ლიდერი ყველგან
მამაკაცების 98 პროცენტს დიდი სურვილი და პრეტენზია აქვს, იყოს ლიდერი (დარჩენილი 2 პროცენტი ანგარიშშიც არ არის ჩასაგდები). თუ სამსახურში არ გამოსდით ლიდერობა, მაშინ, ცდილობენ, ოჯახში დაამყარონ დიქტატურა. ოჯახში უფროსობის სურვილი განსაკუთრებით იმ მამაკაცებშია მკვეთრად გამოხატული, რომელთა მამებიც კარგად ახერხებდნენ ამას – მოგეხსენებათ, როგორია მაგალითის ძალა. ისინი ყველაფერში ჰბაძავენ საკუთარ მამებს. ეს არ არის ცუდი, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, ამ ტიპის მამაკაცებთან ქალებს არ უჭირთ ცხოვრება, რადგან მათ უმრავლესობას დიდი პასუხისმგებლობა და იმის პრეტენზიაც აქვს, თავის ოჯახს არაფერი გაუჭირვოს. იუფროსოს, თუკი ხელისგულზე გატარებთ და თავს დედოფლად გაგრძნობინებთ?! – მაშინ, იყოს მეფე, რა პრობლემაა! ჭეშმარიტმა ლიდერებმა მოსმენაც კარგი იციან და სხვისი აზრის პატივისცემაც. მთავარია, ფსევდო ლიდერი არ აღმოჩნდეს; მთავარია, მისი პოტენციალი მხოლოდ ლიდერობის სურვილში არ გამოიხატოს. ჭკვიანი ქალი ყოველთვის გაარჩევს ჭეშმარიტ ლიდერს ფსევდოსგან. დააკვირდით მას – აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა? რისთვის არის მზად და რამდენს იტვირთავს? ამ შემთხვევაში, ჰკითხეთ გონებას და არა გულს და, მაშინ, არ შეგეშინდებათ.
თუ ლიდერ და უფროსობის მოყვარულ მამაკაცებზე შეაჩერებთ თქვენს არჩევანს, უპირველესად, ისწავლეთ საკუთარი ემოციის კონტროლი. „მე როგორც ვიტყვი, ისე იქნება!” – არ არის საშიში, თუკი არ აჰყვებით და თემას არ „გაშლით.” ისწავლეთ საყვარელი მამაკაცის რეაქციის ამოცნობა. შექმენით თქვენთვის ხელსაყრელი და სასარგებლო სიტუაცია. ემოციებს ნუ „გაანიავებთ,” გაუფრთხილდით მათ და, ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ჩათრევას ყოველთვის ჩაყოლა ჯობია.