ქმარი თუ რეჟისორი?
ყველა მამაკაცი არ ხედავს ქალში პიროვნებას. არის შემთხვევები, როცა ის მას როლს აკისრებს, როლს, რომელიც მან ამ კაცის ცხოვრებაში უნდა შეასრულოს. რამდენიც უნდა ეცადოთ, როცა მამაკაცს პარტნიორის მიმართ ასეთი პოზიცია აქვს, სრულფასოვანი ურთიერთობისთვის ის არ გამოდგება. ჯობია, რეალობა თავიდანვე ისეთი აღიქვათ, როგორიც არის სინამდვილეში, ანუ – შეულამაზებლად და თავი არ მოიტყუოთ. თუ მამაკაცს უნდა, რომ თქვენ მისი დედის როლი შეასრულოთ, ის მიზანმიმართულად არ დაინახავს თქვენში ვნებიან ქალს. სამწუხაროდ, როცა ურთიერთობა „დედიკოს ბიჭთან” გაქვთ, ვერანაირად ვერ „გამოძერწავთ” მისგან ოჯახის ბურჯს. ზუსტად იგივე მოხდება იმ შემთხვევაში, როცა ცხოვრებას მკვეთრად გამოხატულ ლიდერს დაუკავშირებთ – მას თქვენს ჭკუაზე ვერ გაატარებთ და ნურც შეეცდებით. არსებობენ, უბრალოდ, ქმრები და არსებობენ „რეჟისორები”, რომლებიც თავად ანაწილებენ ოჯახში როლებს და აპლოდისმენტებსაც ითხოვენ.
ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ თითქმის ყველა ქალი გულის სიღრმეში დედაა. ამიტომ, მისთვის „რეჟისორ ქმარზე“ უკეთესი ვარიანტი – „დამწყები მსახიობია.” თუმცა, ეს მაინც თქვენ უნდა გადაწყვიტოთ.
არავინ ისე არ იცნობს თქვენს შინაგან „მეს”, როგორც თავად თქვენ. ამიტომ, უპირველესად, მას უნდა დაეკითხოთ. არიან ქალები, რომლებიც ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს „რეჟისორების” გვერდით. პრინციპში, ჭირვეული, მოუწესრიგებელი ბიჭუნას აღზრდას იქნებ, ჯობდეს კიდეც, ზრდასრული მამაკაცის მითითებების შესრულება? – ვინ იცის, გემოვნებაზე არ დავობენ.
P.S. ცნობილ „დედიკოს ბიჭებს” შორის ისეთი სახელგანთქმული სუპერ-მამაკაცებიც არიან, როგორიც, გაგიკვირდებათ და, ალ პაჩინოა. ამ სიას, ასევე, ამშვენებს კვენტინ ტარანტინო, პიერ რიშარი, სილვესტერ სტალონე და მაიკლ ჯეკსონი. თუმცა, ამას მათი „გავარსკვლავებისთვის“ პრობლემა არ შეუქმნია.