კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ყველა კაცი მოღალატე და ნაძირალა მგონია

ჩემმა მშობლებმა ძალიან მკაცრად აღმზარდეს და სულ პატარაობიდან ცხოვრების წესად მექცა წესიერება ყველანაირი გაგებით. ორპირობა და, მით უმეტეს, ღალატი, იმდენად დაუშვებელი იყო ჩემთვის, სხვისგანაც კი ვერ წარმომედგინა.

გარიგებით გავთხოვდი, მაგრამ, რადგან მანამდე არავინ მყვარებია, მეგონა, ქმარი იყო ჩემთვის ამომავალი მზე, ქვეყნიერების დასაწყისი და დასასრული და, ამიტომ, თანდათან მართლა შემიყვარდა. ეს, ალბათ, იმის გამოც მოხდა, რომ კარგად მექცეოდა: არ სვამდა, არ მეჩხუბებოდა, ხელფასს მე მაბარებდა, ხანდახან რაღაცეებს ყიდულობდა ჩემთვის, დასასვენებლად ერთად დავდიოდით, ოჯახშიც მეხმარებოდა ხოლმე – რაც მამაკაცის გასაკეთებელი საქმე იყო, იმაზე ხელს არ მომაკიდებინებდა. ერთი სიტყვით, იდეალური ქმრის შთაბეჭდილებას ტოვებდა; ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ ჩემს ახლობლებს და ასევე ვფიქრობდი მეც.

ერთი დაქალი მყავს, რომელიც სიყვარულით იყო გათხოვილი და თავიდან მათაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მერე ქმარმა საყვარლები გაიჩინა და ცოლს ყოველ ნაბიჯზე ღალატობდა. როგორც ხდება ხოლმე, ეს ამბავი ყველაზე გვიან ცოლმა გაიგო, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ ან პასუხი მოეთხოვა ქმრისთვის, ან, ბოლოს და ბოლოს, გაჰყროდა, მხოლოდ ერთხელ უთხრა, ყველაფერი ვიცი და, თუ გონს არ მოეგები, ძალიან მწარედ გადაგიხდი სამაგიეროსო, რაზეც ქმარს ირონიულად გასცინებია. თუმცა, მერე პირობა მიუცია, რომ „გამოსწორდებოდა,” მაგრამ, ეს „გამოსწორება” მხოლოდ ორ-სამ თვეს გაგრძელებულა, მერე კი ცხოვრების „ძველებურ რიტმს” დაბრუნებია, ოღონდ, ცდილობდა, უფრო ჩუმად ერბინა ქალებში. ქმარზე დადარაჯებულ ცოლს ეს, ცხადია, არ გამოჰპარვია და მუქარაც აუსრულა – არც ეჩხუბა და არც გაეყარა, უბრალოდ, თვითონაც გაიჩინა საყვარელი, ქმართან კი დღემდე ისე იქცევა, ვითომ არაფერი იცის მისი ახალი თავგადასავლების შესახებ და დაიჯერა, რომ თავისი „ძვირფასი“ მეორე ნახევარი გაუერთგულდა, შესაბამისად, სულ თვალებში უყურებს, თავს ევლება, ანუ, მზრუნველი და მოსიყვარულე ცოლის როლშია. იმ იდიოტსაც ჰგონია, რომ ცოლს აცუცურაკებს და თვითონაც თვალებში შესციცინებს და საჩუქრებით ავსებს. მოკლედ, მაგათ რომ უყურო, იფიქრებ, სამოთხის ბაღში ორი იადონი შეფრენილა და ერთმანეთს რომანსებს უმღერიანო, სინამდვილეში კი, რომელი რომელზე უარესი მატყუარა და გაიძვერაა, ძნელი სათქმელია.

ამას წინათ ეს ჩემი დაქალი ჩემთან იყო სტუმრად და პირში ვუთხარი, შენს ქმარზე გაცილებით უარესად იქცევი; მაგას ჯობია, გაეყარო და, თუ არ გათხოვდები, გყავდეს ის შენი საყვარელი-მეთქი. გაიცინა და მიპასუხა, შენ არც კი იცი, რა ტკბილი ყოფილა შურისძიება. რომ გავეყარო, შეიძლება, შენისთანებმა წესიერ ქალად ჩამთვალონ, მაგრამ, ყველა დანარჩენისთვის ვინ ვიქნები? – ერთი უარყოფილი ქალი, რომელშიც არავინ პიროვნებას არ დაინახავს და ზურგს უკან დამცინებენ კიდეც. ოჯახის წევრებსაც მხოლოდ მოსამსახურე პერსონალად დავჭირდები, მით უმეტეს, რომ შვილები არ მყავს – იტყვიან, სხვა რა საქმე აქვს, გვარჩინოს და მოგვიაროსო. ფულს ისედაც ვაძლევ, მშობლებს დამხმარე ქალიც ავუყვანე და ფულს მე ვუხდი, მაგრამ, ვერავის დამლაგებელი და „სიძელკა” ვერ გავხდები, ჯერ ახალგაზრდა ვარ და მეც მინდა, ქალობა შევიგრძნოო.

მე შევეკამათე – თუ ასეა, მაგას გაეყარე და ვინმე წესიერ კაცზე გათხოვდი, ვისაც ეყვარები და ქალობას გაგრძნობინებს-მეთქი. გაეცინა – ეგეთი ქმრები არ არსებობენო. მე მეწყინა და გავაპროტესტე – როგორ არ არსებობენ, ჩემი ქმარია ასეთი-მეთქი. ამაზე ხომ სიცილით მოკვდა – თავიდან ჩემი ქმარიც ასეთი იყო, მაგრამ, ხომ ნახე, რაც ქნაო. მერე კი ჩემმა დაქალმა რაღაც უცნაურად შემომხედა და მითხრა, არ მინდა, გული გატკინო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ შენი ქმარი გღალატობს. როგორც შენ ამიწერე, ასე მხოლოდ ის კაცები ექცევიან ცოლებს, რომლებსაც საყვარელი ჰყავთ და ამ ამბის დამალვა უნდათ. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და შენი ქმარი იშვიათი გამონაკლისი იყოს, მაგრამ, ენდე ჩემს გამოცდილებას, ჩემი ქმარიც ასე იქცეოდა და ჩემი საყვარელიც ასევე იქცევა თავის ცოლთანო. ამ სიტყვებმა დამზაფრა: ჩემი დაქალის საყვარელი ცოლიანი თუ იყო, არ ვიცოდი და გაცეცხლებულმა პირდაპირ მივახალე: გამოდის, რომ ვიღაცას უნგრევ ოჯახს. ერთი ამიხსენი, შენ რით ხარ იმ ქალებზე უკეთესი, ვისთანაც შენი ქმარი გღალატობს. სხვას განიკითხავ და თვითონ იმ სხვასავით იქცევი. მაპატიე, მაგრამ, ასეთ საქციელს ბოზობა ჰქვია-მეთქი. მან კი ღიმილით მიპასუხა – მერე, ვინ გითხრა, რომ მათზე უკეთესი მგონია თავი? არანაირ წესიერ ქალობაზე არ მაქვს პრეტენზია, მე მხოლოდ ის მინდა, რომ ქალი ვიყო, ქალი და მეტი არაფერი! აი, შენ რომ დარწმუნდები, რომ შენი ძვირფასი მეორე ნახევარიც ჩვეულებრივი მოღალატე ქმარია, ვნახავ ერთი, როგორ მოიქცევი. ასეთი აგრესიით კი იმიტომ მიტევ, რომ ჩემმა სიტყვებმა ეჭვის მარცვალი ჩათესა შენს გულსა და ტვინში, ანუ, პრაქტიკულად, დასაშვებად ჩათვალე შენი ქმრის ორგულობა და ამიტომაც გაღიზიანდი ასე. დიდხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა ეს შენთვის, მაგრამ, რადგან ძალიან მიყვარხარ და არ მინდა, მთელი ცხოვრება სულელი, მოტყუებული ცოლის როლში იყო, ამიტომ გაგაფრთხილე – თვალი ადევნე შენს ერთადერთსა და განუმეორებელს და დარწმუნდები, რომ მე მართალი ვარ, ანუ, რომ ერთგული ქმრები არ არსებობენო.

ისე გამაოგნა მისმა სიტყვებმა, რომ არც კი გამიგია, როდის წავიდა. საღამომდე ვიჯექი ასე გამოშტერებული და ვიხსენებდი ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობის ყოველ წვრილმანს, რომ რაღაც „ისეთი” მეპოვა. უნდა გითხრათ, რომ საეჭვო მომენტებს მივაკვლიე: რამდენჯერმე ვიღაცამ დაურეკა და, როცა ვკითხე, ვინ იყო-მეთქი, აფორიაქებულმა რაღაც სისულელეები მობოდა, მაგრამ მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია; ერთი-ორჯერ მივლინებაში წავიდა ორ-ორი დღით, მაგრამ, მერე აღმოჩნდა, რომ მისმა ძმაკაცმა, რომელიც მასთან ერთად მუშაობს, ამის შესახებ არაფერი იცოდა; ერთხელ, მისი ტანსაცმელი რომ უნდა გამერეცხა, ჯიბეში პატარა კოლოფში ჩადებული ულამაზესი ბეჭედი ვიპოვე (ბრილიანტისთვლიანი). მე სულელს, მეგონა, ჩემთვის ჰქონდა ნაყიდი და სიუპრიზს მიმზადებდა. რომ ვუთხარი, სიურპრიზი ჩაგეშალა, შემთხვევით ვიპოვე შენს ჯიბეში ბეჭედი-მეთქი, უცბად სახე მოექცა, მაგრამ, მაშინვე აიყვანა თავი ხელში, გამიცინა და მითხრა, საშობაოდ მინდოდა მეჩუქებინა, მაგრამ, არა უშავს, შობას ახალ რამეს გიყიდიო... ერთი სიტყვით, უამრავი საეჭვო ეპიზოდი ამოტივტივდა და მართლაც გადავწყვიტე, მისი ყოველი ნაბიჯი გამეკონტროლებინა, ოღონდ მას არაფერი არ უნდა ეგრძნო, რომ სიფრთხილის ზომები არ მიეღო.

თვალთვალი დიდხანს არ დამჭირვებია. რამდენიმე დღის შემდეგ თავისი პატარა ჩემოდანი ჩაალაგა და მითხრა: გამიწყალეს გული ამ მივლინებებით. ახლა ოთხი დღით მიშვებენ. რა გაძლებს ამდენ ხანს უშენოდ, მაგრამ, ხშირად დაგირეკავ და დროც მალე გაირბენსო. მე არაფერი შევიმჩნიე, გადავკოცნე და გავაცილე. მერე კი დავჯექი და დავიწყე ფიქრი, რა ჯობდა: მივსულიყავი მის სამსახურში უფროსთან თუ დამერეკა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძნელი ყოფილა ეჭვებით ცხოვრება, მით უმეტეს – ჩემისთანა ადამიანისთვის. ზოგისთვის, შეიძლება, ეს ერთგვარი აზარტიც კი იყოს, ან, ადრენალინის გამოყოფის საშუალება, ჩემთვის კი ნამდვილ ტანჯვად იქცა. ბევრი ფიქრის შემდეგ ოფისის ოფიციალურ ნომერზე დავრეკე, რომ ჩემი ნომერი არ დაფიქსირებულიყო და ძალიან კეკლუცი ხმით ჩემი ქმარი სახელით ვიკითხე – ვანიკოს სთხოვეთ-მეთქი. გოგონას ხმამ მიპასუხა, ბატონი ვანო დირექტორთან არის თათბირზე, რა გადავცე, ვინ ბრძანდებითო. მე ისევ კეკლუცი ხმით ვუთხარი – მეგობარი ვარ, თვითონ იცის, ვინც. ხომ ვერ მეტყვით, როდის გათავისუფლდება-მეთქი. გოგონამ, „შეთქმულის” ხმით (ანუ, ხმით მაგრძნობინა, ვიცი, ვინც ხარო) ამიხსნა: თათბირი ახლახან დაიწყო და, ალბათ, ერთ საათში დამთავრდებაო. სულმა წამძლია და ჩავეკითხე: ნამდვილად მანდ არის? უნდა შევხვედროდით რაღაც საქმეზე და დააგვიანდა-მეთქი. როგორ გეკადრებათ, გოგონა (ეტყობა, ძალიან ახალგაზრდა ვეგონე), აგერ, გვერდით მიდევს მისი პატარა ჩემოდანი. თვითონ ჩამაბარა და მთხოვა, სანამ გამოვალ, შენთან იყოსო. ეტყობა, აქედან სადღაც მიემგზავრება, – იყო პასუხი. მე დიდი მადლობა გადავუხადე და ახლა ვანოს მობილურის ნომერი ავკრიფე. რაც სახლიდან გავიდა, უკვე ორი საათი იყო გასული. კარგა ხანს არ იღებდა ყურმილს. მივხვდი, მართლა თათბირზე იყო და იქიდან ვერ გაბედავდა  ტყუილების ლაპარაკს. რომ არ მოვეშვი, მიპასუხა, ცოტა ხანში მე თვითონ გადმოგირეკავო. დაახლოებით ნახევარ საათში დამირეკა და მითხრა, გზაში ვარ, მალე ჩავალ და იქიდან დაგირეკავ, უჩემოდ არ მოიწყინოო. მოსაწყენად სად მეცალა. დაახლოებით 5 საათისთვის კარგად გამოვიპრანჭე, მის სამსახურში წავედი (მუშაობას ექვსის ნახევარზე ამთავრებენ), შენობის წინ, სკვერში დავჯექი და მოვლენების განვითარებას დაველოდე. ზუსტად ექვსის ნახევარზე გამობრძანდა ჩემი „რომეო” და თვალი გადაავლო იქაურობას. მერე, უცებ, სახე გაებადრა და ერთი ძალიან მაგარი „ჯიპისკენ” გაემართა, რომლიდანაც ნახევრად შიშველი „ნაშა” გადმოვიდა და ჩემს ქმარს ჩაეხუტა. ცოტა წაიკოცნავეს, მერე მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. მე მაშინვე ჩავჯექი იქვე გაჩერებულ ტაქსიში და მძღოლს ვთხოვე, „ჯიპს” გაჰყოლოდა, თან, კარგ ანაზღაურებას შევპირდი. შეყვარებულები ერთ ახალაშენებულ სახლთან გაჩერდნენ. იმ „ნაშამ“ ჩემს ქმარს გასაღები მისცა და უთხრა, შენ ადი, მე მაღაზიაში შევირბენ და ახლავე მოვალო. შევიდა თუ არა ვანიკო სადარბაზოში, მეც გადმოვედი ტაქსიდან და ფეხდაფეხ მივყევი. კიბეზე ფეხის ხმა რომ გაიგო, ის ქალი ვეგონე, ღიმილით შემობრუნდა და მკითხა, ასე მალე დაბრუნდიო? მაგრამ, მე რომ შევრჩი ხელში, ისეთი შოკი მიიღო, კინაღამ კიბიდან დაგორდა. გალურჯდა, ენა დაება და ხმა ვეღარ ამოიღო, მხოლოდ უმწეოდ აღებდა პირს ნაპირზე ამოგდებული თევზივით. ცოტა ხანს ვუყურე მის ტანჯვას, მერე კი მივუახლოვდი და ისეთი ვლეწე სახეში, მე თვითონ მეტკინა ხელი. მაშინვე მოვბრუნდი და კიბეები ჩავირბინე, ის კი გამომეკიდა და საცოდავი ხმით მომძახოდა, მოიცა, ყველაფერს აგიხსნიო, მაგრამ მე არაფრის ახსნა აღარ მჭირდებოდა. იქიდან პირდაპირ წავედი და გაყრაზე შევიტანე განცხადება.

სამი თვის შემდეგ მე და ვანო გავეყარეთ, თუმცა, ძალიან ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ ვცდებოდი, მაგრამ, მე მისი დანახვაც აღარ მინდოდა. ისე მძულდა, არც კი მეგონა, ასეთი სიძულვილი თუ შემეძლო.

დღესაც არ ვიცი, იმ ჩემმა დაქალმა კარგი ქნა თუ ცუდი, რომ ყველაფერზე თვალი ამიხილა, მაგრამ, იმასაც დავშორდი – დავურეკე და ვუთხარი, შენთვის აღარ ვარსებობ-მეთქი.

ამჟამად მარტო ვცხოვრობ. ვანიკომ ბინაც გამიყო, ნივთებიც და ფულიც, რომელიც ბანკში ჰქონდა, ანუ, ამ მხრივ სიძუნწე, არ გამოუჩენია. ის კი არა, თვეში ერთხელ საკმაოდ სოლიდურ თანხას მიგზავნის, რომელსაც თავიდან ხელს არ ვკიდებდი, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, შევიფერო და უარს აღარ ვეუბნები. თუმცა, არც არაფერს ვთხოვ – ამას თვითონ აკეთებს, ალბათ, იმ მიზნით, რომ გული მომილბოს, მაგრამ, მე მისი დანახვაც აღარ მინდა და, საერთოდაც, ყველა კაცი მისნაირი ნაძირალა მგონია.

სოფო, 30 წლის

 

ჩემს მიზნებზე უარს მაინც არ ვიტყვი

ვარ 17 წლის, სპორტსმენი. გოგოებს ძალიან მოვწონვარ, მაგრამ, ისეთი დაკავებული ვარ, მათთვის ვერ ვიცლი. თან, წელს სკოლას ვამთავრებ და სამეცადინოც ძალიან ბევრი მაქვს. დიდი გეგმები დავისახე მიზნად როგორც სპორტის, ისე განათლების მიღების მხრივ, ამიტომ, თუ აქედანვე არ მივხედე სერიოზულად, მერე არაფერი გამომივა და სინანული გვიან იქნება. ჩემი ძმაკაცები კი სულ გართობაზე, ქეიფსა და გოგოებზე ფიქრობენ. მე რომ არ დავყვები თან, დამცინიან. რადგან ყოველდღე არ დავდივარ პაემნებზე, ვითომ ხუმრობით, დამამცირებელი მეტსახელები შემარქვეს. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ, ძალიან რომ „გაბლატავდნენ“, ერთი-ორი ისე მივბეგვე, ერთი კვირა იშუშებდნენ ნაცემ ადგილებს. ჩემმა დამ მითხრა, შურთ შენი, რადგან, იციან, რომ თვითონ ვერაფერს მიაღწევენ ცხოვრებაში და, ამიტომ, ცდილობენ, შენც აგიცრუონ გული ყველაფერზეო. არ მინდა, ეს დავიჯერო, თუმცა, შეიძლება, ასეც არის. მაგრამ, არ არსებობს, ვინმეს ან რამის გამო ჩემს მიზნებზე ვთქვა უარი. აი, ცნობილი და დიდი კაცი რომ გამოვალ, მერე ვნახავ, როგორ მლიქვნელურად შემომესევიან და ჩემს ნაფეხურებს დაკოცნიან.

ნიკა, 17 წლის

 

რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 595 40-76-78.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com 

ან მოიტანოთ რედაქციაში 

წერილის სახით.

 

скачать dle 11.3