ჰაკერი-ველომრბოლელი
ამერიკელ ველომრბოლელს, ფლოიდ ლენდისს ჰაკერობაში ედება ბრალი და შესაძლოა, იგი წლინახევრით ციხეში ჩასვან. საქმე საფრანგეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ლაბორატორიის კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევას ეხება. ლენდისი 2006 წელს ჩავარდა დოპინგ-ტესტზე, როდესაც ტურ-დე-ფრანსის რბოლაში პირველ ადგილზე გავიდა. მაშინ მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს. თუმცა, მოგვიანებით თავად აღიარა, რომ აკრძალულ პრეპარატებს იღებდა და აღნიშნა, სხვა მრბოლელებიც იყენებდნენ ამ პრეპარატებსო. მათ შორის ლენს არმსტრონგიც. გამოძიების ცნობით, ლენდისმა და მისმა მწვრთნელმა, არნი ბეიკერმა დახურული ელექტრონული სისტემა გატეხეს და იქიდან დოკუმენტაცია მოიპარეს, რომელიც 2006 წლის საქმეს ეხებოდა. გამოძიებას ჯერჯერობით არ გააჩნია მტკიცებულება, რომ სისტემა ლენდისმა გატეხა, თუმცა ის ერთ-ერთი პირველია ეჭვმიტანილებს შორის.