როგორ შეისწავლა ზურაბ წერეთელმა ნატურის მეხსიერებით ხატვა და როდის სვამდა ის სალვადორ დალისთან ერთად ბარში ყავას
„ამ ახალგაზრდას შესანიშნავი საწყისი აქვს. ის ჩინებულად გრძნობს ფერებს, ავითარებს ფორმას. მასში მომავალ დიდ ფერმწერს ვხედავ. მის ნამუშევრებში ფიროსმანისგან გადმოცემული ტრადიციებია. ფიროსმანი კი, ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც დამეხმარა, როდესაც ახალგაზრდა მხატვარი ვიყავი“. პაბლო პიკასოს ასეთი სიტყვების შემდეგ ჩემგან ძნელია ზურაბ წერეთელზე რამე ვთქვა, ეს არის შემოქმედი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ფარგლებს გარეთ, რუსეთში გაატარა, მაგრამ დღემდე საქართველოს სახელით მოღვაწეობს. ბოლოს და ბოლოს უკმარისობის გრძნობას დაგიტოვებს და ცოტათი აგაღელვებს კიდეც – რამე, ისეთი ხომ არ ვთქვი, რაც ამ არაჩვეულებრივ კაცს არ ეკადრებაო. მაშ ასე, პირველად, ექსკლუზიურად, ჟურნალი „თბილისელები“ „ცხოვრების დღიურების“ რუბრიკაში გთავაზობთ ინტერვიუს და-ძმა – ზურაბ და ნელი წერეთლებთან.
ქალბატონი ნელი: ზურა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. მამა კონსტანტინე წერეთელი პედაგოგი, ლექტორი, დამსახურებული ინჟინერი გახლდათ, თავისი საქმის პროფესიონალი. ძალიან პირდაპირი, კეთილი, სამართლიანი ადამიანი იყო. დედა, თამარ ნიჟარაძე, სიმონ ნიჟარაძისა და მინადორა ღოღობერიძის ქალიშვილი, უაღრესად კეთილშობილი და ლამაზი ქალი იყო.ზურიკო ძალიან ცოცხალი, მოძრავი ბავშვი იყო. ფეხბურთი უყვარდა და ფიქრობდა კიდეც, მას გაჰყოლოდა, მაგრამ შემდგომ ხატვამ გაიტაცა. პლეხანოვზე, კრილოვის ქუჩაზე ვცხოვრობდით, დედაჩემის ძმის, გიგლა ნიჟარაძის ოჯახთან ერთად. ზურიკო რკინიგზის მეშვიდე სკოლაში სწავლობდა. მოხდა ისე, რომ რამდენიმე ბავშვი ზურასთან ერთად მეთერთმეტე სკოლაში გადაიყვანეს. შემდეგ კი ყველა იქ გადავიდა, ერთმანეთი ვერ დათმეს. აკადემიას რომ ამთავრებდა, იმ პერიოდში მუსიკაში ვმეცადინეობდი. პირობები არ გვქონდა სახლში და ამიტომ, აკადემიამ ზურიკოს ბინა უქირავა ინესა ანდრონიკაშვილთან, რომელიც შემდგომ მისი მეუღლე გახდა.
– რამდენიმე წლის წინ დიდუბის პანთეონში ჩემი ყურადღება ერთმა საფლავმა მიიპყრო, სადაც დიდი, თეთრი, წმიდა ნინოს ქანდაკება დგას. როგორც შემდეგ გავიგე, ეს საფლავი ზურაბ წერეთლის მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის ყოფილა. გვიამბეთ მასზე.
– პირველად ინესა რომ მოვიდა ჩვენთან, კრილოვის ქუჩაზე ვცხოვრობდით. დედაჩემს დანახვისთანავე მოეწონა ეს ლამაზი გოგო კალათით ხელში და წამოიძახა – ნეტავ, ეს იყოს ჩემი რძალიო. გაგვიმართლა. ინესა იყო ლამაზი, ჭკვიანი, თბილი, სათნოებით სავსე ადამიანი, შესანიშნავი მეუღლე, დედა და ბებია. დედაჩემს ეუბნებოდა ხოლმე – დედუნი, ეს რა შვილი მაჩუქეო. ცოლ-ქმარს ერთმანეთი საოცრად უყვარდა. ზურიკო ყველაფერს უსრულებდა, რასაც მოისურვებდა, თუმცა ინესა მომთხოვნი ცოლი არ ყოფილა. არავის დაბადების დღე არ გამორჩებოდა. მათი შვილი – ლიკა ბავშვობაში სულ ჩვენთან იყო, ჩვენთან იზრდებოდა. დღეს ლიკა თავის შვილთან, ვასიკოსთან ერთად ვაჟკაცურად უდგას მამამისს გვერდით და საორგანიზაციო საკითხებში ეხმარება.
– ბატონო ზურაბ, ყველას ერთნაირად გვაინტერესებს, რა გზა გამოიარეთ მანამდე, სანამ დიდი მხატვრის სახელს დაიმკვიდრებდით ქართული ხელოვნების ისტორიაში.
ზურაბ წერეთელი: არ ვიცი, რით შეიძლება ხელოვნებაზე დაიწყო საუბარი, ალბათ, იმით, თუ რა სკოლა გაიარე, როგორ აღგზარდეს, რა განათლება მოგცა ოჯახმა. ბიძაჩემი გიგლა ნიჟარაძე მხატვარი იყო. ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობდით. იგი პირველი იყო ოჯახში, რომელმაც მომცა შრომისა და ხედვის საწყისი. ბიძაჩემთან იკრიბებოდნენ იმ დროის უნიკალური მხატვრები. ყურადღებით ვუსმენდი, თუ რაზე საუბრობდნენ. თქვენ იცით, რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით თბილისის სამხატვრო აკადემია ყველაზე ძლიერი იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ იქ უნიკალური პედაგოგები მოღვაწეობდნენ: უჩა ჯაფარიძე, შავლენ პედმანი, სერგო ქობულაძე, ვასილ შუხაევი... საწყალი ლადო ქოქიშვილი მაშინ იწყებდა ხატვას და ისიც ჩვენთან, შუხაევის კლასში. მე, ჩუბჩიკასა და ლადოს ზედმეტ საათებს გვამეცადინებდა. ამას არავინ აძალებდა, საკუთარი სურვილით მუშაობდა. როგორც ჩანს, მან რაღაც დაინახა ჩვენში. ყოველ გაკვეთილზე გვქონდა ათი ცალი ქაღალდი, სანგინა და ვმუშაობდით. ნატურა ჩვენს ზურგს უკან იდგა და მეხსიერებით ვხატავდით. ეს ძალიან რთულია. გვეუბნებოდა: ასე, თქვენ გეცოდინებათ ზეპირი ხატვა. მთავარი, რასაც ნატურიდან აიღებთ, არის ფორმა, ხასიათი, მოცულობა და პლასტიკა. მეთოდი, იჯდე და დახატო, ვერაფერს მოგცემთ. დადგება დრო და აუცილებლად გამიხსენებთო. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, გიორგი ჩიტაიასთან ვმუშაობდი. მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას მე ვიყავი მთავარი მხატვარი. ჯვარი, კარი, ფრესკები, ყველაფერი ჩემი მოხატულია. ეს ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო იყო. მაშინ მივხვდი, რომ თავის დროზე ძალიან დიდი სკოლა გამომივლია. როგორც უკვე აღვნიშნე, საბჭოთა კავშირის პერიოდში არც ერთი აკადემია არ იყო ისეთი ძლიერი, როგორც ჩვენი. ქართველები მაინც ცინიკურად უყურებდნენ ამ ეპოქას. ჩვენ, შესაძლოა, ორი ბატონის სამსახურში ვიყავით, მაგრამ ეს მაინც ძალიან სასარგებლო გამოდგა ჩვენი თაობისთვის. საფრანგეთიდან, საერთოდ უცხოეთიდან დაბრუნდა მხატვრების მთელი პლეადა: დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, იაკობ ნიკოლაძე... მათ თავიანთი კულტურა შემოიტანეს. მერე, შუხაევს და ამ პლეადას რუსეთში, მოსკოვში ცხოვრება აუკრძალეს და საქართველოში გადმოასახლეს. ახვლედიანი მაშინ „კაგებეს“ მინისტრთან, ინაურთან შევიდა და უთხრა, ეს ხალხი, განსაკუთრებით კი შუხაევი, საჭიროა ჩვენთვის, მისი მუშაობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩვენი სტუდენტებისთვის სასარგებლო იქნებაო. ინაურმაც გასცა ასეთი ნებართვა. ჩემში გარდატეხა მოხდა 1964-1968 წლებში, როცა პიკასოს სახელოსნოში მოვხვდი. თქვენ კარგად იცით, რომ ურთიერთობა მქონდა შაგალთან. მათთან ნანახმა ბევრი რამ მიკარნახა. პიკასო სახელოსნოს ზემო სართულზე რომ ფერწერაში მუშაობდა, ქვემოთ ფაიფურზე ხატავდა, იქვე რაღაცას ძერწავდა. ასევე, მუშაობდა მარკ შაგალიც – ეზოში ვიტრაჟს აკეთებდა, უზარმაზარ მოზაიკასაც ქმნიდა და მარმარილოს ქანდაკებასაც.
– ეს ის წლებია, როცა საბჭოთა კავშირიდან უცხოეთში გასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. თქვენ კი, საფრანგეთში მოხვდით, თან ასეთი გენიალური მხატვრების გვერდით.
– ჩემი მეუღლის მამიდა საფრანგეთში ცხოვრობდა. ინესას მშობლები არ ჰყავდა. სულ ნატრობდა, რომ პირველი ემიგრაციის დროს საქართველოდან წასული ნათესავები ენახა. მამიდამ გამოგვიგზავნა მოწვევა, მე და ინესა უნდა ჩავსულიყავით. მაგრამ, მოხდა ისე, რომ მე გამიშვეს, ინესა არა. ძმისშვილს ელოდნენ და მე გამოვეცხადე. ანდრონიკაშვილი შარლ დე გოლის მარჯვენა ხელი ყოფილა. ჩემი მეუღლის ნათესაურმა კავშირებმა საშუალება მომცა, მენახა თავად დე გოლიც, რომლის ქანდაკებაზეც ახლა ვმუშაობ. პარიზში სამხატვრო კურსებზე დავდიოდი. იქ ლადო მესხიშვილიც იყო და რამდენჯერმე წავიყვანე ლექციებზე. სწორედ იქ შევისწავლე ვიტრაჟის, მოზაიკის კეთება, რაც მოგვიანებით, ძალიან გამომადგა.
– ბატონო ზურაბ, როგორც ვიცი, ეგრეთ წოდებულ „პერესტროიკამდე“ დიდი ხნით ადრე, მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყეთ, რაც იმ დროისთვის შეუძლებლად მიაჩნდათ. თქვენს მონუმენტურ ხელოვნებას ხომ დიდი ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდება.
– წლების განმავლობაში „პოკლონნაია გორას“ კომპლექსის პროექტების კონკურსი მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, გერმანელებთან ომი 1 400 დღე გრძელდებოდა. ეს ქანდაკებაც 142 მეტრზე ოდნავ მეტია, სკულპტურის ამპლიტუდა – 3,5 მეტრი, ხოლო წონა – 52 ტონაა. საინჟინრო თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა. არსებობს აგრეთვე ეგრეთ წოდებული აეროდინამიკური მილი, რომლის მეშვეობითაც ვამოწმებთ პროექტის ტექნიკურ პარამეტრებს. ამერიკის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორად ამირჩიეს, სადაც ვასწავლი კიდეც. დაინტერესებულები არიან, ჩემი გამოცდილება გავუზიარო იმ მხატვრებს, ვინც თავის იდეებს მხოლოდ ქაღალდზე ქმნის. დაუმთავრებელი მაქვს საქართველოში „საქართველოს მატიანე“, რომელსაც თბილისის ზღვაზე ვაკეთებ. უკვე რამდენიმე წელია, ვამონტაჟებ. ამ პროექტის განხორციელება 20-22 წლის წინ დავიწყე, როცა მეფეებზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა. მე და გურამ მირიანაშვილმა ცეკას ბიუროზე გავიტანეთ პროექტი. დიდუბეში ზამთრის კომპლექსის აშენება გვინდოდა. განხილვის შემდეგ შევარდნაძემ დამტოვა და მითხრა: ხომ ხედავ, როგორ ითხოვენ უნივერსიტეტში თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლებს. ხომ იცით, რომ ამის უფლებას მოსკოვი არ მოგვცემს. იქნებ, ისეთი რამ მოვიფიქროთ, რომ კომპლექსი გამოვიდეს და თავი ავარიდოთ ამ კონკრეტიზაციასო. ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს გამიკვირდა. ჩავიკეტე, გავაკეთე ჩანახატები, ორი კვირის შემდეგ მივუტანე და ვაჩვენე. ასეთი მოცულობის კომპლექსი მსოფლიოში არ არსებობს. ადრე ასეთი პროექტი მინდოდა – ზღვის ირგვლივ (ისე, როგორც „დისნეიშია“), მთელი საქართველო მეჩვენებინა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არასოდეს ვიხედები უკან, თუ რა იყო გუშინ. დილიდანვე ვიწყებ ძიებას. არასოდეს მაკმაყოფილებს ის, რასაც ვაკეთებ. არ მინდა, ერთ ადგილზე გავჩერდე და ამით კმაყოფილი ვიყო.
– თქვენ მოსკოვის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ბრძანდებით. ამხელა შემოქმედებითი დატვირთვა, პლუს ამდენი ადმინისტრაციული საქმე. ალბათ, ძნელია, მაგრამ დიდი პატივიც არის.
– ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: დიპლომზე მუშაობას ვასრულებდი. მაშინ საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ვლადიმირ სეროვი იყო. დაათვალიერეს დიპლომები. იმ პერიოდში იმპრესიონისტების გავლენას განვიცდიდი და მქონდა ორი სტილიზებული ფიგურა თემაზე – „სიმღერა თბილისზე“. ასეთი შინაარსი არ მოეწონათ. ითათბირეს და დიპლომიდან მომხსნეს. დარჩენილი იყო ორი კვირა. რა უნდა მექნა?! მოვიდა ალიკა რატიანი, რომელსაც სპორტული მაისური ჩავაცვი, ჩოგბურთის რაკეტა დავაჭერინე და ორი კვირის განმავლობაში ოთახიდან არ გავსულვართ. ალიკა რატიანის პორტრეტი ისეთი ფერებით დავხატე, რაც იმ დროს მოსწონდათ. მაშინ კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩუბინაშვილი იყო, დიდი მეცნიერი. მივიღე ხუთი ქულა. იცით, რა არის პარადოქსული, რომ იმ სკამზე და იმ ოთახში, სადაც სეროვი იჯდა, ახლა მე ვზივარ. ალბათ, არის გარკვეული სამართლიანობა ცხოვრებაში.
– საინტერესო ადამიანი ბრძანდებით, საინტერესო ცხოვრებაგამოვლილი. კიდევ რას გაიხსენებდით?
– ჩემთვის ყველაზე მძიმე პერიოდი იყო, როდესაც ამ ცხოვრებიდან წავიდნენ ჩემი უსაყვარლესი ადამიანები – ბებია, დედა, ჩემი მეუღლე, რამდენიმე ისეთი მეგობარი, რომლებთანაც მთელი ბავშვობა გავატარე. ბავშვობაში ბებიამ მისახსოვრა ჯვარი, რომელსაც დღესაც ვატარებ. უცხოეთში პირველად რომ გამიშვეს, სულ მეშინოდა, არ ჩამოერთმიათ. გამიმართლა – მებაჟემ არ წამართვა. სამშობლოში რომ ვბრუნდებოდი, იმ კაცს ვეძებდი, მადლობა უნდა მეთქვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ ვიპოვე.
– ბატონო ზურაბ, ხშირად გაკრიტიკებენ, ამას განიცდით?
– არა და გეტყვით რატომ: მე და სალვადორ დალის შემოგვთავაზეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რაღაც მოგვეხატა. ერთ კედელს მე ვხატავდი, მეორეს – ის. ერთხელ, ბარში ყავას ვსვამდით. დალიმ თქვა: აღარ მლანძღავენ, ხომ არ დამივიწყესო და მოულოდნელად, უცნაური ილეთები გააკეთა. ეს მომენტი კორესპონდენტებმა დაიჭირეს და მეორე დღეს „ნიუ-იორკ თაიმსში“ დაიბეჭდა – „დალი ყირაზე გადადისო“. მაშინ ვიფიქრე, საბჭოთა კავშირში რომ ვინმე ასე მოქცეულიყო, ხომ ცუდად დაამთავრებდა თავის ცხოვრებას-მეთქი. ჩვენთან მართლა ასე იყო – ვისაც პრესაში გალანძღავდნენ, ცუდად ჰქონდა საქმე. ამიტომ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა. არიან ადამიანები, რომლებსაც მეფეების მიმართ ალერგია აქვთ და მაგალითად, ამბობენ, რატომ უნდა იდგეს პეტრეს ძეგლი მოსკოვშიო. მოსკოვში ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ პეტრე პეტერბურგის გუბერნატორი კი არა, რუსეთის მეფე იყო-მეთქი. მოსკოვში, სადაც პეტრეს ძეგლი დავდგი, ეკლესიაა, რომელშიც მისმა მშობლებმა ჯვარი დაიწერეს და თვითონაც იქ აკურთხეს მეფედ. მან მოსკოვში 45 საინტერესო ღონისძიება ჩაატარა. თავისი ხელით ხიდი დახატა და მოსკოვს აუშენა. პეტრესდროინდელი მწერლებისა და პოლიტიკოსების ძეგლები ყველგან იდგმებოდა. რატომ არ შეიძლება, ნაპოლეონის ძეგლი დაიდგას რუსეთში, იქ, სადაც მან ბრძოლა წააგო?! ამიტომაც არის, რომ საქართველოს ისტორიას ძეგლს ვუდგამ. ჩემი ძირითადი მიზანი და ოცნებაა ბოლომდე მივიყვანო „საქართველოს მატიანე“. უკვე დავამთავრე „წმინდა ნინოს“ ახალი ვარიანტი და საფრანგეთისთვის ვამზადებ „ბალზაკს“.
– თქვენ აგრეთვე შექმენით პრინცესა დაიანას ქანდაკება, მაგრამ არაშესაფერის, მონარქის სამოსში. რატომ, ის ხომ ამ სამოსს არასდროს ატარებდა?
– მე მას ახლოს ვიცნობდი. პირველად სწორედ ასეთ ტანსაცმელში ვნახე, როდესაც ყვავილები მივართვი. ამ ნამუშევარში ჩემი პირველი შთაბეჭდილება ავსახე. ასე იყო დე გოლის შემთხვევაშიც, როდესაც ის პირველად ვნახე, რაღაცნაირად იდგა. ვცდილობ, ჩემი შთაბეჭდილებებით მათი ხასიათი გავხსნა.
P. S. ბოლო ხანებში ზურაბ წერეთელმა მოსკოვში ორი მუზეუმი დააარსა – რუსეთის სამხატვრო ხელოვნების გალერეა, რომელიც მისსავე სახელს ატარებს და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც სხვა მნიშვნელოვან ნივთებთან ერთად, ნიკო ფიროსმანის ქმნილებებმაც დაიდო ბინა. ამასთან, ის მოსკოვის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი გახლავთ. ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერს: „ის ხატავს და ყიდის თავის ნახატებს. გამომუშავებული ფულით კი სხვა ოსტატების ნამუშევრებს იძენს, აგროვებს რუსი ავანგარდისტების შედევრებს“.