კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ელოდებოდა ცხრა წლის განმავლობაში ქორწინებაზე თანხმობას ნორვეგიის მეფე ჰარალდ მეხუთე და რომელი ფრინველი აკურთხა მან რაინდის ტიტულით


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

„ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, წარმოდგენა ჰქონდეს თავის ხალხზე, იცოდეს, რა აწუხებს და რით არის დაკავებული მასა“, – განაცხადა ნორვეგიის მეფემ ჰარალდ მეხუთემ, რომელიც 1991 წლის 17 იანვარს, მამის, მეფე ულაფ მეხუთის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ამ სკანდინავიური ქვეყნის სამეფო ტახტზე და, თავისი წინაპრების მსგავსად, დადო მონარქიული ფიცი და მიიღო დევიზი „ყველაფერი ნორვეგიისთვის“. დღევანდელ რუბრიკაში ტრადიციულად შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს ამ ევროპელი მონარქის ცხოვრებიდან.

1. მისი უდიდებულესობა მეფე ჰარალდ მეხუთე 1937 წლის 21 თებერვალს ოსლოსთან ახლოს მდებარე სამეფო საგვარეულოს კუთვნილ სასახლეში, სკაუგუმში დაიბადა. ის იყო პირველი ნორვეგიელი პრინცი, რომელიც უკანასკნელი 567 წლის განმავლობაში თავის სამშობლოში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის ჯარების ნორვეგიაში შესვლის შემდეგ, სამეფო ოჯახი ჯერ შვედეთში გაიქცა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა, საიდანაც, ომის დასრულებისთანავე, 1945 წელს დაბრუნდა მშობლიურ მიწაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჰარალდმა სწავლა ნორვეგიის საკავალერიო სასწავლებელში განაგრძო, მერე კი სამხედრო აკადემიაში, სადაც გაიარა ნორვეგიელი მონარქისთვის აუცილებელი სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1960-1962 წლებში ჰარალდი ოქსფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკას და ისტორიას სწავლობდა. იმ პერიოდში მამამისი, ულაფ მეხუთედ მეფედ, აკურთხეს და ჰარალდმა ავტომატურად მიიღო კრონ–პრინცის ტიტული.

2. ნორვეგიის მეფემ, ჰარალდ მეხუთემ სარეკლამო აგენტის მისია იკისრა და მოსკოვში ვიზიტის პერიოდში, ნორვეგიიდან ექსპორტირებული ზღვის პროდუქციის რეკლამირებას შეუდგა. ნორვეგიელმა მონარქმა გახსნა კულინარიისა და პრეზენტაციის სემინარი, სადაც მოსკოველებს წარუდგინა ნორვეგიიდან იმპორტირებული თევზის სხვადასხვა სახეობისგან, (ორაგული, პალტუსი, სკუმბრია, ქაშაყი) გაკეთებული კერძების საიდუმლო მონარქიული რეცეპტები. საინტერესოა, რომ ნორვეგიელი მონარქის პრეზენტაციამ დიდი აღფრთოვანება არ გამოიწვია, რადგან ყველასთვის კარგად იყო ცნობილი იმ რეცეპტების ჩამონათვალი, რომლებიც ჰარალდ მეხუთეს სამეფო ოჯახის საიდუმლოება ეგონა. ნორვეგია მსოფლიოში განთქმულია ზღვის პროდუქციის ექსპორტით და სამეფო ოჯახის წევრები პირადად აკონტროლებენ ეკონომიკის ამ სფეროს.

3. ნორვეგიის მეფემ ჰარალდ მეხუთემ რაინდის წოდება მიაკუთვნა პინგვინს, სახელად „ნილს ოლაფ მეორე“. 1962 წლიდან ნორვეგიის სამეფო გვარდიის რიგებში ერთგვარ თილისმად მსახურობა დაიწყო საიმპერატორო ჯიშის პინგვინმა ნილს ოლაფმა, რომელმაც სერჟანტის წოდებამდე მიაღწია და 1987 წელს მოკვდა. თილისმის გარეშე დარჩენილმა სამეფო გვარდიამ ახალი პინგვინი ითხოვა ედინბურგის ზოოპარკიდან და 1993 წელს ჩამოიყვანეს ნილს ოლაფ მეორე, რომელმაც, თავისი წინამორბედის მსგავსად, „მსახურობა“ დაიწყო გვარდიაში. იმ წელს პინგვინი ოცმეთაური გახდა, 2004 წელს – სამეფო შეიარაღებული ჯარების პოლკოვნიკი, ხოლო სულ ახლახან მეფემ მას რაინდის წოდება მიაკუთვნა.

4. რამდენიმე წლის წინ ნორვეგიაში სამეფო სკანდალი აგორდა. ტახტის მემკვიდრე, მეფე ჰარალდ მეხუთის შვილი, პრინცი ჰააკონი, ყოფილ ოფიციანტზე, ნარკომანზე და ნარკოდილერის ყოფილ ცოლზე, ჰაშიშისა და ექსტაზის მოყვარულ მეეტე მარიტ ტიესემ ჰოიბიზე დაქორწინდა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ოთხი წლის შვილი დარჩა. ამ ფაქტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ნორვეგიის მოქალაქეებში, რადგან „ველური“ წარსულის მქონე, განათხოვარი და არაცისფერი სისხლის მქონე ქალბატონი სამეფო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიტუაცია ჰქონდა ჰარალდ მეხუთესაც, როდესაც იგი ცხრა წლის განმავლობაში ელოდებოდა თანხმობას მშობლებისგან, რომ დაქორწინებულიყო მდაბიო წარმომავლობის, ამჟამად კი დედოფლის სტატუსის მქონე სოფიზე. უნდა აღინიშნოს, რომ მეეტე ტიესემ ჰოიბიმ, რომლის პირველი ქმარი, ნორვეგიული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი, ამჟამად ციხეში იმყოფება, სახალხოდ მოიხადა ბოდიში თავისი წარსულის გამო და აღნიშნა, რომ ამიერიდან იგი ნორვეგიის მონარქიული ოჯახის ტრადიციების დამცველი გახდება.

5. ჰარალდ მეხუთის შვილმა, კრონ-პრინცმა ჰააკონმა, ვიკინგური ტრადიციების აღდგენა გადაწყვიტა და თავის შვილს ვიკინგების ეპოქიდან წამოსული სახელი სვერეს მაგნუსი დაარქვა. სვერესი უძველეს ნორვეგიულ სახელებს მიეკუთვნება ეს სახელი ვიკინგების ეპოქაში, 1184-1202 წლებში, ერქვა ნორვეგიის მმართველ მეფეს, სვერეს სიგურდსონს. აღსანიშნავია, რომ მეფე ჰარალდ მეხუთემ ნორვეგიის კონსტიტუციის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის წევრებს თხოვნით მიმართა, რომ მათი დასტური მიიღოს შვილიშვილისთვის და მომავალში ტახტის მემკვიდრისათვის ძველი სახელის დარქმევაზე.

6. 2008 წელს ნორვეგიის მეფემ, ჰარალდ მეხუთემ ოსლოში, ეროვნული ოპერის თეატრის ახალი შენობა გახსნა, რომლის მშენებლობა ნორვეგიის მთავრობას 835 მილიონი დოლარი დაუჯდა, მაგრამ ეს ფაქტი ერთმა საკმაოდ პიკანტურმა ცნობამ დაჩრდილა. საქმე ისაა, რომ ოპერის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც იმდენად გამომწვევი დეკოლტეთი გამოცხადდა, რომ მეფე ჰარალდ მეხუთე და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი მთელი საღამოს განმავლობაში თვალს ვერ აშორებდნენ ფრაუ მერკელის მკერდს.

7. ბილ ქლინთონის, ვაცლავ ჰაველისა და გარდაცვლილი რომის პაპის იოანე პავლე მეორის მსგავსად, ნორვეგიის მეფე ჰარალდ მეხუთე, რუდოლფ კამპფის მანუფაქტურის წარმოებული ფაიფურის ჭურჭლის კოლექციონირებით არის დაკავებული. რუდოლფ კამპფის ფაიფურის მანუფაქტურა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე, ჰაბსბურგების სამეფო დინასტიის დახმარებით ჩამოყალიბდა. ევროპის არისტოკრატიულ ოჯახებში მიღებულია ამ მანუფაქტურის ნაწარმის – ჭურჭლის, დეკორის და ინტერიერის სხვადასხვა ნივთის კოლექციონირება.

8. 2002 წელს ნორვეგიის მთავრობამ, მეფე ჰარალდ მეხუთის ინიციატივით, სპეციალურად მათემატიკოსებისთვის, რომლებსაც, როგორც ამბობენ, არ სწყალობდა ალფრედ ნობელი, დააფუძნა ალტერნატიული ჯილდო, „აბელის პრემია“, რომელსაც პირადად ჰარალდ მეხუთე გასცემს და 2009 წელს ეს პრემია მეფემ წარმოშობით რუსს, საფრანგეთის მოქალაქეს, მათემატიკის პროფესორს, სამეცნიერო წრეში თანამედროვე აინშტაინად, ნიუტონად და ლეონარდო და ვინჩად წოდებულ მიხაილ გრომოვს გადასცა გეომეტრიის დარგში ახალი აღმოჩენებისთვის. აღსანიშნავია, რომ პრემიასთან ერთად დაჯილდოებულ მეცნიერებს მეფე ჰარალდ მეხუთე საკმაოდ სოლიდურ თანხასაც 700 ათას ევროს გადასცემს.

9. ნორვეგიის მეფე ჰარალდ მეხუთე ინტერნეტის მომხმარებელთა რიგებს შეემატა. სკანდინავიელი მონარქი პოპულარულ სოციალურ ქსელ „მაისფეისზე“ დარეგისტრირდა, სადაც განათავსა ინფორმაცია თავის ოჯახზე და ასევე დაამატა ფოტოალბომები, რომლებშიც უნიკალური ფოტომასალა არის შესული. უცნობია, ნამდვილად ჰარალდ მეხუთე პასუხობს თუ არა წერილებს, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, წერილი მისწეროს მონარქს და მას აუცილებლად უპასუხებენ, მთავარია, რომ წერილი დაწერილი იყოს ნორვეგიულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

10. ჰარალდ მეხუთის უმთავრეს გატაცებად აფროსნობა ითვლება. იგი არაერთხელ მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატებში, სადაც 1987 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1964 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ჰარალდ მეხუთეს გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ნორვეგიის დროშის ტარების საპატიო მისია ხვდა წილად, რაც საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება. აღსანიშნავია, რომ გულზე გადატანილი მძიმე ოპერაციის შემდეგ, ჰარალდ მეხუთე თავის გუნდთან ერთად ხშირად იღებს მონაწილეობას აფროსნობის ტურნირებში, სადაც იგი თავისი კუთვნილი იახტით „ფრამ XVI-ით“ ხშირად აღწევს წარმატებას.


скачать dle 11.3