მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: სიმბოლურად რას განასახიერებს ქრისტიანთა მიერ ერთი ბარძიმიდან მიღებული ზიარება?
პასუხი: ერთი ბარძიმიდან წმიდა საიდუმლოს მიღებაში უნდა ვიგულისხმოთ ყველა მართლმადიდებლის ჭეშმარიტი ძმობა და ერთობა, განურჩევლად მათი მდგომარეობისა, განათლებისა და სტატუსისა. ამით ქრისტიანები ადასტურებენ, რომ არ გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ სიძულვილი, მიუღებლობის განცდა და, პირიქით, მოხარულნი არიან, რომ შესაძლებლობა აქვთ, ერთი ბარძიმიდან მიიღონ წმიდა ძღვენი.
კითხვა: მინდა ჩემი მცირეწლოვანი შვილის ზიარებაზე მიყვანა, მაგრამ, თავს ვიკავებ, რადგან, არ ვიცი, როგორ მოიქცევა მოძღვართან. ვშიშობ, რომ პირს არ გააღებს საზიარებლად და, არ მინდა, მოძღვარი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო. როგორ მოვიქცე?
პასუხი: სულ პატარა ბავშვს, შეგიძლიათ, მხოლოდ ერთი წვეთი ქრისტეს სისხლი (ღვინო) მიაღებინოთ. უფრო მოზრდილებს კი – არ უნდა დააძალოთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უარი თქვათ ზიარებაზე ბავშვის მიყვანაზე. მცდელობა არ დააკლოთ და უფალი შეგეწევათ.
კითხვა: არის თუ არა ადამიანის სიკეთე მადლიანი, თუ მასში უკეთურება მაინც გაერევა?
პასუხი: კეთილი საქმე მაშინვე ავი გახდება, როგორც კი მასში ბოროტება გამოერევა. თუ ლოცვას სიზარმაცეს შევურევთ, ტაძარში მისვლას – ლაქლაქს, მარხვას – კვეხნა-ყვედრებას, კეთილზნეობრივ საუბარს – განკითხვას და ასე შემდეგ, მადლი აღარ ექნება ჩვენს ქმედებას.
კითხვა: შენახული მაქვს ჩემი შვილის ნათლობის სანთლები და პირსახოცი, რომლითაც შეამშრალეს ეკლესიაში. როგორ და როდის გამოვიყენო ეს ნივთები?
პასუხი: სანთლები შეგიძლიათ დაანთოთ ნებისმიერ დროს და ილოცოთ თქვენი შვილისთვის. პირსახოცი კი სათუთად შეინახეთ, რადგან მასზე წმიდა მირონის კვალია აღბეჭდილი.