ჯინსი, „ქანთრი“ და „პითონი-გოგო“ – როგორ არია შემოდგომა-ზამთრის კოლექცია „ქლოემ“
ჰანა მაკგიბონისთვის დღის წესრიგში ამ სეზონზე დადგა გველის ტყავის ფაქტურა და ყველაფერი მასთან დაკავშირებული. გასულ სეზონზე, გაზაფხულისთვის, გველის ნაცვლად, პოდიუმს აქლემების „ქარავანმა“ გადაუარა. დიზაინერმა აქლემის დაბალი ბეწვი და ტყავი კოლექციაში ფართოდ გამოიყენა ისეთ სეზონზე, როცა ყველას ფერად-ფერადი შიფონის გარდა, სხეულზე არაფრის მიკარება არ უნდოდა. მიუხედავად ამისა, „ქლოეს” ყველა კოლექცია, რასაც არ უნდა ეძღვნებოდეს ის, საჰარას უდაბნოს თუ ავსტრიის ალპებს, მაინც ელვის სისწრაფით იყიდება.
2011-2012 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში იოლად შეიცნობდით გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აქტუალურ „ჩარლი გერლს“ – ეს არის ეგრეთ წოდებული „შლაქსი” შარვლები, ტანზე მომდგარი თხელი სვიტერები და კლასიკური პერანგები.
კოლექციის პირველი „ლუქი” განიერი, მინაკეცებიანი შარვალი იყო. მას ჰანა მაკგიბონმა იმავე, ანუ ვერცხლისფერის გრადაციებში შექმნილი, თხელი პერანგი და სამკუთხედყელიანი სვიტერი შეუხამა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს სვიტერზე ქვეწარმავალი მისრიალებდა. პითონმა დაიპყრო პოდიუმი, ბუნებრივი ფერების – ვერცხისფერისა და მწვანის გარდა, ჰანამ ბუნებაში არარსებული ქვეწარმავლებიც გამოიგონა. ხელოვნური წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი გველი, პირდაპირ ეხვეოდა ტანზე მოდელებს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს რაიმე სახის სექსუალურობას, მაცდურობას სძენდა ქალბატონს, როგორც ამას სხვა დიზაინერებისგან ვართ ჩვეული. სამყაროში პირველი ადამიანის შემაცდენელი არსება დღემდე მიჩნეულია მიმზიდველობის, მაცდურობის, დამაბნევლის სიმბოლოდ, მაგრამ არა „ქლოესთან”. მას უყვარს ნაზი, სადა, მიმზიდველი და ელეგანტური ქალბატონი, რომელიც არ იწვევს ვულგარულ ემოციებს, მოკლევადიან მიმზიდველობას, სექსუალურ აღგზნებას.
„ქლოეს” ქალბატონი ხანგრძლივ მიმზიდველობაზე ფიქრობს. ის ღრმად იჭრება ჭკვიანი მამაკაცის ტვინსა და გულში, აბნევს მას და დიდხანს რჩება მის ცხოვრებაში.
„ქლოეს” ქალბატონი საქმიანიცაა. ის ერთადერთია, ვინც ახერხებს, პითონის ტყავში გამოწყობილმა იაროს სამსახურში და არ იყოს გამომწვევი. ის დიდ ქალაქში ცხოვრობს და არ ეშინია სიძნელეების. ჩვენების მეორე ნაწილში, დიზაინერმა გველზე უარი თქვა და აქცენტი შავზე გააკეთა. ტანზე მომდგარი შავი პერანგი და შავი ქვედაკაბა, ღია ფეხსაცმელი და შავი ჩანთა კლასიკურ სილუეტს ქმნის. არ არის პრეტენზიული და ძალიან გემოვნებიანია.
მაკგიბონმა რამდენიმე „ლუქში” რომანტიკული პერანგები და ხელოვნური ბეწვიც გამოიყენა. მართალია, კოლექციაში არ იყო კოქტეილის ან საღამოს კაბები, თუმცა, საღამოს კაბაზე შემოსაცმელი მოკლე ბეწვის პიჯაკი, შეგიძლიათ, „ქლოესთან” შეიძინოთ.
საინტერესო იყო ტყავის კომბინეზონები. ყავისფერი, შავი და კრემისფერზოლებიანი კომბინეზონები უიქენდებზე გამოსაპრანჭად იდეალური და თან, საკმაოდ თბილია. მაკგიბონს კოლექციაში საკმაოდ დიდი დოზით ჰქონდა გამოყენებული ჯინსიც. თუმცა არ ვიცი, გამოუჩნდება თუ არა მას მიმდევრები თბილისში. ჯინსის „შლაქსები”, ქვედაკაბები და პერანგებიც კი ამერიკულ „ქანთრის” გაგახსენებთ. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ფრანგული ბრენდის სამოსში გამოწყობილი ქალბატონი ამერიკის მიყრუებულ შტატში ხარს ათვინიერებდეს.