რატომ გადააფრინეს ოთარ ტატიშვილი კოდორში და ვინ არის იზოლდა მამიდა
„ღამის შოუს“ წამყვანი, ოთარ ტატიშვილი პროფესიით ექიმია, თუმცა საზოგადოებას თავი, ალბათ, უფრო ცნობილი სერიალით – „შუა ქალაქში” თამაშით დაამახსოვრა. მსახიობობაც და გადაცემების წაყვანაც ძალიან კარგად გამოსდის. ის რადიოშიც მუშაობს და დღის რეჟიმი, ცხოვრების რიტმი იმდენად გადატვირთული აქვს, ინტერვიუ დაახლოებით ორი წელია, არ მიუცია. მკითხველსაც და მაყურებელსაც, ალბათ, აინტერესებს, რატომ აღარ არის სერიალში მისი გმირი – ირაკლი ჩხეიძე და როგორი შეხედულებები აქვს მას ზოგადად, სატელევიზიო შოუებსა და ქართულ იუმორზე.
– რატომ აღარ ხართ სერიალ „შუა ქალაქში”?
– ჩემი აზრით, აუცილებელია სიახლე. რაღაც სერიოზული ცვლილებები უნდა მოხდეს იმისთვის, რომ სერიალმა განაგრძოს არსებობა.
– ამდენი განსხვავებული პროფესიის შეთავსებას როგორ ახერხებთ?
– ჯერჯერობით ვახერხებ. „ღამის შოუ” ყველაზე რთული სამუშაო პროცესია. ყველაზე მარტივი მაინც რადიოში მუშაობაა – იქ მიდიხარ, შენთვის წყნარად უსმენ მუსიკას, რომელიც გიყვარს და ამას ასმენინებ მსმენელსაც, ადვილი მოსამზადებელია ეს თემა ჩემთვის. თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც „ღამის შოუს“ კეთების პროცესია.
– მსახიობობაზე სერიოზულად არ გიფიქრიათ?
– ბავშვობაში, ვითომ რაღაც პერიოდი, მინდოდა, მაგრამ მერე არა. მუსიკალური განათლებაც არ მაქვს... კიდევ ოკეანოლოგობა მინდოდა ბავშვობაში, მაგრამ მითხრეს, რომ დაამთავრებ, სად იმუშავებო? ამიტომ, შევეშვი და ჩავაბარე სამედიცინოზე.
– როგორ ფიქრობთ, რთული ხომ არ იყო გაგერისკათ ისეთი გადაცემის წამყვანობა, რომლის მსგავსი უკვე არსებობს და თანაც, ძალიან რეიტინგულია?
– მე ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაც კატასტროფული რისკი იყო. ის გადაცემა, რომელიც პოპულარულია, ისიც არ იყო პირველი. მანამდე არსებობდა დათო გოგიჩაიშვილის „ღამის შოუ”. ის უფრო სარისკოა, რომ დათო გოგიჩაიშვილის მერე ჯდები ეთერში. დაგეთანხმებით, მერე ჩვენს არხზეც იყო სხვა „ღამის შოუ” და რეალურად რომ დავითვალოთ, ეს „ღამის შოუ“ მეოთხეა. ყველას თავის ნიშა აქვს. ყველას თავის მაყურებელი ჰყავს. გადაცემებს აქვს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რაღაც რუბრიკები და ზოგადად, ტელეარხისთვის მთელ მსოფლიოში ძალიან პრესტიჟულია, როდესაც ამ ფორმატის გადაცემა გაქვს. ეს ლეიდ შოუების ფორმატად არის მიჩნეული და არის ძალიან პრესტიჟული. ამიტომ ხვალ რომ გააკეთოს პირველმა არხმა მსგავსი შოუ, მერე „კავკასიამ“, ამაში ცუდი არაფერია. ამერიკაში, მაგალითად, არის ოთხი „ღამის შოუ“ და ამ ოთხიდან ორი ერთ არხზე გადის. თანაც, იცით როგორ? მთავრდება „დევიდ ლეტერმანის ღამის შოუ“ და მაშინვე ტიტრების გარეშე, იწყება „კრეიგ ფერგიუსონის ღამის შოუ“. რაც მეტია ასეთი გადაცემები, შესაბამისად, იზრდება კონკურენცია და პროდუქტი უფრო საინტერესო გამოდის.
– ხშირად ასეთ შოუებში არიან ერთი და იგივე სტუმრები. შემდეგ ნელ-ნელა იწურება სტუმრების სია და იწყება თავიდან. თქვენი აზრით, ეს გამაღიზიანებელი ხომ არ არის მაყურებლისთვის?
– აბსოლუტურად გეთანხმებით და თან, ყოველთვის ვერ ახერხებენ მოსვლას – ზოგჯერ ობიექტური მიზეზით, ზოგჯერ სუბიექტური. მე მსურდა, რამდენიმე სტუმარი მომეწვია. მათ კი მითხრეს, რომ ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ტელეკომპანია „იმედში“ ფეხს ვერ დავადგამთო. ასეთებიც იყვნენ. გვარებს და სახელებს ნუ ჩამომათვლევინებთ. ზოგჯერ არის, რომ შეუთანხმდები სტუმარს – მინისტრს და უცებ აღმოჩნდება უცხოეთში. ამოწურვას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, პატარაა ეს საქართველო. ნიჭიერი ერი ვართ, ბევრი წარმატებული ხალხი გვყავს, მაგრამ როდესაც პროექტს აკეთებ და დროში დიდი ხნით გვაქვს გათვლილი, შესაბამისად, იწურება ეს ხალხი. ამიტომ აღებული გვაქვს ასეთი გეზი – რა თქმა უნდა, სტუმარი მნიშვნელოვანია და ვეცდებით, საინტერესო მოვიყვანოთ. მაგრამ, ჩემი „ღამის შოუსთვის“ მიმაჩნია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ის რუბრიკები, რომელსაც სტუმრის გარეშე ვაკეთებთ, თუნდაც, „კოლორიტები”, რომლებსაც არავინ არ იცნობს, „ახალი ამბები”, „ფოტოები,” უკვე ვითომდა ამოწურული ხალხის ახლად დანახვა და ეს არის „საიდუმლოებები“. რაღაც-რაღაცეები კიდევ ჩაფიქრებული გვაქვს. მე მაინც აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ ძალიან მაგარი გვყავს გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც გვერთვება და არავის საწყენად არ ვამბობ, ჩემნაირი მაგარი ბენდი არც ერთ შოუში არ არის.
– იზოლდა მამიდა მართლა გყავთ?
– კი, მამიდაჩემია. მამაჩემის უფროსი და, ქალბატონი იზო, რომელიც მართლა მყავს.
– ბენდი როგორ შეარჩიეთ?
– ეს ბენდი არსებობდა. უკრავდნენ სხვადასხვა პრესტიჟულ კლუბში. ჩვენ დავიწყეთ ძებნა, რამდენიმე ბენდი ვნახეთ, მაგრამ არჩევანი ამაზე შევაჩერეთ. ეს იყო ყველაზე განსხვავებული.
– ყველაზე სასურველი და საოცნებო სტუმარი თუ გყავთ, რომელსაც გადაცემაში მოიწვევდით?
– ასეთი ბევრია, მაგრამ ყველაზე მაგარი იქნებოდა, მომეწვია მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად. ხომ წარმოგიდგენიათ, მოსვლაზე რომ დაგვთანხმდნენ, რა მაგარი იქნება. ძალიან მინდოდა აქუბარდიას მოწვევა, მაგრამ ვერა და ვერ დავითანხმე. ყველაზე მაგარი შოუ მაინც იქნებოდა პრეზიდენტი და ივანიშვილი ერთად.
– „ვანოს შოუს“ თუ უყურებთ?
– „ვანოს შოუს“, სამწუხაროდ, ვერ ვუყურებ, რადგან პარასკევს, გვიან გადაცემის ჩაწერა გვაქვს, რომელიც კვირას უნდა გავიდეს ეთერში. ისე, ანონსებში მოვკრავ ხოლმე თვალს. არ ვარ ის ტიპი, სპეციალურად, კონკურენციის გამო ვუყურებდე. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს იგივე „კომედი შოუში” და მე ამას ცოტა სხვა თვალით ვუყურებ.
– „რა? სად? როდის?“ თამაშებში გუნდს მოუტანეთ გამარჯვება. წარმატებული ადამიანი ხართ, რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას წარმატებისთვის?
– უნდა ისწავლონ მაგრად. ახლა სხვანაირად შანსი არ არის, რამეს მიაღწიო. ჩემს შვილებსაც სულ ამას ვუჩიჩინებ, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ ზარმაცობენ. ახლა აუცილებლად უნდა იცოდე მინიმუმ ორი უცხო ენა, ძალიან რომ გვინდა ევროპა და ინტეგრაცია. მე, მაგალითად, მირჩევნია, ჩემმა შვილებმა ლონდონში ან პარიზში ისწავლონ, მონრეალში წავიდნენ, ვიდრე, როგორც ჩვენ ვიყავით – წინა თაობა, მოსკოვის და ლენინგრადის იქით, რომ არაფერი არსებობდა. თუმცა, რუსული ენა ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, თუნდაც სომეხი და აზერბაიჯანელი როცა გყავს მეგობარი, ან უკრაინელი. ამ სივრცეში, სადაც ჩვენ ვართ, ეს ენა აუცილებელია. ახლა მე რომ ვიცოდე, რუსულთან და ინგლისურთან ერთად, ფრანგული, ხომ მაგარი იქნებოდა?
უნდა აირჩიონ პროფესია. ახლა აღარ არის ის დრო პრესტიჟული და არაპრესტიჟული პროფესიები რომ არსებობდა. მიხვდა ეს ხალხი, რომ სამედიცინოზე იმიტომ კი არ უნდა ჩააბარო, რომ ეს პრესტიჟულია, მხოლოდ იმიტომ უნდა ჩააბარო, თუ ეს შენი მოწოდებაა. ექიმობა ეს არის ცხოვრების სტილი, ცხოვრების წესი. შეიძლება, ეს ცუდი შედარება გამომივიდეს, მაგრამ ადამიანი რომელიც მოძღვარი ხდება და ამთავრებს სასულიერო აკადემიას, ეს ხომ მისი ცხოვრების წესი და სტილია. რა თქმა უნდა, ამას არ ვაიგივებ, მაგრამ თუკი მოძღვარი სულის ექიმია, მაშინ ექიმი არის სხეულის მკურნალი. რთულია ძალიან. ამ პროფესიის ადამიანს დროსტარება და კინოში მეგობრებთან ერთად წასვლა თავისუფლად არ შეუძლია. მე მქონია შემთხვევა, რომ სუფრიდან წამომაგდეს, მომაკითხეს, ჩამსვეს ვერტმფრენში, გადამაფრინეს კოდორის ხეობაში და იქიდან ვერტმფრენით გადმოვაფრინეთ ინსულტიანი ქალბატონი. უნდა იცოდე, რას აკეთებ, პროფესიონალი უნდა იყო შენი საქმის და ეს არის წარმატების საწინდარი.
– თქვენი უფროსი შვილი გამოვიდა „მსკ-ის“ თამაშებზე. როგორ მოგეწონათ და რა პროფესიების არჩევას აპირებენ თქვენი შვილები?
– უფროსი შვილი, ზუკა სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობს ჯანდაცვის განხრით და მან თვითონ აირჩია ეს. ექიმობა არ უნდა, ჯანდაცვას უნდა რომ მიხედოს. „მსკ-ში“ რომ თამაშობს, ეს ძალიან კარგია და უაზროდ ქუჩა-ქუჩა არ დაყიალობს. მე არ მჯერა „ქუჩის აკადემიის“. აკადემია არის ოჯახი, სამეგობრო. თუკი შეიძლება, მეგობრებთან ერთად წახვიდე კინოში, ითამაშო „მსკ-ში“, ისაუბრო სხვადასხვა თემაზე, ესაა აკადემია, თუ მაინცდამაინც ქუჩაში უნდა იდგე?! თუმცა, მეც მიჩხუბია სკოლაშიც, ინსტიტუტშიც. ზუკა უკრავს, აქვს რეპეტიციები, ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს და ამით კმაყოფილი ვარ. შოთი და ნანიკო არ ვიცი, რას აირჩევენ. შოთის ძალიან იშვიათი პროფესია მოუნდა. რამდენიმე ხნის წინ, აგრარულ უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო აგრონომიულზე, სოფლის მეურნეობა ძალიან „წამოსაქაჩი“ გვაქვსო. ამას თუ შეძლებს და გააკეთებს, ძალიან კარგი იქნება. პატარას საქსოფონი და, „ფეისბუქი“ უყვარს, ახლა ჯაზ-ფესტივალზე მიდის და ძალიან უხარია.
– არ ფიქრობთ, რომ ქართული ტელევიზია გაჯერებულია პოლიტიკური იუმორით?
– ეს არის ქართული იუმორის სენი. რა მაგარი ხუმრობაც არ უნდა გქონდეს ზოგადად, თუნდაც თოვლის ბაბუაზე ან ახალ წელზე, ამას ყოველთვის აჯობებს გაცილებით მდარე იუმორი ვინმე პოლიტიკოსზე, მე არ მიყვარს ეს ხუმრობები, მაგრამ მინდა-არ მინდა, უნდა გავაკეთო. მაყურებელი თუ დაკარგე, მორჩა. საარჩევნო წელი წამოვიდა, პოლიტიკაზე მონოლოგში თუ არ იხუმრე, უინტერესო ხდები. და შენც უნდა მიჰყვე. არ ვიცი, რისი ბრალია, რომ პოლიტიკური ხუმრობები გაცილებით პოპულარულია.
– რამე საავტორო გადაცემის გაკეთებას ხომ არ გეგმავთ?
– ჯერჯერობით „ღამის შოუს“ უნდა მივხედო, სათანადო სიმაღლეზე რომ დავდგეთ. რა იქნება ახალი წლის შემდეგ, ეს არავინ იცის.