაროდ, უფრო სერიოზულ შედეგს იქ ვერ მივაღწიე. ჩემპიონობას წლები და სერიოზული მომზადება სჭირდება, ადრეულ ასაკში ვერ გექნება დიდი შედეგი. ამჟამად ვარ საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ამიერკავკასიის ტურნირის პრიზიორი. კიდევ რა ტიტულები მაქვს, იცი?

– არა, არ ვიცი.

– ვარ „მისტერ სპორტული საქართველო 2008” და love.bog.ge-ს კონკურსში ხალხის სიმპათიის პრიზი მიიღო ჩემმა ვიდეომ. უყურე, რა ვიმღერე და რა ჩავატარე (იცინის)? დავგლიჯე. კიდევ „მისტერ ფიტნესი“ და „მისტერ ფოტოგენურობა“ გავხდი… 2008 წლის კონკურსზე საკმაოდ სერიოზული კონკურენტები მყავდა. იყვნენ კალათბურთელები, ფეხბურთელი, მოკრივეც იყო. საბოლოოდ, 15 მონაწილე დავრჩით ფინალში და მე გავიმარჯვე.

– ზალიკო ბერგერთან ხარ გადაღებული ერთ ფოტოზე. ზალიკოც ხომ არ აპირებს ბოდიბილდერობას?

– არა (იცინის). ზალიკოს ბოდიბილდინგი არ აინტერესებს, ჟიურის წევრი იყო, თან, აშკარად ჩემ მიმართ სიმპათიით განწყობილი და იქიდან ვმეგობრობთ. „შოპორტ კაფეში“ ჩატარდა ერთი ტური და იქ შეგვარჩიეს 6 მონაწილე. ფინალი ჩატარდა ბაკურიანში. მე ვისთან არ ვარ გადაღებული (იცინის). არა მგონია, ზალიკოს ბოდიბილდერობა უნდოდეს, თავისი საქმე აქვს, თუმცა, რა ვიცი, მას ჰკითხე (იცინის). 

– შვედეთში რატომ წახვედი?

– იმიტომ, რომ აქ, ამ სპორტის თვალსაზრისით, დიდი პერსპექტივაა, ჰყავთ ბევრი ბოდიბილდერი, როგორც კაცები, ასევე ქალები. ნორმალური, კარგი ქვეყანაა, წესიერი ხალხი, ვერ ვიტყვი, რომ ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარე და ვნახე, მაგრამ, რაც ვნახე, მომეწონა. საქართველოში ბოდიბილდინგისთვის ძალიან ცუდი სიტუაციაა. საიტიც კი არ გვაქვს წესიერი და რა ჯანდაბა უნდა გვქონდეს სხვა?! AMBA.RU-ზე იმიტომ დევს ჩემი სურათები, რომ ჩემი გვერდია. იქ კიდევ წერია, რომელმა ბოდიბილდერმა რომელ წელს რა ტიტული მოიგო, მათი წონითი კატეგორია, ფოტოები – ყველაფერი დევს იქ. ქართველებს მარტო ჭამა და დალევა უყვართ, ბოდიბილდერი კი სულ დიეტაზეა. ძალიან მკაცრ დიეტას ვიცავთ: ვჭამთ დიდი რაოდენობით ცილოვან პროდუქტს, არანაირი ცხიმი, მარილი, პური... დღეში 8-9 საათს ვვარჯიშობ. სულ ცილა და ცოტა ნახშირწყალი... ათას ქართველს უვარჯიშია ჩემ გვერდით და ბოლომდე თითქმის არავინ მიჰყოლია ამ სპორტს. არის კიდევ ფულის ფაქტორი, რადგან, საკმაოდ ძვირად ღირებული სპორტია. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულიც კი: სპეციალური კვება, ვარჯიში, დამატებითი პრეპარატები, ბიოდანამატები, პროტეინები, ამინომჟავა, კრეატინები და ასე შემდეგ – ეს, რაც ლეგალურია. არსებობს კიდევ არალეგალური პრეპარატები, რომლებიც უფრო ძლიერმოქმედია და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კულტურისტები გარდაიცვალნენ ამ პრეპარატების ჭარბი დოზის მიღების გამო. აუცილებელია, გყავდეს პირადი ექიმი, რომელიც შენს სისხლს ყოველკვირა გააკონტროლებს.

– შენ თუ მიგიღია ეს არალეგალური პრეპარატები?

– კი, მიმიღია, ოღონდ, ძალიან იშვიათად. თუმცა, ცოდნა უნდა მიღებას. ბოდიბილდერებს ასეთი სახუმარო გამონათქვამიც კი გვაქვს: მოკვდი, ოღონდ დიდი (იცინის)!

– შენ თვითონ მოგწონს ბოდიბილდერი ქალები?

– ბოდიბილდერები არა, მაგრამ, ფიტნესით დაკავებულები – კი. ფიტნესის მოყვარულ დაკავებულ ქალებს ულამაზესი სხეული აქვთ. აქ ქალები ბევრს ზრუნავენ საკუთარი სხეულის სრულყოფაზე. ზოგადად, ჩემი მოწონების არეალი ძალიან ფართოა: მომწონს ნავარჯიშები და მოვლილი ქალები, მრგვალი ფორმებით, ანუ ისინი, ვინც ცდილობს მრგვალი ფორმების დახვეწას. შენ ახლა, ალბათ, ცხიმოვან მრგვალ ფორმებზე იფიქრე, არა? (იცინის). მე ვგულისხმობ კუნთოვან და არა ცხიმოვან მასას. ხომ გითხარი, აქ ქალები ძალიან უვლიან თავს, საქართველოში კი – არა. შვედი ქალები ცნობილები არიან სილამაზით მთელ მსოფლიოში. მაგრამ, მე მყავს მეგობარი გოგონა, ქართველი, რომელიც აქ გავიცანი და ევროპულად ვცხოვრობთ, რა! კარგი გოგოა, პროფესიით ექიმია... ახლა, დეტალების მოყოლას ნუ მომთხოვთ.

– შვედური სამზარეულო მოგწონს?

– სიმართლე გითხრა, არ მომწონს. მე ვარჯიშებზე დამაქვს ჩემი სპეცსაჭმელი, რომელიც მჭირდება, მზადებაც მიწევს ხოლმე, რაც მეჭმევა, იმის, თორემ, დიდი კულინარობით ვერ დავიკვეხნი.

– ვინმე თუ გიტყეპია ერთი მაგრად?

– (იცინის). არა, ასეთ ინციდენტებს ვერიდები ხოლმე, საერთოდ, ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი ვარ, არ მიყვარს ცემა-ტყეპა.

– შვედეთში თუ გამოსულხარ ჩემპიონატზე?

– ჯერ არა, ვემზადები. შვედეთი არამარტო ბოდიბილდინგის მხრივ, ისედაც ძალიან კარგი ქვეყანაა. ძალიან კარგ პროფესიონალებთან მოვხვდი და დამკვიდრება არც გამჭირვებია, კარგად მიმიღეს. ყველა ძლიერი ბოდიბილდერი იმ დარბაზში ვარჯიშობს, სადაც მე, მათ შორის ახმად ახმადიც.

ყველასთან კარგი და თბილი ურთიერთობა მაქვს, ზოგი „ენიმალს“ მეძახის, ზოგი „სტრონგმენს“, ყველას უკვირს ჩემი ფიზიკური მონაცემები. შვედები, საერთოდ, ცივი და ნაკლებად გახსნილი ხალხია, მაგრამ, მე შევძელი, მათთვის თავი შემეყვარებინა.  ძალიან თბილი და იუმორის მოყვარული ადამიანი ვარ, სხვაგვარად არც შეიძლება, ქართველი კაცი იყოს (იცინის). მიყვარს მშივიდი და გაწონასწორებული ხალხი. თავიდან, სხვათა შორის, ამათი ენა რომ არ ვიცოდი, რაღაცეებს ვმაიმუნობდი და ჟესტებით ვაცინებდი ხოლმე. აბსოლუტურად უკომპლექსო და გიჟი ვარ. აბა, როგორ ვიქნები მორცხვი – ბოდიბილდერი ვარ და ტრუსებით გამოვდივარ სცენაზე (იცინის). 

ჩემპიონატს რაც შეეხება, საახალწლოდ ვგეგმავ გამოსვლას ბოდიბილდინგის ფესტივალზე, რომელიც საკმაოდ სერიოზული, ევროპული დონის ღონისძიებაა. ვცდილობ, კარგად მოვემზადო – მინდა, შვედეთის ჩემპიონი გავხდე. აქაური კანონების მიხედვით, სანამ საბუთები არ მექნება, ჩემპიონატზე ვერ გამოვალ. ამიტომ, ცოტა დრო და მოცდა დამჭირდება, თუმცა, ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ და, ვნახოთ, რა იქნება.

 

 

скачать dle 11.3