როგორ ხედავს ქალი მოსალოდნელ კატასტროფას და ყოველთვის არის თუ არა ოჯახის გადარჩენის შანსი
ოჯახურ ცხოვრებას თავისი ანატომია აქვს. „ჩონჩხი”, რომელზეც ის იგება, თითქმის ყოველთვის ერთნაირია, მაგრამ, სხვადასხვაგვარად „ფეთქავს გული და მოძრაობს სისხლი.” ხშირად წყვილი ისე უშვებს შეცდომას, თავადაც ხვდება, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ, ეს, ფაქტობრივად, არაფერს ცვლის. რამდენჯერ გვითქვამს საკუთარი თავისთვის – ეს შეცდომაა და აღარ უნდა გავიმეოროო, თუმცა, ზუსტად ისევე მოვქცეულვართ. როცა ოჯახი ინგრევა, ცალმხრივად დამნაშავე არ არსებობს, უმრავლეს შემთხვევაში, ქმარიც სცოდავს და ცოლიც; ერთმაც კარგად იცის, რა შესცოდა და მეორემაც. რატომ ვერ ვიმორჩილებთ ემოციებს და რატომ ვაღრმავებთ კრიზისს, იმის მაგივრად, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ურთიერთობის გადასარჩენად?!
ნატო (34 წლის): მე სულელი ქალი ვარ. რამდენიმე თვეა, სწორედ ამ შეგრძნებით ვცხოვრობ და არც ვიცი, მდგომარეობიდან როგორ გამოვიდე. საშინელებაა, როცა ხედავ, როგორ ინგრევ ცხოვრებას საკუთარი ხელით და ვერაფერს შველი. ჩემს თავზე უამრავი ცუდი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ, ერთი გამართლება მაინც მაქვს – მიყვარს!
– ქმარი გიყვართ?
– დიახ, რა თქმა უნდა. მართალია, ახლა ქმრის სიყვარული მოდაში აღარ არის, მაგრამ, მირჩევნია გოიმი ვიყო, ვიდრე ისეთი ქალის როლი ვითამაშო, რომელსაც ქმარი მხოლოდ ფონის შესაქმნელად, შირმად სჭირდება. ასეთები კი ძალიან ბევრია.
– ანუ, ქმრები რეალურად უყვართ, მაგრამ ამის გამხელა არ უნდათ?
– ჰო, მგონი ასეა. ძნელია, სხვაზე ილაპარაკო, ჭორაობა გამოდის, მაგრამ, ჩემთვის ბევრჯერ დაუცინიათ, ქმარზე ასე როგორ გიჟდებაო. შეიძლება, მართლა არ უნდა ვგიჟდებოდე, მაშინ უფრო ადვილი იქნებოდა ჩემთვის ცხოვრება და არც საკუთარ ქმარს გადავრევდი. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია რთული ოჯახურ ცხოვრებაში: გიყვარს, უყვარხარ და მორჩა! რა უნდა იყოს პრობლემა? მაგრამ, სწორედ ოჯახის შექმნის მერე იწყება, რაც იწყება. რამდენჯერ მომისმენია გოგოების საუბარი: მთავარია, ერთი „შეაბა“ და ქორწილამდე მიიყვანო საქმე, მერე სადღა წაგივაო. როგორ ცდებიან. ქორწილის მერე გჭირდება ქალს ათასჯერ მეტი დაფიქრებაც და გონიერებაც. ძალიან ცუდია, რომ არავინ გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ საკუთარ ოჯახში. ემოციებს ვყვებით და ვერ ვფიქრობთ, რა არის ჩვენთვის კარგი. მამაკაცებს ჩვენ თვითონ ვუქმნით ისეთ პირობებს, რომ გაიქცნენ.
– გაიქცნენ სად? სიყვარულთან?
– რა აუცილებელია, თავიდანვე იყოს ეს სიყვარული? ჯერ შენგან გაიქცევა, მერე კი მონახავს ვინმეს. მამაკაცი ისეთი ნატურაა, დიდხანს თავს არ გაიტანჯავს, მობეზრდება, ჩაიქნევს ხელს და უკან არც მოიხედავს, ისე გაქრება შენი ცხოვრებიდან. მამაკაცის გულისკენ მისასვლელი გზა კუჭზე გადისო, რომ გვასწავლიდნენ, ამას სჯობდა, ის ესწავლებინათ, როდის უნდა გაჩუმდე და ხმა არ ამოიღო. იმიტომ, რომ კუჭი საერთოდ არაფერ შუაშია. ხშირად გამიგონია, აუ, რა მაგარი ცოლი ჰყავდა, როგორი განათლებული, სიმპათიური. რა კარგად უვლიდა, ნაირ-ნაირებს არ აკლებდა, ის უმადური კი ვისთან წავიდა! ერთი უნდა ნახოთ, ის „ძონძი” ქალი, ნეტავი რითი მოხიბლაო. მსგავსი ფრაზები არ მოგისმენიათ? მკითხეთ და გეტყვით, რითაც ხიბლავენ. ახლა უკვე ვიცი.
– რითი ხიბლავენ?
– რითი ხიბლავენ და, არ ზღუდავენ, თავისუფლების იმიტაციას უქმნიან. არ შეგიმჩნევიათ, რომ მამაკაცები პარტნიორებთან და შეყვარებულებთან ქორწინებამდე გაცილებით ლაღები, ხალისიანები და გახსნილები არიან?! მაგრამ, მერე იცვლებიან. ქალები თავად ცვლიან მათ თავიანთი საქციელით, გაუცნობიერებლად და უნებლიეთ. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს მე საკუთარ შეცდომებზე მივხვდი და ოჯახი დანგრევის პირას მივიყვანე. ახლა უკვე მძიმე სიტუაცია მაქვს და არ ვიცი, შევძლებ კი, გამოვასწორო? მრცხვენია, მაგრამ, უნდა ვაღიარო საკუთარი უგუნურება. ისეთი შეყვარებულები ვიყავით, მეგონა, ერთმანეთს ყოველთვის უსიტყვოდ გავუგებდით. ქორწინებიდან ხუთ წელიწადში კი, არათუ, ერთმანეთის გაგებას, მოსმენასაც ვეღარ ვახერხებთ.
– ვინ არის ამაში დამნაშავე?
– მე. შეიძლება, ცოტათი ისიც, მაგრამ, ლომის წილი მე მიმიძღვის. ჩემი ეჭვიანობით ის ხომ გავაწამე, საკუთარი თავი საერთოდ ჯვარზე გავაკარი. როცა ვიხსენებ, როგორ დავამახინჯე ჩვენი, ორივეს ცხოვრება, თავის მოკვლა მინდა.
– გქონდათ ეჭვიანობის საბაბი?
– ახლა რომ ვაანალიზებ – არა. გულახდილად გეუბნებით, არ ვიცი, ეს როდის, ან როგორ დაიწყო. მრცხვენია, ძალიან მრცხვენია, რომ ვერ ვჯობნიდი საკუთარ ეჭვიანობას. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და, ალბათ, ამანაც ითამაშა გარკვეულწილად საბედისწერო როლი. მართლა არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, რომ ქმარს აუცილებლად უნდა ეღალატა ჩემთვის და დავიწყე ამაზე ფიქრიც. ფიქრი კი ისეთი რამეა, თუ აგიყოლია, გაგაგიჟებს. ისეთ ფანტაზიებში გადავიჭერი, თავადვე შემეშინდა და შემეცოდა საკუთარი თავი. მაგალითად, ერთ დილით დავინახე, ჩემი ქმარი სარკის წინ იდგა და, საკუთარ გამოსახულებას უღიმოდა. ხომ ვითომ არაფერი, მაგრამ, მე ამისგან ტრაგედია შევქმენი. ოღონდ, ცოტა ისიც იყო დამნაშავე. ვკითხე, რა გიხარია-მეთქი.
– როგორი ტონით ჰკითხეთ?
– ალბათ, უფრო გამაღიზიანებელი ტონით. მისთვის გამაღიზიანებელი, თორემ, მე მართლა მაინტერესებდა მისი კარგი განწყობის მიზეზი.
– მოდი, ბოლომდე გამოვააშკარაოთ ქვეცნობიერი. თქვენ გაიფიქრეთ, რომ...
– კარგი, გავიფიქრე, რომ ვიღაცას გაუღიმა ფიქრებში. სადღაც, ქვეცნობიერში დავუშვი ეს და, შესაძლოა, ჩემს ხმაშიც აისახა. მაშინვე გაუქრა სახიდან ღიმილი და ამოიოხრა. სახლიდან ისე წავიდა, ჩემთვის ხმა აღარ გაუცია. შევატყვე, რომ გაბრაზდა.
– ამით დაიწყო თქვენს ურთიერთობაში კრიზისი?
– არა, მანამდეც იყო რაღაც-რაღაცეები. რამდენჯერმე დამიჭირა, მობილურს რომ ვუმოწმებდი და მის ჯიბეებში ვიქექებოდი.
– კი მაგრამ, ასე, „მოწმენდილ ცაზე” რანაირად გაგიჩნდათ ეჭვი და უნდობლობა ქმრის მიმართ?
– მეც ვეძებ მაგ კითხვაზე პასუხს და ჯერ-ჯერობით კონკრეტული ვერსია არ მაქვს. მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო ის, რომ ერთბაშად ძალიან ბევრი საქმე გამოუჩნდა და სახლში გვიან დაიწყო მოსვლა. დღის განმავლობაში, როცა ვურეკავდი და ვეკითხებოდი, სად ხარ-მეთქი, ღიზიანდებოდა.
– თუ მოსვენებას არ აძლევდით თქვენი ზარებით, ბუნებრივია, გაღიზიანდებოდა.
– ადრე არ ჰქონდა ამაზე რეაქცია. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო ჩვენ შორის, მაგრამ, ესეც ჩემი ემოციურობის ბრალია – მოვაბეზრე კაცს თავი და ვერ მივხვდი ამას. მის გაღიზიანებას სხვა სახელი მოვუძებნე და ისე დავარქვი, ოდნავადაც არ დავფიქრდი. როცა მპასუხობდა, სამსახურში ვარო, ჩემთვის ვფიქრობდი, რა უნდა ამის თქმას, თავისუფლად შეუძლია, პარალელურად ვინმე „ნაშას” ეფერებოდეს-მეთქი. ასეთმა ფიქრებმა ჭკუიდან გადამიყვანა. სულ გაღიზიანებული და აგზნებული ვიყავი და ეს ძალიან გადამდები აღმოჩნდა. ბუნებრივია, ჩემი ქმარიც სულ უკმაყოფილო და დაძაბული იყო.
– არასდროს გილაპარაკიათ მასთან თქვენს ეჭვებზე?
– როგორ არ მილაპარაკია! თანაც, არაერთხელ, მაგრამ, მეფიცებოდა, არ გღალატობ. შენ გარდა არავინ მყავსო. მე კი არ მჯეროდა. სიტყვას რა ძალა აქვს?! მეც ვეუბნებოდი, აღარ ვიეჭვიანებ-მეთქი. მარტო როცა ვიყავი სახლში, წარმოვიდგენდი, როგორ „აბამდა” ვიღაც „ნაშას,” როგორ ეფერებოდა მას და მინდოდა, თავი მერტყა კედლისთვის. ვერაფრით მოვიშორე თავიდან აზრი, რომ ქმარი მატყუებდა. ერთ საღამოს ოთახში მაშინ შემოვიდა, როცა მისი შარვლის ჯიბეებში ვნახულობდი. „რა იყო, შერლოკ ჰოლმსო, რას ეძებ, გადაჩხრიკე უკვე ყველაფერი თუ დაგრჩა კიდევ რამე?” აჰა, ბარემ, მობილურიც ნახე. წეღან მესიჯი მომივიდა და, იქნებ, საყვარელი მემესიჯებაო. იმ წუთში ძალიან შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვიგრძენი თავი. მან ისევ მოახერხა და გული მომიკლა. ხომ შეეძლო, უბრალოდ, დავემშვიდებინე ორიოდე თბილი სიტყვით. მეტყვით, რომ მე მოვუშალე ნერვები ისე, რომ აღარ დავუტოვე ამის სურვილი. გეთანხმებით, მაგრამ, არც მე მინდოდა, ეჭვს ასე გავემწარებინე. ჩემი ასეთი საქციელი მისი მხრიდან უკურეაქციას იწვევდა და მე ეს გვიან გავიგე. თორემ, მანამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯიბრით მექცეოდა. არც ჩემთვის იყო ადვილი ჯაშუშის როლში ყოფნა. გეფიცებით, იცით, როგორი საზიზღარი შეგრძნებაა, როცა სხვის, თუნდაც საკუთარი ქმრის ნივთებში იქექები?! მაგრამ, სხვანაირადაც არ შემეძლო.
– პოულობდით რამეს?
– ხელჩასაჭიდს ვერაფერს. ვფიქრობდი, ალბათ, „იმის” გამოგზავნილ მესიჯებს შლის-მეთქი. სახლში დაბრუნებულს საკმაოდ ბევრი „ესემესი” მოსდიოდა. როცა ვეკითხებოდი, ვინ გწერს-მეთქი, ჯერ მპასუხობდა, სამსახურიდან მწერენო, მერე ღიზიანდებოდა და ჩემ თვალწინ შლიდა იმ მესიჯს. ერთხელ ისე გამოვედი წონასწორობიდან, რომ თავი ვეღარ გავაკონტროლე და როგორც კი მისმა მობილურმა დაიწკრიალა, მაშინვე ხელი ვტაცე. გაგიჟდა. ცოფები ყარა, ისე გადაირია. მობილური გამომგლიჯა და მიყვირა, არ იცი, სხვისი წერილების კითხვა რომ უზრდელობააო? მინდოდა მეთქვა, შენ სხვა როგორ ხარ-მეთქი, მაგრამ, არ მომისმინა, ოთახიდან გავარდა და კარი გაიჯახუნა. მალევე გავყევი უკან.
– ალბათ, აჯობებდა, ცოტა ხნით მარტო დაგეტოვებინათ.
– ჰო, მაგრამ, ვერ მოვითმინე. მისმა საქციელმა, კიდევ უფრო გამიმძაფრა ჩემი ეჭვი, რომ ვიღაც ჰყავდა. ძალიან გავღიზიანდი. იმიტომ გავყევი უკან, რომ სიმართლის გარკვევა მინდოდა. აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. აღარაფერი მითქვამს – როგორღაც, სათქმელს თავი ვეღარ მოვუყარე. გამოვბრუნდი და უცებ ტირილი ამივარდა. ვიჯექი და ვქვითინებდი. ძალიან მტკიოდა შიგნით... გაიგონა ჩემი ხმა და გამოვიდა. მოდი, შე სულელო ჩემთანო და მომეფერა. მერე მაგრად ჩამიხუტა და კოცნა დამიწყო. ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნებოდა, რომ არა ჩემი იდიოტური წარმოსახვა. იმის მაგივრად, რომ სიამოვნება მიმეღო საყვარელი მამაკაცის სიახლოვით, ფიქრებში და ეჭვებში წავედი. იმაზე დავიწყე ფიქრი, ეს ახლა ჩემი სიბრალულის გამო აკეთებს ამას, რეალურად კი ის ქალი უნდა და უყვარს, რა აზრი აქვს ასეთ სიახლოვეს-მეთქი და, მორჩა, გაფუჭდა ყველაფერი. ჩემმა ქმარმა მაშინვე იგრძნო, რაღაც რომ მოხდა ჩემს ტვინში. რა დაგემართაო, მკითხა. მერე ხელი ჩაიქნია, სახლიდან გავიდა და გვიანობამდე აღარ დაბრუნებულა. ლამის გული გამისკდა ეჭვიანობით. იმ საღამოს მერე ურთიერთობა საერთოდ მოგვეშალა. ლოგინშიც უცხოებივით ვიწექით, დღისით ხომ, საერთოდ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ჩემმა ქმარმა სამსახურიდან ისე გვიან დაიწყო მოსვლა, ალბათ, იქ იმ დრომდე დარაჯიც არ რჩებოდა. ნერვიულობით ლამის გავგიჟდი. ერთ ღამეს კი საერთოდ არ მოვიდა. არც უთქვამს სად იყო.
– თქვენ არ ჰკითხეთ?
– მე აღარაფერს ვეკითხებოდი, ისეთ ირონიულ და გესლიან პასუხებს ვიღებდი, რომ გული ყელში მებჯინებოდა და ეგრევე ტირილს ვიწყებდი. წონაში დავიკელი, საჭმელს ვეღარ ვჭამდი, ლუკმა აღარ გადამდიოდა. აღარაფრისთვის ვვარგოდი. არც ჩემი სამსახურისთვის, აღარც შვილისთვის. ის კი ამას ან ვერ ამჩნევდა ან არ ამჩნევდა. როგორც კი ტელეფონი დაურეკავდა, ან მესიჯი მოუვიდოდა, მაშინვე მე გადმომხედავდა და დამცინავად მეტყოდა: აბა, დეტექტივო, ახლა ვინ მირეკავს, შენ აუცილებლად გეცოდინებაო. საშინლად დამამცირებელი იყო ეს ყველაფერი. მერე მითხრა, მე და შენ უნდა დავილაპარაკოთ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო. ეს თქვა და მორჩა. ერთი სიტყვა აღარ უთქვამს მეტი. რამდენიმე დღე გავუძელი წამებას. მერე გადავწყვიტე, სამსახურში მიმეკითხა გვიან. თუ მეჩხუბა, მეჩხუბოს, ამაზე უარესი რაღა იქნება-მეთქი და წავედი. ჩემი მხრიდან ეს რისკი იყო, მაგრამ, სხვა გამოსავალი მართლა აღარ მქონდა. აშკარად ვგრძნობდი, როგორ ინგრეოდა ჩვენი ურთიერთობა.
ოფისში თითქმის არავინ იყო. მგონი, მარტო ჩემი ქმრის ოთახიდან გამოდიოდა სინათლე. კარი ოდნავ ღია იყო და მისი ხმაც გავიგონე. ვიღაცას ელაპარაკებოდა. გავჩერდი, მაინტერესებდა ვინ იყო მასთან.
– იფიქრეთ, რომ ფაქტზე გამოიჭირეთ?
– ვაღიარებ. სწორედ ეს ვიფიქრე პირველად, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ მასთან ერთად ქალი არ იყო. კაცს ელაპარაკებოდა და, ელაპარაკებოდა ჩვენს პრობლემებზე. ვუსმენდი ჩემი ქმრის აზრს ამ ყველაფერზე. მის გულისნადებს, მის ფიქრებს და არანორმალურად შემრცხვა, როგორ არ მესმოდა მისი. საერთოდ არ მესმოდა. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ არც იმას ესმოდა ჩემი.
– თანამშრომელს უყვებოდა ოჯახის პრობლემას?
– დიახ. ახლობლობენ. ამ ყველაფრისგან ძალიან დავიღალეო. ნატო ყოველთვის იყო ეჭვიანი, მაგრამ ახლა ეჭვიანობა პარანოიად ექცა. უკვე მეშინია, რომ, ამ აკვიატებული იდეით, თითქოს ვღალატობ, ჭკუიდან შეიშლება. ნორმალური ცხოვრება მომენატრა. სახლში ცოლი კი არა, ჩასაფრებული მაძებარი მელოდება, რომელიც ყველაფერს ქექავს, იძიებს, შეკითხვებით სულს მხდის, თავსაც იტანჯავს და მეც მაწამებს. ვერ ვიგებ, რატომ აღარ მენდობა. საიდან დაიგრუზა ასე ეჭვებით, რომ არაფრისგან ამხელა პრობლემა შექმნა. არასდროს მიღალატია მისთვის. საყვარელი მე არ მყავს და „ნაშები“ კარს არ მიმტვრევენ. ისიც კი ვიფიქრე, ჩემი სამსახურიდან ხომ არ აგიჟებს ვინმე-მეთქი და მეც დეტექტივად ვიქეცი, მაგრამ, არა, ვერავის დავაბრალებ. როგორ არ ვეცადე, მომეგვარებინა ურთიერთობა: ხან ყურადღება აღარ მივაქციე მის ხუშტურებს, ხან მობილური დავუდე სპეციალურად, რომ ენახა და დამშვიდებულიყო. არც ამან უშველა – შენ იმის მერე მომეცი მობილური, რაც საეჭვო მესიჯები წაშალეო და მაინც სკანდალი ამიტეხა. საკუთარ სახლში თავს გალიაში შეგდებული ნადირივით ვგრძნობ. შენ ვერც კი წარმოიდგენ ეს რა საშინელებაა. ამიტომ ვრჩები აქ გვიანობამდე. ხალხის მრცხვენია, თორემ, ღამითაც დავრჩებოდი და აქ დავიძინებდი. არადა, ნატო მიყვარს, არც ბავშვის გარეშე მინდა ცხოვრება, მაგრამ, ვეღარ ვუძლებ. უკვე იმაზეც ვფიქრობ, მართლა ვინმე ხომ არ გავიჩინო გულის გადასაყოლებლად. რა აზრი აქვს, რომ არავინ მყავს, მაინც ვერ ვაჯერებ და მუდმივი ომი გვაქვსო.
– და ამ ყველაფერს თქვენ უსმენდით?
– დიახ, ვუსმენდი და სიცოცხლე აღარ მომინდა. გამანადგურა ამ თავისი მონაყოლით. დამანახვა, როგორი სულელი და უგუნური ვიყავი და რა საფრთხის წინაშე ვიდექი. მივხვდი, ვიღაც მართლა რომ ჰყოლოდა, ვინმესთან ფლირტზე ოდნავ მეტი, პატარა სასიყვარულო ინტრიგაც რომ ჰქონოდა, კარგა ხნის წასული იქნებოდა სახლიდან. უამრავი შეცდომა დავუშვი. მინდოდა, შევსულიყავი ოთახში და ქმრისთვის პატიება მეთხოვა, მაგრამ, ეს მარტო ერთი მიზეზით არ გავაკეთე: იქ რომ დავენახე, ჩვენს ოჯახს აღარაფერი გადაარჩენდა. ეს იქნებოდა ბოლო წვეთი მისი მოთმინების ფიალაში და აღარ მაპატიებდა. ჩემი ეჭვიანობითა და უნდობლობით ისედაც მივიყვანე კატასტროფის ზღვარზე. ან იმას რას ვერჩოდი, ან საკუთარ თავს? ახლა უკვე შიშში ვცხოვრობ, მართლა არ დაიწყოს „გულის გადასაყოლებლის” ძებნა და არ მიმატოვოს. კაცს რომ სახლში მისვლა აღარ უნდა, ეს უკვე ძალიან საშიშია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, რომ, უპირველესად, „დეტექტივის“ იმიჯი მოვიშორო, ისევ ის ძველი ნატო გავხდე, რომელიც ხალისითა და სიხარულით იყო სავსე. არ ჩხუბობდა და არ ეჭვიანობდა. ამას მარტო ვერ შევძლებ, მაგრამ, არ ვიცი, როგორ დაველაპარაკო ქმარს. რა ვუთხრა მას პირველად, რომ ჩემში ისევ აუტანელი, ეჭვიანი მონსტრი კი არ დაინახოს, არამედ ქალი, რომელსაც ის ძალიან უყვარს.