როდის დადიოდა ზუზუ ბეჟაშვილი დაჩეხილი და დასისხლიანებული
ახლახან, კვიპროსზე გამართულ მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართველი მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი „ოქროს აფროდიტას” მფლობელი გახდა მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, აზერბაიჯანულ-ქართულ ფილმ „განყოფილებაში”. ზუზუსთან ერთად ამ ნომინაციაში გამარჯვებულად იტალიელი მსახიობიც დასახელდა (ზუზუმ გაუყო მას პრიზი და არა პირიქით). ფესტივალში 160-ზე მეტი კინოსურათი იღებდა მონაწილეობას. „თბილისელები” ულოცავს ქართველ მსახიობს ამ დიდ წარმატებას.
– როგორც ვიცი, თვითონ არ ყოფილხარ ამ ფესტივალზე ჩასული. როგორ გაიგე, რომ შენ მოიპოვე მთავარი პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის?
– ეს გამაგებინა კინოპროდიუსერმა თიკო ყაჯრიშვილმა. წელს ამ ფესტივალზე არც ერთი ქართული ფილმი არ იყო წარდგენილი. თიკოსთვის ჟიურის თავმჯდომარეს უკითხავს ამის მიზეზი. მას კი უპასუხია, რომ, ქართული არა, მაგრამ, არის ქართულ-აზებაიჯანული ფილმი, სადაც ტექნიკური ჯგუფის წევრები და მთავარი როლის შემსრულებელი ქართველები არიანო. ჰოდა, სწორედ მაგ ბიჭზეა ეჭვი, რომ მთავარი პრიზის მფლობელი გახდებაო, – უთქვამს თავმჯდომარეს. პრიზი „ოქროს აფროდიტა” ჯერ არ მიმიღია – გზაშია.
ფილმი „განყოფილებაში” რამდენიმე ფესტივალზე იყო წარდგენილი და. რამდენიმე პრიზიც მიიღო სხვადასხვა ნომინაციაში, მაგრამ, ჩემთვის გამორჩეული ეს პრიზი გახლავთ. ლოს-ანჯელესში კინოაკადემიის ჯილდო აიღო და 20 დღის განმავლობაში კინოსეანსები იყო დანიშნული.
– რას ნიშნავს შინთვის ეს გამარჯვება?
– მივხვდი, ძალიან ბევრ რამეს... ნიშნავს სტიმულს... იმის დასტურს, რასაც მე განვიცდი მუშაობის დროს... გარდა ამისა, ჩემი მომავლისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს... ძალიან კარგი შეგრძნებაა, რომელმაც ჯერ არ გამიარა და არც გამივლის ალბათ... იყოს, რა, რას მიშლის...
– ალბათ, ეს პრიზი იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორი არჩევანი გააკეთე.
– მაგას მანამდე მივხვდი, რადგან გადასაღებ მოედანზე თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ყველაფერს ამ პრიზს ნუ დავაბრალებთ, მე ბედნიერი ამ პროფესიაში ისედაც ვიყავი და ვარ...
– როგორ დაგამტკიცეს ამ როლზე?
– ფილმის რეჟისორი ილგარ საფატი ძალიან დიდხანს ეძებდა მსახიობებს არა მარტო თავის ქვეყანაში, საფრანგეთსა და რუსეთში, არამედ, ყველგან, რადგან ჰქონდა ამის საშუალება. მან სხვა როლებზე ჩამოიყვანა მსახიობები ამ ქვეყნებიდან. ფილმში მარტო 10 წუთით ჩანს მოდელი დებორა კიდსი, რომელიც ამერიკიდან ჩამოაფრინა რეჟისორმა. დებორა საუკეთესო მოდელების ათეულში შედის, მაგრამ რადგან ჩათვალა, რომ როლზე სჭირდებოდა, ისეთი და იმ პარამეტრების ზანგი, სანამ არ იპოვა, არჩევნის გაკეთება არ იჩქარა. ბოლოს, ჩემი როლის შემსრულებლის ძებნა საქართველოშიც დაიწყო. მე მაშინ რუსეთში მივფრინავდი – გადაღებები მეწყებოდა. მოიძიეს ჩემი მასალები, ფოტოები. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი გადაღება უნდოდათ. მოსკოვში ჩემს გასაცნობად ჩამოფრინდა ფილმის რეჟისორი. გავიცანით ერთმანეთი, ვილაპარაკეთ და, იქვე, ქუჩაში დამიწყო იმის გარჩევა, თუ რა უნდოდა, გამეკეთებინა მე მისი გმირისგან. მახსოვს, ჩვენ ასე საფუძვლიანად აღარ გვისაუბრია უკვე გადასაღებ მოედანზე.
– ანუ, საკმაოდ სერიოზულ თემაზე შედგა საუბარი, საკმაოდ არასერიოზულ ადგილას?
– დიახ, ქუჩაში (იცინის). მე მოვიხიბლე მისი პროფესიონალიზმით, ნდობით. მოსკოვში რომ დავამთავრე გადაღებები, შემდეგ აზერბაიჯანში მომიწია ჩასვლა. ეს იყო 2008 წლის ბოლოს.
– რატომ გავიდა ფილმი ფესტივალზე ასე გვიან?
– იმიტომ, რომ ორი თუ სამი წელი ეს ფილმი დეტალურად მჟღავნდებოდა, დიდხანს მოუნდნენ მის მონტაჟს, ტექნიკურად გამართვას. ამ ფილმის შემდეგ ხუთ ფილმში მოვასწარი გადაღება.
– ეს იმაზე მეტყველებს, რომ, როგორც მსახიობთა შერჩევას, ასევე, ფილმისთვის საბოლოო სახის მიცემასაც, დიდი დრო დასჭირდა.
– იმის გარდა, რომ ფილმს ძალიან კარგი მხატვრული მხარე აქვს, ის ძალიან გამართულია ტექნიკურადაც. დღევანდელ კინოს რაც სჭირდება, ყველაფერი აქვს. მასზე ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობდა. ეს იყო ძალიან დიდი კინო და არა კინოსთან ახლოს პროექტი. თუმცა, ასეთებიც მქონია, მაგრამ, რა მოხდა...
– რამდენიმე სიტყვით შენს გმირზეც გვესაუბრე.
– რაც შეეხება ჩემს გმირს – გარიბს, ის თითქოს უარყოფითია, ხანდახან – დადებითიც, თავის თავზე უზომოდ შეყვარებულია, სელებრითია, ფოტოგრაფია, უყვართ. ხან ინგლისში ეპატიჟებიან, ხან – აფრიკაში. შეყვარებული ჰყავს, მაგრამ, დრო არ აქვს, იქორწინოს... აქამდე ფილმი რეალურია, ამის შემდეგ გარიბი ხვდება ავარიაში და, ამ მომენტიდან, რაც ფილმში ხდება, უკვე არარეალურია – ავარიის შედეგად მისი ტვინი წარსულში მოგზაურობს. ოღონდ, ეს წარსული მისი რეალური წარსულია – მძიმე ბავშვობა, ცოტა სიგარყვნილესთან ახლოს, მიჩმორებულიც იყო, ფოტოსიყვარული ბავშვობიდან რომ მოსდევს და რატომ... მოკლედ, ფილმი ღირებულებებზეა, მასში ჩემი გმირის ცხოვრების გადაფასება ხდება.
– რას გაიხსენებ გადაღების მომენტიდან?
– დატვირთული სამუშაო რეჟიმი იყო. სხვათა შორის, იქ მივხვდი, რომ მაქვს ძალიან კარგი პროფესია. გარდა იმისა, რომ კარგი პროექტი და კინო იყო, დამხვდა კარგი სერვისიც. ეს სნობიზმთან არ არის დაკავშირებული. იყო კარგი სასტუმრო, მძღოლი, აღარ ვლაპარაკობ ჰონორარზე. ერთი ინციდენტი მახსენდება: გრიმს ორი საათის განმავლობაში მიკეთებდა ჩვენი ქართველი გრიმიორი მზიკა კენჭიაშვილი. მზიკა და გრიმი ერთად ასოცირდება საქართველოში – კინოგრიმზე მაქვს ლაპარაკი. ფილმში მომხდარი ავარიის შემდეგ როგორც გამოვიყურებოდი, მზიკას წყალობით „გასისხლიანებული”, ისე ვბრუნდებოდი ხოლმე სასტუმროში, აბაზანამდე. ერთ დღესაც, გზაში სიგარეტი მომინდა. მძღოლს ვუთხარი, მე გადავალ საყიდლად-მეთქი – სულ დამავიწყდა გრიმი და, რომ შევედი, იქ ამბავი ატყდა?! გამყიდველი აზერბაიჯანულად კიოდა და იოდითა და ხსნარებით მორბოდა, მე კი აზერბაიჯანული არ მესმის. მერე შემოვარდა ჩვენი მძღოლი, იმან აუხსნა ყველას ყველაფერი და მიხსნა. გამყიდველს მართლა ასულიერებდნენ – ეგონა, რომ დამჭრეს, ამჩეხეს...
– ამჟამად რაზე მუშაობ?
– ამჟამად, გიორგი ლიფონავა იწყებს სერიალს „რუსთავი 2-ზე“. გადაღებები, წესით, უკვე უნდა დაგვეწყო, მაგრამ, რამდენიმე დღით გადაიდო. ეს სერიალი არის კომედიური ჟანრის და, დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება ინტელექტუალური იუმორი. მე ვიქნები ერთ-ერთი გმირის ყოფილი მეუღლე.
– მეუღლე ვახსენეთ და, პირად ცხოვრებაზე არაფერს მეტყვი? რა ხდება, გიხილავთ თუ არა, ბოლოს და ბოლოს, რეალურ ცხოვრებაში მეუღლის სტატუსით?
– ჩემს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ბევრი ცვლილება მოხდა, რომელიც, კინოში რომ გენახათ, იტყოდით, ზედმეტიაო. პირად ცხოვრებაში სულ რაღაც ხდება, მაგრამ, არ მიყვარს ამაზე საუბარი. ალბათ, როგორც კი შემომხედავ, მიხვდები, რომ ოჯახის შექმნას, ჯერ არ ვაპირებ, თუნდაც იმიტომ, რომ, რომელი საათია და ახლა გავიღვიძე. თუ იმ დღეს არ მაქვს სამუშაო, მე აბსოლუტურად არაადამიანი ვხვდები. რაღაც-რაღაცეები მოსაგვარებელი მაქვს, არა მარტო რეჟიმი, ვათქვათ, თუნდაც, მატერიალური ან სხვა მხარე, არამედ, ტვინშიც მაქვს მოსაწესრიგებელი (იცინის).
ბოლო 8-9 წელია, სულ მარტო ვცხოვრობ. წელს მომინდა, რომ გავიღვიძო და აქვე იყოს ჩემი ძმაც, ძმის მეუღლეც, დედაც. სახლი არც ერთს არ გვაქვს, ნაქირავებ ბინებში ვიყავით ცალ-ცალკე. ახლა მომინდა, რომ ცოტა ხნით შევუერთდე და, სანამ გამიძლებენ, მათთან ვიქნები.
– ბრაზიანი ხარ?
– სულ მეკითხებიან: „დეპრესიული ხარ“? დეპრესიული არა, სტრესული ვარ! ბრაზიანი არა, შეიძლება, ცოტა ემოციური ვარ – უცბად შემიძლია, ავფეთქდე. ერთადერთი, რაც არ ვარ – არ ვარ ჯიხვი და ხეპრე! ადამიანი თუ მენატრება, აუცილებლად დავურეკავ, მეგობარსაც ვგულისმობ, არამეგობარსაც, შეყვარებულსაც... იმდენად მევასება საკუთარ თავი, რომ ამით ჩემს თავს ვანიჭებ სიამოვნებას. თუ იქითა მხრიდან პროტესტი მოდის, მაშინაც ჯერ ჩემი თავი მიყვარს და, მერე კი, მართლა – „ნახვამდის“!
– დღევანდელი კინო რა სტადიაშია საქართველოში?
– დღეს ისეთი პერიოდია, რომ ყველა ქვეყანაში იღებენ კინოს – ბევრია ცუდი და ცოტა კარგი. ასევეა ჩვენთანაც. მიმაჩნია, რომ ცოტა კარგი ნამდვილად აქაც გადაიღეს.
– შენი აზრით, კარგი რომელია ბოლო პერიოდში გადაღებული ქართული კინოპროდუქციიდან?
– „ქუჩის დღეები” ძალიან მომწონს, ასევე, „გაღმა ნაპირი”.
– ვინ არის რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზეც იოცნებებდი?
– რადგან ერთ პერიოდში ვცხოვრობთ, მე მსახიობის პროფესია მაქვს და არსებობს ცოცხალი ოთარ იოსელიანი, რა თქმა უნდა, მინდა, ერთხელ მაინც ვიმუშაო მასთან. მეც მიფიქრია ამაზე და მიოცნებია და, რაც გინდათ, ის დაარქვით. ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მსახიობია და, იმედი მაქვს, მათთანაც მომიწევს მუშაობა.
– ერთმა მსახიობმა მითხრა ინტერვიუში, ბევრ როლზე მითქვამს უარი და არ მინანია ამაზეო. თუმცა, შემდეგ ისიც დააყოლა, როცა მსახიობი ხარ, ყველაფერი უნდა მოსინჯოო. შენ როგორ მიგაჩნია?
– მეც მითქვამს ბევრ როლზე უარი, მაგრამ, იმიტომ კი არა, რომ ვიჯექი სახლში და როლებზე უარს ვამბობდი, უბრალოდ, დაკავებული ვიყავი, სხვა გადაღებას ემთხვეოდა. რაც ქართული სერიალები დაიწყო, თითქმის ყველადან მქონდა შემოთავაზება. ზოგი რომ გამოვიდა, ვინანე, რატომ ვერ მოვიცალე-მეთქი, ზოგზე კი, პირიქით, კმაყოფილი დავრჩი, რომ მასში ვერ ვითამაშე.