კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის და როდის შეიძლება, გახდეს ადამიანი მონაზონი საკუთარ გულში

ადამიანი ხშირად ფიქრობს სიკვდილზე. ეს ფიქრი კი ბევრს სასოწარკვეთილებაში, უიმედობასა და შიშში აგდებს. თუ რა არის სინამდვილეში სიკვდილი, როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი ამისთვის, შეუძლია თუ არა მან გაიგოს წინასწარ საკუთარი მსჯავრი, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).

 

– მოდი, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ცნება „ქრისტიანი“. ნიშნავს თუ არა ის ადამიანს, რომელიც იესო ქრისტეს ღმერთკაცად „აღიარებს“, თუ რაღაც უფრო მეტს. განსხვავება ამღიარებლებსა და არამღიარებლებს შორის შეიძლება, არც კი არსებობდეს, რამეთუ ამის თქმაც კი შემზარავია. ეშმაკსაც კი არ ძალუძს, თავი აარიდოს ღმრთის ძის „აღიარებას“. „სწამთ და ძრწიან“, – ამბობს მათზე იაკობ მოციქული. მარკოზის სახარებაში კი უწმინდური სულები აღიარებდნენ იესო ქრისტეს ღმრთის ძედ. უამრავი მორწმუნეა, ისეთივე რწმენით რომ სწამს ღმრთის სიყვარულის გარეშე და არ ძრწის არც ანგელოზებრივის წმიდა სიხარულის ძრწოლით, არც დემონური მოსალოდნელი ტანჯვის შიშის ძრწოლით. მონაზვნობა სწორედ ძრწოლაა ღმრთის წინაშე, ანგელოზებრივი, წმიდა ძრწოლა გულისა და სულისა. ამიტომაც ყველას შეუძლია, იყოს მონაზონი თავის გულში. ეს კარგად ჩანს წმინდანთა ცხოვრებაში, საეკლესიო ისტორიიდან. ვისაც ზეციური ცხოვრება ენატრება, მათთვის სამი გზა არსებობს: გზა შავი მონაზვნობისა – შემოსვა სამოსელით, რომელიც არის ამა სოფლიდან გარეგნული გამოცალკევება. თეთრი მონაზვონობის გზა – მხოლოდ საკუთარი გულის შემოსვაა ამ გამოცალკევების სამოსელით, ადამიანის ცხოვრებისეული ყველა სხვა ფორმის შენარჩუნებით. დაბოლოს, მესამე – ჩამოშორება ეკლესიის ერთიანობისგან, მისგან გამოყოფა ამა თუ იმ საბაბით – გზა ნაკლები სიყვარულისა სულიერი ძიების მიმართ და ესე იგი, ღმერთის მიმართაც. მოციქულები უკვე იყვნენ წმიდა თეთრი მონაზვნები: პეტრე მოციქული – ცოლიანი და პავლე მოციქული – უცოლო. თუ ერთმონაზვნური მორჩილებით უფალ იესო ქრისტეს შევუდგებით, ეს იქნება წმიდა და სრულფასოვანი მოპოვება საკუთარი  თავისა. მისი ჭეშმარიტი ღირებულების გაცნობიერება კი მხოლოდ საკუთარი სიგლახაკის სიღრმისეულ განცდაშია შესაძლებელი. ხორციელი ცხოვრების, ხორციელი ზრახვების მარცვალი კვდება და აღმოცენდება სულის მრავალმარცვლოვანი ახალი თავთავი, ამას კი თავად იესო ქრისტე აკეთებს, ჩვენი მხრიდან მხოლოდ სიყვარულის ნაპერწკალია საჭირო. საერთოდ, მონაზვნობა არის „მართლმადიდებლური ქრისტიანობა“. მართლმადიდებლობა კი ეს არის ცხოვრების მოწყობისა და რწმენის ზუსტი შესაბამისობა ადამიანსა და შემოქმედს შორის დადებულ ახალ აღთქმასთან – სახარებისეულ გამოცხადებასთან. წმინდანებისგან შემდგარ ეკლესიასთან ურთიერთობა, მიწაზე ცოდვით დამძიმებული ადამიანების ეკლესიისთვის ლოცვა – ეს ყველაფერი გამოცხადებაა. ეს ნათლად მეტყველებს ადამიანთა სულების ნათესაობაზე, ქმნილებათა ერთიანობით ჩვენს ორგანულ კავშირზე. ეს შეკავშირება მთელი სისავსით უნდა განვიცადოთ და გავაცნობიეროთ. ის გაცხადებულია სახარებაში და მოცემულია, როგორც გაკვეთილი დროებით ცხოვრებაში. ეკლესიას მრავალი სავანე გააჩნია, მაგრამ სასუფეველი – ერთი. ყოველი სული ერთმანეთისგან განსხვავდება სახით, რამეთუ სახე სულის განუმეორებელი ხატებაა, მაგრამ ყოველი მათგანი ღმერთიდან გამოვიდა და მასთან მიდის სამსჯავროზე. ერთი სჯულია, ერთია სიყვარული, ერთია მეუფება. ერთია მეუფე და ერთია ძრწოლა გულში – ძრწოლა რწმენისა, მშვიდი სასოებისა, გონებისა, სიცხადისა, მეცნიერებისა და ძალისა.

– მამაო, ყველა ადამიანის, მონაზვნის, საერო პირის ბოლო მაინც სიკვდილია, რა არის მისი ზუსტი არსი, მნიშვნელობა?

– წმიდა წერილი სიკვდილის არსის ზუსტ განმარტებას გვაძლევს: „მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“. აქედან გამომდინარე, სიკვდილი არის სულის გაყრა ხორცთან. როდესაც სული ტოვებს ხორცს, ასეთ დროს ვამბობთ, რომ კაცი მოკვდა. სხეული აღარ არის ადამიანი, ის გვამია და არა კაცი. ამის თქმა შეგვიძლია სულის შესახებაც. სხეულის გარეშე ის სულია და არა კაცი. თავისთავად, უსულოდ დარჩენილი ადამიანის სხეული მკვდარია. სულის გარეშე ის ხრწნას იწყებს. ის დრო, რომელსაც სული სხეულის გარეშე გაატარებს, წმიდა წერილში იწოდება „აჩრდილად სიკვდილისათა“. სხეულის სიკვდილი არის ერთგვარი ბუნებრივი ძილი, რომელიც სულიერ და ხორციელ განახლებას უწყობს ხელს.

– არავინ იცის, როდის გარდაიცვლება, როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი ამ ფაქტისთვის?

– რადგან ღვთის მოწყალე და განსაკუთრებული განგებულების გამო, ჩვენთვის ჩვენი გარდაცვალების ჟამი არ არის ცნობილი, ამიტომ მოვალენი ვართ, დაუცხრომლად ვიზრუნოთ და ვილოცოთ იმისთვის, ჩვენი აღსასრული და ამ სოფლიდან გასვლა, უმტკივნეულო და მშვიდობიანი იყოს. მარადის მზად ვიყოთ უფლის წინაშე წარდგომისა და ქრისტეს სამსჯავროზე ჩვენი ცხოვრების გამო პასუხისგებისთვის, ამისთვის მარად უნდა გვახსოვდეს ჩვენი გარდაცვალების წუთი. თუ ადამიანს სიკვდილი ეხსომება, ის აღარ შეცოდავს. მაგრამ, ადამიანური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ მაინც დაეცემით, აღარ უნდა გადადოთ სინანული, აღსარება და მაშინვე სულიერ მოძღვარს მიაკითხოთ ცოდვებისგან გასაწმენდად. რამდენი შემთხვევა ვიცით, როდესაც მძიმე სნეულებით შეპყრობილი ახალგაზრდა ისე კვდება, ცოდვების მონანიებას ვერ ასწრებს, სინანულის და აღსარებისთვის საჭირო ძალებს ვერ პოულობს, რადგან მისი სული სიკვდილის საშინელებაზე ფიქრითაა შეძრწუნებული. სიკვდილზე ფიქრი იმ მადლს მოგვანიჭებს, რომლის მეოხებითაც მარადისობაში გადასვლა საშინელებად აღარ მოგვეჩვენება. თუ ყოველ უძლიერეს ცდუნებას სიკვდილის ხსოვნას შევაგებებთ, მას იოლად დავძლევთ და უფლის სიყვარულშიც გავძლიერდებით. ცოდოა ის ადამიანი, რომელსაც სიკვდილის შიშიც კი ვერ აფხიზლებს, მაინც ცოდვის მორევშია ჩავარდნილი. ადამიანისთვის ყველაზე საშინელი მოულოდნელი სიკვდილია, ეს არის უფლის მრისხანების მახვილი. ამგვარი სასტიკი სასჯელის მიზეზი კი არის – ცოდვების სიყვარული, საკუთარი სულისა და მიწიერი ცხოვრების დასასრულის გამო უზრუნველობა და უდარდელობა. ძალიან მძიმე სასჯელია ადამიანისთვის მოულოდნელი სიკვდილი, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც საერთოდ არ ამბობს აღსარებას და არ არის მაზიარებელი, რადგან, როგორ მდგომარეობაშიც მოგვისწრებს აღსასრული, იმგვარ მდგომარეობაში მოგვიწევს დარჩენა და მარადიული არსებობაც. სიკვდილისგან გათავისუფლება არავის შეგვიძლია, მაგრამ მისთვის მომზადება ყველას ხელგვეწიფება. ეს მომზადება კი იმით გამოიხატება, რომ შეძლებისდაგვარად, მოვაგვაროთ მიწიერი საქმეები და ვიზრუნოთ სულის გადარჩენისთვის. შევიმსუბუქოთ სული ცოდვებისგან, ეს კი აღსარებითა და ზიარებით არის შესაძლებელი. ამის შედეგად ჩვენს გულში ჩასახლდება სასოება და მადლი ღვთისა, მარადიული ნეტარების მოლოდინი და ადამიანს უკვე აღარ ექნება სიკვდილის, წუთისოფლის განშორების შიში.

– მამაო, ადამიანმა შეიძლება წინასწარ განსაზღვროს, რა იქნება მისი მსჯავრი, ან რისთვის იქნება ის შეწყალებული?

– მსჯავრი ზუსტად სახარების მიხედვით წარიმართება. სახარების ნათელი სიტყვებით ჩვენ წინასწარ შეგვიძლია განვჭვრიტოთ, რისთვის ვიქნებით მსჯავრდებულები და როგორ შეიძლება შეწყალებულნი ვიყოთ შემწყალებლის, ანუ უფლის სიყვარულით. ჩვენი შეწყალება, ჩვენი მარადიული ცხოვრება, შემოქმედის წინაშე კეთილკრძალულ ძრწოლაშია. შიში – არ შევცოდო, შიში – არ შევურაცხყო სიყვარული, მოყვასი, საკუთარი თავი, ეს ადამიანს ცხოვრების გაკონტროლებასა და უფლის მცნების დაცვაში ეხმარება. ის მცირე ძრწოლა, რომელსაც ადამიანი განიცდის, არის მარცვალი მეორედ შობისა, რაზედაც მაცხოვარი ნიკოდომისთან საუბრობდა და რომლის გარეშეც ვერავინ შევა სასუფეველში. სიყვარული ძრწოლაა საღმრთო ნათლის მიმართ, ეს ის საქორწინო სამოსელია, ურომლისოდაც სასუფეველში შესვლა შეუძლებელია. სულის სისუფთავე ადამიანს წინმავალ ცხოვრებაში უწყვეტი ლოცვით განწმედისა და განმტკიცებისკენ მოუწოდებს. ეს პრაქტიკა სულს აცოცხლებს, კვებავს, ანახლებს, ხვეწს, წმენდს ბოროტისგან, ბნელი ძალებისგან. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განიკურნოს, თუ ის ეკლესიის წიაღში ცხოვრობს, ლოცულობს, მიუტევებს სხვებს ცოდვებს, თავადაც შეინანებს. ამას კი უფალი ყოველთვის შეისმენს და სამსჯავროზე ჩვენს სულებს შეიწყალებს.

 

 

скачать dle 11.3