შეცდომების გარეშე
ყველა ეჭვი, შფოთვა, უარყოფითი ემოციები და უძილო ღამეები უკან დარჩა. თქვენ ისევ ერთად ხართ და შეძელით თქვენი „სიყვარულის ნავი” დამღუპველი რიფებისთვის აგერიდებინათ. პრობლემები იყო, მაგრამ, თქვენ გეყოთ გონიერება, გამოგერჩიათ მათგან უმნიშვნელო და თავი აგერიდებინათ ახალი სირთულეებისთვის. საშიშროება იმისა, რომ შეიძლება კვლავ იჩხუბოთ, არსებობს, მაგრამ ასევე არსებობს წესები, რომლებიც ჰარმონიული ურთიერთობების აგებაში დაგეხმარებათ.
1. არავითარი ბრალდებები! – გასაგებია, რომ ძალიან გეტკინათ და გეწყინათ; რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდით, მაგრამ, თუ მასთან ურთიერთობის გაგრძელება თქვენი გადაწყვეტილებაა, ნუ გაუჩენთ პარტნიორს დანაშაულის განცდას – ეს ძალიან შეგიშლით ხელს. თუ უმწეო მსხვერპლის გვერდით ის, თავს მონსტრად იგრძნობს, დიდხანს ამას ვერ გაუძლებს. დალაპარაკება და გულის გადახსნა შეიძლება, მაგრამ, ეს მხოლოდ ერთხელ უნდა მოხდეს, მერე კი შეეცადეთ, წყენისგან გათავისუფლდეთ, მით უმეტეს, თუ პატიებაც ნათხოვნი აქვს.
2. არავითარი შეხსენებები! – თუ აპატიე, რატომღა პროვოცირებ და ბრუნდები წარსულში? მინიშნებებიც კი, თქვენ რომ „პრევენციულ საშუალებებს” ეძახით, ძალიან უარყოფით გავლენას მოახდენს ურთიერთობაზე, გაღიზიანებას გამოიწვევს და, ბოლოს, აუცილებლად იჩხუბებთ. მით უმეტეს, თუ ის სისტემატურად ცდილობს დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.
3. არავითარი მოთხოვნები და ულტიმატუმები! „სამშვიდობო ხელშეკრულებაზე” ხელი უკვე მოწერილია?! – მაშინ, შეასრულეთ მისი პუნქტები: თქვენ – თქვენი ვალდებულების მიხედვით, იმან კი თავისაზე იზრუნოს. საჭირო არ არის ხმამაღლა განაცხადოთ: „მე ხომ გავაკეთე ეს? ახლა შენი ჯერია!“ – ამით მხოლოდ გააღიზიანებთ და უკურეაქციას გამოიწვევთ. მამაკაცები ხომ საშინლად ჯიუტები და, რბილად რომ ვთქვათ, უკუღმართები არიან!