როგორ მოხვდა ვაკელი ბელი „ვაკუშა“ თბილისის ზოოპარკში და ხშირად იპარებიან თუ არა ზოოპარკიდან ცხოველები
თბილისის ზოოპარკში სიახლეებია – ის სულ ცოტა ხნის წინ ახალი სახეობებით გამდიდრდა. თუ რა მდგომარეობაა ჩვენი ქალაქის ზოოლოგიურ პარკში და რა სახეობების შეძენა და გასხვისება იგეგმება იქ, ამის შესახებ ზოოპარკის სამეცნიერო დირექტორი დავით თაქთაქიშვილი გვიამბობს.
– ჩვენი ზოოპარკის ბოლო სიახლე ისაა, რომ 21 ოქტომბერს ჩამოვიყვანეთ ძალიან იშვიათი სახეობის თეთრი მარტორქები. მათი სამშობლო აფრიკის კონტინენტია, კერძოდ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საიდანაც მოხდა ამ ცხოველების ტრანსპორტირება. თბილისის ზოოპარკის ისტორიაში პირველად გვყავს ორწლინახევრის დედალ-მამალი თეთრი მარტორქები. ისინი ამჟამად 800-900 კილოგრამს იწონიან, ანუ, ჯერ პატარები არიან. ზრდასრული მამალი მარტორქის წონა საშუალოდ 2 ტონას და მეტსაც კი აღწევს, დედალი შედარებით მომცრო ტანისაა.
22 აგვისტოს ზოოლოგიურ პარკში იაგუარის სამი ბოკვერი შეგვეძინა. იაგუარი სამხრეთამერიკული მტაცებელია. სამი მამალი ბოკვერის დაბადება, ძალიან იშვიათი შემთხვევაა. მშობლები მელანისტები არიან, ბოკვერებიდან კი ერთი შავი გაჩნდა და ორი ჭრელი, რაც უკვე გენეტიკისა და მემკვიდრეობითი ფაქტორია. იაგუარი კატისებრთა ოჯახის ძალიან ძლიერი და სწრაფმორბენალი მტაცებელია, ძუ იაგუარი მივიღეთ ალმა-ატის ზოოპარკიდან, ხოლო ხვადი – ბორდოს ზოოპარკმა გადმოგვცა საჩუქრად. რადგან მათ უკვე ჰყავთ ნაშიერი, ესე იგი, წყვილი შედგა. როგორც აზიის, ასევე, ევროპის ზოოლოგიური პარკები ხშირად გვჩუქნიან ხოლმე სხვადასხვა ჯიშის ფრინველსა და ცხოველს, ასევე ვიქცევით ჩვენც, ზოგჯერ კი გაცვლაც ხდება.
არის ასეთი ორგანიზაცია – ეაზა – ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაცია. თბილისში ორჯერ იყო ჩამოსული სპეციალური კომისია, რომელმაც შეამოწმა ცხოველების ზოგადი მდგომარეობა, საკვები, ჯანმრთელობა, ვოლიერების მდგომარეობა, სახეობები და გადაწყდა, რომ ჩვენი ზოოლოგიური პარკი გახდეს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატი. რა თქმა უნდა, ჩვენი ზოოპარკი იდეალურისგან ძალიან შორსაა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ფინანსების უქონლობაა. თანამედროვე ზოოპარკებში არის მოდერნიზაციისა და ცხოველების ღია ტიპის ვოლიერში გადაყვანის ტენდენცია. რამდენჯერმე უკვე მოხერხდა ღია ტიპის ვოლიერებზე გადასვლა, თუმცა, ზოგი ცხოველი ჯერ კიდევ გალიაში რჩება. ჩვენ ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვახორციელებთ ზოოპარკის რეკონსტრუქციას.
– აქაურ კლიმატს ეგუებიან სამხრეთ ამერიკიდან, აზიიდან და აფრიკიდან ჩამოყვანილი ცხოველები?
– აფრიკაში კონტინენტური ჰავაა, ეს იმას ნიშნავს, რომ დღისით ძალიან ცხელა, ღამით კი ცივა. არის ზოგიერთი რეგიონი სამხრეთ აფრიკაში, სადაც, ღამით, ზამთარში, მინუს ტემპერატურაც კი ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ იქ მკვეთრად გამოხატული ზამთარი, როგორც ასეთი, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი განსხვავება ჩვენსა და მათ კლიმატს შორის არ არის. რაღაც სხვაობა, ცხადია, არის, მაგრამ, არა მათთვის გაუსაძლისი. აფრიკიდან ჩამოყვანილ ზოგიერთ ცხოველს, მაგალითად, ჩლიქოსნებს, ლომებს – ყველას მოწყობილი აქვს ზამთრის ვოლიერები, სადაც მათ გათბობა შეუძლიათ, თუმცა, ისინი, ფაქტობრივად, არ საჭიროებენ ასეთ ვოლიერებს და, მთელი წლის განმავლობაში, როგორც წესი, გარეთ არიან.
– თქვენ ზოოპარკებიდან იძენთ ცხოველებს თუ მათ ველურ ბუნებაში იჭერენ?
– ზოგადად, საერთაშორისო კანონმდებლობით, ზოოპარკების მიერ ველურ ბუნებაში დაჭერილი ცხოველების შესყიდვა იკრძალება, რადგან ეს ხელს უწყობს ბრაკონიერობას. ჩვენ ცხოველებს ვიძენთ მხოლოდ სხვა ქალაქების ზოოპარკებიდან, ან გვჩუქნიან, ან კიდევ, ვცვლით – ასეთია დადგენილი ნორმები და, რადგან ჩვენ ეაზას წევრობის კანდიდატები გავხდით, ამიტომ, ვალდებულები ვართ, დავიცვათ წესები.
– განსაკუთრებით ეგზოტიკური და იშვიათი სახეობის ცხოველები თუ გყავთ ზოოპარკში?
– იშვიათი და ეგზოტიკური სახეობის ცხოველებიდან გვყავს: ავაზების წყვილი, მილკბილა, თეთრი ლომები, უიშვიათესი ამურის ვეფხვი, თეთრი ვეფხვების წყვილი; ასევე, აფრიკული ცხოველები: გენეტა, ცივეტა, ჯუჯა მანგუსტი...
– ცხოველების გაქცევის შემთხვევები თუ არის?
– არა. მადლობა ღმერთს, ჩვენთან რაიმე სერიოზულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, შევუქმნათ სტუმრებს უსაფრთხო და საინტერესო გარემო, სადაც ადამიანები თავს მშვიდად იგრძნობენ და მაქსიმალურად გამოიყენებენ ჩვენთან გატარებულ საათებს.
რამდენიმე წლის წინ პატრულმა მოგვიყვანა დათვის ბელი. როგორც აღმოჩნდა, თბილისის ერთ-ერთ უბანში, კერძოდ კი ვაკეში, შეყვარებულს შეყვარებულისთვის უჩუქებია და სახლის სადარბაზოში დაუტოვებია. ცხადია, პატარა დათუნია ჩვენთან მოხვდა და, რადგანაც ვაკეში იპოვეს, „ვაკუშა” შევარქვით.
– პოლარული ცხოველების სახეობები თუ გყავთ?
– პოლარული სახეობებიდან გვყავს: მურა დათვი, მგელი, აზავერი, ლამა, ციმბირული თხა, რომლებიც დედამიწის ცივ კლიმატურ პირობებში ბინადრობენ. მაგალითად, ჩლიქოსანი ცხოველი აზავერი დედამიწის ყველაზე მაღალი მთათა სისტემის – ტიბეტის რეგიონშია გავრცელებული, ის ზღვის დონიდან 6 000 მეტრ სიმაღლემდე გვხვდება. ასეთ სიმაღლეზე ძალიან მკაცრი კლიმატური პირობებია ზაფხულში, ზამთარში კი ძალიან დაბალი ტემპერატურაა და დიდხანს გრძელდება.
– მინდა გკითხოთ სპლიყვზე, რომლის გასხვისებაც ანტვერპენში იგეგმება. რატომ მაინცდამაინც ანტვერპენში?
– ჩვენი პატარა სპილო 2007 წლის 30 დეკემბერს დაიბადა. ის უკვე მეოთხე წელიწადშია და გარკვეული ხნის შემდეგ მისი გაჩერება დედასთან ერთად შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ის ბიჭია და სქესმწიფე ასაკს მიაღწევს. ამიტომ, იძულებული ვიქნებით, დედა-შვილი დავაშოროთ, რათა არ მოხდეს სისხლის აღრევა. აქედან გამომდინარე, გვინდა მისი გაშვილება და მის მაგივრად ზრდასრული მამრის ჩამოყვანა. ზოოპარკებში იშვიათობაა, როცა სპილოები ბუნებრივი გზით მრავლდებიან და არა ხელოვნური განაყოფიერებით. ამიტომაც გვინდა მამრის ჩამოყვანა.
– მცურავებისა და ქვეწარმავლების რა ეგზოტიკური სახეობები გყავთ?
– ჩვენს ეგზოტარიუმში ცივსისხლიანი ცხოველების საკმაოდ მდიდარი კოლექციაა: შხამიანი და მახრჩობელა გველები, ნიანგები, ხვლიკები, კუები, თევზები.
შხამიანი გველებიდან აღსანიშნავია გაბონური გველგესლა, გიურზა, მწვანე მამბა, მონოკლის კობრა... მახრჩობელა (არაშხამიანი) გველებიდან კი აღვნიშნავდი პარაგვაის ანაკონდას, სხვადასხვა სახეობის პითონს, სამეფო გველს. ჩვენთან მობინადრე ზოგიერთი პითონის სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს.
გვყავს იშვიათი სახეობის – ლეოპარდისებური კუ, რომელიც საკმაოდ დიდი იზრდება (მისი წონა რამდენიმე ათეულ კილოგრამს აღწევს) და დიდხანსაც ცხოვრობს – დაახლოებით 70-80 წელიწადს.
აღნიშვნის ღირსია კუბური ნიანგი, რომელიც აგრეთვე, საკმაოდ დიდ ზომას აღწევს.